დოჩანაშვილი გურამ
გაზიარება

იქამდე 

მონადირეს შეეშინდა და ლელიანში გაწვა, თან ფრთხილად იცქირებოდა. იმ ადგილებში, სადაც სანდრო ხელმეორედ მოხვდა, ბევრი მაღლივი სახლი დაედგათ, ადრე კი ფიჭვნარი იყო. ძველი ეკლესიაც წიწვნარში იდგა, იქ იძინებნებდნენ და იღვიძებდნენ, კარგი იყო. არსებას ადამიანის ტანზე არწივის სახე ედგა, განზე მძვინვარედ ექცია თავი, და მონადირეს უცნაურად აშინებდა-იცოდე, წავალ, არ მოვბრუნდები. წასულიყო რა, მაგრამ ძალიან ქვურად ჩამოეძერწათ, მნიშვნელოვანი იყო. იმ ადგილებში ჯერ ოცი წლისა მოხვდა, მერე კი ოცდაცხრა წლის შემდგომ და გაკვირვებულმა გაიფიქრა-ერთი ამდენიც და, აღარც ვიქნები. არადა, ეს ამდენი წელი საკმაოდ უცებ გავიდა, თუმცა გზადაგზა მუდამ ხვდებოდა რაღაცები, ცუდიც და კარგიც. ცუდი,რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი, რადგან ადამიანიიყო ისიც და კარგს უნებურად ვერ ამჩნევდა. მაგრამ თუკი მიუხვდებოდა, დაფასება იცოდა 
დღევანდელ უშნო სახლში ცხოვრობდა, მაგრამ თავიდანვე ძალიან უყვარდა იხა, გინდა ძველი და მიწაში ნატეხად ნაპოვნი და გინდ ახლად გამომწვარი და უგემოვნოდ მოჭიქულიც კი, რადგან წიაღით რაღაც ღირსეულ რასმეს აგონებდა. უბრალო, მგრამ შემძვრელი მიხვედრა იყო – კიდევ ოცდაცხრა წელი და, ნამდვილად აღარ ვიქნები, არადა, ის წინა ოცდაცხრა რა უცებ გავიდა. ამიტომ ბუნებრივად მოუნდა, რომ რაიმე ღირებული უნდა მოესწრო, მაგრამ რა? მაინც რა... ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს ხოლმე, რაა კარგი და ცუდი, ანდა მართალი და არასწორი, და ნეტა რა უნდა მოესწრო? 
მაგრამ სურდა რაღაც. 
ხანდახან ისე ძალიან სურდა, ხელებს გამეტებით იქნევდა, მარტო თუ იყო. მაგრამ ხელების ქნევა რას უშველიდა აფორიაქებულ მასში დიდი – დიდი, სისხლის უფრო სწრაფ მიმოქცევას, არსებები კი მხოლოდ მაშინ ეცხადებოდნენ, მიბლანტებული თუ იყო. ამიტომ სანდროს უნებური გაყუჩება სჩვეოდა და საერთოდაც ხშირად მარტოვდებოდა, მაშინაც კი, როდესაც სხვა ადამიანებთან ერთად ვითომ ზეიმობდნენ რაიმეს. მხოლოდ მაშინ ორ, სამ და ბევრდებოდა, მელნის საყდარით, ბნელი კალმისტრით თუ ძნელ სითეთრეზე მიბორძიკობდა, მაგრამ ეს შიგადაშიგა ჩვევა მისთვის თან ძნელი და რაც მთავარია, საეჭვო იყო – უფლება, ჰქონდა? ერთი შეხეხდვით, რატომ არ ჰქონდა, უნდოდათ და, გამოუმზეურებდნენ, პასუხისმგებლები ვითომც სხვები იყვნენ, მელნის საყდარით, მაგრამ იცოდა, რომ პასუხის მგებელი მხოლოდ თვითონ იყო; იმაზედაც კი, რაც მხოლოდ გაუფიქრია, არამცთუ სხვებისთვის თავსმოსახვევზე, თიხის მეუფედ კი რაღაც მყარი საგანი იყო, ამომკაწვრელი, კარგად ვერ ახსოვდა. აბა, რასა ჰგავდა ეს: 
-რა ქენი, როგორ მოიარე. 
- ლევიკო თუ ნახე. 
- არა, სამტრედიაში იყო წასული. 
- რატომ? 
- რაღაც საქმეზე. 
- შენ რა გითხარი, 
ნუთუ ესენიც სიტყვები იყო, სოველი და ხაოიანი ენითა და ხორხით და ბლაგვი ტუჩებით გადმოფანტული ბგერები, წვდომის მასალა და, სიტყვები, რომლებიც წარმოთქმისა და ქაღალდზე გადმოტანის გარდაც, ფიქრებშიაც წამდაუწუმ რაღაც არეულად, მაგრამ ბუნებრივად დგინდებოდნენ. შიშით გარინდული მონადირე კი თავსშიდა სითეთრეში – ურმახ! - და ნაოჭები უნაცრისფერდებოდა, რადგან არსება, რომელსაც პოხიერი ტვინით მიჯაჭვოდა, გაცილბით საშიში იყო, ვიდრე ლომი – ურმახ: რადგან მისივე მოდგმისა იყო, ოღონდ ცივ წყაროს გემრიელად სვამდა, რა დიდი მიხვედრა ამას უნდოდა, სწყუროდა, ალბათ, მაგრამ წყურვილი იქ უფრო იყო, უხმოუყუიუ სიტყვებით მავედრებელი, როდესც სწვავდნენ, როცა ოთახში ვეღარ დატიეს და სანდრო იძულებული იყო ისე ნაჩვევი ფურცლების დასტა, აჭრელებული, გადაწერილი, გადაბეჭდილი, დასტამბული და მოკლედ, ნახმარი, უმაქნისი აწ, იქვე ეზოში შეღამებულზე რომ გაეტანა და ცეცხლს მისცა მერედა რითი – წუმწუმაა თუ რაღაც ოხრობა, მართლა ოხრობას რომ ეძახიან, იმით;ეს ამდენი ხნის ნა, ლო, ლი, ავები – არა, ქვემო სიტყვაა ლოლიავი აქ, თითქოს მორჩილი მაგრამ ყოველივეზე მეტად ჯიუტი, მისი ქაღალდი, ეს მისი ქაღალდის დასტა უგანგაშო და ჩუმი ტანჯვით ნელა იწვოდა აქ; იწვოდა, ვინაც უჯიუტა და უერთგულა, ვინც, ისეთი სიმწრით ასამეტყველებელი, ისეთი სიმწრით, თავზარს დაგცემდა წინასწარ რომ გცოდნოდა, მაგრამ ყოველთვის ერთგული იყო – სიმარტოვისას, ისაა და შენ, და სიერთგულით ისიც ისევ მხოლოდ “შენ“ იყო, თითებქვეშ მორჩილად გედო, შენ იცოდი და შენმა კაცობამ, ახლა კი, სადღაც სტამბაში სულ მთლად უშენოდ სხვების ქაღალდზე გადაიტანეს, ის კი,სადღაც სტამბაში სულ მთლად უშენოდ სხვების ქაღალდზე გადაიტანეს, ის კი, ერთგული, თავდაპირველი, ოთახში დარჩა, სანდრომ გაიტანა და, უმადურმა, ცეცხლს მისცა და მერედა რითი – ერთი ასანთის მესამოცედით, იმ ასანთისა, კაპიკი რომ ღირს, და მაშინ ჯერ მხოლოდ მცირედი სინანულით დასცქეროდა თუ, როგორ იწვოდა ადრე მისი აქეთ დამმწვავი, ოღონდ ნებსითი, ამორჩეული, დროებითი და, ისიც, სწვოდა, უიმედოდ ცეცხლს მიცემული, ბაცი ჟრიალით მუქდებოდა და იჭმუჭნებოდა, ცალი მხრივ თრთოდა, და ისევ მისით, ისევ ქაღალდით აღზევებული წუმწუმის ალი აჭკნობდა, აშმუშნებდა, და ჯერ დაუშლელ, მიმოკრუნჩხულ პირვანდელ ფერფლად თუმც წყურვილობდა, ალა – თან ცუდად დაიბზარა დაღამის ჰაერში ატივტივებულ, ციმციმით მოფარფტე მის ნაწილაკებს, აბჟუტებულებს, ნავლშერჩენილებს, ეჰ, რომელიღაც ძნელ ყოფილ სიტყვებს საითკენღაც განიზავდა მხურვალება, დაბლა კი, შავად მწყურვილე დასტაში, უცებ დახრილი და საკუთარ უმადურობას მიმხვდარი სანდრო ძლივას არჩევდა რაღაც ნაფლეთებს - ...რალეთ...რისას...წი..., და გაიმართა, მოიბუზა, პირი იბრუნა, იდგა, და იდგა, და მერეც რომ დახედა, ძლივსღა ხრჩოლავდა ნაქაღალდარი, ვეღარც სწყუროდა ალბათ, რადგან სხვა იყო, - ფერფლი, მერე დღისითაც შავ ლაქად იდო, ქარმა გარეკა, გამორეკა, ნაცეცხლარად კი მაინც მოჩანდა, ხოლო როდესაც წვიმა მოვიდა, ისიც წაიღო, თითქმის წაშალა, მაგრამ რაღაც სახება მაინც მოჩანდა საკმაოდ დიდხანს, ეს დიდხანს, მაინც რაღა სიტყვაა, ყველაზე სულელური ალბათ, ეს მაშინაც კი იცოდა სანდრომ, მონადირესაც აკი ეგონა რომ მისნაირი, ურმახზე საშინელი, წყალს დიდხანს სვამდა, მაგრამ სრულებითაც არა, იმან წყალი სვა, სვა, სვა, და წავიდა. 
