გამსახურდია კონსტანტინე
გაზიარება

კლარა 

შაბათ საღამოს, როცა ბერლინელი ფილისტერები ყვითელ ფარდებს ჩამოუშვებენ ფანჯრებზე, ჩვეულებრივ ჩემს გოგონასთან მივდივარ ბერლინის გარეთ, შონებერგის ვილაში.
იმ ღამეს ამაოდ ვუცადე ტრამვაის. ჩამოდგა ჩაქჩაქა ცხენის ომნიბუსი. ეს ომნიბუსი თავისი ლივრეებიანი კუჩერით ძლიერ წააგავს ჰაინრიხ ჰაინეს დროის პოსტილიონს. ამ კუჩერსაც მაღალი, თეთრი ცილინდრი ახურავს თავზე; გრძელი, წვეტკაუჭა მათრახი უჭირავს ხელში.
ახლაც მაგონებს იგი რომანტიკოსების გერმანიას.
ვეღარც ომნიბუსში ვიპოვნე ადგილი. ნაომარ ბერლინს უამრავი ხალხი მოაწყდა შვეიცარიიდან, იტალიიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან.
სასტუმროებში, ბარებში, ტრამვაიებში ტევა აღარაა. ვალიუტა ეცემა და სპეკულანტები მთელი ქვეყნისა ბერლინში შეგროვდნენ, რათა ნაალაფარში თავათაც დაიდონ წილი.
ქუჩაზე უსაზმნოდ მიმავალმა, ნისლიან მოედანზე მიწისქვეშა მატარებლის გაჩირაღდნებულ აბრას მივაშურე და მთვარეულივით ჩავიარე კიბეზე.
ყოველთვის, როცა მიწისქვეშა მატარებლით სადმე წასვლას დავაპირებ, ჩემი ფანტაზია საოცრად აზვავდება ხოლმე.
ასიოდე წლის შემდეგ სამი პარალელური მოძრაობა იქნება ალბათ ქვეყანაზე: მიწაზე, მიწის ზევით და მიწის ქვეშ.
და იქნება მეორე მიწისქვეშა ევროპა: ცათამბჯენები, ხიდები, ქარხნები, სასტუმროები, მუზეუმები, უნივერსიტეტები, ციხეები, ცირკები და ათასნაირი ფოკუს-მოკუსი ადამიანური სისულელეების გულისმოსაჯერებელი. და იქნება მეორე მიწისქვეშა ცივილიზაცია.
ტანმორჩილ ფრანგის ოფიცრებს მოვკარი თვალი. ეს ალბათ სარეპარაციო კომისიას ჩამოჰყვნენ, - ვფიქრობ და ვაკვირდები. ამპარტავნულად მოაბიჯებენ თავიანთ მოკლე ფეხებს და ოლიმპიური სიამით აღვსილნი სახეს უკმეხად არიდებენ ბაქანზე მოგროვილ ხალხს.
საოცარია: პატარა ადამიანები მუდამ დარბაისლურ პოზაში რომ იხრაკებიან.
- უმუშევარი ინვალიდი ვარ, - მეუბნება გერმანულ ჯარისკაცის გახუნებულ ფარაჯში გამოწყობილი უზარმაზარი ცალფეხა კაცი და ბერლინისა და მისი შემოგარენის სურათებს მაწვდის. მე ორი მარკა მივეცი ბედშავს და ფოტოსურათები უკან დავუბრუნე.
უფოთლო ტყეში შემოჭრილ გრიგალივით შემოვიდა მატარებელი და თავის უშველებელ ნაწლავებიდან უშქარი ბრბო გამოჰყარა. მატარებლის დაორთქლილ ფანჯრებიდან ისე დაღვრემილი გამოიყურებიან ადამიანები, როგორც აკვარიუმის დანამულ შუშებიდან თევზები.
მეც უკვე ვაგონში ვარ და ფანჯრიდან ვხედავ წითელქუდიანმა სადგურის უფროსმა მარჯვენა ხელი როგორ ასწია და დაიძახა "ფერტიჰ". მატარებელი გაქანდა დაფდაფით, რახრახით, რაზრაზით.
რბილ საჯდომში ჩაყუჟული ანაზდეულად თვალს ვხუჭავ და ჩემი დაქანცული სხეული მინებდა მის სრბოლას.
