ორბელიანი ალექსანდრე
გაზიარება

დაღისტანიდგან ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები 

წარსულს ერთს ჩემს წერილში ვთქვი: ერთხელ როდისმე დავწერ, საიდგან როგორ მოდიოდნენ საქართუელოზედ ლეკოსმალები მეთქი, როლმაცა შემთხუევა ვიპოვე და მოვყევ პირობის აღსრულებას.

დაღისტანსა და ახალციხეს შუა შემოსული ჯარი საქართუელოში, ახალციხეს გასავლელად დაღისტნიდგან რასაკვირველია ძნელი იყო, თითქმის შეუძლებელი, მაგრამ შეუძლებელი ადვილი შესაძლებელი შეიქნა, დაღისტნის ჯარების ქურდულად შემოსვლა საქართუელოში და საქართუელოდგან ქურდულად გასულა ახალციხეში. თუმცა ადრიდგანვე მეფის თეიმურაზის მეორისა და იმის ძის მეფის ირაკლიმდისინ ეტანებოდა ლეკი საქართუეელოს, მაგრამ არა ისე თავმოხელებით, როგორც ამ მეფეების დროსა. მიზეზი ამისი ეს იყო: 1724–სა წელსა ოსმალომ რომ ჯარები შემოიყუანა საქართუელოში საქართუელოს დასაპყრობლად, აი აქედგან დაიწყო ოსმალ ლეკებისაგან საქართუელოს გაოხრება, რომელმაცა იმავე წელსვე სომხით ქართლი დაიჭირა და კახეთისაკენ გაიმართნენ დასაპყრობლად ლეკების წინმორბედობით, სადაც ჩავიდნენ და ქიზიყიც დაიჭირეს. მაგრამ ამ დროს მეფე თეიმურაზ მეორე კახელებით დაესხა და ძალიან გაიმარჯვა ოსმალებზე. ამით რომ ვერა გახდნენ რა ოსმალები და კარგა ხანიც გამოვიდა, ბოლოს ჭარბელაქანში მოუყარეს თავი დაღისტნელებს, იმათვე დიდი შემწეობა მისცეს საქმის დაწყობითა და ამათის შემწეობით ისევ დაიჭირეს ქიზიყი და კავკასიის ძირი, კახელებიც დაიპყრეს სრულად. ამის გამო მეფე თეიმურაზ ვეღარ დადგა კახეთში და ფშავის სიმაგრეებში დაიხიზნა. ზევითი კახეთი კი თელავის მხრისა დიდი და პატარა სულ სიმაგრეებში შევიდნენ და ყოველი შემოსასვლელი ადგილები გაამაგრეს. მაშინდელი ზევითი კახელების სახელი დაუვიწყარი იქნება მარადის. წამხდარი ქიზიყი და კავკასიის ძირი კახელები კი დამორჩილდნენ. დამორჩილებაზე ვიღა რას იტყვის, სარწმუნოებაც შეიცუალეს გლეხებმა თავად-აზნაურბის გარდა, როლებიცა ვერაფრით ვერ გადიბირეს ოსმალების მეტყუელება.

ამ დროებში ბატოიშვილი ირაკლი (შემდეგ მეფე) ფშავითგან ალავერდში ჩამოვიდა და აქედგან დაეხმაურა ქიზიყ კავკაზიის ძირის კახელებსა, რომლებიცა აღარ დამორჩილდნენ მტერსა და ბოლო დროს კიდეც გაიყუანეს თავის მამულიდგან. თუმცა ისტორია მეფე ირაკლიზედ სხუა რიგათ ამბობს, მაგრამ მე ეს ასე ასეთებისაბან ვიცი, რომ ეს უფრო მჯერა-ფშავითგან ალავერდში გადმოსვლა ირაკლისა. ამისთანა კარგი საქმე აცნობა თავის მამას მეფე თეიმურაზს, რომელიცა მაშინვე ჩამოვიდა ხიზნით და თელავში დაჯდა კვლავად მეფედ, სადაც შეიკრიბნენ დახიზნულნი ყოვლის მხრიდან და სოფლები ისევ ისე გააშენეს როგორც იყო, მაგრამ ქ.ტფილისში ოსმალებმა ეს არ დასთმეს, ჭარბელაქნელების და დაღისტნის ჯარები შეიყარეს ალაზნის პირზე ამ განძრახვით, რამდენიმე დასტა წამოვიდნენ, ქიზიყის ბოლო მოარბიეს, ტყუე საქონელი წაიღეს და კარგის დავლით მივიდნენ თავის დიდ ჯარში, მაგრამ ამ დროს ზედატანებით მეფეს თეიმურაზს მოხსენდა:ა ლაზნის პირზედ დიდი ლეკის ჯარები იყრება ქიზიყის წასახდენათაო. მაშინ ირაკლი თხუთმეტის წლისა საჩქაროდ ამხედრდა ზევითი კახეთისა ჯარით და ქიზიყში ჩაიჭრა. მტრისაგან შეძრწუნებულებმა რა ქიზიყელთ ესე ნახეს ამ პატარა ბატოიშილის გაგულისება მძლავრსა მტერზედ, დიდი და პატარა ვინც კი ხელის გამომავალი იყო, ყუელანი ცხენთა გაუსხდნენ ირაკლის და ალაზნისაკენ გასწიეს. იმ ომში დამსწრეთ ვისთისაც უანბიათ იმ ომის ამბავი, მეც იმათგან გამიგონია ასე: „ პატარა ბატონის ირაკლის ჩასვლა რომ გაუგონიათ ქიზიყში, დედაკაცებს კაცებისათვის აღარ დაუცლიათ, იმათ გამოუყუანიათ ცხენები და იარაღიც იმათვე შემოურტყამთ ქმრებისათვის ამ სიტყვით: „წადით, დაიხოცენით მამულისთვის, დღეს თუ ხუალე სულ ერთია სიკვდილიო, იახელით პატარა ბატონს ირაკლის და იმის წინ დაანთხიეთ თქუენი ერთი მუჭა სისიხლიო.“ 

ნეიშინის მინდორი იყო პირველი ომის მოწამე პატარა ირაკლისა, როლთაცა ამასთა ესეც უთქუამსთ:

პირუელად ოსმალ ლეკების ჯარი რომ დაუნახამთ ქართუელებსა, ბევრით ქართუელებზედ მომატებული შეშინებულან: დედის ერთას ირაკლისა მოგვიკვლენო. ასე ელაპარაკათ პირუელ კაცებს ერთმანეთში. მაგრამ ყმაწვილის ირაკლისთვის და იმის დამშვიდებულის ლამაზის სახისათვის რომ შაგეხედათ, ბედაურს ცხენზედ მკერდ გამოჭიმულისთვის, რომელსაცა თუალი მტერზედ ეჭირა და უშიშრად შეჰყურებდა იმათ, მოწყენილობა გულიდგან გადაგუეყარა და მაშინვე გავსწორდით ცხენებზედაო. ბოლოს ჩუენკენ მოიხედა და ესეც რომ გვითხრა: დღეს აქ უნდა დავიხოცნეთ ამ ნეიშინის მინდორზედ, ან გამარჯუებული გამოვიდეთო. ამ სიტყუამ ხომ ერთი კაცი ათი გავხადა და ერთიანად დავიძახეთ: „დედა შეირთოს ცოლად, ვინც აქედგან უსიკვდილოთ წავიდეს შინ, თუ არ გავიმარჯვებთ.“

თუ არ დიდ გაჭირებაში, ასე ადვილად არ დაიფიცავდნენ უწინდელი ქართუელები და როდისაც ამას იტყოდნენ ან თავი უნდა გაეტანათ ან არა და უთუოთ გაწყუეტილიყვნენ. ბევრი მაგალითიც მომხდარა, რომ სრულებით გაწყუეტილან, ერთი ქართუელი ჯარისკაცი ცოცხალი აღარ დარჩენილა. ამ სიტყუასთანავე შეუტევიან იმთენის ჯარისთვისა გულთამამად, მაგრამ ისინიც მაგრა დახუედრიან, სადაც ხმალ და ხმალი კაფა მომხდარა და ქართუელებს გასჭირებიათ იმთენის ჯარის პირდაპირობა. ირაკლის რომ ეს უნახავს, თვითონ თავის დასით დასძგერებია იმათ შუაგულში და ტორტმანით და წაუყვანიათ უკან. მეორთ უფრო შიგ შეჭრილა იმათ შუაგულის ჯარში და აქ ასე დაუმარცხებიათ გათამამებული და დარწმუნებული მტრის ჯარი: უთუოთ იმ ცოტას ქართუეელებსა ასე გავწყვეტთ, მოამბეც ვეღარ წავიდეს შინაო. ნაცვლად ამისა თვით ისინი ასე დამარცხებულან, რომ ვინ წინა და ვინ უკან. ომიდგან გამობრუნებული ქართუელები მოსულან და დიდის სიხარულით მოულოცნიათ გამარჯუება ირაკლისათვის.

