ო.ჰენრი
გაზიარება

ცხოვრების ორომტრიალი 

მთარგმნელი ნათაძე მაია
 
მომრიგებელი მოსამართლე ბენაჯა უიდაპი იჯდა თავისი კანტორის კარებსჰი და ანწლის ღეროსგან გამოთლილ ჩიბუხს აბოლებდა. ქამბერლენდის მთების ცას მიბჯენილი, რუხი მოლურჯო ქედი ბუნდოვანად იხატებოდა საღამოს ბურუსში.

გამღენძილი ჭრელი კრუხი თავმომწონედ მიბაჯბაჯებდა დაბის მთავარი ქუჩის გაყოლებით და სულელურად კაკანებდა.

მაღალი გზიდან ბორბლების ჭრიალი მოისმა, მერე მტვერის ღრუბელი დადგა, ბოლოს პატარა ურემი გამოჩნდა, რომელსაც რენსი ბილბრო და მისი ცოლი მოჰყავდა. ურემი დადგა მოსამართლის კარებთან და მგზავრები გადმოვიდნენ. რენსი ყავისფერი კანის და ყვითელი თმის ვიწრო ექვსფუტიან კომბინაციას წარმოადგენდა. მთიელის დინჯი უშფოთველობა იცავდა მას, როგორც კარგი აბჯარი. ქალი იყო კუთხოვანი, გაცრეცილი, რაღაც გაუგებარი სურვილებით დატანჯული. მთელ მის გარეგნობასჰი გამოსჭვიოდა გაცრუებული ახალგაზრდობის უღონო პროტესტი, ახალგაზრდობისა, რომელმაც თვითონ არ იცის, რა დაჰკარგა.

მომრიგებელმა მოსამართლემ თავის თანამდებობას პატივი სცა_ჩაჰყო ფეხებით ფეხსაცმელში და ოდნავ ჩამოეცალა, რომ მნახველები კანტორაში შეეშვა.

_ ჩვენ გაყრა გვინდა, _ თქვა ქალმა ისეთი ხმით, თითქოს ფიჭვებში ნიავმა გაიშრიალა. მან ახედა რენსის, რომ გაეგო, ხომ არ შეუნიშნავს მის სიტყვებში რაიმე ნაკლი ან გაურკვევლობა, რაიმე ხრიკი, მიკერძოება ან ცალმხრივობა.

_ ჰო, გაყრა, _ მედიდურად დაუქნია თავი რენსიმ.

_ ჩვენ ვერასგზით ვეღარ გავძლებთ ერთად. მთაში ცხოვრება მაშინაც მოსაწყენია, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს. მაგრამ როცა ცოლი ფრუტუნებს გარეულ კატასავით და კივის როგორც ჭოტი ფუღუროში, კაცს მასთან რაღა გააძლებინებს!

_ როცა ქმარი მუქთახორაა, _ თქვა ქალმა არცთუ მაინცდამაინც დიდი სითბოთი, _ დაწანწალებს ლოთებთან და არამზადებთან, წევს გულაღმა პურის ვისკით გაჟღენთილი და თავისი მშიერი ძაღლების ხროვით აწუხებს ადამიანს...

_ როცა ცოლი ქვაბების ხუფებს ისვრის, მდუღარე წყალს ასხამს შესანიშნავ ძაღლს, რომლის ბადალიც არ მოიძებნება მთელ ქმბერლენდში, და ღამითაც არ გასვენებს ბუზღუნით და ათასნაირი ბრალდებებით...

_ კარგად კი დაგეძინება, როცა თავის დღე და მოსრება სულ ხარჯთამკრეფს ეომება და მთაში ძუნწის სახელი აქვს გავარდნილი.

მომრიგებელმა მოსამართლემ აუჩქარებლად მიიღო ზომები თავისი მოვალეობის შესასრულებლად მიიღო ზომები თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მან მოსარჩელეებს ორი ხის სკამი დაუდგა, მაგიდაზე კანონთა კოდექსი გადაშალა და მის ანბანურ საძიებელს ჩააცქერდა. ამის შემდეგ სათვალე გაწმინდა და სამელნეს ადგილი გამოუვალა.

