ო.ჰენრი
გაზიარება

გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა 

მთარგმნელი ნათაძე მაია
 

ამრიგად ექიმთან წავედი.

-დიდი ხანია, რაც აღარ დაგილევიათ?-შემეკითხა იგი.


განზე გავიხედე და ისე ვუპასუხე:

-კარგახანი იქნება.

ექიმი ახალგაზრდა იყო, ასე ოცისა ანდა სულაც ორმოცი წლისა იქნებოდა. ნაზი იისფერი წინდები ეცვა, მაგრამ ნაპოლეონს კი ჰგავდა და ძალიან მომეწონა. 

-ახლა კი,- თქვა მან,-გაჩვენებთ, თუ რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი თქვენს სისხლის მიმოქცევაზე.

მგონი, ასე თქვა, ,,სისხლის მიმოქცევაზეო”, ანდა, შესაძლოა, ,,ფინანსებზეო”

მარცხენა სახელო ამიკეცა, მაგიდაზე ერთი ბოთლი ვისკი დადგა და დამალევინა; ახლა კი მთლად ნაპოლეონს დაემსგავსა და უფრო მეტად მომეწონა.

მკლავზე წნევის აპარატის სამკლავური შემომახვია, პულსი მიპოვა და დააწვა რეზინის ბუშტს. ეს ბუშტი მიმაგრებული იყო სადგამიან თერმომეტრზე. სინდიყი ავარდა და დავარდა, თითქოს არც გაჩერებულა სადმე, მაგრამ ექიმმა მითხრა, წნევა ორას ოცდაჩვიდმეტი გაქვსო, თუ ას სამოცდახუთიო, კარგად აღარ მახსოვს.

-აი, ხომ ხედავთ, -თქვა მან, -როგორ აგიწიათ წნევა ალკოჰოლმა.

-საოცარია, -ვთქვი მე,-ერთხელ კიდევ უნდა შეამოწმოთ. მოდით, თითო ჭიქა კიდევ გადავკრათ ჩემს ანგარიშზე და მერე, თუ გინდათ მეორე მკლავიც გამისინჯეთ.

მაგრამ ვინ მოგისმინა! ხელზე მტაცა ხელი. აჰა, გავიფიქრე, ნამდვილად დავიღუპე, ახლა დამემშვიდობება და ყველაფერი დათავდება -მეთქი. მან კი უბრალოდ ნემსი ჩამარჭო თითში, გამომადინა წვეთი სისხლი და ნახევარდოლარიან პოკერის სათვალავებს შეადრა. ეს სათვალავები რატომღაც ბანქოს ქაღალდზე ჰქონდა დაკრული.

-ვამოწმებ ჰემოგლობინზე,-ამიხსნა მან,-ცუდი ფერის სისხლი გაქვთ გეთაყვა.

-ვიცი, უნდა იყოს ცისფერი, მაგრამ განა ეს ქვეყანა სულ შერეული სისხლიანებით არ არის სავსე? ეტყობა, ჩემს კეთილშობილ წინაპრებს ოდესღაც ნანტუკეტელებთან უღლაბუცნიათ...………

-ესე იგი, მინდა გითხრათ, -თქვა ექიმმა,-რომ თქვენს სისხლს სიწითლე აკლია.

-ოოო,-ვთქვი მე, -მასაშადამე, საქმე ეხება არა აღრეულ ქორწინებას, არამედ უვარგის შენაერთს.

მერე ექიმმა გულდაგულ დამიწყო ბაგუნი ნეკნებზე.

ახლა ვეღარ გამეგო, ვის უფრო ჰგავდა-ნაპოლეონს თუ ლორდ ნელსონს. სახემოღუშულმა ჩამოთვალა ერთნაირი დაბოლოების სხვადასხვა ხორციელი უძლურება რომლებიც ,,იტს”-ით მთავრდებოდა. მაშინვე გადავუხადე თხუთმეტი დოლარი. 

-რომელიმე მათგანი თუ კლავს ადამიანს? -ვკითხე მე. ბოლოს და ბოლოს, ხომ მქონდა უფლება საკუტარი ბედით დავინტერესებულიყავი. 

-ყველა მომაკვდინებელია, -რიხიანად მითხრა მან, -მაგრამ თუ თავს მოუვლით და იმკურნალებთ, გამოჯამრთელდებით. შეიძლება, ოთხმოცდახუთ-ოთხმოცდაათ წლამდეც იცოცხლოთ.

ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, ასეთი რჩევისათვის რამდენი ერგება-მეთქი ექიმს.

-ვგონებ ოთხმოცდახუთიც საკმარისი იქნება, -შევნიშნე და კიდევ ათი დოლარი დავუმატე.



-უწინარეს ყოვლისა, -ხალისიანად თქვა მან, -კარგად უნდა დაისვენოთ სანატორიუმში და ნერვები დაიმშვიდოთ. მე თვითონ წამოგყვებით, შესაფერის სანატორიუმს შეგირჩევთ.

