დოდე ალფონს
გაზიარება

უკანასკნელი გაკვეთილი (მთარგმნელი: იროდიონ ქავჟარაძე) 

პატარა ელზასელის ნაამბობი

იმ დილით სკოლაში წასვლა დამიგვიანდა და შიშმა შემიპყრო, რომ დამტუქსავდნენ, ბატონმა ამელმა გვითხრა, მიმღეობებს გამოგკითხავთო. მე კი მიმღეობა სულ არ ვიცოდი. ეს გარემოებაც მაშინებდა. გავიფიქრე, მოდი, გაკვვთილს გავაცდენ და მინდვრებისაკენ გავინავარდებ-მეთქი.

თბილი ამინდი იყო, ნათელი დღე!

ტყის პირას შაშვების სტვენა ისმოდა, რიპერტის მინდორზე, ხე-ტყის ქარხნის უკან, გერმანელები ვარჯიშობდნენ. ყველაფერი ეს უფრო მიზიდავდა, ვიდრე მიმღეობის წესები, მაგრამ ცთუნება ვძლიე და სკოლისაკენ მოვკურცხლე.

მერიას რომ ჩავუარე, აფიშების პატარა დაფასთან შეჩერებული ხალხი დავინახე. ორი წელიწადია, რაც ყველა ცუდი ამბავი ამ ადგილიდან მოდის: წაგებული ბრძოლები, კომენდატურის ბრძანებები. არ შევჩერებულვარ, ისე გავიფიქრე: კიდევ რა მოხდა-მეთქი?

მოედანზე რომ მივრბოდი, მაშინ მჭდლმა ვახტრმა, რომელიც თავის შეგირდთან ერთად განცხადებას კითხულობდა, დამიძახა:

- პატარავ, ძალიან ნუ მიიჩქარი სკოლაში, მაინც არ დაგაგვიანდება!

მეგონა, დამცინის-მეთქი, და მძიმე ქოშინით შევედი ბატონ ამელის პატარა ეზოში.

ჩვეულებრივად, გაკვეთილის დაწყების წინ, დიდი ხმაურობა ატყდებოდა ხოლმე, რაც ქუჩამდე აღწევდა, საწიგნეებს აღებდნენ, ხურავდნენ, გაკვეთილებს ყველა ერთად ხმამაღლა იმეორებდა, ყურს თითებით იცობდნენ, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდათ. მასწავლებელი მსხვილ სახაზავს მაგიდას ურტყამდა.

ცოტა დაჩუმდით!

ამ ხმაურობით ვფიქრობდი მესარგებლა, რომ შეუმჩნევლად ჩემს სკამთან მივსულიყავი. მაგრამ სწორედ ამ დღეს სრული სიწყნარე იყო, თითქო კვირა დილა ყოფილიყოს: ღია ფანჯრიდან მე ვხედავდი უკვე თავთავის ადგილას ჩამწკრივებულ ამხანაგებს, ბატონ ამელს, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა და ხელში რკინის საშინელი სახაზავი ეჭირა. კარი უნდა გამეღო და ამ ღრმა სიჩუმეში შევსულიყავი. წარმოიდგინეთ, რა რიგად ვიყავი გაწითლებული და რა შიშსა ვგრძნობდი!

მაგრამ არა, ბატონმა ამელმა გაუბრაზებლად შემომხედა და ძალიან მშვიდად მითხრა:

- შენს ადგილას გასწი მალე, ჩემო პატარა ფრანც; გაკვეთილს უშენოდ ვიწყებდით.