ეს პირველი ომი ირაკლისა ასეთი განმაძლიერებელი იყო ქართუელებისა,რომ ვეღარსად ვეღარ შეიკავებდა მტერი თავსა, თუ ირაკლი იქ იყო, მაშინვე დაამარცხებდენ. არამც თუ ირაკლი იქ იყო ხოლმე-მტრის წინამძღომელი რომ გამოიხედავდა ირაკლის ბაირახს იცნობდა,იმათ დასამარცხებლად იმის ბაირახიც საკმაო იყო.

ამ ირაკლის გამარჯუებასა ნადირშაც ზედ მოესწრა და ოსმალები საქართუელოდან გაიყუანა. თუმცა ოსმალებმა საქართუელო დაცალეს ნადირშამაც მეფე თეიმურაზს და იმის შვილს ირაკლის საქართუელო მოსცა და თან დიდი შემწეობა თავის ჯარებითა, მაგრამ ამასთან ასეთი ხარკი დასდო საქართუელოს, რომ დიახ დასამძიმებელი როგორც ოსმალებისა. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო. მაგარმ ამ ხარკს ვიღა დასდევდა, რაც უნდა დიდი ხარკი დასდებოდათ ქართუელებსა, ფიქრი არ იყო, ასე რიგათ თავგამოდებით ეწეოდა საქართუელოს ნადირშა, მაგრამ შინაურმა მტერმა გააჭირა, დიდი უბედურება დამართა საქართუელოს. ბოლოს წაიკითხავთ მეფის ვახტანგის მცირეს ამბავში.

მარტო ნეიშინის მინდორზე გამარჯუება რა სარგებლობას მოსცემდა, ანუ როგორ გამოიხსნიდა საქართუელოს, მაგრამ მაინც იყო რამე შემწეობა საქართუელოსი. პატარა ირაკლიმ ესენი ცხადათ დაინახა. მაშინვე ხანი რომ აღარ გამოსულიყო, კარგი კაცები გაუგზავნა ჭარბელაქნელებსა, ქართუელების და იმათი გაერთება შეუთვალა, მაგრამ ნაცვლად ამისა გაგაზავნილს კაცებსა უკან ჯარი მოაყოლეს ლეკებისა და ირაკლიზედ მოუშვეს. ირაკლიმ ესენიც დაამარცხა, მესამე და სხუებიც უფრო ძალიან, მაგრამ მაინც კიდევ არ გაუერთდნენ ქართუელებსა ჭარბელაქნელები. ჭარბელაქნელებთან რომ ვერა გახდა რა ირაკლი, მასუკან მთების სახლსა, დიდოელებს და ანწუხელთ გაუგზავნა კაცნი ერთობისა, რომელთაცა დიდის სიამოვნით მიიღეს, მაშინვე პირუელი კაცები გამოუგზავნეს და ერთობა მოახდინეს. შედგომ აღარც უღალატებიათ საქართუელოსთვის იმათ მეფის გიორგის მეფობამდისინ. დიდოელებში და ანწუხელებში დღესაც თურმე იპოება მეფის ირაკლის წიგნები წყალობისა. რამდენჯერ შეყრილან დაღისტნის ჯარები, მოუნდომიათ რომ დიდოებზედ და ანწუხელებზედ გადმოვიდნენ და კახეთი სრულიად წალეკონ, მაგრამ არც ერთხელ არ გამოუშვიათ. მართლა იტყვიან: ბარში დაკარგულსა ჭკუასა მთაში იპოვიო. ეს როგორღაც მართალსა ჰგავს ჭარბელაქნელებზე. მინამ მეფე ირაკლი ცოცხალი იყო, ყოვლის ღონით დაუცხრომელად ცდილობდა, რომ ჭარბელაქნელები როგორმე გაეერთა, ან როგორმე შეერიგებინა, მაგრამ არ ეშველა რა. მაინც კიდევ უკანასკნელად თავის მოხუცებულობაში, აღამამადხანის მოსვლის ოთხის წლის წინათ პირუელის ოჯახებიდგან მოხუცებული კაცები, შუახნისა და ყმაწვილები თუთხმეტ თუთხმეტი წლისა ან ცოტა მეტნაკლებნი მოიპატიჟა ჭარბელაქნიდან სიღნაღში და კარგად დაუხვდა. სადილ უკან თვითვეულად ყველას ხალათები უბოძა და ამასთან ლაპარაკი დაუწყო ასე:

–ჩემის ყმაწვილობით აქამდისინ არ დავმცხრალვარ თქუენსა და ქართუელების გაერთებასა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევიძელ, ყოველი ჩემი ღონისძიება დავასრულე თქუენზე. არ არის კარგი, არ უნდა შვრებოდეთ ამას, რომ თქუენი ძმები ქართუელები გამოგიმეტებიათ, გინდათ ძირიანად ამოთხაროთ და ჩუენ მაგიერათ ოსმალები დაასახლოთ საქართუელოში. ამისთანა საძაგელსა საქმეს არც ერთი გუარი არა იქს არსად ქუეყანაზედ, თქუენა ხართ ამისი პირუელი მაგალითი. თუ სარწმუნოებას იტყვით, თქუენ მაჰმადიანები ხართ, ოსმალებთან ერთი თანა მორწმუნე, ეს დიახ კარგი, ვინ შეეხება თქუენს სარწმუნოებასა?ვინც კი თავის სარწმუნოებაში აღზრდილია, იყავით იმ სარწმუნოებაზედ და ჩუენც ვიქნებით იმის პატივის მცემელი ჭეშმარიტად კარგად დაიხსომეთ, რასაც მე ეხლა გეუბნებით, თუ ამ ჩემს რჩევას გაიგონებთ, თქუენც ბედნიერი იქნებით და ჩუენ ქართუელებიც და თუ კიდევ ასე მოჰყუებით, როგორც აქამდისინ აოხრებდით და აოხრებინებდით საქართუელოს ოსმალებსა, უნდა კარგათ იცოდეთ, თქუენი შვილები, ანუ თქუენი შვილიშვილები ასეთ ვაებაში ჩაცვივდებიან, რომ თქუენი დედაკაცები მწარედ ტიროდნენ, გლოვა და თავში ცემა ჰქონდესთ და მშუელელი კი აღარავინ იყოს იმათი. ამისთანა უწყალოება მოივლინება იმათზედ, ეს კარგათ იცოდეთ. მე რომ ეხლა მოხუცებული შუახნის კაცები და ყმაწვილები მოგიპატიჟეთ, მიზეზი ეს არის რომ მოხუცებულებმა ურჩიოთ თქუეს ჯამაათს, დასცხრენ, ნუღარ მოდიან ჩუენზედ, ნუღარც ოსმალებს მიეკარებიან და ჩუენთაც გაერთდნენ ერთ ძმათა. თქუენ შუახნისას კი ამას გეუბნებით, თვითონ თქუენა ხართ ამღელებელი მთელი 

თქუენი ხალხისა ჩუენზედ. გეუბნებით, კარგია, ამდენს ავკაცობაზედ ხელი აიღევით, თორემ ბოლო დროს ჭარბელაქანი ინანებს. მე ეს წინათვე მიწინასწარმეტყუელებია თქუენთვის და თქუენ, პატარა ყმაწვილებო (მასუკან იმათ მიუბრუნდება), ამას თქუენ, ნუ დაივიწყებთ, თუ ამ ჩემს სიტყუას ესენი არ დაისწავლიან და კიდევ თავისებურათ მოჰყვებიან ჩუენზედ, მაშინ მამიგონეთ, როდისაც თქუენს ცოლშვილში საშინელება იყოს უწყალოებისა.“

ყოვლის ფიცით დარწმუნებული მეფე ირაკლი კმაყოფილი შეიქნა იმათგან და გამხიარულებული წამოვიდა. 

შარშან 1863-სა წელსა ზაფხულს ჭარბელაქანში აღრეულობა რომ მოხდა, ერთი მოხუცებული ლეკი იჯდა თურმე თავის სახლის კარებთან და თან ამას ამბობდა ცრემლით:

–რაც მეფეს ერეკლესგან მე გავიგონე, ისინი ბევრი აგვიხდა და ეხლა ხომ სრულებით დავიქცევით ჩუენ. რაც ჩუენმა მამაპაპებმა ქართუელების უყვეს ახლა ჩუენ უნდა გადაგვხდეს, ის ჩუენი მამაპაპების უწყალოება ქართუელებზე. ეს არის ღვთის განგება ჩუენზედ მოსული სხუა არაფერი. 