ჰოდა, წამიყვანა საგიჟეთში, ქეთსკილის გაშიშვლებულ მთაზე რომ იყო. ირგვლივ ლოდები და ქვები ეყარა, ალაგ_ალაგ თოვლი შემორჩენილიყო, ნაძვებიც კანტიკუნტად მოჩანდა. ახალგაზრდა მთავარი ექიმი მეტად სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა. დამალევინა სპირტიანი სასმელი, მაგრამ მკლავზე აღარაფერი შემომახვია. საუზმის დროც მოვიდა და სასაუზმოდ მიგვიწვიეს. სასადილო ოთახში პატარა მაგიდებთან ოციოდე ავადმყოფი იჯდა.

ახალგაზრდა მთავარი ექიმი მოგვიახლოვდა და გვითხრა:

-აქ ასე გვაქვს დაწესებული, ჩვენი სტუმრები პაციენტები კი არა, უბრალოდ გადაღლილი ქალბატონები და ბატონები არიან დასასვენებლად მოსულნი. შესაძლოა, ვინმე რითიმე იყოს ავად, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩვენთან მიღებული არ არის.

ჩემმა ექიმმა ხმამაღლა უბრძანა მომსახურე ქალს საუზმედ მოეტანა დაუშლელი კირისაგან დამზადებული გლიცეროფოს ფატის ერთი ულუფა, ძაღლის ქადა, სოდიანი, ბრომგარეული ბლინები და ცელიბუხისაგან დამზადებული პირსასაქმებელი ჩაი. ირგვლივ ყველანი ახმაურდნენ, თითქოს უცებ ამოვარდნილმა ქარიშხალმა ნაძვები ააშრიალა. ხმამაღლა აჩურჩულდნენ: ,,ნევრასთენიკია!” მხოლოდ ერთმა ცხვირგძელმა კაცმა ჩაილაპარაკა გარკვევით: ,,ქრონიკული ალკოჰოლიზმი”. ნეტავ კიდევ შემახვედრა მასთან! 

მთავარი ექიმი შებრუნდა და წავიდა.

ნასაუზმევს, ერთი_ორი საათის შემდეგ, კვლავ მოვიდა და სახელოსნოში წაგვიყვანა, რომელიც მთავარი კორპუსიდან ასე ორმოცდაათი იარდით იყო დაშორებული. იქ უკვე ყველას მოეყარა თავი; ისინი იქ მიიყვანა მთავარი ექიმის მოადგილემ და მისმა ხელქვეითმა, ფეხმარდმა ლურჯსვიტერიანმა ყმაწვილმა. ის ისე მაღალი იყო, სახე არც კი მოუჩანდა, შესაძლოა, სახე არც ქონდა; სამაგიეროდ ჯავშანჭედვის კომპანია მის ხელებს სიამოვნებით შეისყიდდა.



-აქ, ჩვენთან, -თქვა მთავარმა ექიმმა, -დამსვენებლებს ფიზიკური შრომის გზით ვთიშავთ ყოველგვარი გონებრივი დატვირთვისაგან.

რას ინებებდით, რომ იქ არ ყოფილიყო: სახარატო დაზგები, სადურგლო იარაღებ, თიხის საზელი ხელსაწყოები, რამდენიმე ჯარა, დოლები, ასტელის ფერწერისათვის საჭირო მოლბერტები, სამჭედლო საბერველები, -ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭირდეს ფულიან შეშლის პირველი კლასის საავადმყოფოში.

-აი, კუთხეში მანდილოსანი ტალახის კვერებს აცხობს, -წამჩურჩულა მთავარმა ექიმმა, -იცით, ვინ არის ეს მანდილოსანი?! ლულუ ლულინგტონი გახლავთ, სწორედ ის, რომანი ,,რად უნდა სიყვარულს სიყვარული’’ რომ დაწერა. შექმნა თავისი ნაწარმოები და ახლა ისვენებს გონებრივი შრომისაგან. 

ეს წიგნი ნანახი მქონდა.

-ამის გარდა, კიდევ ერთი წიგნი რომ დაეწერა, განა დასვენება არ იქნებოდა? -ვკითხე მე.

როგორ ხედავთ, ისინი ტყუილად ფიქრობდნენ ჩემზე, ამ კაცმა სულ დაკარგა ჭკუაო.

-აი ის ჯენტმენი, ქილიდან წყალს რომ ასხამს ძაბრში, -განაგრძობდა მთავარი ექიმი, -უოლსტიტელი საქმოსანია და ისვენებს საბანკო საქმეებისაგან.

პალტო შევიკარი. 

კიდევ ექიმმა მიჩვენა არქიტექტორები, რომლებიც ,,ნოეს კიდობანობას” თამაშობდენ, მიჩვენა დარვინის ,,ევოლუციის თეორიის” კითხვაში გართული მღვდლები. იქით იურისტები შეშას ხერხავდნენ, მინაზებული მაღალი წრის ქალები იბსენზე ებაასებოდნენ-ლურჯსვიტერიან ახმახს, ვიღაც ნერვულ მილიონერს იატაკზე ეძინა, ხოლო ცნობილი მხატვარი წიტელ ურიკას დააგორებდა.

-საკმაოდ ღონიერი ჩანხართ, -მითხრა მთავარმა ექიმმა.

-სულიერად რომ დაისვენოთ, გირჩევთ, ქვები ისროლოთ გორაკიდან დაბლა, მერე კი ისევ მაღლა აზიდოთ.

ასი იარდი რომ გავირბინე, მაშინღა დამეწია ექიმი.

