ო.ჰენრი
გაზიარება

სანამ ავტომობილი გელოდება 

მთარგმნელი ჩუბინიძე ნათია
 
ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს.

პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
ახალგაზრდა უეცრად დააცხრა ნივთს და ისეთი მზერით დაუბრუნა პატრონს, რომელშიც იგრძნობოდა პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაბადებული გრძნობის სურნელი, ნარევი გალანტურობისა და იმედისა, შერბილებული პოლიციისადმი პატივისცემით. მან სასიამოვნო ხმით გარისკა თავისი აზრი გამოეთქვა ამინდის შესახებ (ეს ხომ აუცილებელი თემაა მთელს სამყაროში, ერთმანეთი რომ გავიცნოთ) და მოთმინებით ელოდა განაჩენის გამომტან მომენტს.
გოგონა დინჯი მზერით უცქერდა მის ჩვეულებრივ სამოსს და უბრალო გამომეტყველებას.
_შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, თუ სურვილი გაქვთ. თქვა მან რბილი კონტრალტოთი. წინააღმდეგი არა ვარ, ცუდი განათებაა და კითხვას საუბარი მირჩევნია.
ჩინური კერპის მსახური თავაზიანად ჩამოჯდა გოგონას გვერდით.
_ იცით? თქვენ ყველაზე განსაცვიფრებელი გოგონა ხართ მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში! გუშინ დაგინახეთ, ვერ შემნიშნეთ ჩემო ყვავილო? წარმოთქვა ბიჭმა გაცვეთილი ფრაზა, რომლითაც პარკის შეხვედრები იწყებოდა ხოლმე.
_ ვინც არ უნდა იყოთ, მიუგო გოგონამ ცივად, გახსოვდეთ, მე ლედი ვარ და თქვენს ნათქვამზე პასუხს არც გაგცემთ! მე მგონი მხოლოდ იმის ნება მოგეცით, ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყავით, ეს კი უფლებას არ გაძლევთ, თქვენი ყვავილი მიწოდოთ!
_ მაპატიეთ, შეცბა ჭაბუკი. მისი კმაყოფილი გამომეტყველება კი მორჩილი და თვინიერი მზერით შეიცვალა.
_ ჩემი ბრალია, სწორად ვერ შევარჩიე სათქმელი, იცით, ბევრი გოგონა პარკში...

მაგრამ...
_ თემა შევცვალოთ, გეთაყვა, მესმის თქვენი. მოდი იმ ხალხზე მომითხრეთ რამე აქ რომ დადიან, ამ ბილიკზე დააბიჯებან, სად მიდიან? რატომ ეჩქარებათ მუდმივად სადღაც? ბედნიერები არიან? შეაწყვეტინა გოგონამ.
ახალგაზრდა მამაკაცმა იგრძნო, ქალი ეკეკლუცებოდა. მისი ჯერი იყო, მაგრამ აღარ იცოდა რა ექნა, ვერ მიხვდა, რა როლი ერგო.
_ საინტერესოა მათი ცქერა,. ბევრი იწვის სურვილით, იცოდეს მათი ისტორიები, უპასუხა მან, შეძლებისდაგვარად, გოგონას ხასიათის გათვალისწინებით.
_ მე კი ეგ სურვილი არც გამჩენია, აქ მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ ხალხში მსურს ტრიალი. ისეთ საზოგადოებას ვეკუთვნი, სადაც არ იგრძნობა მასის მაჯისცემა. მიმიხვდით ბატონო. .

. ?
_ ჩემი გვარი პარკენსტაკერია, დაამატა ახალგაზრდამ, ის უკვე იმედმიცემული და გახალისებული ჩანდა.
_ არა, თქვენ ალბათ მაინც მიცანით, ნაზად გაიღიმა გოგონამ, თქვენ მე უცებ მიცანით. ძნელია დაფარო საკუთარი ვინაობა, ან საკუთარი სახე... ეს პირბადე და ჩემი მოახლის ქუდი მეგონა ინკოგნიტოდ მაქცევდა, მაგრამ თქვენ როგორც ჩანს ჩემი მძღოლიც შეამჩნიეთ... მართალი გითხრათ, სულ ხუთი-ექვსი გვარია, არისტოკრატიის სათავეში და დაბადებიდან მეც მათგან ერთ-ერთი მერგო, გესმით ბატონო სტაკენპოტ?
_ პარკენსტაკერ. მოკრძალებით შეუსწორა ჭაბუკმა.
_ ბატონო პარკენსტაკერ, მე უბრალოდ მსურდა ერთ უბრალო მამაკაცთან მესაუბრა, ბუნებრივ ადამიანთან, რომელიც ჯერ არ შეურყვნია დიდებულებას და სიმდიდრეს, სოციალურ უპირატესობას. იცით როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი? სულ ფული, ფული, ფული! და მამაკაცები ჩემს ირგვლივ...