მართლა, რაც მე ვიცი და ვჩხრეკ ჩუენ ქართუელების მდგომარეობასა ძუელის თუ ახალს, ჩუენს უკანასკნელს მეფეებამდისინ, ვისაც კი ჩუენი ქართუელებისათვის ავი უქნია ანუ იმ ჩუენი მამაპაპების დაცემა მოუნდომიათ გარეშე მტრებსა ,იმათი ანუ იმათი შვილიშვილებისა საბოლოვო კარგი არა ყოფილა რა და ძლიერ გადახდენიათ. მე ესები ძალიან კარგად ვიცი. ესეც ვიცი, რომ კრიტიკოსები ამ ჩემს სიტყუას გაატრიზავებენ და ბევრსაც გაიცინებენ თაკილობით. 

ეს ხომ ცხადად დავინახეთ იმ პირველს მეფის ირაკლის დროებში მთის ხალხი ანწუხ დიდო საქართუელოს გაუერთდა და ჭარბელაქანი კი ვერაფრით ვერ გაიერთა, არამც თუ ვერ გაიერთა, ვეც შემოირიგა რომელიცა საქართუელოს მტრების ბუდე გახადეს იმ გაუგებელთ და ჭკვის დამკარგავთა ჭარბელაქნელებმა, სადაც საქართუელოს მტრები სულ ამას ფიქრობდნენ, საქართუელო როგორ დაეღუპათ ფესვით. უთუოდ ასეთ მოხდებოდა თუ იმ დროს ირაკლი არ გამოსულიყო იმისთანა კაცი და იმისთანა მომვლელი თავის მამულისა. მაგრამ ესეც არ უნდა დაიმალოს, რომ რაშიაც შესცდა ირაკლი ისიც უნდა გამოცხადდეს, მოვალენი ვართ სიმართლისა. მეფე ირაკლი არამცთუ საქართუელოს ამაგრებდა, ამაგრებდა საქართუელოს ყოველს სოფლებს და სახიზრებს აკეთებდა. როგორცა ვთქვით ყოველი ღონის ძიება მოიხმარა ჭარბელაქნის გაერთებისათვის ანუ შემორიგებისათვის, მაგრამ ვერაფრით ვერ შეიძლო. ამის საშუალება ამის მეტი არა იყო რა, რომ ჭარბელაქნის პირდაპირ ალაზნის პირებზედ, სადაც ფონები იყო გამოსასვლელი, იქ ციხეები უნდა გაეკეთებინა, შიგ ხუთას ხუთასი ქართუელი მეომარი დაეყენებინა ანუ მეტნაკლები, თავის ორის თუ სამის ზარბაზნითა, რომელსაცა დიახ ადილად შეეძლო ეს, მაშინ დაინახავდა, რაც სარგებლობა იქნებოდა, თუ არა და ეს ფონები გახსნილი დააგდო და მთელს დაღისტანსა, სადაც ყრილობა ჰქონდათ ხოლმე ჭარბელაქანში, იმათ თავისუფალი გზები დარჩათ საქართუელოზე შემოსასვლელ გასასვლელი და რაღას ინაღვლიდნენ. თუ ეს ციხეები მოეგონებინა, ასე შეჰკრავდა მთელს ჭარბელაქანსა, რომ მეტი ღონე აღარ ექნებოდათ, უნდა ირაკლისთვის თაყუანი ეცათ და დამორჩილებოდნენ. მაშინ ახალციხე დასუსტდებოდა ლეკის ჯარით, დანარჩენს ლეკებს ოსმალო აღარ შეინახავდა და და უთუოდ ისინიც იქიდგან გამოვიდოდნენ. თუ მე ამას ფაკტით არ დავამტკიცებ, ბევრნი არ დაიჯერებენ, რომ ალაზნის პირებზედ ციხეები უთუოდ საჭირო იყო.

პირუელი. ოცდა ხუთის თუ ოცდა ათი ათასის ლეკით დიდი ომარხან ყუარელის ციხეს რომ შემოადგა უეცრათ, რომელშიაც ძლივს შეასწრეს მცხოვრებთა, რა ქნა, რა შეიძლო იმთენის ჯარითა ომარხანმა? არამც თუ შეიძლო რამე, რამთენსამე დღეს უკან სირცხვილეული შემოეცალა ციხეს და გაქცეულსავით წავიდა თავის ქუეყნისკენ. თუ როგორმე ყუარელის ციხე აეღო, ომარხანსა, დღეს ქართუელის სინსილა აღარ იქნებიდა. ამისთვის რომ მთელი დაღისტანი კახეთზე უნდა მოხეთქილიყო და საქართუელო სრულიად გაექროთ. ომარხანის მრჩევლების პლანი ასე ყოფილა, მაგრამ ყუარელის ციხე რომ ვეღარ აუღიათ, იმათი პლანებიც სულ ჩაშლილა. აი რა არის ციხე, რომელსაცა დიახ ადვილათ შეეძლო მიწური ციხეები გაეკეთებინა ყოუელს სამძღვრებზედ. არამც თუ მიწური ციხეები – ქვითკირებისაც.

მეორე. მეფე ირაკლი თავის სამეფოს კუალობაზედ ძლიერი იყო. იმას ჰქონდა ოცდაოთხი გაწყობილი ზარბაზნები თავის ჩამოსასხმელის სახლითა, რომელსაცა საითკენაც უნდოდა, იქით წაიღებდა იმ ზარბაზანებს, მაგრამ უფროსი ერთი სულ ადგილობრივ ეწყო და თვითონ კი თავის ქართუელებით მტერს სდევდა ხან სომხითში, ხან ქართლში და ხან კახეთში, მაშინ როდესაც რომ სადაც კი ზარბაზანებსა წაიღებდა ხოლმე, მტერსა რეგუდა. ამასთან დიახ ადვილად შეეძლო ოცი ათასი კარგი მეომარი გამოეყუანა საქართუელოდგან, დადგრომილი რამდენიმე წლობით ხოლმე. იმ ზარბაზანებით და იმ ჯარით, რომლის მტერს ღა შემოუშუებდა საქართუელოში? არამც თუ შემოუშუებდა სხუა ქუეყნებსაც შეიძინებდა. თუ ერევანი იმ თავის გაუწყობელის და მცირედის ძალით ისე ადვილად შეიძინა და ოცდაოთხი წელიწადი მეტი ხელში ეჭირა, სხუას რას არ იქმოდა იმ ძალით და იმ დაწყობილობითა, რომელიცა ზევითა ვთქვი ეხლა. აი როგორც ეხლა მოვიტანთ მაგალითსა: მეფე ირაკლიმ მორიგე რომ შემოიღო ოთხი ათასი კაცი კახეთის სამძღვრებს ინახავდა, ოთხი ათასი ქართლისას და ოთხი ათასი სომხითისას. რა დააკლდა საქართუელოს? დაკლებით არაფერი, შეიძინებით კი ბევრი. შეძინება ეს იყო, რომ როგორც ჩუენში იტყვიან, გარეშე ფრინუელიც ვეღარ გადმოფრინდებოდა, არამც თუ მტერი ღა შემოსულიყო საქართუელოში, სადაც გაოხრებულს სოფლებს შენობა დაუწყეს ქართუელებმა: ის მორიგე ექვსი თუ შვიდი წელიწადი იყო და ამ ცოტას ხანში საქართუელომ კიდევ გაღიმება დაიწყო ცოტათ. 

მესამე. ამ მესამის მეფის ირაკლის შეცდომინებასა დავეხსნათ, ამაზედ ნურას ვიტყვით, ეს ღვთის კერძია , იმან იცის ... 

მეოთხე.იმთენი წინააღმდეგების ამბები როგორ არა იცოდა რა, მარკოზაშვილის დარბაზში რომ შეიყრებოდენ ჩუმათ და იქ უთხრიდნენ ძირსა, საიდგანაც ყოუელი დაფარული წინააღმდეგობა იყო საქართუელოში მეფე ირაკლიზედ თამამად ვიტყვი : ჩუენი საქართუელოს პირუელის ოჯახებიდგან თითო გუარში ორი და სამი მაინც იყო მეფის ირაკლის მტერი და იმათი კუდები ხომ რავდენი... საწყალს მეფეს ირაკლის ძალიან გვიან შეუტყვია ეს ანბები, სწორედ სიკვდილის წინა დროებში. კიდეც იმ მარკოზაშვილის დარბაზელებს დაუღუპავსო საქართუელო, რომლებსაცა ის მორიგეც იქიდგან მოუშლიათ, ის ბედნიერება საქართუელოსი! არამც თუ მარტო ის მორიგე რასაც კი კარგსა რასმე მოინდომებდა საქართუელოსათვის მეფე ირაკლი, ყოვლის ღონის ძიებით, ყოვლის ცბიერებით ეცდებოდნენ როგორმე მოეშალათ. ის მეფის ირაკლის დრო იყო გამყიდუელობის დრო, რომლისაგანაცა საქართუელო უნდა დამხობილიყო, არა იმდენი ქართუელების სისხლის დაღვრითა ცხადის მტრებისაგან, არამედ პლუტობით და აზარქრობით გამყიდუელებისაგან. როდისაც რომ კარგათ დავფიქრდებით იმ წინააღმდეგებზედ იმათ საზიზღარს საქმეებზედ, აღარ ვჯავრობთ და არც გვიკვირს.