_ კანონთა კოდექსი, _ წარმოთქვა მან, _ სდუმს განქორწინების შესახებ, რამდენადაც ეს ჩენი სასამართლოს იურისდიქციას შეეხება. მაგრამ, სამართლიანობის, კონსტიტუციისა და ოქროს წესის * თანახმად, ვერც ერთი კარგი მორიგება ცალმხრივი ვერ იქნება; თუ მომრიგებელ მოსამართლეს შეუძლია ჯვარი დასწეროს წყვილს, ცხადია, ის ვალდებულია განაქორწინოს კიდეც ისინი. ჩვენი სასამართლო გამოიტანს განქორწინების დადგენილებას და, იმედია, უზენაესი სასამართლო არ დაარღვევს მას.



რენსი ბილბრომ შარვლის ჯიბიდან პატარა სათუთუნე ქისა ამოიღო და მაგიდაზე ხუთდოლარიანი ასიგნაცია გადმოაგდო.

_ დათვის ტყავი და ორი მელა გავყიდე, _ შენიშნა მან. _ ეს არის მთელი ჩვენი ავლადიდება.

_ გაყრისათვის ამ სასამართლოში, კანონით, დაწესებულია ხუთი დოლარი, _ თქვა მოსამართლემ. მან მოჩვენებით გულგრილობით შეინახა ფული თავისი შინნაქსოვი ჟილეტის ჯიბეში, მთელი ფიზიკური და გონებრივი ენერგიის დაძაბვით დაწერა განაჩენი თაბახის ნახევარზე და მერე მეორე ნახევარზე გადაწერა.

რენსი ბილბრომ და მისმა ცოლმა მოისმინეს დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც მათთვის თავისუფლება უნდა მოეტანა.

_ იცოდეს ყველამ, ამ დოკუმენტის წამკითხავმა, რომ რენსი ბილბრო და მისი ცოლი ერიელა ბილბრომ პირადად წარსდგნენ ჩემს წინაშე, ჯანმრთელნი სულითა და ხორცითა, და პირობა დასდეს, რომ ამიერიდან არც ეყვარებათ, არც პატივს სცემენ, არც დაუჯერებენ ერთმანეთს არც კარგსა და არც ავს, შეასრულებენ ერთმანეთს არც კარგსა და მშვიდობიანობის მოთხოვნათა შესაბამისად. ღმერთმა უშველოთ. ბენაჯა უიდაპი, პიეომონტის მომრიგებელი მოსამართლე. ტენესის შტატი.

მოსამართლემ ერთ-ერთი ქაღალდი რენსის გაუწოდა, მაგრამ არიელას ხმამ შეაჩერა გადაცემის აქტი. კაცებმა შეხედეს მას, მათი მოუქნელი მამაკაცური გონება ერთბაშად ვერ ჩასწვდა ამ მოულოდნელი სიტყვების მიზეზს.

_ დაიცა, მოსამართლემ, ნუ აძლევს ქაღალდს, ეს არ კმარა.

ჯერ ჩემი კუთვნილი უნდა მივიღოთ, სარჩო უნდა მომცეს. ეგ რა სამართალია _ გაყრის უფლება მიიღოს და ისე წავიდეს, რომ ცოლს ერთი ცენტიც არ დაუტოვოს სახარჯოდ! მე ჩემს ძმასთან ვაპირებ წასვლას, ჰოტბეკის მთაზე. ერთი წყვილი ფეხსაცმელი მაინც მჭირდება და კიდევ რაღაც-რაღაც წვრილმანები. თუკი გაყრის ფულის გადახდა შეიძლო, ახლა კეთილინებოს და მეც მომცეს რამე.

ამ განცხადებამ გააშეშა და დაამუნჯა რენსი ბილბრო. აქამდე კრინტიც არავის დაუძრავს ფულის შესახებ. რას არ მოიგონებენ ეს ქალები!

მოსამართლე ბენაჯა უიდაპმა იგრძნო, რომ ეს საკითხი კანონიერ გადაწყვეტას მოითხოვდა. კანონში, მართალია, არაფერი ეწერა ამ გაუთვალისწინებელი ფულის შესახებ, მაგრამ ქალი ფეხშიშველი იყო, ჰოტბეკის მტისკენ მიმავალი ბილიკი კი _ ციცაბო და ღორღიანი.