ისინი მარიონეტებივით ცეკვავენ, ყველა ერთ თარგზეა გამოჭრილი, ყელში ამომივიდა მთელი ეს ფუფუნება, ძვირფასეულობა, მოგზაურობა, სიამოვნება... 
_ მე კი ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფული კარგი რამაა. _ ყოყმანით წამოიწყო ახალგაზრდამ. 
_ სასურველია, ადამიანი შეძლებული იყო, მაგრამ როცა მილიონების მფლობელი ხარ, ძალიან მოსაწყენია.ზიზღით და სასოწარკვეთით წარმოთქვა ქალმა და გააგრძელა:
_ მოსაბეზრებელია მძღოლები, სადილები, სპექტაკლები, მეჯლისები, ვახშმები მდიდრების მოსაწყენ გარემოცვაში. ზოგჯერ შამპანურის ბოკალში ჩაგდებულ ყინულის ნატეხსაც კი სიგიჟემდე მივყავარ ხოლმე.
ბატონი პარკენსტაკერი დიდი ინტერესით უსმენდა უცნაურ მოსაუბრეს: 
_ მე ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა ელიტა. ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, სნობი ვარ, მაგრამ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ალბათ ჯობს შამპანურის ბოთლი იყოს ცივი, ვიდრე ყინულის ნატეხით გააცივო, მახვილგონივრულად დაამატა მან.
გოგონამ გულიანად გაიცინა, მისი სიცილი საოცრად მელოდიური იყო.
_ იცით? შემწყნარებლური ტონით განაგრძო გოგონამ, ჩვენი კლასის ერთობა სულელური სიახლეებით. ყინულის შამპანურიან ჭიქაში ჩაყრა ახალი ახირებაა.

იდეა კი უალდორფებთან სადილზე მობრძანებულ თათრების პრინცს ეკუთვნის. მეორე ახირება მედისონ ავენიუზე, მორიგ სადილზე იშვა, ამჯერად თითოეულ სტუმარს თეფშის გვერდით მწვანე ფერის ბავშვის ხელთათმანი დაურიგეს, რათა ჩაეცვათ და მისი მეშვეობით მიერთვათ ზეთისხილი.
_ იცით, ეს განსაკუთრებული ახირებები უბრალო ხალხამდე არც კი აღწევს და მხოლოდ თქვენს მაღალ საზოგადოებაში რჩება; უპასუხა ჭაბუკმა.
_ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ალბათ თუ ვინმეს შევიყვარებ, ის აუცილებლად დაბალ სოციალურ ფენას უნდა ეკუთვნოდეს. ამჟამად ორი თაყვანისმცემელი მყავს: პირველი გერმანიის გრანდ ჰერცოგია, მაგრამ, თუ არ ვცდები, ცოლი ჰყავს, ან Hყავდა. რომელიც სიგიჟემდე მიიყვანა თავისი ბოროტებითა და თავაშვებულობით, მეორე კი ინგლისელი მარკიზია, მაგრამ ისეთი ცივი და ხარბი, რომ მას ისევ ულმობელი და სასტიკი ჰერცოგი მირჩევნია... ღმერთო ჩემო, ნეტავ თქვენ ამას რატომ გიყვებით ბატონო პაკენსტაკერ?
_ პარკენსტაკერ! ამოიოხრა ახალგაზრდამ. _ თქვენ ალბათ მიხვდით როგორ ვაფასებ თქვენს მიერ გამოცხადებულ ნდობას.
გოგონამ მადლიერებით აღსავსე მზერა ესროლა მოსაუბრეს და კითხა:
_ რას საქმიანობთ ბატონო პარკენსტაკერ?
ისეთს არაფერს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა წინ წავიწიო.

ნამდვილად შეძლებდით უბრალო მამაკაცის შეყვარებას?
_ აბა რა, მაგრამ მე ვთქვი, ალბათ მეთქი.

