ორბელიანი ალექსანდრე
გაზიარება

ასპინძის ომი 1770–სა 

ამ წლის წინათ მოვიდა გენერალი ტოტლებენი მხედრობით საქართველოში, ეკატერინა მეორესაგან, ასამხედრებლად მეფის ირაკლისა ოსმალებზე, რომელიცა იმ დროს შერიგებას აპირებდა მეფე ირაკლი ოსმალებთან და ამაზედ ლაპარაკი ჰქონდათ ერთმანეთში. მაგრამ როდესაც მეფე ტოტლებენმა ნახა, დიახ პატივით მოეპყრა მეფეს და ბევრი კარგი დაპირება უთხრა კატერინა მეორესაგან. რასაკვირველია, მეფე ირაკლიმაც დიდის მოდგინებით მიიღო გენერალის დაპირება. ტოტლებენის და მეფის ირაკლის ნახვის შემდეგ დაწყობილება მოახდინეს, რომ ოსმალებზე გაილაშქრონ. ტოტლებენმა თავის ძლიერის რუსეთის მხედრობითა და მეფე ირაკლიმ თავის რვა ათასამდინ ცხენიანის რჩეულის ქართველებით, სადაც იმ ჯარებით მივიდნენ და აწყურს შემოადგნენ.

ამის მნახველთ ოსმალებმაც თავიანთ ოსმალოს ძალა მოირთეს და იქ მყოფების ლეკებისა – ლეკების წინამძღომელის კორტაბელადით, რომლებიცა, გაერთებულნი ეს ოსმალ–ლეკები, მოვიდნენ. შეიქმნა ამათში ომი და გაგრძელდა სამ დღემდინ. ამ დროს, ამ მესამე დღეს აიყარა რუსის ჯარი და ჩქარის სიარულით უკან დაბრუნდა. მეფე ირაკლიმ და ქართველებმა ეს რომ ნახეს, დიდად გაჰკვირდნენ, არ იცოდნენ, რა მიზეზი იყო; მეფე რამდენიმე კაცით გამოუდგა და სხვა ჯარს უბრძანა ომის არ მოშლა. მოწევის უმალ ტოტლებენს გზა გადუჭრა, ცხენიდან გადახტა და გაკვირვებით უთხრა:

–მითხარით, რა მიზეზია თქვენი დაბრუნება?..

–ეს არის ეხლა ჩემი ხელმწიფას წიგნი მომივიდა, უნდა დავბრუნდე. – ტოლებენის პასუხი.

–ამ ომში და ამ სისხლის ღვრაში, რათ უნდა ინებოთ დაბრუნება?

–ჩვენი ხელმწიფა და ოსმალოს სულთანი შერიგებულან.

–მაშ თქვენი და ჩემი კაცი გავუგზავნოთ, რომ მე და იმათშიაც შერიგება მოხდეს.

–რა ვქნა, მე ეგ არ შემიძლიან.

–რატომ არ შეგიძლიანთ, მაშინ როდესაც რომ თქვენის გულისთვის ოსმალო ჩემი მოსისხლე მტერია, თორემ ოსმალოს ჩემთან რა მტრობა აქვს? ვინც რუსეთიდგან მოდიან ეკატირინა ხელმწიფისგან, დიდის დაპირებით მეუბნებიან: დიდს წყალობას ელოდეთ ეკატირინა ხელმწიფისაგანო, და ამასთან უთქვამსთ: ქრისტიანობის და ჩვენის სარწმუნოების გულისათვის უნდა გავისარჯნეთო. აჰა, ესეც ქტისტიანობის გულისათვის მოვსულვართ აქ და ხედავთ, ჩემი ქართველები როგორ ომში არიან დღეს?