-რა მოხდა? -მკითხა მან.

-რა უნდა მოხდეს, რადგან აეროპლანზე ხელი არ მიმიწვდება, ამიტომ მხნედ და მხიარულად მივირბენ ამ ბილიკით იმ თქვენს სადგურამდე და დავბრუნდები ქალაქში ქვანახშირით დაუტვირთავი პირველივე მატარებლით.

-რას ვიზამთ, -თქვა ექიმმა, -იქნებ, მართალიც ხართ. ეტყობა, ეს საავადმყოფო თქვენთვის მაინცდამაინც შესაფერისი არ არის.

მიუხედავად ამისა, მაინც გჭირდებათ დასვენება, სრული სიმშვიდე, განუწყვეტელი ვარჯიში.

საღამოს ქალაქის სასტუმრომდე მივაღწიე. მორიგეს ვუთხარი: -მჭირდება სრული სიწყნარე და განუწყვეტელი ვარჯიში. იქნებ, მომიძებნით ოთახი მაღალი დასაკეცი საწოლით და რამდენიმე ბიჭიც მამსახუროთ, რათა გაშალონ და დაკეცონ ეს საწოლი, მე კი დავისვენებ.

მორიგემ ფრჩხილიდან ლაქა მოიწმინდა და თვალი ჩაუკრა თეთრქუდიან აყლაყუდას, ვესტიბიულში რომ იჯდა. აყლაყუდა მომიახლოვდა და თავაზიანად შემეკითხა, უკან გასასვლელთან პატარა სკვერი თუ შეამჩნიეო. მე იმ სკვერისთვის მართლაც არ მიმიქცევია ყურადღება. აყლაყუდამ დამანახა, მერე კი თავიდან ფეხებამდე ამხედ-დამხედა.

-გეტყობა, ზედმეტი მოგვსვლია, -მითხრა ერთგვარი თანაგრძნობით, -თუმცა არა, ნასვამს არ ჰგავხართ. უმჯობესია, ექიმს მიმართო, ძმობილო.

ერთი კვირის შემდეგ ჩემმა ექიმმა კვლავ გამისინჯა წნევა, ოღონდ სპირტიანი სასმელი აღარ დაულევინებია.

ამჯერად არც ნაპოლეონად მომჩვენებია იგი. რაღაც მოწითალო-ყავისფერი წინდები ეცვა, რაც თვალში არ მომივიდა.

-უწინარეს ყოვლისა, -დაასკვნა მან, -გესაჭიროებათ ზღვის ჰაერი და ხშირი შეხვედრები.

-სირინოზებთან, რასაკვირველია... -დავიწყე მე, მაგრამ ექიმი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

-მე თვითონ წაგიყვანთ სასტუმრო ,,ბონვირში” ლონგ-აილენდის სანაპიროზე და თვალყურს ვადევნებ თქვენს გამოჯანმრთელებას. მშვიდი, მყუდრო აგარაკი, იქ უმალვე გამოკეთდებით.

ოტელი ,,ბონეირი” აღმოჩნდა ცხრაასოთახიანი დიდებული სასტუმრო პატარა კუნძულზე. სადილობისას, ვინც ტანსაცმელს არ იცვლიდა, ცალკე სასადილო ოთახებში შერეკავდნენ ხოლმე და ძალად აჭმევდნენ კუს კერძს და ასმევდნენ შამპანურს. ყურეში იახტებით დასრიალებდნენ მდიდრები. ჩვენი მისვლის დღეს იქ ღუზა ჩაუშვა ,,კორსარმა”.

დავინახე გემბანზე მდგომი მისტეს მორგანი, რომელიც მიირთმევდა ყველიან ბუტერბროდს და მოწყენილად გაჰყურებდა სასტუმროს. აქ დიდი სიძვირე არ იყო, მაგრამ საბოლოო ანგარისქორებისას რამდენიც არ უნდა გქონოდათ ფული, მაინც არ გეყოფოდათ. ვისაც სურდა აქაურობას გასცლოდა, საკუთარ ბარგი_ბარხანას ტოვებდა, პატარა ნავს იპარავდა და ღამით უკვე ხმელეთზე იყო.

მე იქ ერთი დღე დავყავი, მორიგის მაგიდიდან მონოგრამიანი ბლანკები ავიდა და მეგობრებს დეპეშებით შევატყობინე, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, გამომიგზავნეთ-მეთქი უკან გამოსამგზავრებელი ფული. მე და ექიმმა ერთხელ ვითამაშეთ კროკეტი საგოლფე მინდორზე და იქვე გაზონზე გამოვიძინეთ კიდეც.

მერე ქალაქში დავბრუნდით. უცაბედად თითქოს გონს მოეგო ექიმი:

-ესე, თავს როგორა გრძნობთ?

-ძალიან შემითხელდა ჯიბე, -მივუგე მე.

სულ სხვაა კონსულტანტი ექიმი. მან ხომ ზუსტად არ იცის, გადაუხდიან გასამრჯელოს თუ არა, ჰოდა, ასეთი გაურკვევლობის გამო ან ძლიერ ცდილობს, ან სულ არ ცდილობს. ჩემმა ექიმმა კონსულტანტთან წანიყვანა, ალალბედზე აირჩია და ძალიან მონდომებული ადამიანი კი აღმოჩნდა.