ხომ გითხარით, უკვე მყავს ორი თაყვანისმცემელი. თანაც, სულ უსაქმურთანაც არ მსურს, ურთიერთობა მქონდეს.
_ მაგრამ მე ხომ ვმუშაობ რესტორანში! განაწყენდა ჭაბუკი
_ ოფიციანტი ხართ? გოგონას გაეღიმა. _ ოღონდ ეგ არა! შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა სხვას ემსახურები...…
_ არა, მოლარე ვარ სწორედნიმ რესტორანში, რომლის განათებული აბრაც კარგად მოსჩანს აქედან.
გოგონამ სამაჯურზე დამაგრებულ პაწაწინა საათს დახედა, (სამკაული მდიდრული დიზაინით გამოირჩეოდა და ქალის მარცხენა ხელს ამკობდა), როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, შეშფოთებული წამოხტა ადგილიდან და სცადა, წიგნი ხელჩანთაში ჩაეჩურთა, მაგრამ ის საკმაოდ პატარა იყო საამისოდ.
_ სამსახურში რატომ არ ხართ? ჰკითხა ვაჟს უეცრად.
_ ღამის ცვლაში ვარ და მუშაობა ერთ საათში უნდა დავიწყო, მიუგო ახალგაზრდამ, _ იმედია ერთმანეთს ისევ ვნახავთ, არა?
_ არ ვიცი, ალბათ, ისე შეიძლება აღარც კი გამომიწიოს გულმა ამ მხარეს, წინასწარ ვერეფერს გეტყვი, ახლა კი უნდა გავიქცე, სადილზე ვარ მიწვეული და მეჩქარება. ალბათ შენიშნეთ, შემოსასვლელში ავტომობილი მელოდება, თეთრი ფერის.
_ და წითელი საჭით? გაოცებით აზიდა წარბები ვაჟმა.
_ დიახ, მე ყოველთვის ამ მანქანით დავდივარ. პიერი, ჩემი მძღოლი, კი აქ მელოდება ხოლმე. მას უნივერმაგში ვგონივარ, პარკის გადაღმა. წარმოგიდგენიათ?! ჩვენს მძღოლებსაც კი უნდა გავუწიოთ ანგარიში! – ღამე მშვიდობისა!
_ ახლა ხომ ბნელა, პარკი კი ბოროტი ხალხითაა სავსე, შეიძლება გაგაცილოთ? შესთავაზა ბატონმა პარკენსტაკერმა.
_ თუ ოდნავ მაინც მცემთ პატივს, მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ, ათი წუთი მაინც დარჩით პარკში, ამ ძელსკამთან.

მანქანა ხშირად მისი მეპატრონის ავტოგრაფია, უნდობლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მინდა, ასე გაგიშინაურდეთ. აბა, ნახვამდის!
გოგონა სწრაფად და მოხდენილად მიიმალა სიბნელეში. ახალგაზრდა უცქერდა მის მოხდენილ სილუეტს, სანამ პარკის კიდემდე, ქვაფენილამდე არ მიაღწია დ აიმ კუთხეში არ მიიმალა, სადაც, სავარაუდოდ, ავტო ელოდა. გაბრაზებული პარკენსტაკერი აჩქარებით მოჰყვა პარკის ხეებს შორის სიარულს, თან მხედველობის არედან არ უშვებდა იდუმალ ქალბატონს.
მოხდენილმა ლედიმ ქუჩის კუთხეს მიაღწია და ისე შებრუნდა, რომ ჩანდა, ავტომობილისკენ გაიხედა. შემდეგ კი გვერდით ჩაუარა და ისევ გაუყვა ქუჩას.
ჭაბუკი იქვე მდგარ შავ ტაქსისი მიეფარა და თვალთვალი განაგრძო. გოგონა ტროტუარზე მიაბიჯებდა ქუჩის მეორე მხარეს, შემდეგ დამფრთხალი მზერით მიმოიხედა ირგვლივ და რესტორანში შეირბინა. საკმაოდ იაფფასიანი დაწესებულება ჩანდა, შემინული იყო და წყნარად, უჩუმრად შეგეძლო გესადილა.
გავიდა რამდენიმე წუთი და ნაცნობი სახე ისევ შეიშნა ახალგაზრდამ, მხოლოდ ამჯერად შლიაპისა და ვუალის გარეშე.
მოლარის მაგიდა რესტორნის წინა მხარეს იდგა.

წითურთმიანი მოლარე ნელა წამოდგა ადგილიდან, საათს შეხედა და ადგილი ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილ შემცვლელს დაუთმო.
პარკენსტაკერმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა, ფეხით გაუყვა ტროტუარს. უეცრად ფეხი პატარა, ქაღალდშემოკრულ წიგნს წამოკრა, რომელიც ტროტუარის კიდეზე ამოზრდილ ბალახში ეგდო. ფერადი ყდით სწორედ ის წიგნი ამოიცნო, რომელსაც მისი იდუმალი ნაცნობი კითხულობდა პარკში. ფრთხილად აიღო ნივთი, ყდაზე დახედა და ამოიკითხა: სტივენსონი, ,,ახალი არაბული ზღაპრები”. წიგნი ისევ იქვე დააგდო, ბალახებში, ერთი წამით შეყოყმანდა მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე მდგარ, თეთრ, წითელ საჭიან ავტომობილს მიუახლოვდა, ჩაჯდა და თავის მძღოლს ორად ორი სიტყვა უთხრა:
_ კლუბისაკენ, ჰენრი..

??????