–თქვენო დიდებულებავ, მომიტევეთ, რომ ჩემი ხელმწიფას ბრძანება უთუოდ უნდა აღვასრულო. ამის ბრძანებისაებრ ეხლავ უნდა გავტრიალდე და წავიდე ჩემის ჯარით, თორემ თუ დავიგვიანე, ჩემს ხელმწიფას ეწყინება. ამისთვის, რომ იქ ჩემს ხელმწიფას ბევრი საქმე გასჩენია და ამის გამო უთუოთ ჩქარა უნდა წავიდე.

ამასთან გასწია და საჩქაროდ წავიდა თავის ჯარით. იმ დროს მეფეს ირაკლის თვალწინ წარმოუდგა თავის მამულის დაღუპვა, ერთის მუხლით დაუჩოქა და უკან ვედრებით მისძახა დაბრუნებულიყო, მაგრამ მაინც კიდევ დიდის ბოდიშით გაეშურა ღენერალი.

აქ მყოფთ მოხუცებულებისაგან გამიგონია: ამის გამგონი და მნახველი მეფე ირაკლი ასე წამოხტა, რომ ერთს ადლზე მაღლა შეხტა, თავის ცხენს მოაფრინდა და თავის ქართველებს შემოსძახაო:

–ქართველებო! რუსები უკანვე წავიდნენ. ეს იცოდეთ, ჩვენი დაბრუნება უკან არ იქნება, ამიტომ რომ თუ რუსების ჯარს ოსმალო მოეწია, დიდს ვნებას მისცემს და მას უკან გაქაზებულნი ოსმალ–ლეკნი საქართველოს გაგვიოხრებენ, ამისთვის უმჯობესია, ჩვენ აქ გავწყდეთ. ახლა ამის შემდგომ თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ, ქართველებო.

ოსმალ–ლეკნი ბევრნი იყვნენ და ქართველები რვა ათასამდინ, მაგრამ სამი დღის დაუცხრომელის ომის შემდეგ და ნამეტნავად ტოტლებენის იმ უკანასკნელ დაბრუნების დროსა, იმ ორს სამს საათში, ასე შეაჭირვეს ქართველებმა ოსმალ–ლეკები, რომ გატრიალდნენ და სიმაგრეებში შევიდნენ. 

ამის შემდგომ ამბავი მოუვიდა მეფეს ირაკლის, რომ რუსები სამშვიდობოში შევიდნენ ხეობაში. ამ შეტყობის უმალ აიყარა და ასპინძისაკენ წამოვიდა თავის ჯარით. ამ დროს ოსმალ–ლეკებსაც მოემატათ ჯარი და გაუხდათ თხუთმეტი ათასი, რომლებიცა ამით გაგულისებულები გამოეკიდნენ და ასპინძის ხრამის პირები შეუკრეს ქართველებსა. დაუყოვნად იმ ღამეს მეფე ირაკლიმ კაცები გაგზავნა დიახ საიდუმლოდ და მტკვარზე გადებული ხიდი ააყრევინა და აღელვებულს მტკვარს მისცეს, ვინადგან კვალად სხვა ჯარს მოელოდნენ ოსმალისა, ასე უთქვამთ: ოცი ათასზე მეტსაო! – ეს დრო იყო გაზაფხული.

ასე უშიშრად იყვნენ ქართველები, რომ ამის მეორე დილაზე რამდენიმე ასი კაცი წავიდნენ სათარეშოთ საშოვართა, ამ განფანტულს ქართველებს მოასწრეს ოსმალ–ლეკთა, წინ წამოიარეს და სადაც მეფე ირაკლი იდგა მცირედის კაცებით, ზედ მოარეკეს. მაშინ მნახემ და უშიშარმა ირაკლიმ შემოსძახა თავის თანმხლებელს ქართველებსა, დაერივნენ და მაშინვე გადარიკეს მტერი. დაუყოვნად ოსმალ–ლეკნიც წამოვიდნენ თავის სრულის ძალით ქართველებზე თამამადა და უეჭველად ჰგონებდნენ ერთობ ქართველების დანთქმას, მაგრამ მეფე ირაკლი და მისი მხნე სარდალი თავ. დავით ორბელიანი გადემატნენ იმ დღეს ვაჟკაცთ ვაჟკაცობას. შევიდნენ ქართველები ძალიანს ომში, სადაც იყო მოუწყვეტელი თოფთა ცემა ორსავე მხრითა, დალესული ხმლები ბრიალებდა ერთმანეთზე. გაძნელდა ომი ქართველებისათვის, ამიტომ რომ ოსმალ–ლეკნი ბევრნი იყვნენ და ქართველები იმათზე ცოტა.

