ხოფერია გია
გაზიარება

* * * მე სადღაც ვდგავარ ექსკლიუზივი

მე სადღაც ვდგავარ მთლიანი და მარტოსული,
ვდგავარ, თვალს ვადევნებ გარემოს.
ჩემი ყოველდღიურობა იქედანაა წამოსული
ცალკეულ კადრად და ჟანრად.
ამჟამად ერთი კადრი ვარ, უფრო პროზაული
და ლირიკადაცლილი.
შუბლზე ნაოჭები მეხაზება და მგონია,
ჭკუა მემატება.
სანამდე უნდა ვიყო სულელი,
სანამდე უნდა ვიცქირო თვალისმოჭუტვით
და დამცინავი ალეგორიებით?!
ის მთლიანი კი თითქმის ხელშეუხებელია,
ვსესხულობ და ვსესხულობ ჩემს თითო სურათს,
ძალიან პატარებს, უჯიშო მცენარის ფოთლის ტოლებს
და მიმეხვეტება ქარი სხვებთან ერთად საკორიანტელოს.
ვსესხულობ და ვსესხულობ!
ერთ დღეს სესხების თავიც არ მექნება
და ისე გამაქანებენ მახლობელ სასაფლაოზე
ახალგაზრდა ფოთლები,
გულის წყვეტასაც ვერ მოვასწრებ,
ჩემი მთლიანობის დაუნახაობის გამო.

??????