და მაგონდება ჩემს ბავშვობაში ნანატრი ფოლადის რაში, აღვირს რომ აიწყვეტს, ფაფარს გაშლის, აჭიხვინდება, აფრუტუნდება. მიწაზე ფეხის დაუკარებლად ისე სწრაფად, ისევე მარდად მოჰკურცხლავს და გამაქანებს მოუსავლეთში.
თვალი გავახილე, ჩემს პირდაპირ სამი შავგვრემანი ქალი ზის, მსუქანსა და მოკლე თითებზე მსხვილი ბრილიანტები ციაგობენ ელექტროს შუქით გაბრწყინებულნი.
ისინი ბრილიანტების გამო ლაპარაკობენ. ყველაზე უფროსს ინგლისური ბულდოგი უზის ფერხთით. და მე ვამჩნევ: ეს ძაღლი ძლიერ წააგავს თავის პატრონს. სწორედ ამ ბულდოგისმაგვარ ბურჟუას ცოლს ნუშისოდენა იაგუნდი ჰკიდია ყელზე.
მატარებელი ტონელში შევიდა, ვეღარც ქალს ვხედავ, ვეღარც მის იაგუნდს...
შემდეგი სადგური.
სახეგაწითლებული ღიპიანი მამაკაცები და მუთაქასავით მრგვალი დედაკაცები შემოდიან.
ეტყობათ ჰოლანდიელები არიან. გაჭიანურებულად ლაპარაკობენ, თითქოს მღერიანო. მათ შემოჰყვა ვიღაც გამხდარი, სათვალიანი კაცი. მას აუარებელი ქერტლი აყრია საყელოზე. სიგამხდრე, სქელი პორტფელი და დაუდევრობა მოწმობენ: იგი ბერლინელი დოცენტია, ან პედაგოგი. მის გვერდით სქელი თეძომოქცეული კაცი დაჯდა.
ცხვირზე უშველებელი მეჭეჭი აქვს, კისერზე ჭრელი კაშნე. კისერი რომ მოიღრიჯა, გამოირკვა: თავი და ტანი ისე შეზრდილი ჰქონია, რომ კისერი აღარც კი უჩანს. რაღაც ქაღალდები ამოიღო ჯიბიდან. როცა ბოლომდის ჩაათავა, ქაღალდი გადმოიკეცა და მე ვკითხულობ პირქვე დაკიდულ ასოებს: გ. მ. ბ. ჰ. სააქციო საზოგადოება.
მერმე ქვევით:
"ბერლინ შონებერგ. მოწყალე ბატონო... თქვენ კონტოკორეტზე გადატანილია ას ორმოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგი".
მე ვფიქრობ ჩემთვის: ერთი შეხედვით ეს ვიგრივით თავწვრილა უკისრო კაცი ხომ ძლიერ განირჩევა მტაცებელი ცხოველისაგან... მას ყოველგვარი ნიშატი აკლია საამისოდ. მისი მოკლე ფეხები მარჯვედ ვერ გახტებიან, მისი უშნოდ გამოჩორგვილი, კახურ ჩურჩხელებსავით გასუქებული, კოტიტა თითები ხმლისა და თოფის ასაღებად ვერ გამოდგებიან. მაგრამ მტაცებელი მის მელოტ პატარა თავშია ჩასაფრებული. მას არც კლანჭი სჭირია, არც მაგარი მუხლი, არც სიმამაცე და არც ვაჟკაცობა.
კურსის აწევ დაწევას მისდევს მისი სისხლის ჩქარი მიმოქცევა. მეტროპოლიტენში სქელფეხებიანი ქალები შემობაჯბაჯდნენ. არც ერთს ქუდი არ ახურავს. ახალგაზრდა ქალი ზუდერმანზე ელაპარაკება ჭარმაგსა და ჭორფლიან, მკერდსავსე დედაკაცს. მონოკლიანი, ნაცრისფერ კოსტუმიანი მჭლე კაცი ისე იყურება მის დეკოლტეში, როგორც ცალთვალა ძაღლი სავსე კარდალში.
შემდეგ სადგურზე კოხტად თმაგადავარცხნილი, ინგლისურ კოსტუმიანი ჯენტლმენები შემოვიდნენ. ორი უქუდო ვაჟია, ორივე ორიგინალურად ჩაცმული. ორთავეს სტეკები უჭირავთ ხელში. დაჯდომისას ორივემ შარვლები წამოიწიეს. ორივეს ლილისფერი წინდები უჩანთ და გვერდის ჯიბიდან ლილისფერივე ცხვირსახოცები.