კონსულტანტი ძალიან მომეწონა. მან საცდელი ვარჯიში ჩამიტარა.

-კეფა გტკივა? -არა-მეტქი, ვუპასუხე.

-ახლა დახუჭეთ თვალები, -მითხრა მან, -ერთმანეთს მიადგით ტერფები და გადახტით უკან, რაც შეიძლება შორს.

ყოველთვის მიყვარდა თვალდახუჭული უკან გადახტომა და არ გავძალიანებულვარ, მაგრამ თავი მივარტყი აბაზანის გაღებული კარის ძგიდეს: კარი სამი ფუტით იყო დაშორებული. ექიმს გუნება ძლიერ გაუფუჭდა. მისი წინდაუხედაობით დარჩენილიყო კარი ღია. მან ის მიხურა. 



-ახლა შეეხეთ თქვენს ცხვირს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით, -მითხრა მან.

-მერე და სად არის ის? -ვთქვი მე.

-სახეზე გაქვთ, -მითხრა მან.

-მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მოგახსენებთ, -განვუმარტე მე.

-ოჰ, ბოდიშს ვიხლი, -თქვა მან და ისევ გამოაღო აბაზანის კარი. მე გამოვაძვრე თითი ღრიჭოდან, მერე საოცარი სისწრაფით შევასრულე თითის ცხვირზე შეხება და ვთქვი:

-არ მსურს მოგატყუოთ, ექიმო, მე მერთლაც მტკივა კეფა.

მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ჩემს ჩივილს და გულდაგულ მოისმინა ჩემი გულისცემა გრამაფონის ,,რუპორის” მეშვეობით, როგორიც ავტომატებს აქვთ: ჩააგდეთ ფული ჭრილში -დაუკრავს.ასე მეგონა, ხალხური სიმღერა ვარ-მეთქი.

-ახლა, -თქვა მან, -ცხენივით ინავარდეთ ოთახში ხუთ წუთს.

მე იმ აქოშინებულ საფორნე ცხენს დავემსგავსე, მედისონ-სკვერ გარდენში რომ აღარ აჩერებენ.

მერე ფულის ჭრილში ჩაუყრელად მან კვლავ მოისმინა ჩემი გულისცემა.

_ქოშინი ჩვენს გვარში არავის ქონია, ექიმო _ვუთხარი მე.

კონსულტანტმა თავისი საჩვენებელი თითი ჩემი ცხვირიდან სამი დუიმის მანძილზე დაიჭირა.

-შეხედე ჩემს თითი, - მითხრა მან.

-სკიპიდარი, ყოველნაირ ჭუჭყს... -დავიწყე მე, მაგრამ... მან საქმე სასწრაფოდ წარმართა.

-ჯერ შეხედე ყურეს, ახლა ჩემს თითს, ისევ ყურეს, ჩემს თითს, ყურეს, -და ასე სამ წუთს იმეორებდა.

მან ამიხსნა, მოსაზრებულობას გიმოწმებო, ვითომ ესეც შემოწმებაა რაღა! ერთხელაც არ მიმიჩნევია მისი თითი ყურედ.

სანაძლეოს დავდებ, მას რომ ასე ეთქვა: ,,გაიხედეთ უდარდელად, ან უფრო სწორად, სწრაფად იმ ჰორიზონტისაკენ, რომელსაც გარს არტყია, უბრალოდ რომ ვთქვად, ტენშემცველი ყურე, ახლა კი, მოაშორეთ თვალი ან სხვანაირად რომ ვთქვათ, განარიდეთ თქვენი ყურადღება და მიაბყარით იგი ჩემს აღმართულ თითს”, გეუბნებით, სანაძლეოს დავდებ, რომ აქ თვით დიდი სტილისტი ჰარი ჯეიმსიც კი არ შეცდებოდა.

მერე მკიტხეს, თქვენს გვარში ვინმეს ხომ არ ჰქონდა ხერხემლის გამრუდება ან შესიებული კოჭებიო, და ორივე ექიმი განმარტოვდა სააბაზანო ოთახში. ჩამოსხდნენ აბაზანის კიდეზე და დაიწყეს თათბირი. ამასობაში მე ვჭამდი ვაშლს და ვუყურებდი ხან ჩემს თითს, ხანაც ყურეს.

ექიმები ერთობ მოღუშულნი გამოვიდნენ სააბაზანოდან.

თუმცა, რის მოღუშულნი ნამდვილ საფლავის ლოდებს ჰგავდნენ. მათ მკაცრი დიეტა დამინიშნეს.

რა არ იყო ამ დიეტაში. თითქმის ყველაფერი, გარდა ლოკოკინებსა. ლოკოკინა თავის დღეში არ ჩამიდვია პირში, არც ჩავიდებ, თუ თვითონვე არ დამიწყებენ კბენას.

-ამ დიეტას ოდნავადაც არ გადაუხვიოთ, -მითხრეს ექიმებმა.

-ესე იგი, ერთი მილიმეტრითაც კი, სანამ ფული მეყოფა, -დავუმოწმე მე.