უცოდინარები იყვნენ, ამასთან მეტი გულწრფელები და არ იცოდნენ, რას შურებოდნენ. უფრო სწორეთა ვსთქუათ, რას ტუტუცობდნენ სულელები: მიუტევე მამაო და სხუანი. აი ასე იყო მაშინდელი დრო საქართუელოსი, ასე დაუწყნარებელი და ამისთანა დაუნდობელი დრო. რაღა უნდა ვსთქვათ? მეფის ირაკლის იმთენს უბედურებასთან ერთი რიგიანი საქუეყნო გამგე არავინ არა ჰყუანდა, სულ თვითონ იყო. ასე გაშინჯეთ, არც შვილი და არც შვილისშვილი უვარგოდა, რომელსაცა შეძლებოდა მეფობის რიგის მიცემა. ერთი იყო ლევან და ისიც უეცრათ მოკვდა და უბედურს ირაკლის ისიც ხელიდგან გამოაცალეს. უთქვამსთ: სხუა დედაკაცზედ მოკლესო. ტყუილია, მაშინდელი წინააღმდეგების ჭორია. სწორეთა ვსთქუათ, დაფარუა აღარ უნდა: მოწამლეს. ამისათვის რომ მეტი კარგი რამ რომ იყო, ჯიღა საქართუელოსი და შურით უყუეს, რომელიცა ოცდაოთხს საათში გაქრა, ის საკვირუელი მეფის ირაკლის შვილი ლევან, რასაცა მთელი საქართუელო იგლოვდა მწარეთ. თუმცა ეხლა ზევითა ვთქვით, მეფეს ირაკლის ერთი რიგიანი საქუეყნო გამგე არავინ არა ჰყუანდა მეთქი. როგორ იქნებოდა, რომ არა ჰყოლოდა!

დიახ ჰყუანდა ოთხი თუ ხუთი, მაგრამ ისინიც ყუელასაგან ამოჩემებული იყუენ და ყოუელთვის ქუეშ უთხრიდნენ იმათ. მაშასადამე მეფეს ირაკლის კაცი არა ჰყოლია. ნეტავი როგორიც ვაჟკაცნი კი იყვნენ მაშინდელი ქართუელები და მართებული გულწრფელი დარბაისლები, იმის მეასედი ქუეყნის მართუელობა სცოდნოდათ იმათ. 

ვინ ამბობენ, დავით ბატოიშვილი კარგი იყოვო. დავით ბატოიშვილი მინამ პირუელად სხუაგან წავიდოდა ( ესე იგი რუსეთს ), მართლად კარგი ყოფილა და როდესაც იქიდგან მოსულა, სულ გადარეულა. მეორედ რომ სრულებით წასულა იქ, ერთიც მაშინ დასტყობია სამეფოს კაცობა, ამისთვის რომ მოუფიქრია და ჭკუაზედ მოსულა. არამც თუ მარტო დავით ბატიოშვილი მოსულა ჭკუაზედ – ვინც კი ბატოიშვილები იყვნენ იმათაც დაუნახამთ თავიანთი რეგუენობა, მაგრამ რაღასა დროსი იყო: ოთიდან საღრა ნაღარა. ბევრი ჭკუა დაკარგული ანდაზებია დავით ბატოიშვილზე. გარდა ამისა დიდი წინააღმდეგობა ჰქონიათ მამაშვილსა მეფის გიორგის. დავით ბატოიშვილის ძმა ივანე სჯობნებია დავითს, არამც თუ მარტო დავითს, მთელ სახლეულობას სულ ერთიან. თუ კიდევ ყოფილა რამე, ისევ ბატოიშვილი, სხვანი ნაკლები იმაზედ.

გასაშტერებელია, იმისთანა ფიქრ არეული ანუ ფიქრ გამოცვლილი კაცი, როგორც დავით ბატოიშვილი შეიქნა შორი გზიდგან მოსული პირუელში, ისე უზომოთ რაღათ სცემდა პატივს თავის პაპას მეფეს ირაკლის და ან ყოველთვის საკურვლად რათ მიაჩნდა იგი. ჰგავს ასე ყოფილა, რომ ყოუელი დიდი კაცის საკვირუელება არავის თუალში არ უნდა დაიკარგოს.

ასე და ამ სახით ყოვლისფრით უბედური იყო მეფე ირაკლი. ამდენს უბედურებაში ჩავარდნილი, იმდენს საიდუმლოს მტრების მახეში გაბმული და იმდენის მოსეულის მტრების დევნით მოუსუენებელს ცხოვრებაში იყო ჩაღუპილი, ასე რომ ერთი ბეწო მცირედი მოცლა არ ჰქონდა, თავისი ქუეყანა გაემართა.

მინამ მეფე თეიმურაზ იყო მეფის ირაკლის მამა, კარგი შემწე იყო თავის შვილის ირაკლისა, სამეფოს საქმესაც კარგად წამყუანი და როდესაც იგი აღარ იყო , მაშინ ლევან მოესწრა, ირაკლის შვილი, რომელმაცა მტერი იმას დაანება და თვითონ კი ქუეყნის მართველობას შეუდგა სრულის გულით, მაგრამ დიახ ცოტას ხანს. ის კარგი მეფის ირაკლის შვილი ლევან ოცდამეხუთეს წელიწადში აღარ იყო და მეფე ირაკლი ისევ იმ პირუელს ვაებაში შეცურდა დასანთქმელად (ლევანის სიკვდილი ზევითაც ითქუა).

ლევან ბატოიშვილი ასეთი კარგი რამ გამოსულა, რომ მართლა მარჯუანა მხარი მეფის ირაკლისა, თითქმის თავის მამას ჯობნებია, რომელსაცა სწორედ იმას ცოდნია თავის ქუეყნის მოვალეობა რა არის. იმის დროსა მეფე ირაკლიმ კარგად დააწყო საქუართველოს საქმე, რომელიცა ზევით დავინახეთ მორიგე დიდი ანტონი კათალიკოზი რა რიგად ხელს უმართავდა იმათ, როგორ ეწეოდა იმათ და რა რიგად წესიერად აწყობდნენ საქართუელოს საქმეს ეს სამი საკვირუელი კაცი! ამ სამის კაცისაგან ეს ანბები რომ დაინახეს, გუარის ღირსება და ადგილობის მოთაობაც შეეწეოდა იმათ, რომლებიცა ყოუელი წინააღმდეგნი წინააღმდეგობიდან მეფობის ერთგულებაში და მორჩილებაში შემოვიდნენ ეს სამი კაცი ისე განძლიერდნენ საქართუელოში, რომ სულ ხელში დაიპყრეს ყუელა. უფროსი ერთი ესენი სულ ერთად იყვნენ და ერთად არჩევდნენ საქართუელოს საქმეს. მეფობის წინააღმდეგობას საქმით გულში ვეგარავინ ივლებდნენ გულში, ასე შეკრეს ყუელა 

მეფე ირაკლი ქუეყნის გამართუას შეუდგა, ანტონი კათალიკოზი ეკლესიების საქმეს და ლევან ბატოიშვილი გარეშე მტერსა სწყლავდა, მაგრამ ამ საკვირუელმა კაცებმა ვერ მოიგონეს, ჭარბელაქნის პირდაპი ალაზნის პირზედ ციხეები გაეკეთებინათ. ამ სამს კაცსა კარგა ხანი რომ დასცლოდათ ერთად, პირუელს მეფობის ხარისხზე დადგენდენ საქართუელოს. მაგრამ კიდევ უბედურებას რა გაეწყობა! ამათ ძალიან ცოტა დრო დასცალდათ ერთად. ლევან ბატოიშვილი იმ ყმაწვილ კაცობის ხანში აღარ იყო და ანტონი კათალიკოზიც იმის ცოტა ადრე მოკვდა. წარმოიდგინეთ, ამ ორი კაცის დაკარგუა რა საშინელი ზარი იქნებოდა მეფის ირაკლისათცის! ოო! ბედო, ბედო! ჩუენში უბრალოთ კი არ არის ნათქუამი: „ბედმა გვიყო ყუელაკაი, ჩემო, რამცა დაგუემართა“ .