* * * 

ზლაზვნით, ტაატით მიაბიჯებდა, არც ცა ჩანდა და არც გადასაკარგავი, ჯერ აარც მიწა იყო და სულაღაარც წყაოი, სანდრომ ორი ჭიქა „კრემ – სოდა“ ჩამოასხმევინა თეთრხალათიან გამყიდველს და ერთი ჭიქა თამრიკოს გაუწოდა. 
სვამდნენ. 
თამრიკო სვენებ – სვენებით წრუპავდა ლაღიძის კარგ, სეროფით გაუმჯობესებულ შუშხუნა წყალს, სანდრომ კი ორი სწრაფი მიყუდებით გამოცალა ჭიქა და ცოტა არ იყოს, ეუხერხულა. თანაც, ისე ძალიან არ სწყუროდა, რამ დაახარბა, შორეული კი, მეტისმეტი შეწუხებით თავზარდაცემული, ძალიან აწრიალებულ შიგანს ჩაშავებული ფრჩხილებით ვერ სწვდებოდა და გარედან იხოკავდა ყელს, მკერდს, მუცელს, თან უღრუბლო ცას თვალს ვერ აშორებდა, ეს მას შემდეგ, რაც, სქელი ფრჩხილებით ამოთხარა ბევრი ნაგუბარი, 
- კიდევ დავლიოთ? 
- მე აღარ მინდა. 
- ხომ არ გეჩქარებათ. 
- არა, სად ... - შეკრთა გოგონი. 
- მაშინ მე ავიღებ, - „კრემ – სოდის“ ქვითარს გულისხმობდა, სალაროსთან კარგა რიგი იდგა, სანდროც, ჩადგა და თამრიკოს ვითომც იმედიანად გამოხედა, მაგრამ შეძრულ პირისახეზე დაწრეტილი ღიმილი ედო, შორეულმა ერთიც ღრმული რამ იპოვნა, ძლივას არჩევდა, რადგან წყურვილისაგან თვალებშიც კი დშრეტოდა სისოვლე და მტვერი გადაჰკვროდა, იმ ღრმულში ჩაჰყო ხელისგული, ფართოდ დაადო, ნოტიო ჩანდა თითქოს მიწა და შეძრულმა მოთხარა, ხახაში ჩაიდო, ცოტა ეგრილა და გაბმით ზმუოდა, სანდრო მესამე ჭიქას უკვე არხეინად, ნება- ნებაზედ სვმდა, თამრიკოს მშვიდად, კეთილად შეიხედა, იმანაც გაუღიმა, პროსპექტზე გავიდნენ, 
- საით წავიდეთ? 
- საითაც გნებავთ. 
- კი? აქეთ ხომ არა? მანდეთ? რატომ არა, კი, 
და მარცხნივ გაუხვიეს, სინედლე ეცოტავა თუ ემადლიერებოდა, თავადაც არ იცოდა, ვერა ხვდებოდა, ალბათ ორთავე რამ ერთად, ისე კი, გაბმით ზმუოდა, თვალებში მიწა რომ არ ჰქონოდა დიდ ქუთუთოებს დახუჭავდა და ისე იზმუვლებდა, პირიც მიწითვე ჰქონდა სავსე, ძლივს აბრუნებდა დახეთქილ ენას, 
- არა, არა, აქეთ წავიდეთ, - თქვა უცებ სანდრომ, შემოაბრუნა, იდაყვთან შეავლო ხელი. 
- სად მანდეთ... - ისევ შეკრთა გოგონი. 
- მაღაზიაა აქ ერთი და... 
ჭირი, ჯანდაბა, წინადღითაც არ უგემნია რაიმე ძალიან ან მწარე, ან მლაშე, ან ტკბილი, ასე რამ აღერღა, თავადაც ვერ გაეგო, გამწარებული ფრუტუნებდა შორეული, ხახის დაბზარულ ნაპრალებში ჩარჩენილი მიწის მოცილებას ხაოიანი ენით ლამობდა. 
- თქვენ არ შემოხვალთ? 
- მე, რატომ... არა. 
- ახლავე, წუთში... 
მაღაზიაში სწრაფად შევიდა და თქვა: 
- ერთი ჭიქა ბორჯომი... არა, ერთი ბოთლი. 
„ბორჯომი“ კარგი იყო, ხახაში თუკი რამ ზედმეტი ჰქონდა, წიწკვნით აშორებდა, თავიც გადახარა ერთ – ერთ ყლუპზე და შეიჯანჯღარა, დაუამებელ ყელზე ისვამდა ხელს, თამრიკო შეშინებული უმზერდა მინის იქიდან, შორეულს ნეტარებისგან აძიგძიგებდა, რადგან ძალიან აწვიმდა და თავაპყრობილს წვიმისათვის ნდომით, ფეხისწვერებზე დაჭიმულად შემდგარს მიეშვირა ხახადაღებული სახე, დიდი ამბავი თუ გწყურია და სვამ, თუნდაც წყურვილი იყოს არა ბუნებრივი, 
- ბევრი გალოდინეთ? 
- არა. 
- საით წავიდეთ? - რატომღაც ვითომ იხუმრა: - ქვეყანა დიდია. 
- მე მეჩქარება. 
- მიგაცილებთ. 
- ჰო. 
ძალიან თეთრად და მდოვრედ წვიმდა, სითეთრე იყო იქამდე რომ, მზერას აგიმღვრევდა, შორეული ძლივსღა ახელდა ნაცრისფერ თვალებს, მთელი სხეულიც მოთენთოდა, თვალებივით ელულებოდა, და ტუჩებით ისევ დასწვდა მოყავისფრო ცას, კვლავ შეითავისა წვიმასავით ნეტარება და მერე, გახარებულმა, პაწია ენით ვეღარ მოიძია ენისშემშლელი არაფერი და უცებ თქვა: “დე – და“, 
სანდრო ამჯერად ოდნავ მოშორებით, სხარტ ოფიცერთა სახლთან შეჩერდა, თქვა: 
- ერთი წუთით, 
და იქვე მდგარ შადრევანს ისე დიდხანს და ძალიან დაეწაფა, რომ რო გაიმართა და მიმოიხედა,თამრიკო აღარ იყო. დიდად არ გაკვირვებულა, წავიდა და წავიდა, რა მოხდა მერე, დიდი ამბავი დღეს გაცნობილმა რომ ვერ გაგიგოს, შინ ავიდა და, გაუღეს კარი, 
- ვინმეს ხომ არ ვუკითხივარ, დე... 
