სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

მთამსვლელი 

მიდის ზევითკენ.
ბარში, ბალახზე შეიწმინდა
ფეხისგულები,
პური და სანთელი ჩაიდო,
თვალები ღრუბლის ხილაბანდით აიხვია და,
ზევითკენ მიდის.
გზადაგზა ვარსკვლავები
ქინქლებივით ეყლაპება...
ადამიანები კი
ჭიანჭველების მწკრივში დგანან...
გარშემო მხოლოდ აღმართებია,
თითქოს აყირავდა დედამიწა და
შინმისასვლელი გზებიც
თავქვე დაეკიდა ციდან.
შინ მივა კი არა,
ვინც ახლა შინ ავა,
ვინც ახლა შინ ავა
მშვიდობა იმას!
ბუბუნით მიდის.
ქალღმერთივით შემოხვდება
ედელვაისი,
არ ახსოვს ცოლი,
თორემ მოწყვეტდა და
ჯვრისწერაზე დანაპირებს აუსრულებდა...
არ ახსოვს შვილი,
თორემ უკანდაბრუნებაზე იფიქრებდა...
გულისქაქანით ზევითკენ მიდის.
მთები ისეა გადაწნული,
როგორც ჩუქურთმა.
მიწის საყდარს სარკმელთან ადევს.
იმ სარკმლიდან უნდა გადაიხედოს,
ცოლის მაგივრადაც,
შვილის მაგივრადაც,
მამამისის მაგივრადაც,
შვილიშვილის მაგივრადაც,
რადგან
დამპყრობელის გუმანით იცის,
კარგახნით დაასვენებს მის თიხას ბუნება,
სხვისაში აამღერებს ვარსკვლავთა ქარიშხლებს.
მიდის ზევითკენ.
მარმარილო პრიალებს ნისლში.
თოვლი ისეთია,
ხმა რომ გასცე,
რამეს სიზმრად შემოგაგებებს...
მიდის, როგორც
ენისწვერზე მომდგარი სიტყვა
და სულცოტაც და,
მასაც დაწერს თოვლის ანბანი...
მწვერვალი ქარის სიმღერაა
ფეტვის მარცვალივით ცაში გაფანტული
და ვაი მას,
ვისაც შემთხვევით გაღეღილ გულში ჩაუვარდა
და ვაი მას,
ვისაც ჩაესმა!
ვეღარავინ შეაჩერებს,
ბარში, ბალახზე შეიწმენდავს ფეხს,
ჩანთაში პურს და სანთელს ჩაილაგებს,
თვალებს ღრუბლის ხილაბანდით აიხვევს და,
თუნდაც მერე გაზაფხულდეს...
მთაში თოვლი დადნეს...
თოვლში ვინმე კაცი ნახონ
გათოშილი სადმე...
ცოლი ცხრა თვე წერილს წერდეს
თურმე მკვდარი ქმრისთვის,
გაალღონ და დაატირონ:
თავს იკლავდი რისთვის?..
მწვერვალი ქარის სიმღერაა და
შინ ვინც ავა,
დიდი დედა უმღერებს მას.

??????