გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

ვაჟა-ფშაველა ექსკლიუზივი

იწვა მთა... ვაჟა-ფშაველა,
რქებგახეხილი ხარიო,
ქვესკნელს ხეთქავდა თხიერი,
ზესკნელს ანგრევდა ზარიო,
ქართული სიტყვის ფარ-ხმალი,
გარდაქცევამდე არიო...
მოინახულეს ღმერთებმა,
ეგ ხორცშესხმული ძვალიო,
ფერხთით დაუდგენ კრძალვითა,
ვერ გაუსწორეს თვალიო.
მაგის ზალხს მაეკითხება,
მაგისი ცოდვა-ბრალიო,
იწვა თბილშარავანდედი,
მთაში ჩამდგარი დარიო,
ინატრა, გულზე დაფრთხნილი,
დგნალი და ხავსის ბრჯღალიო,
ცით მოწყურვილი ციაგი,
ცივი, ციური ცვარიო,
შავ-შავ ლოდებში დაფშვნილი,
შავი არაგვის წყალიო...
ვაჰმე, წვეთმც ჩამაყლაპვინა,
რა გემბრიელი არიო.
შემოუტანეს „დროება“
თეთრი ფრინველის დარიო,
შეუჯახჯუხდა წარბები,
ჩაუბუნჯგალდა თვალიო,
წამოიგმინა: - კლარჯეთი,
კვლავ ხელ-ხუნდებში არიო,
სულსა მჭამს, გულ-ღვიძლს მიდღვებავს,
განაწირ-განამწარიო,
შავ დღეში მყვანან, შავ დღეში,
იქ, აჭარელი ძმანიო...
ნეტავაც შამაძლებინა.
ავხვეტო ჩემი ძვალიო,
ნეტავაც შამაძლებინა,
წელზეც შავირტყა ხმალიო,
რომ ოხერ-მომხდურს ცხვირიდან,
წავახეთქინო ძმარიო,
ამოიფშვინა... ბალიშქვეშ
შეყო დამსკდარი ტორიო,
გამააპოტნა იქედან,
რაღაცა გროში ორიოდ...
„ - შავი დღისათვის შამავდე,
რასმე შავს მიგრძნობს თლიო...
ამის მამგონსაც, მამცემსაც,
გაუგანგანდეს ცოლიო,
წაიღეთ, წამოახმარეთ,
ბებერ ხირხათს და გონიოს...
მათ გულზე უამბორებელს,
ღმერთ არ მომკლავს - მგონიო“,
გარდაქცევის ჟამს გვნატრობდა,
ჩვენსკენ ეჭირა თვალიო,
ჩვენი ჯავრით და მარაზმით,
წამოქცეული ხარიო.
- ძმობილო, შენ რომ პურსა სჭამ,
ყელს რომ არ გჩხვერავს ძვალიო,
შიგ ვაჟას ორი კურცხალი
და ორი გროშიც არიო,
შენ მაგი არ შეგეშალოს,
სხვებში არ გადაარიო,
სიტყვა ადათან კლარჯული,
ბაბათან სიბრძნის ზვარიო,
დიდგუმბათების განგაში,
დიდბეთლემების კვარიო,
სამყაროებს რომ გაჰყივის
და ბდღვინავს ყველა ალიონს,
გახსოვდეს უკუნისამდე
ვინ ცოცხალი და მკვდარიო,
შენი და ჩემი ქართული,
ვაჟას ქართული არიო.
...დედის რძე - ჯერ შვილს ეკუთვნის,
მერე შვილობილ-ძმასაო,
მაგრამ პირიქით სწადიან,
გულხარბის გულისთქმასაო...
რაც უნდ გნერწყვავდნენ, გდორბლავდნენ,
ყელშიც გარჭობდნენ ხმალსაო,
„დარლამსაც შაეწირები“
მოლა დაგყეფდეს თვალსაო...
შენ, ისე გაიზანზარებ,
შენ, ისე გაშლი მხარსაო...
არამც არ შაეწირები,
მაგათ მკვდარსა და გვარსაო,
რა მასწრებს წარბდაღრუბლულსა,
ქედჩაჟანგებულ მთასაო.
ვერცა ვინ აგახელფეხოს,
ვერცა ვინ წაგახვალიოს,
ვერცა ვინ გამოიყუდოს,
შენი სატახტოს კარიო,
შემოგაპაროს ლაქადი,
სიტყვა ბილწი და მცდარიო,
შენი კაცობის გვირგვინი,
ბალახ-ბულახში გარიოს,
შენი დაგლიჯოს ხოხობი,
შენი ბადაგიც დალიოს,
შენი წაასხას ცხვარ-ძროხა,
სალამური და ქნარიო...
სადაც ჩონგური ჩქრიალებს,
წამოაკნავლოს თარიო,
ისედამც გაუთენდება,
მაგას აღდგომის დარიო,
თეთრ არაგვს გადაამტეროს,
შავი არაგვის წყალიო,
გახსოვდეთ უკუნისამდე,
რომც გაგვაღვიძონ მკვდარიო,
შენი და ჩემი სამშობლო,
ვაჟას სამშობლოც არიო.

??????