რამოდენიმე კვირის შემდგომ კი, როდესაც ცხრამეტისა გახდა და ზედ თავის დაბადების დღეს ბაღის ძალიან ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა, ოღონდ თამრიკოსთან ერთად ზურგიან მერხზე მიყუჟული, და როცა სწრაფ – სწრაფი თუ გაბმული კოცნებით ბლომად, სქელი ჯემპრის მიღწევა მაინც სამჩნევ კერტზე წვდომის ტუჩებით ეფერებოდა, მაგრამ მატყლის ნამცეცი შეჰყვა და მკერდიდან სახე მოაცილა, გახევდა, ენისწვერით მოიძია ჯემპრის ნამცირალი, ხოლო თამრიკომ პირველად ჰკითხა: 
- რა იყო იმ დღეს, რამ გადაგრია. 
- რომელ დღეს. 
- აი, მთელი თბილისი რომ დალიე. 
ამაზე სანდრომ თუმც გულუბრყვილოდ უპასუხა: 
-რა ვიცი, აბა. 
მაგრამ ცოტათი იცოდა. 
მონადირის მამაც ორმოცდაცხრისა იყო მაშინ და ბოლო ხანებში მოწყენილობას ერთბაშად მიხვდა და გამოცოცხლება თითქოს უკვე გვიანი იყო, მაგრამ არა, რატომ – მეზობლის ქალი ვითომ ეზოში საქმიანობდა, მაგრამ მონადირის მამას ხანდახან გუდასმით გამოხედავდა. მონადირის მამა თავისი საცხოვრებლის ერდოზე ფეხმორთხით ყუთში არის იჯდა, დაშორებულ მუხლებზე დაებჯინა გაჭიმული თითები, გამართულიყო და ეამაყებოდა, მეზობლის ქალს მისადმი ლტოლვა რომ ჰქონდა. ნიკო ორმოცს რომ გადასცდა, მერეღა მიხვდა, დაახლოებით რა იყო ქალი, მონადირის მამაც, რომელსაც ადრე სქელ დედაკაცებთან ერთბაში დატაკება სჩვეოდა, ახლა სხვაგვარდ ირჯებოდა, კარგახნის განგები უყურადღებობის შემდგომ გულისგამჭოლი, ბასრი თვალებით შეხედავდა თუნდაც ამ მეზობლის დედაკაცს, ისიც, ლხვებოდა და იძაბებოდა, მერე კი, მონადირის მამა თავზე რომ დაადებდა მძიმე ხელს, ნელი მუხლმოკვეთით ეშვებოდა მიწაზე ქალი, მასმიყოლილი მონადირის მამა კი დინჯად, ბოლომდე ჩაუცურებდა უხვ თმაზე ხელისგულს, მერე პეშვით ნელინელ აუწევდა და როცა კეფასთან შეუგროვებდა, როცა დიდ მუჭში გამოიმწყვევდა, ხშირს ისე, - თიხასავით ბღუჯას, მთელი არსებით ზმუოდა ქალი, ოღონდაც მხოლოდღა თვითონ ესმოდა ზმუილი ესე, მონადირის მამა კი, ვინც არ იცოდა ამბორი და კოცნა, სამაგიეროდ, კარგად უწყოდა სმა, დედაკაცს სვამდა, 
- დავუჯერებდი, - უთხრა ნიკომ, - ორმოციოდე წლით ადრე რომ დაეწერა კრეიცერის სონატა. 
- ვისა, ტოლსტოის? 
- არა, - მე, - გამოაჯავრა ნიკომ, და მოწიწებით დაამატა, - მაინც მხეცია, 
ახლა კი, მეზობლის მსხვილი დედაკაცი ეზოში ქვებს რომ აგროვებდა, დახრილიყო და, ზომას მიმართა, ჩვეული ბიძგით რომ გამოიგდო ღია უბიდან ცალი დიდი ძუძუ, სხვა რა გზა იყო, გაღვივებული შეწუხებისგან, წამოდგა კიდეც მონადირის მამა, მივიდა კიდეც მეზობლის დედაკაცთან, და წადილიანი ხელიც რომ წაიღო კიდეც მისკენ და, მოესმა კიდეც: 
- მამიი, მამი! 
მეზობლის მსხვილმა დედაკაცმა უკმაყოფილოდ ისევ უბეში შეინახა ჩამომძიმებული ხორცი, სანდროს დაბურძგლა, კრიჭა შეეკრა მონადირის მამას, ერდოზე ძველებურადვე დაჯდა, ოღონდ შორ -შორა მუხლებზე ახლა იდაყვები ჩამოედო და ხელის მტევნები მუხლებშუა ჩამოჰკიდნოდა, პირზე წყალი შეისხა სანდრომ, დილა იყო მშვენიერი, კი მაგრამ რას დაგიდევდათ, შინაურული, მაგრამ ისეთი შეუფერებელი სიტყვები ესმოდა: 
- მაამი, მამი! - ქვემოდან ევედრებოდა მონადირე, - ეს რა ამბავია თუ იცი ჩემ თავს შენ, - და ამრეზილმა სანდრომ კბილების ჯაგრისისაკენ წაიღო ჯაგრისისაკენ წაიღო ხელი, - მაგრამ სანდრო თითებით ჯაგრისებიან პლასტმასის ჭიქას წამოედო, გადმოუვარდა, მონადირის მამაც შეჭმუხვნილიყო, ცალი ხელით საკუთარ ნიკაპს ჩაფრენოდა, მეორეთი კი ზედა ტუჩს და კრიჭაშეკრული, პირის დაღებას ასე ლამობდა, 
- რა არსებაა,- იკითხა მეზობლის ქალმა, მაგრამ მონადირეს არც გაუგონია, იმ თავის მამას ქვემოდან აჰყურებდა.gol.ge./ 
- სულ მინდორშია, სულ, ხარებთან ერთად ძალიანი სვამს წყალს,სულ წყაროს წინ უწყვია თავისი ფეხები მას იქ, _ სანდრო სააბაზანოში თუმცა დახრილიყო, მაგრამ სივიწროვისაგან თავს ჯეროვნად ვერა ხრიდა და ჯაგრისს იატაკზე ხელისგულების სათუო, ბრმა ფათურით ეძებდა, 
- ისე ძალიან შემეშინდა, მამავ-ბატონო, ისე ძალიანი, ახლოსაც ვეღარ მივეკარე მას მე იქ, 
გამწარებული მონადირის მამა ისე ცდილობდა პირის დაღებას, ტუჩ-ნიკაპიდან სისხლი სდიოდა, 
- რაც კი დავთხარე მე თხრილები იქ, სულ ამოავსო მან ისინი იქ, ხაფანგები სულ დამიმტვრია და გამიფუჭა ამით რასაკვირველია, მთელი პირუტყვი და ნადირი და ოხერი გამომაცალა ხელიდან მან მე, 
ჯანდაბასა და ოხრობას კბილის ჯაგრისის თავი, სანდრო სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან და თაროსთან მივიდა, იქ კი თიხის სურა იდგა თიხური, გრილი, და, იმ მონადირის მამასაც ეშველა: 
„განახვნა მამამან ბაგენი, ამეტყველდა, 
ასე ეუბნება მონადირეს: 
ურუქ – ქალაქში“, 
თიხა იყო უბრალო და მშვენიერი, და მკაცრზე უფრო მკაცრი, და შორეულზე უფრო შორეული, 
„ურუქ-ქალაქში მკვიდრობს გილგამეში, 
არავინ უვის თავისზე ძლიერი“,- 
მეტყველებდა მამა, 
„მტკიცეა ძალი მისი ამ ქვეყნად, 
ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა“ , 
თვალები მაგრად დაეხუჭა სანდროს, თიხურს ისმენდა, მეზობლის ქალსაც სულ მივიწყნოდა ქვები, 
„წადი, ურუქისაკენ იბრუნე პირი, 
ამცნე ამბავი იმა მოყმისა“ , 
რა სურა იყო მაინც, სანდროს თითების იმ შემოჭდომას როგორ უძლებდა, განხვნილი ბაგით, როგორ მეტყველებდა მონადირის მამა, 
„როსკიპს მოგიჩენს, თან წაიყოლე, 
ველურს გახედნის ძლიერი მამრივით“, 
ტელეფონი რეკავდა, და კარის ზარიც, ვიღაცაც დიდ ჯოხს ურტყამდა ქვეშაგებს, და მეზობლის ქალსაც დიდი შემურული პეპელა დასჯდომოდა მხარზე, რას გაიგებდა, თვალებდახუჭული, 
„ოდეს ველური ჯოგს წყალთან მიიყვანს, 
შემოიძარცვოს ქალმა სამოსელი, 
გამოაჩინოს სიმწიფე თვისი“, 
და უცებ სურა შეატყდა თითებში, თვალები სიმწრით დაახილა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, - კიდევ უკეთესი! -და ცოტათი აბზინებულ გადანატეხს მიადო თითი, თითებიდან კი სისხლი სდიოდა, სისხლი გადასდო, გადანატეხით მიიღო ყელზე, ისევ დახუჭა თვალები და, ისევ მოესმა 
„შეხედავს ველური, მიუახლოვდება, 
ჯოგი ზურგს შეაქცევს,ველებზე გაზრდილიჩ“. 
