ჯიხვების ლხინი ექსკლიუზივი
მზის თვალმა მოჰკრა არხოტის მთას,
ხადუს ნისლები აიყარა,
ნისლებს ლემადე დაეწია,
ქარაფში წამააწკმუტუნა.
ნიავი დეკებს დასთამაშებს,
ქუჩი სისინებს ძირჩამხდარი,
ჯიხვები ქვიშას აჩქამებენ,
ხოროთ მოგალეს ბისნით თავი,
ნისლები აუფარებიათ,
ზევით და ქვევით დაჰყვებიან.
არხოტიონო,შენს სამკვიდროს
დილა-წუხრობით დარაჯობენ,
კარგა ხანია,გცნობენ ჯიხვნი,
მოწმენი შენი ჭირ-ლხინისა,
შენსავით კლდეთა ბინადარნი.
გრძნობენ,რომ თეთრი გაგერია,
მთებზე რომ გული აიყარე,
რომ იკლო მოხნულ-მოთიბულმა,
ამ სიყმეშეკლულ საჯიხვეებს
მხარი რომ უნდა გააყარო,
ჯიხვნი ლხინობენ საჯიხვეში,
ქვიშას ხშირდახშირ აჩქამებენ...
ახლა კი მართლა დავიჯერე,
ჯიხვთა იღბალი მოგერია,
მათი გულისა მოგივიდა,
მალე აგყრიან ადგილიდან,
იბალახებენ შენს მამულში
ჯიხვები-ჭაუხთ ბინადარნი....