ამ გაძნელებულს ომის დროსა, მეფემ უკან შემოიხედა, ნახა, რომ თავისი უფროსი შვილი, ბატონიშვილი გიორგი ერთმანეთს სიმაგრეს მიჰბჯენია თავის ჯარით და იქ გაუმაგრებია ერთი მაგარი ადგილი.

მეფე ირაკლიმ ეს რომ ნახა, ანტონა აქიმბაშს უთხრა:

–ანტონა აქიმბაშო, ეხლავ საჩქაროდ გასწიე, ჩემს შვილს – ბატონიშვილს გიორგის მოახსენე, რომ საჩქაროდ მამეშველოს თავის ჯარით, ხომ ხედავ რა გაჭირვებაში ვართ ეხლა... ყველა ასე მოახსენე.

მეფე ირაკლიმ ანტონა აქიმბაში რომ გაგზავნა, თვითონ თავის ჯარს დაუძახა ამ სიტყვებით:

–გალუვანნო მსხნენო ქართველებო, ჩემო განუყრელნო ყოველს საშინელებაში, ჩემო გულის ძმებო! ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენ თავზედ პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ, დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, ასე სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა არ დაინახოს: ეს ჯაბანთა წესი არის. თქვენ წინ გადაწყვეტით აღვიარებ, რომ დღეს უნდა გამოვესალმნეთ ჩვენს თავს, აქ უნდა გავსწყდეთ. ჩვენს ცოლშვილში სირცხვილია დამარცხებით მისვლა, მერე რა პირს დაგვინახვენ ის ჩვენი კარგი დედაკაცნი? – შავსა დამარცხებულ პირსა, თან გვეტყვიან: ჯაბნებო, წადით დაიკარგენით ჩვენგნითაო... აბა ჩემო გულის ძმებო, მინამ იმათ წინ ამ სირცხვილით წარვდგებოდეთ, გვიჯობს, ჩვეს წმიდას სიკვდილზე თმები ვაწეწინოთ იმათ, ჩვენს დაქცეულს ჩვენს სისხლზედა, ჩვენის მამულისათვის. გავწყდეთ, ქართველებო. მე აქ თქვენში ვიმყოფები ერეკლე!

–გავწყდეთ, გავწყდეთ ერთიანად. დედა შეერთოს ცოლათ, თუ არ გავიმარჯვეთ, ვინც აქედგან უსიკვდილოდ გავიდეს.

ეს ძველ დროში აუცილებელი ფიცი იყო. ან უნად გაემარჯვნათ და ან გაწყვეტილიყვნენ. ბევრი ამისთანა სიტყვებია, ამისთანას გაჭირვებულს ომში მეფის ირაკლისაგან.

ანტონა აქიმბაშმა საჩქაროდ გასწია და მის თვალთანვე მოახსენა.

–ბატონიშვილო, მეფე გთხოვს საჩქაროდ მიშველებას თქვენის ჯარით. თქვენს მზეს ვფიცავ, დიდს გაჭირვებაში ბრძანდება მამა თქვენი მეფე და ქართველები.

ბატონიშვილის გიორგის პასუხი:

–ანტონა აქიმბაშო, დამიჯერე, შენც აქ იყავ ჩემთან. თუ ისისნი დააბრუნონ, მას უკან ჩვენს ჯარს ჩვენ დავიჭერთ.

