* * * მეზობლის ჟიგულმა ექსკლიუზივი
მეზობლის ჟიგულმა
მეზობლის ჟიგულს აკოცა,
მეზობელმა მეზობელი
ლამის აკუწა.
მოდგნენ ჟიგულები
სეირის საყურებლად,
ვოლგაც მობრძანდა და
თავისას ახურებდა.
ნოლერთის მეორე ნახევარმა
ნოლშვიდის მეორე ნახევარს
ისეთი სიტყვები აკადრა,
დაძრახა მეინახემაც.
სად იპოვნიდი სამართალს -
მაროკოში თუ მალტაზე?
მერსედეს-ბენცმა იყვირა:
მართალიაო მალთუსი!
სდუმდა ბავშვების სამოთხე,
თავს იფასებდა დუმილი...
დაღამდა: ნაკოცნარები
წყვდიადმა უმალ დამალა.
1985