ესენი უკანასკნელი მარულას ამბებით არიან გართულნი.
"დერბი"
"ტრენინგი"
"გროს ჰერცოგ"
"მაქსიმილიან". მესმის მათი საუბრის ნაწყვეტები.
ჩემს პირდაპირ მჯდარ კაცს შვედური დროშის ფერებით შემკული მედალიონი უმშვენებს მკერდს. მის მახლობლად ტიროლელ მონადირის კოსტუმში გამოწყობილი ქერა კაცი ზის და გაზეთს ფურცლავს.
ვაგონის კუთხეში მაღალი, ტანადი ქალი დგას. მას ცალი ხელი ღვედისთვის წაუვლია. მისი საროტანი ელასტიურად ირხევა გაქანებულ მატარებლის რიტმულ სრბოლას აყოლილი.
ამ ქალს თოთხმეტიოდე წლის ჭორფლიანი გოგონა ელაპარაკება. იგი ცალი ხელით მაღალ ქალს ეპოტინება ხელზე, ცალშიაც შოკოლადი უჭირავს და კმაყოფილი წუწნის. მატარებელი იცვლება. როცა იგი მიწიდან ამოდის და სახურავებზე აცოცდება, აქედან ვხედავ სინათლის მოლაპლაპე ზღვას. აზვინულან რაიხსტაგის გოლიათური გუმბათი, თვალუწვდენელი გრანიტის ქარვასლები და გამარჯვების კოლონა ტირგარტენში.
დარბაზები, სასახლეები, შპრეეს გამურული დოკები აპოკალიპსურ ობობებსავით ფერდაღვარჭნილნი და პლაკატების ლაშქარი მისდევს ლიანდაგის ხაზს გაღმა-გამოღმა.
პირმოქუშული სასახლეები მდუმარედ შესცქერიან მიმქროლავ მატარებელს, თვალს ვხუჭავ, კუთხეში მიყუჟული ვზივარ და ჩემი სხეული ანგარიშმიუცემლად მისცემია გახელებულ სრბოლას.
ელექტრო ჩაქრა, ინათა. გავლილ სადგურზე ვაგონი დაცლილა. საჯდომების წინ პაპიროსის ნამწვები, გაზეთის ნაგლეჯები, შოკოლადის სახვევი და ნარინჯის ნაფრცქვენები ჰყრია.
სახეზე გაზეთს ვიფარებ და ვთვლემ. ჩემი ოცნება გაეყარა ამ სინამდვილეს და ასე მგონია ცხენს მივაჭენებდე ბნელ ღამეს, სადღაც, რომელიღაც უმწვანო, უფოთლო ტყეში.
ლიწინლიწინი გააქვთ გამხმარ შტოებს ცხენის ტორების ჩქამზე და მე იგი აღარა ვარ, და არც იქა ვარ, სადაც ვარ და მეც ის არა მქვია, რაცა მქვია.
ელექტრო ჩაქრა. მატარებელი სრიალით შევიდა ისევ ტონელში, ისევ ინათა. შავტანისამოსიან ქალს მოვკარი თვალი კუთხეში. იგი შეუმჩნევლად შემოსულა რონოდაში, როგორც ლანდების სამყაროდან გადმოხვეწილი მგზავრი. მუხლზე წიგნი დაუდევს და ფურცლავს, თვალი მოვიფშვნიტე, კიდევ შევხედე, კიდევ დავაკვირდი ამ ქალს. მატარებელი გაჩერდა, ბაქანი ცარიელია, ლანდები დალასლასებენ გათოშილ ფანჯრების გადაღმა.
"ფერტი.", "ფერტიჰ". მოისმა გარედან და ჩვენ უსიტყვოდ შევხედეთ ერთიმეორეს. მან ჩემზე ადრე ძირს დაუშვა თვალი და ისევ მწვანეკანიან წიგნს ფურცლავს.
ისევ ჩაქრა ელექტრო, რაღაც გავარდა, იგრიალა, თითქოს კავალერიის ატაკა მომხდარიყოს სადმე ბნელ ტყეში, აბჯრების ჩხრიალისმაგვარი რაზრაზი, რახრახი, შემდეგ კი გრუხუნი მოისმა და მოტორის გამაყრუებელი თუხთუხი და ბუბუნი.