სკამს გადავალაჯე და მაშინვე ჩემს საწიგნეს მივუჯექი. როდესაც შიშს ოდნავ თავი დავაღწიე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ მასწავლებელს ეცვა მშვენიერი მწვანე სურთუკი, ნაზი, დანაოჭებული ჟაბო* და შავი აბრეშუმის მოქარგული შარვალი; ბატონი ამელი ასე მხოლოდ სკოლის დათვალიერებისა ან ჯილდოების დარიგების დღეებში ირთვებოდა. მთელ კლასს რაღაც არაჩვეულებრივი და საზეიმო ელფერი ჰქონდა. მაგრამ ყველაზე უფრო იმან გამაკვირვა, რომ დარბაზის სიღრმეში, ჩვეულებრივად ცარიელ სკამზე, დავინახე სოფლელები, ისინი ჩვენსავით წყნარად ისხდნენ, სამკუთხა ქუდიანი მოხუცი ჰაუზერი, ყოფილი მერი, ყოფილი ფოსტალიონი და კიდევ სხვა პირები. ყველას მოწყენა ეტყობოდა, ჰაუზერს კიდეებშემოჭმული, ძველი ანაბანა მოეტანა, თავის მუხლებზე გადაეშალა და გარდი-გარდმო წიგნის გვერდებზე დიდი სათვალე დაედო.

ამ დროს, როდესაც ყველაფერ ამას გაოცებით ვუცქეროდი, ბატონი ამელი კათედრაზე ავიდა და იმავე მშვიდი, დინჯი ხმით, როგორც მე, დამელაპარაკა, გვითხრა:

- ჩემო ბავშვებო, დღეს უკანარკნელად გაძლევთ გაკვეთილს. ბერლინიდან ბრძანება მოვიდა, ელზასისა და ლორენის სკოლებში სწავლა მხოლოდ გერმანულ ენაზე უნდა სწარმოებდესო… ახალი მასწავლებელი ხვალ ჩამოდის, დღეს ფრანგულ ენაზე უკანასკნელი გაკვეთილი გაქვთ, გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ.

ამ რამდგნიმე სიტყვამ თავზარი დამცა. ეჰ! უბედურები, აი თურმე რა გამოუცხადებიათ მერიაში.

ფრანგულ ენაზე უკანასკნელი გაკვეთილი!

მე კი წერა. ძლივს ვიცოდი! მაშ აწ ვერასოდეს ვერ ვისწავლი! მაშ ასე უნდა დავრჩენილიყავი! როგორ ვუსაყვედურებდი თავს ბუდეების ძებნაში ან საარზე სრიალში დაკარგული დროისა და გაცდენილი გაკვეთილების გამო! ჩემი წიგნები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წუთის წინ მოსაწყენად და მძიმედ მიმაჩნდა. გრამატიკა, საღვთო ისტორია ახლა ძველ მეგობრებად მეჩვენებოდა და მათი დაშორება დიდ მწუხარებას მაგრძნობინებდა, ისევე როგორც ბატონი ამელის წასვლა. იმის ფიქრი, რომ მასწავლებელი გაემგზავრებოდა, მას ვეღარ ვნახავდი, მავიწყებდა სასჯელებს, სახაზავის დარტყმებს.

საწყალი ადამიანი!

ამ უკანასკნელი გაკვეთილის პატივსაცემად ჩაეცვა მას თავისი მშვენიერი საკვირაო ტანისამოსი, და ახლა მივხვდი, დარბაზის ბოლოში დასაჯდომად სოფლის მოხუცები რატომ შოსულიყვნენ. თითქოს ამით სინანულს გამოხატავდნენ, რომ აქ, ამ სკოლაში, უფრო ხშირად არ მოდიოდნენ. აგრეთვე თითქოს ამით მადლობას უძღვნიდნენ ჩვენს მასწავლებელს ორმოცი წლის კარგი მუშაობისათვის და მოვალეობას იხდიდნენ სამშობლოს წინაშე, რომელსაც კარგავდნენ:

