ჯობავა გვანცა
გაზიარება

მასხარა 

იცი, როგორი დიდგულაა დედამიწა 
ჩემი ფანჯრიდან?!.. 
ამომიჩემა... 
ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს, 
ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ, 
ვეღარც ვანათებ. 
გამომიყენა, 
თითქოს ჩემმა არარაობამ 
და მომატყუა, 
და დამაჯერა, 
რომ სიყვარული ანგრევს დარაბებს. 
ვერ დავანგრიე. 
ძირგახვრეტილი დოქივით დამეღვარა 
თურმე მთელი სიყვარული - 
რისიც სჯეროდათ. 
და შევრჩი ასე შიშველი ხელებით 
ჩემს არარაობას. 
გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან, 
გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში. 
ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა. 
ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარა 
და ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის. 
არა, დიდებას! 
არა, გამარჯვებას! 
არა, სიყვარულს! 
გავდივარ ქუჩაში. თითოოროლა ნაცნობი თუ 
გაიფიქრებს: როგორ გამხდარა... 
და ჩაივლის. მე კი მეორე დღეს 
უფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს, 
რომ თავისუფლად ვიმათხოვრო ქუჩის კუთხეში, 
ვიმუშავო ზოგჯერ მენაგვედ და არ ვიდარდო. 
მერე რა მოხდა, თითქოს 
რამე იყოს მარადიული დედამიწაზე. 
სამაგიეროდ, 
ამ ფულით ვიყიდი ფერად ბურთებს 
და ერთ ნომერს მაინც შევასრულებ თვალდახუჭული. 
ვიღაც ხომ მაინც გაიცინებს. 
ვიღაცას უბრალოდ შევებრალები. 
და იცი, მე 
არ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული, 
რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემას 
მქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი. 
მასხარამ იცის, 
რომ მაყურებელმა არ იცის 
ტაშის მიზეზი... 
მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა 
დედამიწა 
მისი ფანჯრიდან. 
ამოიჩემა...

??????