სვანიძე ბაკურ
გაზიარება

ვერტკივილი 

(მშვიდად, მამაზე... პრაქტიკულად, სიკვდილზე...)

მორჩა...
მამა უკვე მიწაშია...
ვზივარ...
უცრემლობის ვყლაპავ დოზებს...
სხვა მხრივ...
ყველაფერი წესრიგშია
შილაც შემოსულა თავის დროზე
.
ამას მეუბნება ვიღაც ყურში
მესმის რომ შვილი ვარ – სანაქებო...
რეკავს მობილურიც...
სამსახურში
პრობლემა მოგვარდა საგანგებო
.
ჰოდა, მამა, მშვიდად ვისაუბროთ -
ახლა მშვიდი ხარ და გამიგონებ:
ყელსაც ის ტკივილი მიშრობს უფრო,
რომ შენ ვერტკივილი დამიტოვე
.
და ეს ვერტკივილი ისე მტკივა
გავხდი სხვის ტკივილზე მონადირე...
მაინც მენატრები ისეთივე...
და როგორც მორყეულ მოაჯირებს
.
ისე ვეყრდნობოდი შენს ცივ მაჯებს
მაჯის ვეღარფეთქვაც ვიზეპირე...
თვალებს უშენობას ძნელად ვაჩვევ,
თუმცა ტკივილია ისე მცირე
.
სხვისგან მოსმენილი ტკივილები
მიკვირს... უფრო სწორად ჩემთვის მინდა...
შენი სურათებით ვიპარები
ჩემი ნერვიული ბავშვობიდან
.
იქ ხომ არაფერი აღარ დამრჩა
მოსანატრები და მისახედი
თითქოს ვეგუები ახალ განცდას -
სუნთქვა ნაკლები და მიწა მეტი
.
ცრემლებს ვერდაღვრილებს არ ითვლიან...
ვზივარ...
უცრემლობის ვყლაპავ დოზებს...
სხვა მხრივ...
არაფერი დამიკლია -
შილაც შემოსულა თავის დროზე...

2009

??????