_ არიელა ბილბრო, _ იკითხა მოსამართლემ ოფიციალური კილოთი, _ რა თანხა იკმარებდა, თქვენი აზრით, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ შემთხვევაში?

_ ფეხსაცმელების და სხვა ხარჯებისათვის...

ასე... ხუთიოდე დოლარი დამჭირდება. ბევრი არ არის, მაგრამ, მე მგონი, ჩემ ძმა ედამდე მაინც მომიყვანს.

_ დასახელებული თანხა სასამართლოს გადაჭარბებულად არ მიაჩნია. _ თქვა მოსამართლემ, _ რენსი ბილბრო, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ვალდებული ხართ გადაუხადოთ მოსარჩელეს ხუთი დოლარი, სანამ განქორწინების შესახებ დადგენილებას გამოვიტანდეთ!

_ მერე საიდან მოვიტანო ეგ ფული? _ ამოიხვნეშა რენსიმ.

_ ე. ი. თქვენ არ ემორჩილებით სასამართლოს დადგენილებას, _ წარმოთქვა მოსამართლემ და სათვალეს ზემოდან მრისხანედ გადახედა რენსის.

_ ხვალამდე მაინც დამაცადეთ. ეგებ სადმე ვიშოვოთ, _ შეევედრა რენსი.

_ აქამდე აზრადაც არ მომსვლია ამაზე ფიქრი.

_ საქმე გადადებულია სახვალიოდ, _ გამოაცხადა ბენაჯა უიდაპმა. _ ხვალ ორივენი წარსდგებით სასამართლოს წინაშე და შეასრულებთ მის განკარგულებას, შემდეგ კი განქორწინების ქაღალდებს გავცემთ.

_ მოსამართლე კარებში დაჯდა და ფეხსაცმელის ზონარი შეიხსნა.

_ რა გაეწყობა, ღამის გასათევად ძია ზაიესთან წავიღეთ, _ დაასკვნა რენსიმ.

ის ერთი მხრიდან აფოფხდა ურემზე, არიელი კი მეორიდან. პატარა წითელი ხარი დაემორჩილა რენსის შოლტს, ზლაზვნით შემობრუნდა და ურემი, ბორბლებისგან აყენებულ მტვერში გახვეული, ჭრიალით შეუდგა გზას.

მომრიგებელმა მოსამართლემ ბენაჯა უიდაპმა ჩიბუხი გააჩაღა. გვიან საღამოს მიიღო ყოველკვირეული გაზეთი და მანამდე იკითხა, სანამ ბინდმა ასოები არ გაამკრთალა. მაშინ ქონის სანთელი აანთო და კითხულობდა, სანამ მთვარე არ ამოვიდა და არ ანიშნა, რომ ვახშმის დრო იყო მოსული. მოსამართლე იქვე მახლობლად ფერდობზე ჯარგვალში ცხოვრობდა.

სავახშმოდ სახლში რომ მიდიოდა, დაფნის ტოტებით დაჩრდილულ ვიწრო ორღობეში შეუხვია. კაცის ბნელი ლანდი მოშორდა დაფნას და გულზე შაშხანა მიაბჯინა. ქუდი დაბლა ჩამოეფხატა და სახეს უფარავდა.

_ ფული ჩამოდი! _ თქვა ლანდმა, _ კრინტი არ დასძრა, თორემ უკვე ნერვიულობას ვიწყებ და თითები სასხლეტზე ამითამაშდა...

_ მე მხოლოდ ხუთ...თი დოლარი მაქვს, _ თქვა მოსამართლემ და ჟილეტის ჯიბიდან საკრედიტო ქაღალდი ამოიღო.

_ დაახვია და ლულაში ჩასდე! _ გაისმა ბრძანება.

ასიგნაცია ახალი იყო და ტკიცინა. მოუქნელ ათრთოლებულ თითებსაც კი არ გაუჭირდათ მისი დახვევა და (რაც საგრძნობლად უფრო ძნელი აღმოჩნდა) შაშხანის ლულაში მოთავსება.