-ეს ერთი, მეორე, -განაგრძეს მათ, -თქვენთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და გამუდმებული ვარჯიში. აი, რეცეპტი, შეასრულეთ, ძლიერ მოგიხდებათ.

მერე ყველანი ჩვენ-ჩვენ საქმეს ვეწიეთ. ისინი თავიანთ ქუდებს დასწვდნენ, მე კი-რეცეპტებს, და წავედი აფთიაქში.

-უნცია ეღირება ორი ცენტი. პატარა ბოთლში იქნება, -მითხრა მეაფთიაქემ.

-კანაფის ნაწყვეტს ხომ არ მომცემთ? -ვკითხე მას.

მე რეცეპტი გავხვრიტე, კანაფი გავუყარე, მერე ყელზე ჩამოვიკიდე და უბეში შევინახე. ვინ რა იცის, ვის რანაირი ცრურწმენა აქვს.

მე, მაგალითად, ავგაროზი მწამს.

ტკივილით არაფერი მტკიოდა, მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი. არც მუშაობა შემეძლო, არც ძილი, არც ჭამა, არც კროკეტის თამაში. მაგრამ ვინმეს რომ შევცოდებოდი, ოთხი დღე არ უნდა გავპარსულიყავ. იმასაც მეუბნებოდნენ: ,,ო, ბერიკაცო, კაჟივით მაგარი ხარ, ალბათ, მეინის ტყეში დაისვენე, არა?”

მერე უეცრად გამახსენდა, სუფთა ჰაერი და განუწყვეტელი ვარჯიში მჭირდებოდა და ჯონთან გავემგზავრე სამხრეთში. ჟონი ასე თუ ისე ნათესავად მერგებოდა. ასე ირწმუნებოდა ერთი მოძღვარი, ქრიზანთემების ყვავილნარში ჩამჯდარი და თავისი პატარა დავთრის მეშვეობით ასი ათასი კაცის გამფცქვნელი. ჟონს პაინვილიდან შვიდი მილის დაშორებით ჰქონდა პატარა კარ-მიდამო მდებარეობს მაღლა, ,,ლურჯი ქედის” ფერდობზე, ისეთ ღირსესანიშნავ შტატში, რომელზედაც აქ ლაპარაკი საჭირო არ არის.

ჯონი კი ქარსივით გამჭვირვალეა და ოქროზე უფრო სუფთა.

ჯონი პაინვილში დამხვდა. შახლამდე, რომელიც განმარტოებით იდგა გორაკზე და ირგვლივ ასი მწვერვალით იყო გარშემორტყმული, საბაგირო გზით მივედით. ვაგონიდან მის სახლთან გადმოვედით, სადაც შემოგვეგება ჯონის ოჯახი ამარილისთან ერთად. მარილისი როგორღაც შეშფოთებული შემომცქეროდა. 

ამ დროს საიდანღაც ბოცვერი გამოგვიხტადა კორდზე ხტუნვა-ხტუნვით გზა გადაგვიჭრა. ჩემოდანი ძირს დავაგდე და ბოცვერს გამოვენთე. მხოლოდ ოც იარდამდე მივსდიე.

მალე ბოცვერი თვალს მიეფარა, მე კი დავჯექი ბალახზე და მწარედ ავტირდი.

-ბოცვერსაც ვეღარ ვეწვევი, -ვქვითინებდი მე, -ყოვლად უვარგისი ადამიანი ვარ, მხოლოდ ისღა დამრჩენია, მოვკვდე.

-უიმე,რა ემართება ამას, ძმაო ჯონ? -მომესმა ამარილისის ხმა.

-ცოტა ნერვები ღალატობს, -მშვიდად თქვა ჯონმა. -არაფერია. ადექი, ბოცვერების რისხვავ, შინ შევიდეთ, თორემ ქადები გაგვიცივდება.

მოსაღამოვდა, მთების პეიზაჟი არაფრით ჩამოუვარდება მისის მერფრის აღწერილ მთებს.

ნასადილევს თავჯადერებით განვაცხადე, ერთი-ორი წლით დავიძინებ და თუ შეიძლება ნურც უქმე დღეებში დამაღვიძებთ-მეთქი. შემიყვანეს საყვავილესავით დიდსა და ცივ ოთახში, სადაც ფართო საწოლი იდგა. მალე უკლებლივ მთელი ჯალაბობა დაწვა და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფდა.

რა არ განმიცდია, მაგრამ ასეთ სიჩუმეში კი კარგა ხანია არ მოვხვედრილვარ. ხმა არსაიდან ისმოდა. იდაყვს დავეყდენი, წამოვიწიე და ყური მივუგდე.

რა დამაძინებდა! ნეტავ, რაღაც მაინც გავიგონო: ვარსკლავი როგორ ციმციმებს, ან ბალახი როგორ იზრდება -მაშინ, იქნებ კიდევაც დამეძინოს. ისიც მომეჩვენა, თითქოს სადღაც ქარმა ნავის აფრა აატლაშუნა, მაგრან მერე გავიფიქრე, ალბათ, ხალიჩას ლურსმანი მოძვრა-მეთქი და კვლავ სმენად ვიქეცი.

უეცრად რომელიღაც დაგვიანებული ჩიტი შემოჯდა ფანჯრის რაფაზე და ჩუმი ხმით რაღაც ჩაიჯღურტულა, რაც ადამიანის ენაზე ასე გადაითარგმნება: ,,ჭიკ-ჭიკ”.