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემი გვარი გავიგონე. გაკვეთილი უნდა მეპასუხნა. რას არ მივცემდი, რომ თავიდან ბოლომდე შემძლებოდა მიმღეობის ყბადაღებული წესის თქმა, ხმამაღლა, ძალიან გარკვევით და უშეცდომოდ, მაგრამ პასუხი პირველი სიტყვებიდანვე შემეშალა; ფეხზე ვიდექი, ჩემს სკამთან ვქანაობდი გულდამძიმებული, თავის აწევას ვერა ვბედავდი. ვუსმენდი ბატონ ამელს, რომელიც მეუბნებოდა:

- არ გიჯავრდები, ჩემო პატარა ფრანც, შენ ისედაც საკმაოდ დასჯილი ხარ… აი, რა ხდება. ყოველდღე თავს ეუბნები: მაშ ასე! მე დრო კიდევ მაქვს, ხვალ ვისწავლი გაკვეთილს, და მერე შენ ხედავ, რაც ხდება… ეჰ! აი, ეს იყო ჩვენი ელზასის დიდი უბედურება – სწავლის ყოველთვის სახვალიოდ გადადება. ახლა იმ ხალხს უფლება აქვს, გვითხრას: როგორ აცხადებთ, რომ ფრანგები ხართ, როცა არ იცით არც ფრანგული ლაპარაკი და არც ფრანგული წერა! ამაში, ჩემო საბრალო ფრანც, დამნაშავე მარტო შენ არა ხარ. ჩვენც, ყველას, კარგი საყვედური გვეკუთვნის. მშობლებიც დიდ მნიშვნელობას არ აძლევდნენ თქვენს განათლებას. ისინი ამჯობინებდნენ მიწის დასამუშავებლად, ან სართავ სახელოსნოში გაეგზავნეთ იმისათვის, რომ რამდენიმე სუ მეტი ჰქონოდათ. თვითონ მე განა სასაყვედურო არაფერი მაქვს? განა ხშირად ჩემს ბაღს თქვენ არ გარწყვევინებდით იმის მაგივრად, რომ გემეცადინათ? და როდესაც კალმახებზე სათევზაოდ წასვლა მსურდა, განა ვერიდებოდი იმას, რომ თქვენ შინ გამეშვით?..

მერე ბატონმა ამელმა ერთ ამბავს მეორე გადააბა და ფრანგული ენის შესახებ დაგვიწყო ლაპარაკი. უმშვენიერესი ენა არის დედამიწის ზურგზეო, ყველაზე უფრო ნათელი, ყველაზე უფრო დარბაისლურიო. საჭიროა, ჩვენი დედაენა დავიცვათ, არასოდეს დავივიწყოთ, რადგან, თუ მონობაში ჩავარდნილი ხალხი დედაენას მტკიცედ ინახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი საპატიმროს გასაღები ხელთა აქვს.

შემდეგ მასწავლებელმა გრამატიკის სახელმძღვანელო აიღო და გაკვეთილი აგვიხსნა. მიკვირდა, როგორ მესმოდა ყველფერი, რასაც ამბობდა, ადვილი, სულ ადვილი მეჩვენებოდა. ვფიქრობ, ასე კარგად ყური არასოდეს დამიგდია. არც მასწავლებელი იჩენდა ხოლმე ახსნის დროს ასეთ მოთმინებას. კაცი იტყოდა, რომ საწყალ ადამიანს სურდა მოესწრო მთელი თავისი ცოდნა ჩვენთვის გადმოეცა, ერთი დარტყმით ჩაეჭედა ჩვენს თავში.