გაზაფხულის ელვასავით აკიანთდა, რონოდის ფანჯრებზე ტონელიდან გამონაშუქი სხივის მწვანე ენებმა თალხ მინებზე გადაირბინეს და ტონელის კედლებზე მაღალი, გრძელი ლანდები აიწურნენ, როგორც ნაპოლეონის გვარდიელები იმპერატორის მოლოდინში.
კვლავ იელვა, დაიქუხა, დაიგრიალა, დაიგრუხუნა, გაბზარულ ზარივით აწკრიალდა ლითონი, და ისევ რიტმული როკვა და ელასტიური სრიალი.
ელექტროს სანათში ცეცხლის გველი დაიკლაკნა და ჩემს წინაშე კიანთობდა ორი სიკეთით სავსე სხივიანი თვალი.
მეც თვალი გავუსწორე, მისი უტყვი მზერა დავიჭირე ანაზდეულად. მან მზერა ამარიდა, კედელზე გაკრულ ბისქვიტის პლაკატს შეავლო თვალი. და ისევ შემომხედა ქურდულად. ისევ ამარიდა მზერა. მუხლზე დადებული საკვოიაჟი აიღო და სარკეში ჩიხედა. და ახლა შევამჩნიე ცალ მხარეზე ამოჭრილი მონოგრამა "კლარა".
კლარაო?
კიდევ შევხედე ამ ქალს და კიდევ ვთქვი ჩემს გულში "კლარა".
ეს სახელი წინათ არ მომწონდა, მაგრამ ეხლა საოცარი მუსიკალური ბგერა აქვს მას ჩემს სმენაში.
კლარა!
გახმიანდა უბგეროდ ჩემს თავში და ახლა, როცა მატარებელი ისევ ტონელში შევიდა, ელექტრო ჩაქრა, ბორბლების რიტმულ როკვაში სავსებით მკაფიოდ მომესმა მისი სახელი:
კლარა, კლარა, კლარა;
ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა.
კლარა, კლარა, კლარა...
ისევ აენთო ელექტრო. შევსცქერით ერთმანეთს უტყვი მზერით. ჩვენს შორის სიჩუმე დადის, დადის და ენა მიმოაქვს. ჩვენმა სხეულებმა არ იციან, თუ რას მოუთხრობენ ერთიმეორეს ჩვენი სულები. რაღაც უჩინარი, უხილავი ენერგიის ფლუიდებმა გაიღვიძეს ჩემს მოდუნებულ, დღიური ჯაფისაგან დაქანცულ სხეულში.
მატარებელი მიჰქრის, მიგელავს და ასე მგონია მისი სრბოლა გაასკეცდა კიდევაც. მინდა გაუჩერებლივ იქროლოს ამ გრიგალმა, რომლის უბეში ჩვენ ორნი ვზივართ. იაროს, იქროლოს, თუნდ ქვეყნის კიდემდის და ათასი ბორბლის რიტმულ ცეკვაში გამუდმებულად ისმოდეს: კლარა, კლარა, კლარა.
ახლა იგი თავჩაქინდრული ზის, ხელები საკვოიაჟზე უწყვია, თეთრი გრძელი თითები; არც ერთი ბეჭედი არ ამშვენებს ამ თითებს, ტყუპ დობილებსავით გაწოლილან ეს ხელები ყავისფერ ტყავის საკვოიაჟზე და ეს მეცნაურება.
ჰმ, სწორედ ასეთი ხელები აქვს ლუკას კრანახის რომელიღაც მადონას.
თვალს ასწევს და მიყურებს ისეთი სანდომიანი, მშვიდი, ბავშვური თვალებით, თითქოს დიდი, დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თითქოს ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ ძვირფასი და სანუკველი გვეთქვას კიდეც ერთიმეორისათვის, რომ სიტყვა აწი აღარ გვჭიროდეს, სიტყვებს მნიშვნელობა დაჰკარგვოდეს, ამ ჩვენს საოცარ განმარტოების წუთებში და ახლა ურთიერთის ნდობის სიჭარბეს მიუჭირვებელ დუმილით გამოვხატავდეთ.
და გვესმის მატარებლის რაზრაზშიაც თუ ვით ეხებიან ერთი-მეორეს ჩვენი სულების ნაზი, ქერუბიმული ფრთები. და მე აღარ მჭირია თავი ავწიო, თვალი გავუმართო და უბრალოდ, ნაზად, მეგობრულად ვუთხრა:
"იცი, კლარა"...