თვალებდახუჭული, გრძნობდა რიმ, თიხა იყო... თიხა იყო მშვე, ნი, ეერიი და... 
რა მითი, რის მითი, გაბრაზებულმა გაახილა თვალები, მტკივან თითებზე მაგრად გადაიხვია ცხვირსახოცი, ფანჯარასთან მივიდა და იმ თავისი სახლის მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადაიხედა, დილა იყო, დილა იყო და, 
კაცი მიცუნცულებდა ქუჩაში ერთი, დაბალი და კოხტა, მიდიოდა ჰეჰ - ადვილი ლექსივით: ხელფასი-ხელზე ასი, იქაც შვიდასი, არაუშავ რა, ადვილი სწამდა, ძბელი პირიქით-არა სჯეროდა, ნაღდი უნდოდა, ძველ ამბებს მტერობდა, და განრისხებული სანდრო იმას დასცქეროდა და მიმართავდა: 
ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე, 
საფუძველი განჭვრიტე, აგური მოსინჯე, 
და პატარა კაცმა თითქოს უსმინაო, შედგა, მაგრამ ჯიბის საათი ამოიღო, დახედა, მერე შეაჯანჯღარა და ცქვიტ ყურზე მიიღო, ისევ დახედა, ჯიბეზედ შეინახა და ისევ გაცუნცულდა, და მთელი მისი სხეული, თავი, მოკლე ნაბიჯი, მთელი არსება - „გილგამეში არა, ტოროლა“, 
და იმის ბნელ ზურგს უხმო ღრიალით დაჰყვიროდა სანდრო: 
განა აგური გამომწვარი არ არის? 
განა შვიდმა ბრძენმა არ ჩაუყარა საფუძველი?, - 
ყეყეჩო, ბრიყვი, 
რა მითი, რის მითი, არამედ, - 
იყო! 

* * * 

მაგრამ ყოველთვის ასე არ გახლდათ. 
- ეჰ, სიყვარული აღარ არსებობს, - აღნიშნა, ნიკომ, - ეჰ, სიყვარულზედ აღარ სტირიან. 
დაღამებულზე, სამნიღა ისხდნენ პატარა ბაღში - ნიკო, სანდრო და გარე ბიძაშვილი. 
- ადრე, ტიროდნენ, - განაგრძობდა ნიკო, - ადრე ისე ძალიან შეეძლოთ შეყვარება, სიყვარულს ისე განიცდიდნენ რომ, ძალიან ტიროდნენ. როგორღაც, გრძნობა მეტი ჰქონდათ. არაა ასე? 
- ეჰ, თვითმფრინავში, - მიუგო გარე ბიძაშვილმა, - ეჰ, თვითმფრინავში კანფეტებს აღარ ირიგებიან. 
- ტარიელი რა, ვისზედ ნაკლები ვაჟკაცი იყო, მაგრამ ტიროდა და ეს უხდებოდა კიდეც, - კვლავ განაგრძობდა ნიკო, - კაცი, ვინც შიშველი ხელებით გუდავდა ვეფხვებს და ლომებს, ვისაც მხოლოდ მათრახით შეეძლო აუარება ხალხის დაფრენა, და ვისი ხმლიანი მკლავის ერთი მძვინვარე მოქნევითაც ბევრ-ბევრი თავი ცვიოდა დაბლა, მდინარის პირას იჯდა ხოლმე და ცრემლებს აფრქვევდა, სიყვარულზე ცხარედ სტიროდა. 
- ადრე, თვითმფრინავი სანამ აფრინდებოდა, - შენაღვლიანებულიყო გარე ბიძაშვილი,- ჩამოვლიდა ხოლმე მგზავრთაშუა მშვენიერი კარგი ქალიშვილი ქალი, და კოხტა ლანგრით გთავაზობდა კანფეტებს. შენც, აიღებდი ორ ცალს, ისე, შეგეძლო მეტიც აგეღო, და თვითმფრინავი რომ აფრინდებოდა, კანფეტს გაწუწნიდი, გამოწუწნიდი და ისე ძალიან აღარ დაგიბუჟდებოდა ყურები, რა სჯობდა ამას. 
სანდრო კიდე - ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა. 
- მე როცა ბავშვი ვიყავი, - ხმა შეურბილდა ნიკოს, -წამდაუწუმ მიყვარდა ვიღაც. თუ იცით, რატომ? 
- ყურები დაფრენის დროსაც კი გიგუბდება, დაფრენის დროსაც კარგია კანფეტი. 
- იმიტომ რომ, ბავშვი სუფთაა, მიმნდობი... 
ღამეულ ბაღში უსაქმოდ მჯდარი ორმოციოდე წლის სამი მამაკაცი... და იმათ ზემოთ, გაყუჩებული ფოთლები ხეზე... და უფრო ზემოთ – აქაიქა ვარსკვლავები, შუა ქალაქში – კლდე, 
და, 
მთლად შორეული ჩურჩულ-ჩურჩულით: 
უცნაურობა - 
„უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის; შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა...“ 
მონადირეს ქალაქში რა უნდოდა, მაგრამ ქალაქად მიდიოდა, 
- ბავშვს სიკეთისა სჯერა, და სიყვარულიც უფრო იმიტომ შეუძლია რომ... აკი ვამბობ, რომ სიკეთისა უფრო სჯერა... 
მონადირე გალავნიან ქალაქში იმასთან მიდიოდა, ვინც, 
აღზევებულიყო კაცთა მოდგმაზე, ტანში ჩადგომოდა ღმერთების ხორცი, მოზვერივით დადიოდა, ქედმაღალი, ტოლი არა ჰყავდა ლახტის მოქნევაში, დაფდაფის ხმაზე ამხედრებდა მეომრებს, ხოცა დათვები, ვეფხი და აფთარი, ირემი, ხარი და ქვეწარმავალი, და ყველა ქალწულს იმის მკლავებში უნდა გაევლო,, დღედაღამ ლაღობდა მისი სხეული, მაგრამ მერე და მერე სიკვდილის შიში ჯერ შეეპარა და ისე გაუჯდა შემდგომ, დაღონდა, დაშვრა, შიგანი მწუხარებით აევსო, სიფხიზლით თავი გაიტანჯა, ღაწვები ჩაუცივდა, სახე მიუგავდა შორიდან მავალის, მათხოვარივით დაღვრემილიყო, 
„უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე, მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯუოლებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა...“ 
- შეყვარება კი – დაჯერებაა. 
- რაღა დავიჯერო, კანფეტებსაც კი აღარ ირიგებიან, - თქვა გარე ბიძაშვილმა, თურმე ესმოდა ყველაფერი. 
აქ სანდრომ ვეღარ მოითმინა: 
- მერედა, ისეთი რა გაჭირდა!, შენც მიდი და იყიდე სადმე ორი ღერი კანფეტი. 
მაგრამ გარე ბიძაშვილმა თქვა: 
- ეჰ, ქალიშვილი ქალის მიერ მოცემული ძალიან უფრო გემრიელია. 
