იავნანა
ვუძღვნი ყველა დასაბადებელ ბავშვს, რომელთა ჯარისკაცმა მამებმაც ვერ მოასწრეს გაეცნოთ ისინი.
მთვარეს შუქი უთოვია,
მზისგან გამოუთხოვია...
აკვანში რომ ატმებია,
ვარდის ძუძუ უწოვიათ,
აკვანში რომ მინდვრებია,
იისფერად ბინდდებიან,
ცაცხვი, ბალბა,
ოქრო ცქერით დალბა...
მეაკვნე და მეტრფე...
სიზმარია ალბათ...
ქარი შორიახლო ქრიის...
ვისი დარდი მოაქვს, ვიის...
გუბეში რომ მოჩანს, ცაა,
ჩემი შვილი შენიცაა...
აკვანში რომ წყარო დის,
დალევ, შემიწყნაროდი...
ქარი კეცავს ნაპირებს,
ქარი წასვლას აპირებს...
ამ აკვანში მახარია
ბიჭი ახალთახალია,
გული უჩანს ლებანოზი,
შიგ ჟღურტულებს ანგელოზი...
ეს თვალები სიზმარია,
ეს ტუჩები სიზმარია...
ნატყვიარი აკვანია,
ბიჭი ამოსაყვანია...
ბიჭი მალე გაიზრდება,
წვიმად ჩამოწყდება ცას,
იდინებს და იშხაპუნებს,
ბალახს დაუკოცნის ცვარს...
აკვანში რომ ღრუბლებია,
ცის და მიწის ზღურბლებია,
დაიფარეთ... დაიფარეთ...
ჩემი შვილი თქვენიცაა!