გაფრინდაშვილი ვალერიან
გაზიარება

მორიალი და სოპრანო ექსკლიუზივი

აგასოვა კალანდაძეს

ღამე მაღალი როგორც კათედრა,
სავნებო როგორც კაბის სრიალი,
მთვარის ნიავმა გადაათეთრა
ქოში, სოპრანო და მორიალი.

ეს არ მომხდარა რაინდულ დროში
მე ბანანების მახსოვს შრიალი,
მომღერალ ქალმა ცისფერი ქოშით
დუელში მოჰკლა იქ მორიალი.
 
მე მახსოვს იგი დუელი სწრაფი:
ორი ქიმერის ჩქარი შრიალი.
შეხვდნენ ერთმანეთს: ქოში – მიზრაფი
და სკრიპკასავით მჭლე მორიალი.
ზღვის და ბაღების იქ იყო ფარჩა
დიდ ბანანების ხარბი შრიალი.
და სამუდამუდ კედელზე დარჩა
გამოკვეთილი ზედ მორიალი.

ვარ ეხლა მარტო. ვერ გავალომე
მე უიმედო გულის შრიალი.
ღამეში მოდის როგორც სალომე,
ავი სოპრანო, ავ მორიალით.

და თუ ეს იყო უხსოვარ დროში,
და თუ ეს იყო მხოლოდ შრიალი,
რად მელანდება მაღალი ქოში
და რად მაწვალებს ის მორიალი?

??????