ტოგონიძე გუგული
გაზიარება

სურო 

სუროს მზე არ უყვარსო და ბაღის სიღრმეში, ჩრდილში დარგეს. არაფერი უთქვამს სუროს, მიწაზე განერთხა და გაჩუმდა. უძრავად იყო ერთ დღეს... ორ დღეს... მერე ფეხი გადადგა და მრავალფეხას მსგავსად ქვის კედელზე აცოცდა, შეჩერებას სულაც არ ფიქრობდა, მაგრამ კედელს მეტი სიმაღლე აღარ ჰქონდა და სურო შედგა, გაიხედ-გამოიხედა. მის თავს ზემოთ ხეთა ტოტები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და მზის სხივებს დაბლა არ
უშვებდნენ. სურო ახლა ძირს ჩამოუყვა კედელს. ამ დროს ბაღში ვიღაცამ გაიარა და თქვა: - სუროს ჩრდილი უყვარს და დაბლა მოფოფხავს, ამდენი ფოთოლი აქვს და ერთი ყვავილიც ვერ გაუკეთებიაო.
სურომ არაფერი თქვა... მხოლოდ ჩაიცინა.
გადიოდა დღეები, თვეები. სურო ხან აქეთ გადაფოფხდა, ხან იქით. ამ სიარულში დაიკლაკნა, დაიგრიხა, ყველგან მოედო. ბოლოს, როგორც იყო, ერთ მაღალ ხეს მიადგა და მის ტანს მიეყრდნო. სურო ერთხანს გაუნძრევლად იდგა. მერე ხეს ჩაებღაუჭა და მის ტანს აჰყვა. მიიწევდა სულ მაღლა და მაღლა კენწეროსკენ. ერთ დღესაც განათებულ ხის წვეროს მიაღწია და გახალისდა, წელში გაიმართა, ტანი გაისწორა, ხელები მზისკენ გაიშვირა და თავის სიცოცხლეში პირველად აყვავილდა.

??????