სანდრომ გარე ბიძაშვილზე ხელი ჩაიქნია, და ნიკოს მიუბრუნდა: 
- ძალიან გჯეროდა? - და უცებ აღელდა. 
- ვისი. 
- ვინც შეგიყვარდებოდა. 
- ჰო. აკი გითხარი, სიყვარული - დაჯერებაა. 

თავი II 

საკვირველი იყო სწორედ: თბილისიდან მანქანით საათიოდეს სავალზე, თიანეთისკენ, გზად, იყო სოფელი ღულელები და ავტობუსით თუ ჩაუვლიდი, იმდენი არაფერი - სხვადასხვაგვარი, არცთუ დიდად განსხვავებული შეძლებით აშენებული სახლები იდგა, იქაურები მიმოდიოდნენ, ზოგს როგორ ეცვა, ზოგს როგორ, მაგრამ რაღაც საერთო მაინცა ჰქონდათ უბრალო ტანსაცმელში, გაიხედ-გამოიხედავდი დასაბადურის უღელტეხილის შემდეგ რაღა შეგძრავდა, ველი მოჩანდა და მთები, მაგრამ თუ ყუჩ ობელისკთან ჩაუხვევდი, მიადგებოდი მონატრებულ ჭიშკარს, წყნარად გახარებულ დეიდა ერმონას გრილ, მზემრავლადნანახ ლოყაზე აკოცებდი, სადმე მიდებდი ჩანთას, „ჯერ არა მშია“, და დეიდა ერმონამაც კარგად იცოდა, მაშინვე ტყისკენ რომ დაადებდი თავს. 
სანდრო ჯერ მიდიოდა მცირე მოლისკენ, სადაც ვრცელი მუხა იდგა ერთი, დიდად ნაცნობი კონწიალათი, ჟანგმოდებულ ჯაჭვს აუცილებლად შეახებდა ხელს, არც შეჩერდებოდა და, ისე. მერე წნორებარიგებულ, მსუყედ შრიალა ღელეს აუყვებოდა, სუფთა ჰაერით იწიწკნებოდა სანდრო, უცხოდ სუნთქავდა, ქალაქელი, იქ ცა იყო როომ, ხოლო აქაიქ-ძროხა, ცხენი, თხა. მერე პატარას ჩაივლიდა და, წყარო! ცხვირპირჩარგული, სვამდა, აჰ, სვამდა, ვიღაცაც სვამდა სულ სხვა წყაროს ოდესღაც, სადღაც, მონადირე კი ლელიანში... მაგრამ ამეებისთვის აღარ ეცალა, სანდრო იმ სახლის გასწვრივ მიაბიჯებდა,სადაც დიდი ქოფაკები სუმუდამ ჰყავდათ და ახლაც, ღობეს მომწყდარნი, გაავებულნი, უყეფდნენ, ჰყეფდნენ, ყელჩაფხაჭნილნი, ღობის გამონგრევას 
ამაოდ ლამობდნენ და, ლამის იღრჩვებოდნენ ყეფით, მაგრამ ესეც კი, ძველდროინდელი და მოსალოდნელი, მშობლიურივით იყო. მერე დიდ ველთან გაივაკებდა, შეჩერდებოდა, გახედავდა და, დაადებდა თავს. სანდრომიდიოდა გადახნულ ველზე, ფეხქვეშ ბელტები ეზნიქებოდა, ღრმულები აჩნდა ალაგ – ალაგ მიწას, რაღაცეები ცხოვრობდნენ იქა, ბნელ საცხოვრისებს ნაბიჯს არიდებდა, და მძლავრად გადახნულ, ტორტმანას თითქო, ველს რომ გადაივლიდა, ჯერ – თხილი და ასკილი, პანტა, კუნელი, მაჟალო, კვრინჩხი, ჰეჰეჰ, ძახველა დაკუნწლული, ფოთლებზე ალაგ – დაკინწლული მფრინავი ხოჭო, სახელად მაია, ტოტებზე – ნისკარტით ძნელად შესათხზველი ჩიტის უბრალო ბუდეები, და რკოდაყრილი სქელი ბალახი, სოკო, და ვერც გაიგებდა, ისე ამოჰყოფდა ქართულა ტყეში თავს. 
ვერხვი და ნეკერჩხალი, მუხა, წიფელი... გატრუნულ ხელისგულს ადებდა სანდროძველ, ნაცნობ ხეებს, და შვებანარევი სიხარულისგან შეძრულ სახეზე – შორი აბლაბუდა, და ფრთხილი სვლა დაბლითურა ჭანჭრობისაკენ, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა ამა ტყის სული, სახელად ვითომ – ხუმბაბა... როდის შეარქვა ეს მკაცრი სიტყვა, აღარც ახსოვდა, სადღაც, შორეულ ბავშვობაში... მაგრამ ხუმბაბა რასა ნიშნავდა ვერ ესმოდა მაფრამ, თითქოსდა ჟღერდა. ბუნდოვნად იმასაც კი გრძნობდა, რომ მოფერებით შეარქვა ასე, რადგან ხუმბაბა სინამდვილეში და ღამით თითქოსდა ბევრად უფრო დაუნდობელი და მრისხანე უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს მცირეჭინკებიანი ტყე, მგლებიანი თუმც. სანდრო ფრთხილად მიაბიჯებდა ჭანჭრობისაკენ, დეიდა ერმონას კი უკვე ჩაეყარა ქაფქაფად მდუღარე წყალში სანდროს საყვარელი ხაჭოს ხინკალი, თავისილურჯი სახლის წინ ფეტვიანა გამოსულიყო და ქათმებს ეძახდა. რა დაძახება იმათ უნდოდათ, გამალებულნი იკენკებოდნენ, დეიდა ერმონას ხმა ჰქონდაა?- ლმობიერი, ლმობიერების ერთი, და ამ ხმით კიდე, ნამდვილ და ლამაზ, სხარტ და უბრალო, დალოცვილ ქართულს ლაპარაკობდა. წყნარად და რბილად იწელებოდნენ დეიდა ერმონას სიტყვების ხმოვნები სწორედ იქ, საცა საჭირო იყო, „ მოხვევლ?“_ ხმადაბლა იკითხავდა, ფარული მოფერება თუ უნდოდა; დაგვიანებულ შვილზე კი მოკლედ ჩაილაპარაკებდა: „ მოვიდა“. ხმას არასოდეს აუწევდა, ადრე დაქვრივებულმა, ოთხი ბიჭი გაზარდა და, არასოდეს აუწევია ხმა, ჩუმი დარდი კი მუდამ იცოდა. რა უნდა 
მომხდარიყო, შინაგან განგაშს რომ აჰყოლოდა, მაგრამ სანდრო მაინც სტუმარი იყო, და 
მზე თუმც ჯერ არ ჩასულიყო, ჩაილაპარაკა: „ბიჭი რა იქნა“, პატარა ხნის შემდეგ კი, ამ გაფიქრებას ერთი პაწიასიტყვა დაემატა, მაგრამ დეიდა ერმონას პირობაზე ძალიან მეტად მნიშვნელოვანი - „ის ბიჭი რა იქნა“, და თავის უფროს ვაჟს, ახლად მობრუნებულ , 
გადაღლილ გოგის, ეუბნეოდა: „წადი, და მოსძებნე ის ბიჭი“ . „რა, სანდრო ჩამოვიდა?“- უხაროდა გოგის, მაგრამ ძალიან დაღლილი იყო. „ წადი და მოძებნე, საცა გინდა“. „სანდროს აქ რა დაკარგავს, დედი, სადმე ავცდები“. „ ვის ვეუბნები, ადამიანო?“ გოგი აზოდან გადიოდა და, უკვე მორუხოდ შედედებულიყო ჰაერი, ნახირი ნრუნდებოდა სოფლად, ნახირშუა კი, აგერ სანდროც არ მოდიოდა? გოგი სწრაფად მიაბიჯებდა ძროხებში, ხელებგაშლილი, გულიანად მომღიმარე, უცაბედ რქებს ხანდახან ხელის ზურგით იშორებდა და, ერთმანეთს რომ გადაეხვეოდნენ, ჭიშკარს მომდგარ დეიდა ერმონას ძალიან, მაგრამ წყნარად უხაროდა თავისი შვილისა თუ შვილობილი იყო თუ რა,იმათი ასე შეხვედრისა. წყნარადვე უხაროდა იქაც, თავის პატარა სახლში,სანდრო ალალად რომ იტყოდა-„ძალიან მშია“, და აორთქლებული ხაჭოს დანახვაზე, როგორ გაწელავდა: „უუ“. მუხლებზე ხელებდალაგებული, შუქჩამდგარი თვალებით შესცქეეროდა რა გემრიელადა აწობდა გამდნარ ერბოში უბრალო ხინკალს სანდრო და მერე ძალიან მშრალად ჰკითხავდა: 
- არაყი ხო არ გინდა. 