აქეთ იქითგან მეფის ირაკლის ოჯარობის მტრებმა ანტონას დაუძახეს:

–გაოგონე, ბატონიშვილი გიბრძანებს, უნდა დაუჯერო.

ანტონამ იმათ ყური არ ათხოვა და კიდევ ბატონიშვილს მოახსენა:

–შენი ჭირიმე, ბატონიშვილო, რას მიბრძანებ? მეფე ირაკლი იქ რომ დაამარცხონ, აქ თქვენ თავს როგორღა დაიჭერთ, მტერი სულ ფეხთ ქვეშ გაგქნისთ და ბოლო დროს სულ ერთიან საქართველოსაც გააოხრებენ. ჩქარა წამობრძანდით, შენი ჭირიმე.

–ანტონა აქიმბაშო, გირჩევ შენც აქ ჩემთან დარჩე, მაშინ მიშველნეთ. თუ რომ ჩვენი ჯარი დაგვიბრუნონ.

ამასთან კიდევ აქეთ იქიდგან დაიძახეს: “აქიმბაშო, დარჩი აქა, გიბრძანებს!”

–თქვენ მზეს ვფიცავ, არ დავრჩები, ღმერთი გადღეგრძელებს, წამობრძანდით.

–ანტონა აქიმბაშო, დამიჯერე.

კიდევ აქეთ იქიდგან ხმებმა: “დაიჯერე, აქიმბაშო, დაიჯერე!”

–ჩემო ბატონიშვილო, ვერ დაგიჯერებ. წავალ მეც ჩემს მეფესთან და ჩემს ძმეფს ქართველებთან, ჩემს სისხლს იმათთან ერთად დავაქცევ მამულისათვის.

ამ სიტყვასთან აქიმბაშმა ცხენს ქუსლი ჰკრა და მეფესთან მოიჭრა. ამაობაში ცოტათ დაეწიათ და წყნარ–წყნარად მოჰყვანდათ ომით, რომლებსაც გულოვანი მეფე ირაკლი და იმის სარდალი დავით განამხნევებდნენ ქართველებსა და მამა–პაპის ვაჯკაცობას მოაგონებდნენ იმათ! ამ დროს მოხსენდა სიტყვა ანტონა აქიმბაშისაგან:

–ჩემო ხელმწიფევ, ვერ დავზარ ბატონიშვილი გიორგი იქიდგან.

ამ სიტყვაზე ერთი შემოიხედა მეფემ, მაგრამ სიტყვის გაცემის დრო აღარ იყო, ამისთვის, რომ იმ ჟამს ერთს ვიღაზედაც თვალი ეჭირა მეფეს და იმას უმზერდა. ის იყო ლეკების კოხტა ბელადი, რომელიცა გათამამებული მიუძღოდა წინ თავის ლეკებს და ხმალამოღებული მოაქროლებდა ცხენს. ამ დროს მეფე ირაკლიმ თავის ჯარი თითქმის დამარცხებული რომ ნახა, მაშინათვე მკვირცხლად მიიჭრა მეფე კოხტა ბელადზე, დასცა თოფი, მოკლა და თავის ქართველებს შემოსძახა ხმამაღლივ, ასე რომ ყველამ გაიგონეს იმისი დაძახება:

–ხმალი ამ წუნკალებს, ქართველებო.

ამ სიტყვაზედ თვითონაც და სულერთიან ქართველებმაც იშიშვლეს ხმლები და მტრის რაზმებში დაერივნენ, თითქმის ერთი სამად მომატებულებში.

ეს აქ, ამ ამბავში გავწყვიტოთ და ახლა სხვას მოვყვეთ. მეფე ირაკლის რუსეთის ჯარი რომ დაუბრუნდა, ამის რამდენსამე დღეს უკან აქ ქ.ტფილისში ხმა დააგდეს მეფის ირაკლის ოჯახობის მტრებმა, რომლებიც აქაც ბევრნი იყვნენ: მეფე ირაკლი თავის ქართველებით საშინელ ომში დაღუპულა სულ ერთიანათო.

