სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

გურამ რჩეულიშვილს 

საშენო საქმეა –
ჩამოუარო მარადისობის
დამტვერილ დერეფნებს
და თაროებზე
წაუკითხავი ქრონიკები ეძებო:
`სახლიდან გავედი და
შეუძლებელს ვეტრფი,
ადრე ვცხოვრობდი
ქალაქგარეთ, იების სანაპიროზე,
ერთხელ ერთი წიგნი ავიღე და
იმის მერე ყველაფერს
სამყაროში
იმ წიგნს ვატოლებ,
ერთი ბიჭი შემიყვარდა,
რომელიც თვალითაც არ მინახავს
რადგან,
სანამ დავიბადებოდი
30 წლით ადრე მოკვდა –
ცალ ხელში მზე ამოეჩარა და
მეორეთი კი ზეცას ფილტვებიდან უღებდა
წყალს...
იმდენი წელი ვიცოცხლე,
რამდენიც იმ ბიჭმა და,
კიდევ ცოტათი მეტი,
მაინც იმის წილ ღრუბელს
მოვიჩოჩებდი ხოლმე და
ხბოსავით შევუყოფდი თავს,
სადაც წავედი,
ყველგან მარტოობის მათრახით გამომყვა,
იმსიმაღლიდან დამყვიროდა და
ლაჟვარდის ხმა ჰქონდა,
მე ვეღარავინ მოვატყუე,
ლაჟვარდს ვერ ვუღალატე,
სახლიდან გავედი და
სახლი წყალმა წაიღო.
ევკალიპტები გვედგა ეზოში და
ისინიც წყალმა წაიღო..
ყველანი ქუჩაში გავედით და
ზარების ნაცვლად
საათები დავკიდეთ,
ქარი მოდიოდა და
როცა უნდოდა, რეკავდა..
ვეღარსად ვნახე მე ის ბიჭი,
ან იქნებ სამუდამოდ წავიდა
ჩემგან,
ან იქნებ სადმე ცხენს აძოვებს და
მანძილს ზვერავს – გამოექანოს,
ან იქნებ გზები აღარ იცის
ან თუ შეგხვდეთ რომელიმეს და,
ეგება უთხრათ,
ქალაქის მთავარ მოედანზე ვდგავარ
(იქ ყოველთვის ვიღაცა იდგა!),
მოვიდეს და თავისი სანადირო თოფიდან
მესროლოს.
თოფის ხმა და ზარის ხმა
რამ გაყო,
უთხარით – არ ამაცილოს

??????