- არა. 
- ჰოო, ეგრე, -მოუწონებდა დეიდა ერმონა და, როგორღაც ამაყად დააყოლებდა:-მამაშენიც არა სვამდა 
სანდრო არა სვამდა კი არადა, ხანდახან...მაგრამ აქ, ღულელებში, როცა განგებ და ღიმილით ჰკითხავდნენ: 
- მაშ აბა რა გინდა? 
დასამივენი იცინოდნენ სანდროს სულსწრაფად წამონაძახზე:-რძე მინდა, რძეე! 
ღულელები ერთადერთი ადგილი იყო ქვეყნად, სადაც სანდროს რძე უყვარდა და, ცხელი დამძიმედ ქაფდამდგარი, რაღა თქმა უნდა, იქავე დიდი ფინჯანით იდგა. 
- ბიჭო არ დაქცადოს, - ეღიმებოდა გოგის, - ქალაქში იმ წყალწყალაებზე ნაჩვევი ხაარ და... 
- დაცადოს კიარა... მამაშენიც აეგრ გემრიელად სვამდა. 
სანდროს გული ეკუმშებოდა, იმასაც კარგად ახსოვდა ღუღულებში მამა. მაგრამ დეიდა ერმონა მის დაღონებას ვერ ამჩნევდა, რაც იშვიათად მოსდიოდა; ფიქრობდა წასულიყო: 
- საწყალი, პეტრე. იმასაც ეგრე უყვარდა რძე და აქაური ერბო. 
- ეჰ, ძია პეტა... - დაღონებოდა გოგიც. 
და დეიდა ერმონა მოულოდნელად მკაცრად იტყოდა: 
- პაპაშენი - სვამდა. 
და ისევ ნაღვლიანდებოდა: 
- ეეეჰ, პეტრე- ის უნდა მამკვდარიუო? 
მაგრამ გოგი ატყობდა, სანდროს რომ ძნელად გადასდიოდა ლუკმა, და მაშინვე მიახლიდა: 
- ის როგორ იყო, შენა და სინკომ ჭუკები რო დახოცეთ? 
- დავხოცეთ კი არა... 
რამდენჯერაც ჩამოვიდოდა, ეს შეხსენება – ყოველთვის, მუდამ... არადა, არ დაუხოცნიათ, სოფლის ბიჭებმა თავიანთი ნაქნარი იმას და სინკოს გადააბრალეს. დეიდა ერმონას ოთხი ბიჭი ჰყავდა, გოგი, ხარება და თენგიზა სანდროზე უფროსები იყვნენ, სინკო კი – ერთი წლით უმცროსი და, მაშინ, ხუთდაექვს წლისანი, ჭუკებს ჰყარაულობდნენ მინდორში, თან დანასობანას თამაშობდნენ. უფროსებს სანდროსი, როგორც ქალაქელის, ცოტა-წვალება უყვარდათ, ლაღად ემასხრებოდნენ და ხან რას ატყუებდნენ და ხან რას, სინკო კი- სანდროს ჰალალი ძმაკაცი იყო. 
და ახლა გულიანად ეღიმებოდა სანდროს, ყოველ მათგანთან შენამთხვევი ფათერაკები ახსნდებოდა, იგონებდა თუ, როგორ შესვა გოგიმ სუპირველად ცხენზე, როგორ დაემალა ტყეში ხარება, თენგიზა მოფარებულიდან მგელივით რო ყმუოდა, ეღიმებოდა, მაგრამ დეიდა ერმონამ უყურა, უყურა დაწყნარად, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა: 
- ალი-კვალი მამაა. 
ამ ახლობელ ოჯახს კი არა, ეჰ, მთელღულელებსაც ძალიან უყვარდათ პეტრე ექიმი. იმას კი ღულელებში ერთი ხე ამოჩემებულად უყვარდა, ჭკნობაშეპარული, დეიდა ერმონას ეზოში ყუჩად მდგარი. იმ ხის ნაყოფი ყველაფერს ერჩია, ეს – მისი ბავშვობის ნერგი იყო და, როგორღაც მორიდებით მიჰქონდა პირთან გრილ ღულელებში გვიან დამწიფებული ვაშლი, და ეს ვის მერე – იმ პეტრე ექიმს, ვინც... და უკვე ბნელში, ვაშლის ხეს აჩერებოდა სანდრო, და ხელისგულიც რომ მიადო, საიდან, როგორ! - გამწარდა კიდეც, ისე მოულოდნელი იყო, აქ, ღულელებში, თვით და ისისნი, მაგრამ ვინ ეკითხებოდა, მაინც რა იყო ასეთი უტიფარი თავსმოხვეულობა, და, სწორედაც რომ საკვირველი: დაბნეულობით მოსული სიცხადე! - გაგიგონიათ?.. არა, აარა, მაგრამ ბნელოდა, ძალიან ბნელოდა, და რაღაცეებს თავიანთ ხვრელებში თუმც ეძინათ კი, მაგრამ მაინც იშმუშნებოდნენ, ღამე იყო შავი, უშავესი, ღამე იყო შავი, შავი რომ, ურცხვი, და მონადირე გოგრის ფოთლებში გაწოლილიყო, და ძლივს ესმოდა, როგორ სუნთქავდა როსკიპი შამხათ. 

* * * 

ის გამძლე ქალი, დიდი ორფეხის მოსაქცევად რომ გამოატანეს. შამხათ გულაღმა იწვა სწორედაც რომ საკვირველი – ჩაცმული და, ვარსკვლავებისა და მთვარის ქვეშე, ძნელი რამ ტვირთის აღსრულებამდე, - 
„აჩვენოს ველურს ქალის ხელოვნება“, 
ისვენებდა. 
იქვე მდინარე ჩამოდიოდა, ცხელ ზაფხულობით წყნარი ევფრატი, დათქმულ ველამდე მთელი ოთხი დღის სავალი ედოთ, და ახლა, ერთი მცხუნვარე დღის შემდეგ, მდინარის პირას ისვენებდანენ, მანამდე კი, ზღუდეშემოვლებული ქალაქიდან დილაადრიან რომ გამოვიდნენ, მონადირემ ერთი კი მიიხედა და, ველების მკვიდრმა, მოწიწებით გაიფიქრა: 
„რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაი!“, 
მაგრამ მოესმა ისეთი შორით იდუმალი რამ: 
„ჰხედავა ამათ დიდ – დიდთა შენებულთა? არა დარჩეს ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს“, 
და მონადირეს შეეშინდა. ახლაც, დამფრთხალი, მთვარის რბილ შუქზე, გოგრის ფოთლებში პირქვე გართხმულიყო, როსკიპი შამხათ კი გულაღმა იწვა, და რომელიღაც ვარსკვლავს უმზერდა. ნელა წამოდგა მერე, მონადირეს თავთით დაადგა, მკერდი მოიღეღა, 
- ქალი არა ტოროლა, - თქვა მერე ნიკომ, - ქალი ერთია ყველა. 
მკერდი მოიღეღა და თიხის კოჭობით საღებავი გაუწოდა, მონადირე კი ჯერ მოიკუნტა, მაგრამ მშვიდი ხმით: „ვაშლი დამახატე ძუძუზე,მონადირევ“, რომ ჩამოესმა, დინჯად წამოდგა, ლერწამის ღერი რამ მცირე, მოიმარჯვა, საღებავში ჩააწო, მხარზე დაადო შამხათს მარცხენა, მარჯვენათი კი იმის ძუძუზე წითელ და დიდ ვაშლს, გრძელყუნწიანს, ნელა ხატავდა, 
- როგორ, სუყველა? - ისე-რა გაიკვირა სანდრომ. 