ამას კიდევ სხვაგვარი სიტყვებიც დაუმატეს და ამ ამბავმა დარეჯან დედოფლამდინ მიახწია; დარეჯან დედოფალმა მაშინვე წუღები გაიძრო ფეხებიდგან, ისე ფეხშიშველა წამოვიდა და სიონთა ღვთისმშობლის ეკკლესიისაკენ გასწია. ამაზედ მთელი სასახლეც დაედევნა: ქალნი ფეხშიშველანი და კაცები ქიდებ–მოხდილები თან წამოჰყვნენ დედოფალსა. ასე დაიცალა მეფის სასახლე, რომ ერთი მცირედი ყრმა აღარ იპოებოდა სასახლეში. არც ქალი და აღარც კაცი – სულ დედოფალს გამოჰყვნენ.

დედოფალმა და იმის ერთიან სახლეულობამ ბაზარში გაიარეს და სიონთა ღვთისმშობლის ეკკლესიაში შევიდნენ. ბაზრის ხალხი ამ ამბავს იკითხავდა: რა ამბავი მოსვლია დედოფალსო? რომლებიც, რასაკვირველია, ერთი მეირეს მიუთხრობდნენ დიახ საშინელს საქმეში ჩავარდნისას მეფის ირაკლისას, თავის ქართველებით. ამაზედ ბაზრია ხალხი ქამოცვივდა, დუქნები საჩქაროდ დაკეტეს და ეკკლესიაში შევიდნენ, სადაც წამსვე ეს ამბავი მთელს ქალაქს მოეფინა. დედანი ფეხშიშველანი და კაცები ქუდებმოხდილები სიონთა ღვთისმშობლის ეკკლესიაში შეიწიეს, მაგრამ ეკკლესიაში ხალხი რომ აღარ დაეტია ქუჩა გაივსო დედაკაცით და კაცებით. ამასთან რაც საღმვდელონი იყვნენ ქალაქში, სულ სიონთა ღვთისმშობლის ეკკლესიაში შეიყარნენ თავიანთი ეკკლესიების პირველის ხატებით და შემოსილნი წინ მიუძღოდნენ, სადაც ეკკლესიაში ხატების წინ დედაკაცთა და კაცთაგან დიდი ტირილი იყო დაჩოქებულებისაგან ხელგაპყრობით და სთხოვდნენ რასმეს შემწეობას ღმერთსა!

ამ ჟამად დედოფალს დარეჯანს მოახსენეს:

–მთელი ქალაქის ხალხი, ქალნი და კაცნი სულ ერთიან გარეთ შეიყარნენო.

ეს რომ დედოფალმა გაიგონა, სიონთა ღვთისმშობლის ხატი და სხვები ქუჩაში გაასვენებინა; საღმვდელონი წინ გაუძღვნენ და თვითონ უკან შეუდგნენ მწარეს ცრემლით. ეს სახე გარეთ ხალხმა რომ დაინახა, ქალებმა და კაცებმა ქვითინით ტირილი ამოუშვეს.

საკვირველი იყო, პარაკლისი რომ დასრულდა, რამდენიმე კაცი მოიჭრა და დაიძახეს.

–აღელვებულ მტკვარსა ოსმალოს მკვდრები მოაქვს და იმათი ქუდებიო.

ამ ხმის გამგენეთა, რაღამაც გადურბინა და ყველანი დააჩუმდნენ, პატარახანს უკან კიდევ დაიძეხეს:

–რაღაც ამბავია,რომ აღელვებულს მტკვარს ერთი ერთმანეთზედ მოაქვს ოსმალოს მკვდრებიო.

