სვანიძე ბაკურ
გაზიარება

ნაოჭები 

ჩემი საკუთარი რელიგიის
მე ვარ ერთადერთი მიმდევარი
თუმცა მე არავინ გამიგია,
იქნებ ჩემნაირი კიდევ არი
.
მხოლოდ ავანსებად გამიცია
ყველა ღამის თეთრად გახამება,
ჩემი გონება და სინდისია
ჩემთვის სამება და სახარება
.
ისევ ცუდი მიდგას ამინდები
ალბათ მაინც მიღირს დაგელოდო -
შენი წაქეზებით აფრინდება
გული – დაცემული ანგელოზი
.
შენი ფიქრი ახლა უბელოა
გრძნობებს შეცდომებად დააჭენებ
წუთებს ბედნიერს თუ უბედოებს
უშლი და ისევ უწერ განაჩენებს
.
მე კი მაშინ მოვალ როცა შვებით
ვნებას დაღლილ მკერდზე მიაძინებ...
მაშინ გაგიმხელენ ნაოჭები
ჩემი სიყვარულის სინამდვილეს.
.
როცა ძლივს მისული სახლის კართან
გული ამოჯდომას ითაკილებს
ახლადგაცნობილი კაცის ნაცვლად
მეზობლის ბავშვი როცა მიგაცილებს
.
მოვალ, როცა უკვე მიწურებად
დადგამ შენთვის მოძღვნილ სასახლეებს...
გულთან ჩამუხლული უძლურება
ყველა გულისტკენას გაპატიებს.
.
როცა არ ექნება აზრი ღალატს
როცა მიეჩვევა ყური ჭორებს
როცა თავხედი და ნაძირალა
ეჭვი საბოლოოდ მიგატოვებს
.
თვალებში კვლავ გექნება ნაპერწკლები
შუბლზე – ნაპერწკალთა ანათვალი...
მერე არასოდეს გაგეცლები
თუნდაც უკვდავება დამავალო
.
როცა ვეღარაფრით გაოცდები,
სუნთქვას დაღლილ მკერდზე მიაძინებ,
მაშინ აგიხსნიან ნაოჭები
ჩემი სიყვარულის სინამდვილეს

(ბაკურ სვანიძე)

2008

??????