- სუყველა არა. დაახლოების შემდეგ ხდებიან ერთი. - მტკიცედ თქვა ნიკომ. 
შამხათმა კი მთვარის გრილ შუქში დიდი თვალებით დაიხედა, თქვა: „ჰგავს, კი“, და მოერე ძუძუც პეშვით შეუშველა: „ამაზე კი ლეღვი დამახატე, მონადირევ“, მაგრამ მონადირემ ლეღვის დახატვა არ იცოდა,„გველი შემომავლე მაშინ“, თქვა შამხათმადა, გადაიფიქრა: „ზედ არ დამაკლას გველლლის ხატება იმ ველურმა“, ჰკითხა: „ველურისათვის, არ აჯობებს“, მონადირე კი, დაიხარა და, შამხათს ძუძუზე მიადო ყური. ასე დახრილი იდგა, ეძიებდა, მაგრამ წარმოდახვისათვის ხელს უშლიდა შამხათის გულისცემა და ხორცი. 
- როსკიპებიც რომ აღარ არიან, - დანანებით წარმოთქვა ნიკომ და ტახტზე გადაწვა, - როსკიპი ადრე ქალური საქმის ქალ-ხელოვანს ნიშნავდა თურმე, მოგინდებოდა? - დაგაამებდა, თან დაგცლიდაც და, დაგანაყრებდაც, ყოვლად უსიტყვოდ გაგეცლებოდა მერე, ახლა კი, ქალური საქმის თვით სულვერმცოდნეც, ასე მეორე, ან მესამე დღეს: „ცოლად მამიყვანე, რაა?..“ - გეტყვის. 
მონადირე კი ნელა გაიმართა, სავსე მთვარისკენ შემობრუნებული ქალისათვის ისევ მხარზე დაედო მარცხენა და, მჭახე თითები უღვივდებოდა, მერე ორივე ხელით თვალებთან ახლოს მოიმარჯვა იმისი ბევრხელნანახი ძუძუ, არეულმა ჰკითხა: 
„ნახევარმთვარე რომ დაგახატო, როსკიპო შამხათ?“ - და დაეწაფა, 
- რა მაგარია ზურა კიკნაძე, - თქვა უცებ ნიკომ, - ზურაბ კიკნაძე – ნაღდი მხეცია, 
მაგრამ შამხათმა მონადირის ხელები და ბაგე მოიშორა, უთხრა: „ძნელი დღეები მელის. დასვენება მმართებს. შენ კი ნახევარმთვარე დამასვი მკერდზე. მიდი“. 
- ვინაა... - დუნედ იკითხა სანდრომ. 
- როგორ თუ ვინაა?!. შენ რა – გილგამეში არ წაგიკითხავს? 
- არა. - თქვა სანდრომ. არ ტყუოდა. 
პირმოკუმული, ახლა ყვითელი საღებავით ირჯებოდა მონადირე, - შენ და, გილგამეში არ წაგიკითხავს? - წამოდგა ნიკო, - არ გადამრიო... რატომ! 
- რა ვიცი... რაღაც, ვერიდებოდი. 
- კი მაგრამ, რატომ. 
- არ ვიცი. - არ იცოდა და...ისე, მართლა ერიდებოდა, 
ისევ გულაღმა იწვა შამხათ და, საღებავები ზედ აშრებოდა, მონადირეს კი, იმის დამხედვარეს, კვლავ ჩორეული ჩამოესმა: „სანთელი გუამისაი არს თუალი“, და ისევ შეეშინდა, და ისევ გოგრის ფოთლებში ჩაწვა, ეძინა იყო თუ რა იყო, უცხო ხილვები შემობურვოდა, 
- და არც შენ არ წაგიკითხავს? 
მაგრამ გარე ბიძაშვილი ეტყობა სულ სხვა რამეზედ – ჰფიქრობდა, რადგან: 
- ნეტა კანფეტებს წყალქვეშა ნავშიაც არ ირიგებიან? - იკითხა გარე ბიძაშვილმა, ყმაწვილი იყო რომ, რომ, როგორც უქმე დღე, ოღონდ თავისთვის – სარგებლიანი, სანდროს კი არ უყვარდა უქმი დღეები, ღულელებიდან თუ გამოჰყვა ალბათ, რადგან იქ არად დაგიდევდნენ შაბათ – კვირასა თუ მელიორატორის დღეს, იქ უთენია იღვიძებდა მთელი სოფელი, რიჟრაჟისთანავე დინჯ ყალყზე დგებოდა, და მამლის პირველ დაყივლებისთანავე ნელი და რუხი ჟრიალი დაუყვებოდა ხოლმე მთელ სოფელს, დღე – ახლა იყო, და ცისპირა წყნარი ხეები უფრო ბჟუტავდნენ, და მძაფრი, მძაფრი, მძაფრად უტყვი მოლოდინი იდგა რომ – სუყველაფერი გრძელი დღისაკენ ჯერ მოიისფროდ და მერე რუხად, ნაცრისფრად დაძრულიყო და, გარდაუვალი, - წყნარის ძლევამოსილებით მოდიოდა და ამ ყოვლისმომცველი დაძვრის წინაშე არამცთუ ღამის ძაღლები აღარ ეყეფებოდნენ, ღელეც კი თითქოს იტრუნებოდა, და მხოლოდ თავწაწვდილი ჭრელი მამლები მანათობელის დინჯ ამოგორებას სულ ყელჩახრინწვით ეხმარებოდნენ, სხვაფრივ კი – ვრცელი მოლოდინი იდგა, და უცებ ჩიტთა შორის ყველაზე სხარტი ჯერ მაინც რიდით, დიადი ნებართვის მცირე მაძიებლივით მორიდებით და მოკლედ შესტვენდა, და, აჰყვებოდნენ, აქ, იქ, შორს, აქვე, მერე ნელინელ ებერებოდათ ციცქნა ფილტვები, ყურის წამღებად, სანეტაროდ ჟრიამულებდნენ, და იმათ სიხარულა – კრებულს სისავსისაკენ როგორ ერთვოდა ძროხის ზმუილი, თხების კიკინი, და რძის ჩხრიალი, და ბატ – იხვებისა და ინდაურების, ღორების, თეთრი ცხვრებისა და შეშის დაპობის წერტილოვანი ხმა, და მაშინ, სანდროს ბალღობისას ბევრი ცხენი დაჭიხვინებდა ღულელებში, და ამ უცხოდ მშობლიურ ბუნების კრებულს თბილ და ღუღუნა ლოგინში გატრუნული, თვალდაჭყეტილი ისე, თითქოს თვალებით ისმენდაო, ისე უგდებდა შეუჩვეველ ყურს ქალაქელი ბავშვი... ნასაუზმევს კი, თავის კბილა სინკოს მოხალისედ მიჰყვებოდა მინდორში, ჭუკების მოსამწყემსად. 
გოგის კი მაშინ, ადრეულ ჯეილობაში, გვიან – გვიან ნებავდა გაღვიძება და, იმის ნაცვლად რომ, მაშინ მაინც წამომხტარიყო, გაყუჩებული, დუნედ იწვა. და, სწორედაც რომ საკვირველი – ჯერაც არასრულწლოვან გოგის მთელ ღულელებში ყველაზე მეტი შრომადღე ჰქონდა, რადგან ასე კვირაში ორ – სამხელ, ცხენებს ხედნიდა, გახედნაში კი – მთელ შვიდ შრომადღეს უწერდნენ სოფლის ფარღალალა კანტორაში. თანდაყოლილად ჩაუქი იყო.. 
მერე, უქმად წოლა რომ მობეზრდებოდა, კედლიფან ჩონგურს გადმოიღებდა და გულზე არხეინად იჩხაკუნებდა. მერე, ესეც რომ მობეზრდებოდა, შილიფად გამოდიოდა ეზოში და ამაზე კარგი გასართობი?-სუსტი წკნელებით შეიარაღებულები, სინკო და სანდრო, ხუთდაექვს წლისანი, ჭუკების მიდორში გასადენად ემზადებოდნენ. 
