* * * მიმბაძველებო ექსკლიუზივი
მიმბაძველებო,
მიბაძეთ!
იმღერეთ! იჭიკჭიკეთ!
ფეხს ნუ დაადგამთ მიწაზე!
გაინავარდეთ ცისკენ!
თამამად!
ვეშაპს ვეშაპი
ტოლს არ დაუდებს ზღვაში,
ერთმანეთს ჰგვანან ვაშლები,
როგორც გაჭრილი ვაშლი.
უფრო თამამად!
საჩივრებს
ისმენს ნიღბების ჯარი:
იმპერატორებს აჯავრებს
ერთი თავხედი ჩარლი.
იხსნება დიდი სეზონი,
მწიფდება მკაცრი აზრი,
და თავს იფასებს სეზანის
განიალური ასლი.
თქვენ რაღა ღმერთი გიწყრებათ?!
რას ელოდებით მუშტარს?!
პირწმინდად გადაიწერეთ!
გადაიხატეთ ზუსტად!
ხომ ხედავთ, ძუძუმტესავით
ჰკოცნის და იკრავს გულში
ჰორაციუსი დერჟავინს
და დერჟავინი პუშკინს.
ხომ გესმით,
ჭრელი კაკაბი
იადონივით უსტვენს?!
ხომ გახსოვთ,
თქვენი პაპანი
როგორ დააძღენ რუსთველს?!
თქვენც მიბაძეთ და მობაძეთ,
აბა, თქვენ იცით ახლა,
ბრწყინვალე ნამცეცობაზე
არვინ შეგატყოთ დაღლა...
ტელევიზორს და ტელეფონს
დაუბრუნდებით გვიან...
ძველებო, მიმბაძველებო,
სწორდით!
ნაბიჯით იარ!
1977