ზეზე წამოვხტი.

_ეი, ვინ ხმაურობს მანდ, ქვემოდ? _ჩამომძახა ჯორჯმა.

-არაფერია, არაფერი, -ვუპასუხე მე, -უცაბედად თავი მივარტყი ჭერს.

დილით აივანზე გავედი და მთებს გავხედე. ორმოცდაშვიდი მწვერვალი გამოჩნდა. შემაჟრჟოლა, სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, თაროზე მოვნახე ,,პენქოსტის საოჯახო მედიცინა” და დავიწყე კითხვა. მოვიდა ჯონი, გამომართვა წიგნი და წამიყვანა სასეირნოდ. მას სამასი აკრი მამული ჰქონდა. ამ მიწაზე საკმაოდ იყო ბეღლები, ჯორები, მხვნელ_მთესველები და კბილებჩამტვრეული ფარცხები.

ასეთი რამ ბავშვობაში მინახავს და გული ამიძგერდა.

მერე ჯონმა სიტყვა ჩამოაგდო იონჯაზე და მე უმალვე გონს მოვეგე.

_ჰო, დიახ, _ვთქვი მე, _სწორედ ის, იმ გუნდიდან, რა ჰქვია იმას...

-ისეთი ქორფა, ნაზი, -თქვა ჯონმა, -ერთი სეზონი იკეკლუცა, მერე კი...

-ვიცი, -ვთქვი მე, -ის მიწაშია, ზემოთ კი ბალახი ბიბინებს.

-აი, აი, -თქვა ჯონმა, -როგორც ვხედავ, ერკვევი მეურნეობაში.

-ეგღა მაკლია, ვერ ვერკვეოდე მათ მეურნეობაში, -ვთქვი მე. -ერთ ნშვენიერ დღეს ისინი მოვლენ და გათიბავენ.

შინ რომ ვბრუნდებოდი, გზა გადაგვიჭრა მშვენიერმა და იდუმალმა არსებამ. მონუსხულივით შევდექი და მივაშტერდი. ჯონი სიგარას აბოლებდა და მოთმინებით მელოდა. ის ახალი ყაიდის ფერმერტა წრეს ეკუთვნის. ათიოდე წუთის შემდეგ თქვა:

-შენ რა, მთელი დღე იოცნებებ ამ ვარიაზე? ასე ხომ საუზმესაც გაუშვებ ხელიდან.

-ვარიაზე? -ვთქვი მე.

-ჰო, ორპინგტონის ჯიშის თეთრ ქათამზე, რაკი აღარ იშლი შენსას.

-ორპინგტონის ჯიშის თეთრ ქათამზე? -გავიმეორე დიდი ინტერესით. ქათამი აუჩქარებლად მიდიოდა, თანი ღირსეულად და მიმზიდველად ეჭირა.

მე კი ბავშვივით მივსდევდი. ჯონი ერთ ხუთ წუთს კიდევ მომსდევდა, მერე ჩამავლო ხელი სახელოში და სასაუზმოდ წამიყვანა.

ერთი კვირა რომ გავიდა, შევშფოთდი. დიდებულად მეძინა და ვჭამდი, პირდაპირ სიცოცხლე მიხაროდა, მაგრამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფს ეს არ შემეფერებოდა. ბოლოს გავიპარე გაჩერებაზე, პატარა ვაგონით მივედი პაინვილამდე და დავეშურე ქალაქის საუკეთესო ექიმთან. ამჯერად მტკიცედ ვიცოდი, რა მჭირდებოდა სამკურნალოდ. ქუდი სკამის საზურგეზე ჩამოვკიდე და სხაპასხუპით ვთქვი:

-ექიმო, მაქვს გულის ციროპი, არტერიის გამკვრივება, ნევრასთენია, ნევრიტი, კუჭის მწვავე აშლილობა და გამოჯამთელების ნიშნები. მკაცრი დიეტა უნდა დაიცვა.

საღამოობით მივიღებ თბილ, დილაობით კი ცივ აბაზანას.

შევეცდები გავერთო და ვიფიქრო განსაკუთრებით სასიამოვნო ამბებზე. რაც შეეხება წამლებს, განზრახული მაქვს ჭამის შემდეგ დღეში სამჯერ მივიღო ფოსფორი აბი და ვსვა ქინაქინის ქერქისა და ფესვის ნაყენი კარდამონში გახსნილი. ნარევის ყოველ სუფრის კოვზს დაუმატებ განმკურნებელი ჟენშენის ნაყენის თითო_თითო წვეთს ყოველდღიურად, ვიდრე დოზას მაქსიმალურად არ გავზრდი; ჩავაწვეთებ საწვეთარით, საწვეთარს კი ყოველ აფთიაქში იყიდი ჩალის ფასად. მშვიდობით.

ავიღე ქუდი და გარეთ გავედი. კარი რომ გავიხურე, მერე გამახსენდა, რომ ყველაფერი არ მითქვამს. მივბრუნდი. ექიმი იმავე ადგილას იჯდა გაუნძრევლად, მაგრამ, როცა დაინახა, ისევ მე ვიყავი, ადგილზე შეხტა.

