* * * ეს რა ხდება ექსკლიუზივი
ეს რა ხდება,
ღმერთო ჩემო,
ცეცხლში ყრიან გვირგვინებს,
ჭირისუფალს ეცინება
და ხუმარა ქვითინებს.
ჩანჩქერს სძინავს,
ხავსი ლამობს,
სიო ააბიბინოს,
ძაღლი კატას ეფერება,
მწყერი მისდევს მიმინოს.
მზე არ ჩადის,
მთვარე ჩადის,
ღმერთი გვწყალობს ამინდის,
მგლები ფარას დარაჯობენ,
თევზი წყლიდან ამოდის.
მწვანე ცა და ლურჯი მდელო
თავს იკლავს და იფასებს,
აკვნებს ჩარხავს მესაფლავე,
ღმერთი დადის მიწაზე.
ანგელოზებს აუვსიათ
ძველი საბაღნარონი,
მოცარტს ჰკოცნის სალიერი
დედას ჰკოცნის ნერონი.
ოთხმოცი წლის ბარათაშვილს
ვხედავ:
ზის და მარტვილობს,
დაიჭექა:
ლერმონტოვის
ტყვია მოხვდა მარტინოვს.
დგას და უსმენს ბეთჰოვენი
აფეთქებულ ბეღურებს,
და ყველაფერს ჰომეროსი
შეჰხარის და შეჰყურებს...
არა! ღმერთო!
ნუ მომიშლი
სასურველს და სანატრელს,
ყველაფერი ისე დარჩეს,
როგორც იყო მანამდე.
დარჩეს სამი წელიწადი,
სამი თვე და სამი დღე,
ახლოს იყოს ჯოჯოხეთი
და შორს იყოს სამოთხე.
1978