გრამატიკას რომ მოვრჩით, წერაზე გადავედით. ამ დღისათვის ბატონ ამელს მოემზადებინა სრულიად ახალი მაგალითები, სადაც მშვენიერი მრგვალი ასოებით ეწერა France, Alsace, France, Alsace* (საფრანგეთი, ელზასი, საფრანგეთი, ელზასი). ეს თითქოს პატარა დროშები იყო, რომლებიც, ჩვენი საწიგნეების რკინის ჩხირზე ჩამოკიდებულნი, მთელი კლასის გარშემო ფრიალებდნენ. უნდა გენახათ, როგორ ბეჯითობას იჩენდა თვითეული ჩვენგანი და რა სიჩუმე იყო. არაფერი ისმოდა ქაღალდზე კალმების წრიპინის გარდა. ერთ წამს ბუზანკლები შემოფრინდნენ; მაგრამ არავის ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია, არც სულ პატარებს, რომლებიც გულმოდგინედ, მონდომებულად თავიანთ ჯოხებს ხაზავდნენ, თითქოს ესეც ფრანგული ენა ყოფილიყოს. სკოლის სახურავზე სულ წყნარად მტრედები ღუღუნებდნენ, მათ ყურს ვუგდებდი და ჩემთვის ვამბობდი:

- განა მათაც აიძულებენ გერმანულად მღერას?

დროგამოშვებით, ქაღალდს თვალს რომ მოვაცილებდი, კათედრაზე უძრავად მდგარ ბატონ ამელს ვხედავდი, იგი თავის გარშემო საგნებს ავვირდებოდა, თითქოს სურდა თვალებში ჩარჩენოდა სკოლის პატარა შენობა… წარმრიდგინეთ! ორმოცი წლის მანძილზე ის იყო აქ, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე კლასში, მხოლოდ სკამები და საწიგნეები იყო ხმარებისაგან გახეხილი და გაპრიალებული. ეზოში კაკლის ხეები გაზრდილიყო და სვია, რომელიც თვითონ მან დარგა, გირლანდებად მოჰფენოდა ფანჯრებს სახურავამდე.

რა უბედურება უნდა ყოფილიყო ამ საბრალო ადამიანისთვის ყველაფერი ამის მიტოვება. მას ესმოდა, თუ როგორ დარბოდა მისი და ზემო სართულში აქეთ-იქით, ზანდუკების კეტვაში გართული. ისინი ხვაღ უნდა გამგზავრებულიყვნენ, ეს მხარე სამუდამოდ უნდა დაეტოვებინათ. მასწავლებელს მაინც ეყო მხნეობა, გაკვეთილები ბოლომდე ჩაეტარებინა. წერის შემდეგ ისტორიის გაკვეთილი გვქონდა; მერე პატარებმა, ყველამ, ერთად „ბა ბე ბი ბო ბუ“ იმღერეს. იქ, დარბაზის სიღრმეში, მოხუც ჰაუზერს სათვალე გაეკეთებინა, ორივე ხელით ანბანი ეჭირა, ჩათვლით კითხულობდა ბავშვებთან ერთად. ისიც ბეჯითობას იჩენდა, აღელვებისაგან ხმა უკანკალებდა, და მისი მოსმენა ისეთი სასეირო იყო, რომ ჩვენ სიცილისა და ტირილის სურვილმა აგვიტაცა. ეჰ! ამ უკანასკნელ გაკვეთილს ვერასოდეს დავივიწყებ.

მოულოდნელად საყდრის საათმა შუადღე გვაუწყა, მერე ლ’ ანჟელუსი მოისმა. უეცრად ჩვენ ფანჯარასთან ვარჯიშობიდან მომავალი გერმანელების ნაღარის ხმა გავიგონეთ. ბატონი ამელი გაფითრდა, კათედრაზე ავიდა. იგი ასეთი დიდი არასოდეს მომჩვენებია.

- ჩემო მეგობრებო, – თქვა მან, – ჩემო მეგობრებო, მე… მე…

მაგრამ რაღაცა სულს უხუთავდა, წინადადების დამთავრება ვერ შეძლო.

მაშინ დაფისაკენ მიბრუნდა, ცარცის ნატეხი აიღო, მთელი თავისი ძალით დააწვა და, როგორც კი შეეძლო, მსხვილად დაწერა: „გაუმარჯოს საფრანგეთს!“

მერე გაირინდა, კედელს თავი მიაყრდნო და ხელით გვანიშნა.

„გაკვეთილი დამთავრდა… წადით“.

??????