-აი, კიდევ რა, -ვთქვი მე, -აბსოლუტურ სიმწარეს დავიცავ და ვივარჯიშებ.

კენსულტაციის შემდეგ ერთბაშად უკეთ ვიგრძენი თავი. როცა გამახსენდა, უიმედო ავადმყოფი ვარ-მეთქი, ისეთმა სათნოებამ შემიპყრო, რომ კინაღამ ისევ უგუნებოდ შევიქენი -ისე კი, თუ ნევრასთენიით დაავადებულ კაცს არაფერი აწუხებს და სიცოცხლე უხარია, იცოდეთ ყველაფერი დაკარგულია.

ჯონი დიდი რუდუნებით მივლიდა. მას შემდეგ, რაც დიდი ინტერესი გამოვიჩინე ორპინგტონის ჯიშის თეთრი ქათმისადმი, სულ ცდილობდა რამენაირად გავერთე; ღამღამობით კი საქათმეს აუცილებლად კეტავდა. თანდათანობით მთის მაცოცხლებელმა ჰაერმა, კარგმა საჭმელმა და ყოველდღიურმა გასეირნებამ ისე შემიმსუბუქა ჩემი ტანჯვა, რომ ბოლოს და ბოლოს სასო წამერთვა და სულ მოვეშვი. მე ყური მოვკარი ლაპარაკს ვიღაც სოფლელ მკურნალზე, იქვე ახლოს, მთაში რომ ცხოვრობდა. ჭავედი მასთან და ყველაფერი ვუამბე თავიდან ბოლომდე. მკურნალი თეთრწვერს მოხუცი იყო, ნათელი ლურჯი თვალები ჰქონდა, თვალების ირგვლივ კი სხივებივით გაშლოდა ნაოჭები; ტანთ ეცვა ნაცრისფერი შინ შეკერილი ჯინსის კოსტიუმი.

ტყუილუბრალოდ დრო რომ არ დამეკარგა, საკუთარ თავს დაუსვი დიაგნოზი, საჩვენებელი თითი მივისვი ცხვირზე, ხელი დავირტყი მუხლზე და ფეხი გავიქნიე, ხელი დავიბაგუნე გულისფიცარზე, ენა გამოვყავი და ვკითხე მკურნალს, ახლა რა ღირს მეთქი მიწის ნაკვეთი პაინვილის სასაფლაოზე?

მან ჩიბუხი გააბოლა და სამ წუთს გულმოდგინედ მათვალიერებდა.

-ოჰ, ძმობალო, -მითხრა მან დაფიქრების შემდეგ, -ვერ დაგიმალავ, შენი საქმე წამხდალია.

მართალია რაღაც იმედი გაქვს გადარჩენისა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფრიად სუსტი იმედია.

-ნეტავ რა იმედი? -ხარბად ვკითხე. -მე ვსინჯე დარიშხანი და ოქრო, ფოსფორი, ვარჯიში, ჰიდროთერაპიური აბაზანები, სიმშვიდე, მღელვარება, კოდეინი და ნიშადურის სპირტი ცხარე სურნელი, ორთქლი. ნუთუ არის კიდევ სხვა რამ წამალი?

-სადღაც აქ, მთებში იზრდება მცენარე, ერთგვარი ყვავილი, -თქვა ექიმმა. -მხოლოდ ის გიშველის, სხვა ვერაფერი. ამ ყვავილის არსებობა ქვეყნის დასაბამიდან იცოდნენ ადამიანებმა, მაგრამ მისი პოვნა ერთობ ძნელია. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ვიპოვოთ. ახლა თითქმის არავის ვმკურნალობ, წლები თავისას შვრება, მოვხუცდი.

შენ კი გიმკურნალებ. ყოველდღე, შუადღისას ორი-სამი საათით უნდა მოხვიდე, დამეხმარები იმ მცენარის მონახვაში. ქალაქის ექიმები რასაკვირველია, თავიანთ მეცნიერებაში კარგად ერკვევიან, მაგრამ ის კი არ იციან, რა სიმდიდრეს მალავს ბუნება თავის ხურჯინში-ეს მათ არ გაეგებათ.

ამრიგად, ყოველდღე მე და მოხუცი ექიმი სამკურნალო ბალახის ძებნაში დავხეტიალობდით, ,,ლურჯი ქედის” მთასა და ბარში. დავცოცავდით შემოდგომის ფოთლებით დაფარულ სლიპ ფერდობებზე. ვეჭიდებოდით ყოველ ტოტს, რომ არ ჩავცვენილიყავით ხრამში. მკერდამდე ვეფლობოდით დაფნებსა და გვიმრებში. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით მთის ჩანჩქერებს; ინდიელებზე ნაკლებ როდი მივძვრებოდით წიწვიან ტევრებში, გულმოდგინებით ვზვერავდით ბორცვებსა და გორაკებს, მდინარის ნაპირებს და მთის ძირებს, სასწაულმომქმედი მცენარის ძებნაში.