განცვიფრებით ყველამ ერთპირად იხმაურეს: “ნეტავი შეგვატყობინა, რა ამბავი უნდა იყოს?”

ამასთანავე საშიშის ხმით დაიძეხეს ხალხში: “ოსმალოს ჯარი შემოგვესია, ოსმალოს ჯარი!”

ამ ხმაზედ ძალიან აღშფოთება მოხდა ხალხში, მაგრამ თან ეს სიტყვა დაჰყვა: ”ქართველები ყოფილან, ოსმალურათ აცვიათ, ქართველები არიან.”

პატარახანს უკან, ოსმალურად ჩაცმული, ცხენიანი ქართველები შემოვიდნენ ხალხში, სადაც აღტაცებული სიხარული მოხდა დედაკაცებთა შორის და კაცებში. მეფე ირაკლი კი ქართულად ჩაცმული, ცხენიდგან გადახტა და სიონთა ღვთისმშობლის წინ პარაკლისი ახდევინა მადლობისა, ჯერ ხმა არავის გასცა. შემდეგ ლმობიერის ცრემლით მეფე და დედოფალი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ამის შემდეგ ყველამ შეიტყეს ქართველების თვითეული ამბავი და გამარჯვება. მართლა ასე გაემარჯვათ ქართველებსა, რომ რამდენიმე ათასი ოსმალ–ლეკი აღელვებულს მტკვარში ჩაეყარათ და იმათი დამღვჩვლები ტფილისის წინ ჩამოატარა აღელვებულმა მტკვარმა.

ამ ამბავს მეფე ირაკლიც ეს იყო, რომლებიცა ყველანი ღმერთ ევედრებოდნენ იმის ხანიერს დღე–გრძელობასა.

აქ რომ გაიმარჯვა მეფე ირაკლიმ, ებრძანებინა:” მე ვიცი ქ. თბილისში ამ ომისა ცუდი ამბები ჩავა და იმ ამბებზე ვიშიშვი, რომ გარეშე ჩვენი მტრები ჩვენზედ არ ასდგნენ. ამიტომ საჩქაროდ უნდა გავეშურო და ქ. თბილისში ჩავიდე, იქიდგან ყველგან კაცები გავგზავნო და ჩვენი გამარჯვება ყველას ვაცნობო”. ამისთვის ის თავის ჯარი თავ–თავის მხრებისაკენ დაითხოვა, თვითონ რამდენისამე თავის საკუთარის ამალის კაცებით საჩქაროდ გამოსწია მოკლე გზითა. მთელი ის ღამე ეარა და მეორე დღეს, მზე კიდევ მაღლა იყო, შუადღის შემდგომად, რომ აქ ქ. თბილისში მოვიდა, ისე როგორც ზევით გავიგე.

როდესაც რომ მეფე ირაკლის გაემარჯვა, მაშინვე ბატონისშვილი გიორგი მოსულიყო, მამისათვის მოელოცა გულის წმინდა გამარჯვება და ცრემლით მოხვეოდნენ ერთმანეთსა. თურმე თავის გამართლება მოენდომებინა ბატონიშვილს გიორგის, მაგრამ მეფეს მოესწრო ამ სიტყვით:

–შენმა გაზრდამა, ბ–შვილო გიორგი, ეგ შენი განზრახვა დიახ კარგი იყო, მაგრამ აქამდის აღარ გაგვიჭირდა ღვთის მოწყალებით და ძალია დავამარცხეთ მტერი.

