რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

“ლეილა” – წერილი 

მგონი, პირველად დაერქვა ჟურნალს ქალის სახელი. ”ლეილა”_ აღმოსავლეთის სილამაზეა ამ სახელით მოკვეთილი. კარგი უქნია ჩვენს მოკისკასე გრიშაშვილს. ეს ჟურნალი რომ ამ სახელით მოუნათლავს.

დიადია აღმოსავლეთი: მწვავი და ნელი მისი ცხელი შუადღე, როცა მზის ნადიმზე ოქროს ნაკადულში ლურჯთვალა ქალწული იბადება; ღრმა და მყუდროა მისი შუადღე, როცა ცის ლურჯა ფსკერზე უძირო საიდუმლონი ბრილიანტობენ.

საოცარია აღმოსავლეთი: მარტოდ მარტო ინდოეთი და სპარსეთი რად ღირს! უშრეტი გონი ინდოეთის, ნათელს ნირვანაში გაალებული; თვალის მჭრელი ხალიჩა სპარსეთის სიზმრების, საიდუმლო ჰაშიშით ზმანებული…

საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის! და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი. ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ…

და საქართველოც თითქო ამისთვისაა შობილი. აბა დააკვირდით რუსთველს: განა მან არ შეჰკრა სინთეზი აღმოსავლეთის დაჩრდილული ფიქრისა და იტალიის აშადრევნებული რენესანსის გაქანებისა!..

“ლეილამ” სწორეთ აღმოსავლეთის ფიქრმორეული გულ-ნება უნდა გადაგვიშალოს. მან თავისი ლამაზი ტანით აღმოსავლეთის ტემპერამენტი უნდა ავნებოს მთელი მისი ხალისით…

გარნა: არც თუ ევროპას დაივიწყებს ქალწული ”ლეილა”: მრავალი სატეხნიკო შეძენა ხელოვნებაში მოგვცა ევროპამ. ჩვენც მათ გამოვიყენებთ, როგორც ინსტრუმენტებს, _ ხოლო მათ აღმოსავლეთური ჰანგებით ავამეტყველებთ… აღმოსავლრთის მზის ცხელს ნადიმზე ლურჯთვალა ქალწული იბადება თმაოქროვანი: ”ლეილა” _ დასტკბით მისი სილამაზით!



ვარსკვლავოსანი ღამე ირანისა.

”ლეილა” 1917წ.

??????