მართალი თქვა მოხუცმა ექიმმა, იმ მცენარეს ძნელად თუ იპოვნი, რადგან იშვიათად ხარობს და ისე ჩათვალე, უკვე გადაშენდაო. ჩვენ სასოწარკვეთილებას მაინც არ ვეძლეოდით და ძებნას განვაგრძობდით. ყოველდღე ჩავდიოდით ბარში, ისევ ავდიოდით ციცაბოებზე და ვეხეტებოდით ღრანტეებში სასწაულმომქმედი მცენარის საძებნელად. მთებში გაზრდილი კაცისათვის ყოველივე ეს ადვილი იყო, დაღლილობა არ ეტყობოდა, მე კი, ზოგჯერ ისე მერთმეოდა არაქათი, რომ შინ მისვლისთანავე საწოლზე დავეგდებოდი და დილამდე მეძინა. ასე გაგრძელდა ერთი თვე.

ერთ საღამოს, ექვსი მილი რომ ვიხეტიალე, მე და ექიმი შინ დავბრუნდით. მერე ამარილისთან ერთად წავედი სასეირნოდ გზისპირა ჭალაში. შევყურებდით, როგორ იმოსებოდა მთები ღამის სამეფო ძოწეულში.



-ძალინ მიხარია, რომ გამოჯანმრთელდით, -მითხრა ქალმა, -თორემ პირველად, როცა ჩამოხვედით, ცოტა არ იყოს, კიდევაც მეშინოდა. აი, ეს არის-მეთქი ავადმყოფი, ნამდვილი ავადმყოფი.

-გამოვჯამრთელდი! -კინაღამ დავიყვიღე. -თქვენ თუ იცით, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია?

ამარილისმა გაკვირვებით შემომხედა.

-როგორ თუ ბეწვზე ჰკიდია, -მითხრა ქალმა. -თქვენ ხომ სასაპალმე ჯორზე უფრო მაგარი ხართ, გძინავთ ათი-თორმეტი საათი, ჭამით კი იმდენს ჭამთ, რომ გვეშინია, სამათხოვროდ კარდაკარ სიარული არ დაგვჭირდეს. მეტი რაღა გინდათ?

-გეუბნებით, -ვუთხარი მე, თუ ის სასწაულმომქმედი ყვავილი ვერ მოვნახეთ ჩემი საშველი არ იქნება, ასე მითხრა ექიმმა.

-რომელმა ექიმმა?

-ექიმმა თეიტემმა-აი, იმ მოხუცმა ექიმმა, ბლექ ოუკის მთაზე რომ ცხოვრობს. არ იცნობთ?

-ვიცნობ აკვნიდანვე. აი, თურმე სად დადიხართ ყოველდღე-მაშასადამე, ისე გატარებთ სასეირნოდ, თქვენთან ერთად დაცოცავს მთებზე და სულ გამოჯამრთელდით, არა? ღმერთმა უშველოს მოხუც ექიმს.

სწორედ ამ დროს გზაზე ნელა მიდიოდა თავისი დანჯღრეული ორთვალათი მოხუცი ექიმი.

ხელი დავუქნიე და გავძახე, ხვალ ჩვეულებისამებრ მოვალ-მეთქი. ცხენი შეაჩერა და ამარილისი თავისთან მიიხმო. ხუთი წუთი ისიუბრეს, მე კი მოშორებით ველოდი. მერე მოხუცმა განაგრძო გზა.

შინ რომ დავბრუნდით, ამარილისმა ენციკლობედია გადმოიღო და გადაფურცლა. 

-ექიმმა თქვა, -მამცნო ქალმა, -როგორც პაციენტი ჩემთან ნუღარ მოვა, როგორც მეგობარი-როცა უნდა მოვიდეს, ყოველთვის მოხარული ვიქნებიო. მე კი მიბრძანა მოვძებნო ჩემი სახელი ენციკლოპედიაში და გითხრათ რას ნიშნავს იგი.

თურმე ეს სახელი ველურ ყვავილს ჰქვია, თეოკრიტესა და ვერგილიუსს კი მწყემსი ქალის სახელად ააქვთ გამოყენებული.

როგორ ფიქრობთ რას გულისხმობს ექიმი?

-ვიცი, რასაც გულისხმობს, -ვთქვი მე. -ახლა ყველაფერი გასაგებია. 

ეს სიტყვა მიმართული აძმობილ ნევრასთენიკისადმი, ყველასადმი, ვისაც კი მოაჯადოვებს დაუოკებელი მანდილოსანი ნევრასთენია.

დანიშნულება კი სწორი იყო. ქალაქელი ექიმებიც კი ხანდახან თავიანთ ქვის სადგომებში, თუმცა ხელის ფათერით, მაგრამ, მაინც მიაგნებენ ხოლმე საჭირო წამალს.

ვარჯიშის თაობაზე მიმართეთ კეთილ ექიმს თეიტემს, ბლეკ ოუკის მთაზე მეთოდისტთა სამლოცველოს მსრჯვნივ ნაძვნარში რომ ცხოვრობს.

სრული სიმშვიდე და განუწყვეტელი ვარჯიში! 

რა შეიძლება უფრო დამამშვიდებელი და გამკურნებელი იყოს, ვიდრე ის, რომ იჯდე ამარილისთან ერთად ერთად ჩრთილში და მეექვსე გრძმობით აღიქვამდე უტყვ თეოკრიტულ იდილიას: ოქროსფერალმიანი ლურჯი მთები მწყობრად შედიან ღამის სავანეში..

??????