მამაჩემის დროსა და იმის შემდგომაც, ახლად მკვდარი რომ იყო მამა ჩემი, ძველი თავადები ხშირად მოვიდოდნენ ბატონიშვილს დედაჩემთან და სხვადასხვის ლაპარაკით ატარებინებდნენ დროსა დედაჩემსა. ერთ საღამოს ჟამზედ კიდევ მოვიდნენ მეითარი თავ. სოლომან თარხნიშვილი, მეფის ირაკლის მდივანბეგი ზაალ ბარათაშვილი, მეფის გიორგის მდივანი, თავ. ელიზბარ ფალავანდისშვილი და სხვანი. დასხდნენ და ჩვეულებისამებრ მოჰყვნენ ძველს ამბებსა. ბოლოს მდივანბეგს ზაალს და ელიზბარს სთხოვეს ასპინძის ომის ამბავი თქვათ. ორივ იმ ყმაწვილი კაცები იმ ამბავში დასწრებოდნენ ჯერ პირველად ზაალ მოჰყვა და ის ამბავი დაასრულა, რაც აქ მეფის ირაკლის ამბავი ვთქვით, და მას უკან ელიზბარმა სთქვა ისა, რაც ბატონიშვილს გიორგისთან ამბავი მოხდა. ბოლოს მეითარი სოლომონ მოჰყვა:

–მე იმ დროს აქ ქალაქში ვიყავ და დედოფალს დარეჯანს ვახლდი სასახლეში, როდესაც ერთი პატივცემული მოხუცებული მოქალაქის ქვრივი საჩქაროდ შემოვიდა დედოფალთან და გულგახეთქით მოახსენა: შენი ჭირიმე, დედოფალო, ჩქარა ავიყარნეთ, ტყეში სადმე დავიხიზნეთ, მეფე თავის ჯარით დიდს საშინელებაში ჩავარდნილაო. ეს რომ თქვა, მაშინვე დედოფალი ფეხშისველა გამოვიდა და სიონისკენ წავიდა.

ეს ამბავი მეითარმა ასე დაასრულა; მერე ბატონიშვილმა – დედაჩემმა უთხრა:

–ის პატივცემული მოხუხცებული ქვრივი, თავადის ბეგთაბეგიანთ

ქვრივი ყოფილა და არა მოქალაქისა. იმ დროს ის ახლოს სასახლესთან 

მდგარა, ხშირათაც თურმე დადიოდა დედოფალთან და სასახლეშიაც

დიდი პატივცემული ყოფილა ის. 

ამას გარდა, ის ისპინძის ომის ამბები აი კიდევ რამდენისაგან გამიგონია: მამაჩემის მამა დემეტრე იქ მეფეს ირაკლის ჰხლებია ყოველს ადგილას განუშორებლად და მოსამსახურენი იმ ომის ამბებს ბევრჯერ იტყოდნენ ხოლმე და სხვებ: ბევრსა მოხუცებული დავითა დემურაშვილი, ბერელა კობახიძე და სოლომონა ხატულაშვილი. კიდევ იმათ გარდა ყათარჩის სულეიმანისაგან გამიგონია, რომელსაც მეფის ირაკლის ბარგის ჯორები ჰბარებია და მეფის საჯდომ ცხენსაც თურმე ის უვლიდა, სადაც იმ ასპინძის ომში თან მისდევ–მოსდევდა და მეფეს ყველგან ახლდა. ნაამბობთა და იმათ ყურის მიმგდებლებისგან ხომ რამდენისაგან გამიგონია, იმ ასპინძის ომის ამბები და სხვებიც ბევრი.

ზაალ მდივანბეგმა ესეცა სთქვა:

–ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იყო, ამოტომ, რაც გამოჩენილი ვაჟკაცები იყვნენ საქართველოში: თავადები, აზნაურები და გლეხკაცები, იმ დღეს სულ ვიყავით, ამისთვის იმედი გვქონდა, რომ უთუოდ გავიმარჯვებდით.

გამარჯვების შემდგომად, მეფე ირაკლიმ სამი დაჭერილი ლეკების ტყვე ეკატერინა ხელმწიფას გაუგზავნა რუსეთში თავის წიგნით: ასე გავიმარჯვეთ ასპინძაში, რომ სამი იქ დაჭერილი ტყვე თქვენთვისაც მომირთმევიაო და სხვა.

??????