ჭეიშვილი გიორგი
გაზიარება

მამაცი შერიფი ექსკლიუზივი

 ლეგენდის თანახმად, ჩიკიტო შიშველი დაიბადა. ის მთელს ჰუიგალპაში სახელგავარდნილი ხულიგანი, ბანდიტი და კლეპტომანი შეიქნა.
ჰუიგალპელთა საუბედუროდ, 1888 წელს ჩიკიტოს ლამაზმანი ხუანიტა შეუყვარდა. ვინც ხუანიტას გაჭორავდა, ძლევამოსილი სატრფო ენას მოაჭრიდა, ვინც არადაძმურად შეხედავდა - მაღვალაკ თვალს ამოთხრიდა. ერთხელ ვაშლის გამყიდველს გადაეკეტა, რის საფუძველზეც ხუანიტას პანჩური ამოარტყა. ძნელი მისახვედრი არაა, ჩიკიტომ რომ ბოროტი კიდური ორგანიზმიდან ამოუძირკვა ხოსეს. 1888 წლიდან ჰუიგალპაში მომრავლდნენ უტუჩოები, უცხვიროები,  ცალხელები, ოთხთითები და ა.შ., რამოდენიმე ექსტრემალი “ორბირთვიანი პროცესორის” გარეშეც დარჩა.
          ორშაბათს, როცა ვაშლის გამყიდველი ბოლო ფეხს გამოასალმა, ჩიკიტომ ხუანიტა მოკლა და ლას-ვედროში გადასახლდა. ურჩხულის წათრევის საპატივცემულოდ ჰუიგალპას მამაცმა შერიფმა ეკლესიას 3 ტყვე ქალი, 8 ბიზონი და 30 იხვის ჭუკი შეწირა.
          ხუთშაბათს მთელი ლას-ვედრო სასტიკ მკვლელობაზე ლაპარაკობდა. მომსახურების სფეროს ხეიბარმა წარმომადგენელმა, თურმე, შვიდი ტყვია ესროლა ჩიკიტოს და შვიდივე ძუძუგულში ჩააჯინა. უნანია ბანდიტს, ხელები უნდა დამეჭრა შენთვისო, რაზეც ერთი ვერსიით ხოსეს უთქვამს, ამ ჩემს ფეხებსო, ხოლო მეორეთი - ჩემი ქალიშვილი არ უნდა მოგეკლაო.
          მშობლიურ ჰუიგალპაში გმირის დაბრუნების საპატივცემულოდ მამაცმა შერიფმა ეკლესიიდან შენაწირი გამოითხოვა და არანაკლებ მამაც ხოსეს უძღვნა. ადგილობრივი ბოროტი ენების მტკიცებით, გმირს 2 ტყვე კაცი, 8 ბიზონის ტყავი და თხუთმეტიდან-თვრამეტამდე იხვის ჭუკი შეხვდა. დანარჩენი, ერთი ვერსიით, პადრე პედროს სამშაბათის დაბადების დღეს შეეწირა, ხოლო მეორეთი - პადრე პედროს ოთხშაბათის დაბადების დღეს.
          მორალი: არ ამოარტყა შვილს პანჩური!

??????