თავად ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი საქართუელოს ბედს რომ ლექსათა სწერს, სადაც სოლომან მსაჯული გამოჰყავს მეფის ირაკლის უბნობაში, ის ლექს მგოსნობა საუცხოვოა, მაგრამ ისტორიისათვის კი არ გამოდგება.მინამ აღამამადხან მოვიდოდა საქართუელოზე, სამი წლის წინათ დაუთხოვნია თავისგნით და ძალიან გასწყრომია და აღამამადხანის შემდგომ ისევ შეურიგებია,რომელისაცა სოლომონ მსაჯულის ორი წიგნი მე მაქუს, თვითონ სოლომან მსაჯულისაგან შავათ დაწერილი მეფე ირაკლისთან დიახ დიდი მადლობისა,რომ მეფე ირაკლიმ შეირიგა. პირუელი წიგნი არის დაწერილი ზ-ს მარტს ქორონიკონს უპდ-სა და მეორე ე-ს აგვისტოს ქორონიკონს უპე-სა. გახსოვთ, ზევით რომ ვთქვით: ოთხი თუ ხუთი ჰყუანდათ მეფეს ირაკლის და ისინიც ამოჩემებული იყუნენ ყუელასაგან მეთქი. იმათგანი ერთი ის სოლომონ მსაჯული იყო ყუელასაგან ამოჩემებული, რომელზედაც ამთენი ტყუილი ამბები უზიდიათ მეფის ირაკლისთვის, რომ ბოლოს იძულებული ქმნილა, ძალიან გასწყრომია და თავისგნით დაუთხოვია. თავადს ნიკოლოოზს ეს ამბავი რომ სცოდნოდა, იმის დათხოვნაში უფრო საგანგებოს აზრებს გამოხატავდა, მინამ საქართუელოს ბედში. იმ დროს სოლომონ მსაჯული სიონის ეკლესიის მახლობლათაც მდგარა ერთს სახლში მტკუარის პირზედ, სიონიდგან ჩრდილოეთის მხარეს.

იმ ორი საკვირუელი დაკარგუა მეფის ირაკლისთვის ბოლო მისაღები იყო, თუმცა კიდევ თავის გულსა არა ჰკარგავდა და მოუსუენად ცდილობდა საქართუელოსათვის, მაგრამ იმ წინააღმდეგებმა კიდევ თავი აიწიეს და მოჰყვნენ თავისებურათ საქართუელოს ძირის ამოთხრასა. თუ მეფეს ირაკლის იმისთანა ორი კაცი აღარ ჰყუანდა, ვითარცა ანტონი ქათალიკოზი და ლევან, ევროპიის გუარზედ განათლებული რომ ყოფილიყო, მაშინ იმისმა ბუნებითმა ჭკუამ იცოდა, რასაც იქმოდა, მაგრამ ეს რომ არა ჰქონოდა, შეჩენილი წინაამდეგები სულ სხუა გუარათ აჩუენებდნენ საქართუელოს საქმეს და ურევდნენ იმის ბუნებითსა ჭკუასა. ყოვლის ფრით დაობლებულსავით დარჩა მეფე ირაკლი შემდგომ დიდი ანტონი ქათალიკოზისა და იმის შვილის ლევანისა. 

მგონია, მეფე ირაკლიზედ საკმაოდ თავს ნება მივეცით, რომ რაც ვიცოდი იმაზედ, ვთქვით იმისთანას მამულის მოწამეზედ იმისი შეცდომილებანი. აბა ახლა ამის შედგომ მეფეს ვახტანგზედ გადმოვიდეთ, იმისაცა ვთქუათ, არც იმისი უნდა დაიმალოს, რაც იმაზედ ვიცით, იმისიც უნდა ვთქუათ, დამალუა სირცხვილია.

ბევრს უთქვამს და მეც მითქუამს: მეფე ვახტანგ ბრძენი იყოვო. მაგრამ სწორედ რომ ვჩხრეკთ და იმის ამბებს ვიგონებთ, იმისი კარგი არა ჩანს რა. იმისთვის მოკლეთ გამოკრებით ვიტყვით და პირდაპირ, რომ მეფე ვახტანგმა დაანგრია საქართუელო. ვიცი, ამას ბევრი გაიკვირუებენ, მაგრამ ვითხოვ დამშვიდებულს მოთმინებას. მეფე ვახტანგმა თავი მოარიდა მაშინდელს საქართუელოს გარემოებასა, გადვიდა რუსეთს, რომელიცა იმის შემდგომ დარჩა ქართლის მეფეთ იმის გათათრებული ძმა იესე ოსმალების ნებით. შემდგომ იმის სიკვდილისა და ნადირშასაგან ოსმალ ლეკების გალალვისა საქართუელოდგან, იმის ქალის თამარისა ქმარი კახეთის მეფე თეიმურაზ დასუა ნადირშამ ქართლ-კახეთის მეფეთ და დიდი შემწეობაც მისცა თავის ჯარებითა. თუ ბრძენი, თუ დიდსულოვანი იყო მეფე ვახტანგ, ანუ თავისი მამული გულით უყუარდა, რუსეთიდგან დიდი შემწეობა უნდა მოეცა თავის სიძის მეფის თეიმურაზისთვის, ისიც შვილი იყო, სულ ერთია, რომელსაცა დიახ ადვილად შეეძლო ესენი. ნაცვლად ამისა თავის ძმისწული აბდულა-ბეგი და თავის შვილი პაატა (არა რჯულიერი შვილი) საქართუელოში დარჩნენ მეფის ვახტანგის ნებით ქართუელების ასარევად და აურიეს კიდეც. ჯერ ამ ორთა შორს ეჭირათ თავი, ჩუმათ საქმობდნენ და სხუებს კი აბრიყუებდნენ, ესე იგი დიდ შანშე ქსნის ერისთავსა, რომელმაცა ბევრი სავნებელი დამართა საქართუელოს. თუ როგორმე მეფე ვახტანგს მოენდომებინა და იმ ორიუესათვის ერთი პატარა ბარათი მოეწერა, ძალიან დაამეგობრებდა თავის სიძესთან იმათ, რომლებზედაც დიდი ნება ჰქონდა იმათზე. არამცთუ ბარათი, უფრო და უფრო აქეზებდა იმ ორთ თავის სიძის მეფის თეიმურაზისა დასამხობათ. იმათ ვერ დაამხეს და მოხდა შინაური არეულობა ზევით ხსენებულის შანშე ერისთავისაგან. მინამ მეფე ვახტანგ ცოცხალი იყო, როგორცა ვთქვით, ისე ურევდა საქართუელოს და როდისაც აღარ იყო მასუკან იმის შვილი ბაქარი დარჩა თავის მამის ფეხათ და იმან უფრო უარესად შემოუკეთა საქართუელოს ანუ ქართუელებსა გივი ამილახვარითა, ამ ქართუელების თავგამოდებულმა ერთმანეთის შეხეთქილებამ კლდეზე გადასაგდებად დააყენა საქართუელო. მეფის თეიმურაზის მოპირდაპირე გივმა ამილახვარმა ოსმალ ლეკების შემწეობით და მეფე თეიმურაზიც იფარავდა საქართუელოს სპარსელების მოხმარებით, სადაც მოხდა დიდი სისხლის ღვრა საქართუელოში. ეს არის ნადირშას ყიზილბაშების დრო საქართუელოში. ამ გუარი წყალობის მომცემი ქართუელებისა ჯერ მეფე ვახტანგ იყო, შემდგომ იმის შვილი ბაქარ დამასუკან ორქივატერი იოსებ(ეს კი მეფის ირაკლის დროს იყო ისებ). მეფე თეიმურაზმა ესენი სულ დათრგუნა ნადირშას ჯარების შემწეობით.ბოლო დროს მეფე ირაკლიც გაურია საქმეებში. ბოლო მოუღეს იმ ცხადს მტრებსა, მაგრამ საიდუმლოს მტრებისა კი არა იცოდნენ რა, რა ამბავი იყო საქართუელოში. იქნება ვახტავგ მეფე ამით გაამართლონ, თავის მეფობისთვის ზრუნავდა, დასაძრახი არ არისო. ამის პასუხს თავი დავანებოთ, ვერას ვიტყვით, მხოლოდ ამის მეტსა, რომ ის მარკოზაშვილის დარბაზი პაატა ბატოიშვილის სადგომი იყო,სადაც კრება ჰქონდათ ხოლმე შემთქმელებსა, მინამ იმათი ამბავი შემთხუევით გამოცხადდებოდა. მინამ მეფე თეიმურაზ იყო საქართუელოში, აბდულაბეგი გაფრთხილებული იყო, ცხადათ ვერა გაებედა რა და როდესაც ის აღარ იყო, აბდულაბეგმა ცხადათ დაიწყო ჯარებით გამოსულა მეფის ირაკლის დასაცემათ, მაგრამ მალე შემოაწყვიტა ის იმისი ჯარები ზედა და თვითონ აბდულაბეგიც სრულიად გააქრო საქართუელოდგან. ამის შემდგომ ახლა პაატა ბატოიშვილმა გამოიდო თავი მეფის ირაკლის დასამხობათ, რომელიცა ის ამბავი “ცისკარში„ მაქვს აღწერილი შეთქმა. შემდგომ ამისა, მგონია, იმ მეფის ირაკლის წინააღმდეგებისათვის საგრძნობელი იყო, რომ მეფეს ირაკლის გაერთებოდნენ თავიანთ მამულის სიყუარულისათვისა და იმის ასამაღლებლად, ამისთვის რომ მეფე ვახტანგ აღარ იყო, იმის მეფობისათვის ეზრუნა და აღარც აბდულაბეგი და აღარც ბატოიშვილი პაატა, რომ კიდევ არეულობა ყოფილიყო საქართუელოში. მაშასადამე, სხუა რაღა უნდოდათ იმ მეფის ირაკლის წინააღმდეგებსა? გონების მიხედვით უნდა დამორჩილებოდნენ არა მეფის ირაკლის, არამედ მამულს მამულის სიყვარულისათვის, მაგრამ არა, მამულის სიყუარულსა მეფის ირაკლის მტრობა ირჩიეს, სადაც შაიკა გაკეთდა საქართუელოს დაღუპისა.