...ორივენი ბედნიერნი ვართ და გრძნობამოჭარბებულნი, რადგან შემთხვევას და ჟამისა დენას ჩვენ ორთა ერთარსება მჭიდროდ მოუმწყვდევია ერთხელხილვის ფოლადის სალტეებში: და ეს ერთხელხილვა ისე უჟამოა, დაუსრულებელი, როგორც მოწყვეტილი ცთომილის ეტლი, უსრულოების მარადჟამურ სრბოლაში. ჩვენი სულები საუკუნეების ამბებს მოუთხრობენ ერთიმეორეს და იგი ღიაა, ბრწყინვალე თვალებით შემომცქერის.
მე მუდამ შეყვარებული ვიყავი ვიღაც უცნობ ქალზე, იმ ქალს სწორედ ასეთი თეთრი, ვასვასა კანი უნდა ჰქონოდა, ასეთი საფირონისფერი თვალები, ასეთი ხელები, სწორედ ასეთი ხელები. მასაც ასეთი მთვრალი შემოხედვა უნდა ჰქონოდა, მასაც ასეთი ბეჭედივით ვიწრო ტუჩები...
დაბნელდა ისევ. მატარებელი ტონელში შევიდა.
ახლა ვეღარც მის სახეს ვხედავ, ვეღარც მის ხელებს, ვეღარც მის მშვენიერ მომრგვალებულ მხრებისთავებს, ვერც მის სილუეტს.
ვარაუდით ვიცი, თუ სად ზის იგი, სად სუნთქავს; ბნელში რომ წამოვდგე, ერთი ნაბიჯი და მის გვერდით ვიქნები. საჭიროა მხოლოდ პირი დავაღო და ხმამაღლა ვუთხრა:
...იცი, კლარა...
მატარებელი მიჰქრის და ორივეს მიგვაქროლებს ამ ბნელ ტონელში ღამისკენ, უფსკრულისაკენ და ამ ბორბლების რიტმულ როკვაში ისევ მომესმა მისი სახელი:
კლარა,კლარა, კლარა...
ინათა ისევ, შემდეგი სადგური. სუნთქვს ვიპარავ. ვკრთი, მეშინია არ ადგეს არ წავიდეს და არ დავკარგო სამუდამოდ. რა იქნება, რომ ავდგე, მივიდე ვუთხრა:
...იცი, კლარა...
...ადამიანებს რაღაც ზრდილობის კანონები გამოუგონიათ, თუ ვინმემ არ გაგვაცნო დიდ ქალაქში ქალი, ისე არ შეიძლება მასთან დალაპარაკება. რა იციან ამ შლეგებმა, ეგებ ჩვენი სულები, ერთხელაც განუკვეთელი ერთეულები იყვნენ, მირიად საუკუნეების სახეცვლაში ისინი გასთიშა სივრცემ, დრომ და გარდაცვალებამ და ახლა ისევ შევხვდით, ერთიმეორეს ამ ბნელ ტონელში.
"იცოდე კლარა, ეს წამი აღარ მობრუნდება, საკმარისია ახლა შენ ადგე, შემდეგ სადგურზე ჩამოხვიდე და ბრბოში გაერიო, მერმე ვინ იცის, სად გიპოვნი ამ ხუთმილიონიან ადამიანების მასაში.
კლარა, შენ ნაზი და გულისხმიერი ადამიანი ხარ. კლარა მე სისხლს მიმღვრევს შენი შემოხედვა, შენი უნაბივით წითელი ტუჩების სივიწროვე, შენი თეძოებისა და მხრებისთავების სიმრგვალე და ჰარმონიული სისავსე.
იცი, კლარა, ჯერ სავსებით ახალგაზრდას სიკვდილის შხამით მომეწამლა საწუთროება. ახლა სიკვდილი არ მჯერა, როცა გიყურებ, კლარა. და თუმცა ჭარმაგი ერის ნაშიერი ვარ, მაგრამ მთების შემძრავი ენერგია მახრჩობს. მიტომაც მგელია ჩემს გერბზე გამოხატული, კლარა.
ოღონდ შენ მითხარი და ალქიმიას შევისწავლი და ოქროს ელემენტებს გამოვძებნი უასაკო საგანთა ქაოსში. ვარსკვლავების ცვალებად ეტლს შევიცნობ და გამოვიკვლევ. - ოღონდ შენ მიმითითე და უდაბნოებს გადავლახავ: ლურსმულ წარწერებს გავშიფრავ და თუნდაც ბუნების შვიდბეჭდიან წიგნში ამოვიკითხავ მცენარეთა და პირუტყვთა იდუმალ ენას, პოემებს დავწერ და რომანებს - და ყველას და ყველაფერს ერქმევა შენი წმინდა სახელი: "კლარა".