_ ახლა მე მგონი შეგიძლია წახვიდე, _ თქვა ყაჩაღმა.

მოსამართლეს არ დაუყოვნებია გზაში.



მეორე დღეს პატარა წითელმა ხარმა ისევ მიაყენა ურემი სასამართლო კანტორის კარს. მოსამართლე ბენაჯა უიდაპს ამჯერად ეცვა ფეხსაცმელი, რადგან სტუმრებს მოელოდა. რენსი ბილბრომ მისი დასწრებით გადასცა ცოლს ხუთდოლარიანი ასიგნაცია. მოსამართლემ ყურადღებით გააყოლა ფულს ტვალი.

ქაღალდი ისე იხვეოდა, თითქოს მანამდე ვიღაცას დაეხვიოს და თოფის ლულაში ჩაედოს. მაგრამ მოსამართლემ თავი შეიკავა შენიშვნისაგან. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ასიგნაციებსაც ჰქონდეთ ასეთივე მიდრეკილება დახვევისაკენ. მოსამართლემ ჩააბარა ცოლ-ქმარს განქორწინების დადგენილება. ორივენი უხერხულად გაჩუმებული იდგნენ და ნელა კეცავდნენ თავისუფლების გარანტიას. ქალმა მორიდებულად აჰხედა რენსის.

_ ალბათ, ისევე ქოხში დაბრუნდები, შენი ურმით, _ თქვა მან, _ თაროზე თუნუქის ყუთში ცოტა პურია. შაშხი ქვაბში ჩავდე, რომ ძაღლები ვერ მიწვდნენ.

ამაღამ საათის მომართვა არ დაგავიწყდეს.

_ შენ შენს ძმა ედთან მიდიხარ, არა? _ იკითხა რენსიემ ოსტატურად გათამაშებული გულგრილობით.

_ მინდოდა ღამემდე ჩამეღწია. არა მგონია, მაინც და მაინც შეიწუხონ თავი ჩემი გულისათვის. მაგრამ სხვაგან სად წავალ! კარგა დიდი გზა მაქვს გასავლელი. მე მგონი უკვე წასვლის დროა. მშვიდობით, რენს... თუკი გინდა დამემშვიდობო.

_ არ ვიცი ვინ იქნება ისეთი მხეცი, რომ დამშვიდობება არ უნდოდეს, _ თქვა რენსიმ წამებულის ხმით, _ ალბათ, შენ თვითონ ისე გეჩქარება წასვლა, რომ არცკი გინდა მშვიდობით გითხრა.

არიელა ხმას არ იღებდა. მან ფრთხილად გაკეცა ხუთდოლარიანი ასიგნაცია და გაყრის ქაღალდთან ერთად უბეში შეინახა.

ბენაჯა უიდამპმა ნაღვლიანად გააყოლა თვალი ფულს, რომელიც მისი მხედველობის არედან ქრებოდა.

_ ამ საღამოს მოწყენილად იქნები ქოხში, რენს, _ თქვა ქალმა.

რენსი ბილბრომ გახედა ქამბერლენდის ქედს, რომელიც ახლა, მზის შუქზე, ღია ლურჯი ფერისა იყო. იგი არ უყურებდა არიელას.

_ მა რა მომივა! _ თქვა მან. _ მაგრამ, როცა ადამიანი გაკაპასდება და გაყრას მოითხოვს, რას გახდები!

_ სხვას უნდოდა გაყრა, _ თითქოს სკამს უთხრა არიელმა, _ რა არც არავის უთქვამს, დარჩიო.

_ არც არავის უთქვამს არ დარჩეო.

_ არავის არასდროს უთქვამს დარჩიო. მე მგონი დროა უკვე გავუდგე გზას.

_ იმ ძველ საათს ვერავინ მომართავს.

_ გინდა ამავე ურმით დავბრუნდე შენთან ერთად და მოგიმართო, რენს?

მთიელის გამომეტყველება დაცული იყო გრძნობების შემოტევისგან, მაგრამ მან გამოიწოდა თავისი დიდი ხელი და არიელას წვრილი ყავისფერი ხელი ჩაბღუჯა. ქალის სულმა გამოიჭყიტა მისი გულგრილი სახიდან და გაანათა ის.