იქ იმ მარკოზაშვილის დარბაზში კი აღარ იყო კრება, მაგრამ ის მარკოზაშვილის დარბაზისა აზრი ეს მეორე შეთქმა, დიახ ოსტატური ფრთხილი შეთქმა, გაძრახ გააგრძელეს მეფის გიორგის სიკვდილამდისინ, იცოდნენ, მეფის ირაკლის დროსა ვერას იქმობდნენ და საიდუმლოთ კი უთხრიდნენ, რომლებიცა მტერზედ ჰყიდნენ საქართუელოს. განა დიდი ანტონი კათალიკოზი იმისთანა შვილი არ იყო იასე მეფისა, როგორიც აბდულაბეგი, მაგრამ თავის ბიძას მეფე ვახტანგს არ მიუდგა არაფერში. იმან კახეთის მეფობისა მხარე დაიჭირა, ამისთვის რომ ასე ხედავდა საქმეს და რაც შეეძლო თავდადებითაც ეწეოდა იქით მხარეს. იმ პირუელს თავის დროებში ქათალიკოზმა ანტონიმ უფრო მაღალის აზრით დაიწყო საქართუელოს ამაღლება, მაგრამ ახლა მეფე თეიმურაზმა გამოიდო თავი და ექსორია უყო საქართუელოდგან. სწორეთ ვიტყვი, რომ სიმამრი მეფე ვახტანგ მთელი სახლობით და სიძე მეფე თეიმურაზ ესენი სულ ერთიან ერთს ასეთს ადგილას უნდა ყოფილიყვნენ, რომ იმათ საქართუელოსი არა სცოდნოდათ რა და იმათ მაგიერად მხოლოდ ქათალიკოზი ანტონი და მეფე ირაკლი დარჩენილიყვნენ. იმ პირუელს დროებიდგანვე მეფის ირაკლის ბატოიშვილობის დროში საქართუელო სულ სხუა იქნებოდა. ხომ კარგი შემწე იყო თავის შვილის ირაკლისა მეფე თეიმურაზ და საქართუელოს საქმისაც კარგათ წამყუანი, მაგრამ საქართუელოსათვის კი უფრო ასე სჯობდა.

ახლა შევათანასწოროთ ნადირშა მეფე ვახტანგთან, რა განსახუებაა იმათში? იმ მაჰმადიანმა ნადირშამ ქართლი და კახეთი შეაერთა ერთს ქრისტიანეს სამეფოთ და ქრისტიანმა მეფე ვახტანგმა კი ქრისტიანეს მომხრებითა საქართუელო დააქციეს. ამის შემდგომ რაში გავამართლო მეფე ვახტანგ? რომ დაწერა იმაში? მაშინ ის რჯული არც უხმარიათ, არც მოქმედებაში ჰქონიათ და ან ვინ მოიცლიდა იმისთვისა, ასეთი დრო იყო მაშინ საქართუელოში. მეფის ვახტანგის რჯულისა არაფრისთანა არა იყო რა მაშინ საქართუელოში არაფერზედ. ყოუელი საქმე სულ საჩქაროთ იყო, სულ მორიგებაზე, სულ სვინიდისზე და სიმართლეზედ მეფესთან, მებატონეებთან და ხალხში. ამაზედ გვითქვამს კიდეც ადრე. ბევრჯუელ მოხდებოდა საქმის მიხედვითა, რომ მეფე ირაკლი დიამბეგების სამართალში მისცემდა საქმეს განსახილუელად და გადასაწყუეტლათ. ამისთვის ერთი იასე მსაჯული ჰყუანდა, რომელსაცა ორი ბეჭედი ჰქონდა მეფის ირაკლისაგან მიცემული. ერთს ბეჭედზე „იასე მსაჯული“ იყო დაწერილი ამოჭრით და მეორეზე: „ჟამნიცა ესე წარუალს“. დიამბეგებისაგან გადაწყუეტელი მეფეს ირაკლის მიერთმეოდა, მეფე ირაკლი იასე მსაჯულს გაუგზავნიდა, ისიც გამოძიებაში შევიდოდა. თუ ნახამდა, რომ სიმართლით არის გადაწყუეტილი, იმ თავის ბეჭედს დაასუამდა ასე: „იასე მსაჯული“. მეფე ირაკლიც იმ დიამბეგების გადაწყუეტილებას დაამტკიცებდა და თუ იასე მსაჯული აღმოაჩენდა, რომ ის დიამბეგების გადაწყუეტილობა უსამართლო არის, ახლა იმ ბეჭედს დაასუამდა ასე: „ჟამნიცა ესე წარუალს“, რომელსაცა მეფე ირაკლი იმ გადაწყუეტილობას თავსა გადუხევდა და დიამბეგებს გაუგზავნიდა ამ სიტყვით: იასე მსაჯული ამბობსო, ჟამნიცა ესე წარუალს. შეუდგებოდნენ და მეორეთ სიმართლით გადასწყუეტდნენ ხოლმე. ასე და ამ სახით იყო ყოუელი საქართუელოს საქმე და არა მეფის ვახტანგის რჯულისამებრ.

აი როდის შემოვიდა მეფის ვახტანგის რჯული. როდესაც ძლიერი რუსეთის მთავრობა დაფუძნდა საქართუელოში და იმ დროს ევროპიის წესზედ შეიცვალა დრო, ჩუენი ძუელის საზოგადოებისათვის სხუა, და აღარც იმდენი სარჩო ჰქონდათ მეფის კარის კაცებს და მოხელეთ, მაშინ მეფის ვახტანგის რჯული შემოიტანეს მხოლოდ იმ ერთის სიტყვსათვის: მებატონის გლეხი კაცი სულს გარდა მებატონისა არისო. რისთვის? თავიანთი გლეხები მონებაში შემოიყვანონ დროის მიხედვითა და კიდეც შემოიყუანეს, რომ კარგი სარჩო ჰქონდეთ და ვინც ნაკლებათ იყვნენ, იმათაც შეეწივნენ პატარა რიგიანი მოსუენებულის ცხოვრებისათვის. არც დასაძრახნი არიან ისინი. იმ სისხლისა და იმთენი ვაების შედგომ მოსუენება უნდოდათ იმათ. მართლა იმათ ასე ეგონათ, ძლივს მოვისუენეთო, მაგრამ ამასთან ასეთი დავიდარაბა და დავიდარაბის ხარჯები ჩამოუვარდათ ერთმანეთში მამულებზე თუ ყმების თაობაზედ, რომ ის უწინდელი ვაებანი სულ დაავიწყდათ. როგორ დამავიწყდება თავადი სლ. ზ. ძე სო. თავის მახლობლებმა რომ ჰკითხეს: აგრე რათა ხარ დაღონებულიო, პასუხი: როგორ არ ვიყო ღვთის გულისთვის, ოცდა ოთხი საქმე მაქუს, სულ სხვა და სხუა დავიდარება, რა ვქნა, რა უყო, არზების წერა მე არ ვიცი, საქმის წაყუანა მე არ ვიცი, ამთენმა ხარჯმა ვალებში ჩამაგდო, დავიღუპე რომელი მწერალი რასაც მეუბნება, ვალს ვიღებ, ვაძლევ აქამდისინ კიდევ ვშოვობდი ვალებს, ახლა იმასაც აღარავინ მენდობა, არ ვიცი, რა ვქნა. დდღეს ჩემი ცოლშვილი მშივრები ჰყრიან ხმელს პურზედ, ღმერთს გეფიცებითო. ამასთან მწარე ცრემლები გადმოყარა. ერთს კვირას უკან დაიძახეს, საწყალი კიდეც მოკვდაო და სხუანი. 