მინდა ავდგე, მივუახლოვდე კრძალვით, ქუდი მოვუხადო და შევევედრო მის გვერდით დაჯდომის ნება დამრთოს, ნება დამრთოს მხოლოდ ეს ვუთხრა:
..."იცი, კლარა"...
მატარებელი მორიგ სადგურზე შესდგა. მონუსხული მზერით შევსცქერი. მან ხელთათმანი ჩაიცვა ცალ ხელზე, ნამიან მინაზე ორთქლი წაშალა და ფანჯრიდან გაიხედა.
ვკრთი მოუსვენრად ვწრიალებ, საცაა უნდა წამოდგეს, ვაგონის ავტომატურ კარს გააღებს და სამარადჟამოდ გასწყდება ჩვენს შორის ის ერთადერთი ხედვის ლარი, რომელიც კიდევ გვაერთებს.
ავტომატური კარი გაიღო, ვიღაც მწვანემოსასხამიანი ცეროდენა შემოვიდა. კუპეს კუთხეში დაჯდა, ქუდი სახეზე ჩამოიფხატა, ორივენი დაგვათვალიერა.
მე ბრაზი მახელებს. რა უნდა ამ კომბლეს, სხვა კუპე ვეღარ ნახა?
ჩვენ დუმილით ვესიტყვებით ერთმანეთს, დუმილით და ეგ ოჯახქორი შემოგვეჩხირა. დაჯდა და მოყურიადესავით გვითვალთვალებს ეს გაბღენძილი, ეს ბურჟუა, ეს არამზადა, რომელსაც ოქროს უშველებელი ბეჭდები აქვს თითებზე.
ეხლა ვნანობ, ვაყვედრი ჩემს თავს, რომ არ ავდექი და არ გამოვეცნაურე კლარას... ახლა ყოველივე ამაოა.
საათს დავხედე: პირველის ნახევარია. სწორედ პირველ საათზე შეწყდება მოძრაობა მიწისქვეშ. კიდევ რამდენიმე სადგური. მატარებელი ახლა სადგურს უახლოვდება. კლარა გარეთ იყურება. ჩემი მზერა მის მზერას აჰყვა.
შპრეეს შავ წყალზე გამურული ბუქსირები დაჩოჩავენ. სპილოს ხორთუმებივით მოდრეკილ ელევატორებს მდუმარედ ჩაუქინდრიათ დრუნჩები.
და რკინის ხიდები პრეისტორიულ ცხოველების ჩონჩხებივით აღმართულან ელექტროთი განათებულ ღამეულ ცადაქმნილზე.
კარი გაიღო თუ არა, უამრავი ხალხი შემოცვივდა კუპეში. მე თვალი ამიჭრელდა მღელვარებისაგან. კუპედან გამოსულ კლარას მრგვალ მხრებისთავებს მოვკარი თვალი.

. . . . . .

ჩემს გოგონას სწორედ ისეთი თაფლისფერი თმა ჰქონდა, როგორც კლარას, მასავით საფირონისფერი თვალები და ბეჭედივით ვიწრო ტუჩები, - მაგრამ იგი სულ სხვა იყო.
პატარა ვარდისფერი თითებით ეთამაშება ჩემს კულულებს.
ჩემი ოცნება კვლავ გაეყარა ამ სინამდვილეს და მე იგი აღარა ვარ, ვინცა ვარ, იგი არა მქვია, რაცა მქვიან და ვფიქრობ ჩემთვის:
სად არის ნეტავ ახლა კლარა?
- იცი, ძვირფასო, პირველი ჭაღარა, პირველი ჭაღარა! გასულ შაბათს ეს არა გქონია.
პირველი ჭაღარა, ჰა, ჰა, ჰა... მეტიკტიკება ჩემი პატარა გოგონა და კისკისებს და კისკისებს. მე ვსდუმვარ.
ან როგორ გავაგებინო მას, რომ ხანდახან შესაძლოა ერთი საათის მანძილზე საუკუნოების წამება განიცადოს ადამიანმა?!
ვსდუმვარ და ვფიქრობ, შერეულისა და მიუწვდომელის გამო...

??????