_ ძაღლები აღარ შეგაწუხებენ, _ თქვა რენსიმ, _ მართლაც რომ სულმდაბლურად და უგულოდ ვიქცეოდი. საათი შენ მომართე, არიელა.

_ გული იქ დამრჩა, ჩვენს ქოხში, _ თქვა ჩურჩულით არიელამ. _ აღარ ვიკაპასებ, რენს, წავიდეთ, იქნებ მზის ჩასვლამდე ავაღწიოთ შინ.

კარისკენ რომ დაიძრნენ, მოსამართლე ბენაჯა უიდაპი უეცრად წარსდგა მათ წინ და თავისი არსებობა შეახსენა.

მისმა შემდგომმა სიტყვებმა ჩააყენა ის მსოფლიოს ფილანტროპთა მრავალრიცხოვან ბრბოში, ან მსოფლიოს გამოჩენილ ფინანსისტთა მცირერიცხოვან რიგებში; გააჩნია, როგორი იყო მისი აზრთა დენა ამ მომენტში.

_ ტენესის შტატის სახელით, _ წარმოთქვა მან, _ გიკრძალავთ მისი კანონებისა და წესებისათვის გვერდის ავლას.

სასამართლო არა მარტო თანახმაა, არამედ სიხარულით ივსება, როცა ხედავს, რომ უთანხმოების და ურთიერთგაუგებრობის შავი ღრუბლები შორდება მოსიყვარულეთა გულებს, მაგრამ სასამართლოს მოვალეობაა დაიცვას შტატის მორალი და პატიოსნება. სასამართლო მოგაგონებთ, რომ ცოლ-ქმარი აღარ ხართ, არამედ გაყრილები ხართ კანონიერი დადგენილების თანახმად, და როგორც ასეთებს, დაქორწინებულთა მდგომარეობის პრივილეგიები აღკვეთილი გაქვთ.

არიელამ ხელი ჩაჰკიდა რენსის სახელოს. ნუთუ ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ მან უნდა დაჰკარგოს რენსი სწორედ ახლა, როცა მათ ცხოვრების მკაცრი გაკვეტილები გაიარეს...

_ მაგრამ სასამართლო მზად არის, _ განაგრზო მოსამართლემ, _ აღგადგინოთ უფლებებში, რომლებიც განქორწინების დადგენილებამ აგყარათ. სასამართლო მზად არის შეასრულოს ქორწინების საზეიმო ცერემონია, მოაგვაროს საქმე და მიანიჭოს მხარეებს უფლება დაბრუნდნენ დაქორწინებულთა საპატიო და ამაღლებულ მდგომარეობას, რომელიც მათ ესოდენ სწყურიათ. ქორწინების ფასი ამ შემთხვევაში ხუთი დოლარია.

არიელას იმედის ნაპერწკალმა გაუელვა. მისი ხელი სწრაფად ჩაეშვი უბეში, მტრედივით მსუბუქად გაიფრთხიალა ასიგნაციამ და დაეშვა მოსამართლის მაგიდაზე. არიელას ფერმკრთალი ლოყები წითლად შეიფარა, როცა რენსისთან ხელიხელჩაკიდებული იდგა და მათ ხელახლად შემაერთებელ სიტყვებს ისმენდა.

რენსიმ ურემზე ასვლა უშველა და მის გვერდით დაჯდა.

პატარა წითელი ხარი ერთხელ კიდევ შემობრუნდა და ისინი მკლავგადახვეული გაუდგნენ მთებისაკენ მიმავალ გზას.

მომრიგებელი მოსამართლე ბენაჯა უიდაპი კარებში დაჯდა და ფეხსაცმელი გაიხადა.

ერთხელ კიდევ მოსინჯა მან ასიგნაცია ჟილეტის ჯიბეში, ერთხელ კიდევ შეუდგა ანწლის ღეროსგან გამოთლილი ჩიბუხის გაწყობას, ერთხელ კიდევ გაბაჯბაჯდა ჭრელი კრუხი დაბის მთავარი ქუჩის გაყოლებით და სულელურად აკაკანდა..

??????