მანამ კიდევ ის ძუელები იყუნენ, რაოდენ შეიძლებოდა თავის გლეხებს ანუ ყმებსა უფრთხილდებოდნენ და როდისაც ისინი აღარ იყვნენ, იმათმა შვილებმა ესეიგი ჩუენ ის პატიოსანი სამსახურის დებულების წესი იმ პატიოსანი ჩუენი გლეხებისა სულ ვრთიან დავლეწეთ და იმის მაგივრათ ის ჩუენი გლეხები ასე გავბეგრეთ, რომ როგორც ჩუენც გვინდოდა ისე. 

იმ ჩუენი ყმების თაობაზედ ესეც ძალიან მომატებული ვთქვით, ესეც იმისთვის რომ მეფის ვახტანგის ამბავს მოჰყუა, თორემ ჩემი განძრახუა ამ სტატიაში ის არის, რაც უსამართლოება და გაუკითხავი უწყალოება მოუვიდა საქართუელოს, ისა ვთქუათ. გარდა იმდენი საშინელი ამბებისა საქართუელოზე, ახლა ცხადათ ვიტყვი, რომ უკანასკნელად სომხების ორქივატერმა იოსებ არღუთაშვილმა დაღუპა საქართუელო. იმან აღამამადხან მოიწვია საქართუელოზედ. როგორ იყო, რითვის და ვისი პირით მოიწვია, ვიცით ყუელა. თუ იმისთანა გუამები გამოვიმეტეთ, რაც ვიცოდით იმთზე, ვთქვით, არ დავზოგეთ უთუოდ იმთენს გუამებთან ორქივატერის ამბავიც უნდა ყოფილიყო, ასე მაინც მოკლეთ. ერთი სიტყვით ჯოდიანი და უჯოხოი, დიდი და პატარა, საპყარი და ფეხმართალი, ბრმა და თუალხილული, საქართუელოს შინაური და გარეული, საწყალს ცოტა ქართუელებზე მოსდგნენ სულ ყუელანი ერთად თითქმის ერთ დროს მეფის ირაკლის დროებში. დასამალავია, ნუ ვიტყვით ამაებს?

რამდენიც რომ იმ მაბებში შევიდეთ, იმდენი უფრო და უფრო ბევრი ამბები დაიწერება სულ ერთიერთმანეთზედ შესაწუხებელი, მაგრამ აქ ვრცელი რა საჭიროა! ის მეფის ირაკლის არეული დრო არის რაღაც ღელვის ხაოსი გამყიდუელობისა, ბრძოლის, ომებისა და აოხრების დრო რომელსაცა არც ერთს ქუეყანასა ის ვაებანი არ გამოუცდია და მგონია არც რომელიმე გამოსცდის ოდესმე. გარდა გამყიდუელობისა ერთზე რომ ათი მტერი მოდიოდეს, სად არის ეს? მომსწრე ჩუენი ძუელები ასე ანგარიშობდნენ. მერე რავდენი წელიწადი? სამოცდასამი და დაუცხრომელად ყოუელ დღე (მეფე ირაკლის დრო) სულ ამისთანა დროები იყო, სულ სხუა და სხუა გუარი ამბები, რომელსაცა გამოკლებით მოკლეთ წავიკითხამთ ამის ქუემოთ იმ ამბების გარდა, რაც რომ ადრით დამიწერია.

მე რომ ზევითა ვთქვი, საიდგან როგორ მიდიოდნენ ლეკები მეთქი. რაღა საიდგან ჭარბელაქნის გამოსასულელს გზებსა ანუ ალაზნის ფონებსა პირი ღია ჰქონდათ ყოუელს ადგილს და საითკენაც უნდოდათ, იქით წავიდ-წამოვიდნენ, იცოდნენ გამოსასვლელებზედ არავის დახვდებოდათ, მაგრამ როდისაც კი საქართუელოში შემოვიდოდნენ ანუ იყუნენ ხოლმე, ამ დროს ქართუელები ცეცხლსავით ეკიდებოდნენ, ასე მღვიძარებდნენ თავიანთ ქუეყანაში თავის მამულისთვის! 

ოსმალ ლეკების ბინა ვინ იცის,რავდენ ადგილს იყო საქართუელოს ტყის სიმაგრეებში, რომლებსაცა ხიზნებიცა თანა ჰყუანდათ ზოგიერთებს და ოსმალო ინახავდა ქართუელების დასაღუპათ. დიახ ხშირათ მოხდებოდა, რომ მდევრის კაცი ქართუელები წაეპარებოდნენ და დიდს ვნებას აძლევდნენ იმათ, მაგრამ ლეკი ტყეში მაგარია, რაკი ბინას მოიკიდებს, თავის ნებით აღარ გავა იქიდგანა, საიდგანაც ჩუმათ გამოდიოდნენ და სცემდნენ საქართუელოს. იმ ტყის სიმაგრეებში ჩამდგარი წვრილწვრილი ესე ნაგლეჯები დიდს ვნებას აძლევდნენ ქართუელებსა, ამიტომ რომ აღარ იყო იმათაგან მოსუენება და ყოუელი ქართუელი შეიარაღებული იყო დღე და ღამე შეკრული. როგორ იქნებოდა, ტანისამოსი არ გაეხადათ, საცუალი მაინც არ გამოეუცუალათ, ანუ ცეცხლზე არ დაებერტყათ, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს. ისევ საჩქაროთ უნდა ჩაეცოთ. უეცრათ მდევარი არ დაეძახათ, რომ მდევარში არ დაგვიანებულიყვნენ, რომელისაცა ამის რამდენიმე მაგალითები მოვიტანოთ, უფრო კარგათ დავინახამთ მაშინდელს დროსა. 

პირუელი, შუადღის შემდგომ ქ.ტფილისის ავლაბრის მხარეს სადაც ეხლა რიყეზე მცხოვრებნი დგანან, იქ მტკუარის პირზედ მჩითავებსა ჩითები ჰქონდათ გაფენილი და წყალი თურმე ნამავდნენ. ამ დროს ჩუღურეთისა და ავლაბრისა შუა ხევიდგან დაქვეითებული ლეკები წამოეპარნენ, უნდოდათ მჩითავები დაეჭირათ, მაგრამ ისინი საჩქაროთ მტკუარში გამოცურდნენ და ამით მოირჩინეს თავი. ამაზედ ერთი ძახილი და ერთი ყოფა შეიქნა ქალაქიდგან. არიქა მდევარი, მდევარიო. ლეკებმა მჩითავები რომ ვეღარ მოახელეს, ჩითები დაიტაცეს და გაიქცნენ რაც შეეძლოთ დიახ ჩქარა. დაქვეითებული ლეკი ცხენიანს მდევრის ქართუელს სადღა წაუვიდოდა, იქვე მახათას იქით მოასწრეს, ზოგი დახოცეს და ზოგი ტყუეთ წამოიყუანეს. ეს ამბავი სწორეთ მეფის ირაკლის სასახლისა პირდაპირ მომხდარა. აი ასე დაკადნიერებული ყოფილან ლეკები, რომ სიკვდილისაც აღარ ეშინოდათ არსად, ასე მოდიოდნენ საქართუელოზედ.

მეორე, რომელიმე დაუდევნელი ქართუელი თავადი ვახშმის შემდგომ გამოვიდა კარზე ფარაღათით ახალუხა მასკვლავებიანს ღამეში, დადგა ლოცუაზედ და ღმერთს ევედრებოდა(უწინ ჩუეულობა ჰქონდათ, ბევრი კარზე ილოცავდა ვახშმის შემდგომ თუ გათენებისას). ყუელას ეძინათ იმის ცოლის მეტსა. ამ დროს ლეკები მიეპარნენ, პირი აუხვიეს და მოინდომეს წაყუანა, იცოდნენ, დიდს ფულს გამოართმევდნენ. იმის ფორთხალში იმის ცოლი გამოვარდა ხანჯლით ფეხშიშუელა, ნახა, რომ იმის ქმარსა ეხუევიან წასაყუანად, დაიკივლა: გვიშუელეთ, ლეკებიო. ამასთანავე გაშიშულებულის ხანჯლით მიუარდა, ორი ლეკი მოკლა და თავისი ქმარი გამოიხსნა. ამ ქალის დაკივლებაზედ მთელი იმათი სახლეულობა გამოცვივდნენ, იმათი სოფლებიდგანაც სულ ერთიან, მაგრამ მანამდისინ ლეკებმა თავი მოირჩინეს, საითკენ რომელს მხარეზედ წავიდნენ, ვეღარა გაიგეს რა.

ეს არაფერი. შეხედავდით ერთი ბაირახის ასი კაცი ანუ ასზე მეტი ერთის მხრითგან მოდიოდა საქართუელოზე, მეორეს მხრიდგან ორი ბაირახის კაცი, მესამეს მხრიდგან სამი ბაირახის კაცი და შემდგომნი უფრო ბევრნი. ამ ნაწყუეტ ნაწყუეტის ბაირახის ლეკებით სავსე იყო საქართუელო, როგორც კალიებსავით და გუნდგუნდად დასტრიალებდნენ საქართუელოს. ახლა ამისი მაგალითებიც მოვიყვანოთ დასანახათ.

პირუელი. ყაფლანიანთ ჩუენს ფიტარეთის სოფელს ცხრა ბაიარაღების ლეკის ჯარი შემოადგა უეცრათა, რომელნიცა დაეშურნენ, მდევარმა არ მოგუასწროსო. იმ ღამესვე ერთმანეთში თითო მასრა წამალი მოკრიფეს და ხანჯლებით ამოთხრილს გალავნისა ძირში შეყარეს დიახ ფრთხილათ და გათენებისას კი ცეცხლი მისცეს, რომელმაცა ერთი მხარე კედელი ჩამოაქცია. ამასთან იჟივლეს ლეკებმა, ხმალდახმალ შიგ შეცვივდნენ. თუმცა შიგნით ძალიან ხელი გამოიღეს ქართუელებმა, ასე გასინჯეთ დედაკაცებმაც ხანჯლებითა და თავი იზღვიეს, მაგრამ გაჯავრებულმა ლეკებმა ბოლოს დასძალეს ფიტარეთელები. დიდი და პათარა ასე ამოწყვიტეს , რომ ერთი ცოცხალი აღარ გაუშვეს . ჩუენი სასაფლაო ხომ რასაკვირველია აიკლეს , ის იმისი იმთენი სიმდიდრე და დიდის დავლით ოსმალოსაკენ წავიდნენ დიახ ჩქარა, კიდევ მდევრისა ეშინოდათ. სამხრობის დროსა მდევარიც მოვიდა, მაგრამ სავალალოს მეტი ვეღარა ნახესრა.

მეორე. გორიდან წამოსული მეფე ირაკლი მოეშურებოდა ოცის ცხენიანის კაცით საჩქაროთ ქალაქში ჩამოსულიყო. ამ დროს როდესაც ჭალას დაუახლოვდნენ, ორი ბაირახის ლეკი გამოვიდა ტყიდან და ამატზე წამოვიდნენ მინდურად. ლევან ბატოიშვილიც იმ დროს იქ ხლებია მამა მეფეს და ოთხი ზალიც თანა: თავადი ზაალ ენდრონიკაშვილი (კუზიანი), თავადი ზაალ ბარათაშვილი (დიანბეგი), თავადი ზაალ მაჩაბელი (ბოროტი) და თავადი ზაალ ორბელიანი (ყაფლანიშვილი). თურმე მეფე ირაკლი იტყოდა ამ ოთხის ზაალისას: ოთხი ზაალი ჩემთან რომ იყოს, ოთხი ათას მტერსა არ დავერიდებიო. ასეთი გულოვანი ვაჟკაცნი ყოფილან ეს ოთხნი, მაგრამ ბოლოს ზაალს ორბელიანს მეფის ირაკლი ღალატი შემჩნევია, რომელსაცა დაუჭერინებია და კარგა ხანი ხუნდ ქუეშ ჰყოლია დაჭერილი. ამაზე რაღა გავაგრძელოთ, ესენი დამდგარან და რჩევა უკითხამს მეფეს, რა ვქნათო? ზოგს რა უთქვამს და ზოგს რა. მასუკან ლევანისთვის უკითხამს: შენ რაღას იტყვიო. ამას მოუხსენებია: თუ თქუენ აქ არა ბრძანდებოდეთ, მე ვიცი რასაცა ვიქმოდი, მაგრამ თქუენ რომ აქა ბრძანდებით, მე აღარა მეთქმის რა. მეფემ მეტის სიამოვნით გაიცინა და მასუკან მიუბრუნდა იმათ: ამ წუნკალებზედ თოფი რომ გავცავალოთ, სირცხვილი არ არის ჩუენთვის? ეხლავ ჩახმახიდგან წამალი გადუყარეთ თოფებს. მაშინუე გადუყარეს, ამასთანვე დაისუეს ხმლებს ხელი და შუა ლეკებში დაეძგერნენ, რომელთაცა იმ წამსვე მოშალეს იმათი დასი და წინ წაიყარეს. მეტი გაიქცა, ტყეში შეცვივდნენ, სხუა ზოგი დახოცეს, ზოგი გადაკინძული ტყუეთ წამოიყუანეს და გამარჯუებული წამოვიდნენ. უფროსი ერთს შემთხუევაში ყოუელი ცოტა ქართუელი სულ ასე ომობდა. წახდებოდნენ თუ დაამარცხებდნენ, არას დასდევდნენ. დრო იმისთანა იყო, რომ უთუოთ ასე უნდა ექნათ, ამისთვის რომ ამით უფრო სტეხდნენ და თუალებს უბამდნენ საქართუელოში სამსეს მტერსა.

მესამე. ბატოიშვილი ლევან სამშაფათის აბანოში იყო რამდენსამე არჩეულის ამალითა. ამ დროს მეფეს ირაკლის კაცი მიუვიდა:საგურამოს ტყიდგან ლეკის ჯარი წამოვიდა, ავჭალაზედ მოდიან, უნდა ქაახდინონ. ლევან მაშინვე გამოვარდა, იმის ამალაც თან გამოჰყუადა და სირბილით კუკიაში გავიდნენ გზაზე ტანისამოსის ჩაცმით, სადაც შეკაზმული ცხენები და იარაღი მოართუეს, რომლებიცა სულერთიან და საჩქაროთ გასწიეს. რა გლდანისა მხარეს გავიდნენ, იქ ექუსასი ლეკი დაინახეს ავჭალაზე მომაუალი ექუსის ბაირახით. ბატოიშვილმა ლევან ბრძანა:მამიჩემის მეფის ბაირახი გაშალეთო იქიდან ბელადმა დურბინდში გამოიხედა და მეფის ირაკლის ბაირახი რომ დაინახა, დაიძახა:ის ძახლი ერეკლე აქ არისო. ამასობაში ქართუელები კიდეც დაერივნენ და გამარჯუებული ბევრის ტყუებითა ქალაქი შემოიარეს.დიდი და პატარა ბატოიშვილი ლევანის დღეგრძელობას ღმერთსა სთხოვდნენ გულმხურვალედ,მაგრამ ღმერთმა არ შეისმინა ქართუელების საუბედუროთ.

ამ ამბებში შახედავდით,რომ ოსმალოს მხრიდგან დიდი ჯარი გამოვიდა საქართუელოზე. ეს კიდევ არაფერი. შეხედავდით, რომ ჭარბელაქნის მხრიდგან უფრო ბევრი. ეს კიდევ არაფერი. ზოგჯერ და ზოგჯერ ხანების ჯარები, რომ წამოესეოდნენ თავის ხანებით და ერთიან საქართუელოს დანთქმას უპირებდნენ, ის კიდევ არაფერი სპარსეთის ხელმწიფეები დიდრონის ჯარებით რომ წამოვიდოდნენ და მთელი საქართუელოს ჩაყლაპა უნდოდათ, როგორც ვეშაპს პატარა ბატკანი.

ეს ამდენი უსაშინლესი ამბები სულ მეფეს ირაკლის და იმის ქართუელებსა აწუათ კისერზე, მინამ მეფე ირაკლი მოკვდებოდა. ამას ასე ვანბობ, მაგრამ ტანში ჟრიალი მივლის იმ ამბების საშინელებით. წარმოიდგინეთ ის გარეთი იმთენი მოსეულობა,იმთელი მტრები, ის იმთელი დაცემულობა ვერას უზამდა ირაკლის და იმის ქართუელებსა, თუ ის დაფარული მტრები არა ჰყოლოდათ. იმ დაფარულმნა მტრებმა მეფის ირაკლის ოჯახი დააქციეს და საქართუელოც საფუძუელზე დაიყვანეს. 

აბა ახლა ამისი პასუხი მამეცი კეთილგონიერო და დიდსულოვანო, მართალო კრიტიკო, იმ ჩუენი მამაპაპების იმდენის მამილის მსხუერპლისთვისა, ერთობ იმათი შვილები ანუ შვილიშვილები დიდი პატივისცემის ღირსნი არიან თუ არა, ანუ საუკეთესო დიდი ჯილდოსი? 

სიმართლეო, იმედი მაქუს, შენ ამას არ დაიდუმებ, ერთს დროში ამაზედ მართალს დაიძახებ...

დეკემბერს 1865–სა წელს 

ქ.ტფილისისს.

??????