- საით გაგიწევიათ, კაცებო? - ისე ალალად იკითხავდა გოგი, გინდაც არაფერი სცოდნოდა. 
სინკო თავს შემართავდა და ამაყად იტყოდა 
- ჭუკები უნდა მოვჰმწყემსოთ. 
- ჰეეი, აჰაა, ჰაა...- დიდმნიშვნევლურ თავის კანტურს მოჰყვებოდა გოგი,- ემანდ არაფერი მოიწიოთ,- და ვითომც იმათ ძნელ ბედ- იღბალზე დაფიქრდებოდა. 
მერე: 
აბა, შენ იცი, ალექსანდრე. მინდორ- ველად ათასი რამეა ჭუკების მტერიდა... 
- მტერი არა ისა...- ჩაიბუზღუნებდა სინკო. ძმის ხრიკებს ცოტა ბუნდოვნად, მაგრამ ხვდებოდა. 
- შენ მანდ დასჩუმდი, ბალღო. შენისთანაებს წაუგიათ რო თავი... 
სინკო სჩუმდებოდა. 
გოგი კი საქმიანად განაგრძობდა: 
- თუ გინდათ, ხალხნო, ხიფათს რასმე რო არ გადაეყაროთ, მხარმარცხნივ უფრო ხშირად უნდა იყუროთ, ხალხნო... 
მხარმარცხნივ არა ისა... 
- დახეთ, დახე რო აღარც მიჯერებს? შენ ისე მოგდის, ბალღო...აი, შვილიშვილიო, პაპასაო... ეე... დიდედასაო წინდების ქსოვას ასწავლიდაო. მაშ. 
სინკო და სანდრო ტყუილად იდგნენ, აბა იმათი ასე გაცდენა შეიძლებოდა? 
- ეგ რაღა არი?- შეიცხადებდა უცებ გოგი,- ეგ რაღად გინდათ, ადამიანო! 
სინკო ჯერ სდუმდა. მერე ამბობდა: 
-დანასობანას ვთამაშობთ. სხვა რა... 
- ჰოიი!.. ეგ არ ენახათ ჩემს თვალებსა და...- და თოხით ხელში მომავალ დედას რომ შენიშნავდა, ახლა იმისკენ იბრუნებდა პირს: 
- დედი, ჰხედავ, დეედ? 
- რასა...- იბნეოდა დეიდა ერმონა, მაგრამ იმართებოდა და თოხს მეორე ხელში ინაცვლებდა. 
- აბა ამათთვის დანის გატნევა შეიძლება? ვინმე ქალი არ გამოსტაცონ გზა-გზად მგზავრებსა. ამათ ეხლა უდუღთ სისხლი. დეიდა ერმონა კი ტყუილად შემართავდა უთოხო, თავისუფალ ხელს და დაუცაცხანებდა: 
- იი, მცონარავ, მცონარავ, ძილის დამქაშო. 
გოგი კი ვითომც დარტყმის ასარიდებლად განზე გახტებოდა და, 
იცინოდა, იცინოდა, კვდებოდა სიცილით, და ესის გოგი, ჩვიდმეტი წლისა მაშინ, ხანდახან, ჩამობნელებულზე, საოცრად გამკაცრდებოდა ხოლმე, დაბამბულ, ბასრკბილებგაუმტარ შარვალსა და ჯუბას ჩაიცვამდა, ნაჯახს დაავლებდა ხელს და, მგლებიან ღამეში, ტყე - ტყედ ეძებდა გზააბნეულ ძროხას. ახლა კი, ღულელურ მადლიან დილით, ის რომ გრძელ და ლაღ სიცილს მოამთავრებდა, სინკო და სანდრო უკვე მინდორში იყვნენ. სინკო არხეინად მოირთხამდა ფეხს, სანდროს კი, ალბათ გოგის სიტყვების რაღაცა სუსხი გამოჰყოლოდა, რადგან ბალახზე დაჯდომისა ერიდებოდა და, სინკოს ხმადაბლა ეკითხებოდა: 
- აქ, გველი იცის? 
- აქ გველს რა უნდა, ადამიანო, - დინჯად ამბობდა სინკო, - მდინარის პირას იცის ხოლმე. 
მართლა? 
მართლა, ამას წინებზე, - და ხელებს შლიდა, - აი, ამსიდიდო მოკლეს. 
და მაინც, მაღალ ბალახში თუ გაივლიდა, და დიდობაშიც, მერეც, მუდამ გველზე დაბიჯებისა ერიდებოდა. თუკი ცხელოდა, ამბობდნენ რომ, მზის გულზე უფრო გამოდიოდნენ, დიდი მზის გულზე, უდაბნოში მიაბიჯებდა შემოსილი როსკიპი შამხათ, მონადირე კი წინ მიუძღოდა და ორი ჯოხით გველებს უფრთხობდა, ისევ გამოჩნდა მერე მდინარე, ცხელ – ზაფხულობით მდორე და წყნარი, და იქ გატეხეს პური და ყველი, ევფრატიდან წყალი დალიეს, და მონადირე გაკვირვებული შესცქეროდა იმ ვრცელ სიცხეში შემოსილ შამხათს, ვინაც ტანსაცმელს სიგრილეშიაც ვერე გუობდა, შამხათს კი მონადირის გაკვირვება შეეცოდა, და თქვა: 
„თეთრი მინდა ვიყო “, 
და აქეთ – იქით დებივით ალალად რომ მიიძინეს, გათენების ხანს მონადირე შეკრთა, წამოდგა, ეჩვენებოდა თუ – წყნარ მდინარეში მუხლამდე ჩამდგარიყო როსკიპი შამხათ, და ბაცად-ბაცი ვარსკვლავებისკენ მიეპყრა პეშვი, რომელზედაც რომ რაღაცა უჯიშო ქვა დაედო და, ქვა კი, თანდათან, მრგვალ იაგუნდად სხვაფერდებოდა, რაღაც ჩურჩულიც მოესმოდა ტლუ მონადირეს, შამხათი იყო, მდინარე იყო, ვეღარ გაეგო, თეთრმა როსკიპმა კი მკრთალ ნეკნებზე შეიცნო მზერა, ნელა შემობრუნდა, თქვა: 
„ფრთხილად იყავი“, 
და მონადირე ძრწოლაჩაღვრილი დიდი თვალებით ხედავდა თუ, როგორ სასტიკად აღმართულიყ სწორედ მის თვალწინ ყალყზე შემდგარი ბრტყელთავა გველი და, მზერდქცეული, სიკვდილივით გაქვავებული, მხოლოდღა ენას ასავსავებდა, და მონადირეს თვალის უნებურად დახამხამებისაც კი, ეშინოდა, რადგან იცოდა, ურჩი სხეულის რომელიმე სიპაწაწინე შეერეოდა და – სწორედ იქ ჩააფრინდებოდა ყვითელკბილება გველი, ისიც იცოდა, ასე, უძრავად, დაუნდობელი უფრო გაძლებდა, მაგრამ თავადაცა და გველს უცებ უბრალო, მაგრამ იდუმალებით გაჟღენთილი სიტყვები რომ მოესმათ: 
„აქეთ შემხედე, აქეთ შემომხედე, ჰეჰ“,#74ff4e 
გველი მოდრკა და, შამხათისკენ იქცია თავი, მერე ნელინელ თიხნარზეგაწვა, და გასუსული კვლავაც მონადირე მხოლოდ თვალის კუთხით გრძნობდა თუ, როგორ იცვამდა რუხ სამოს შხამათ, მერე, დახრილი, მიწის რთულმკვიდრს, დაბლა მღოღავს, ჭარბთანხმოვნებიანი უცხო აზრებით თან გრძნეულად, და დამყვავებლურად ესიტყვებოდა, მერე ბრტყელ თავზე დაადო ხელი, მეორეთი კი იმ მკვიდრ იაგუნდს მცირე ცომივით, მიწაზე ზელდა, და ორთავე ნაზი ხელისგულით, უსულოსაცა და ძნელსულიერს, უტყვად თრგუნავდა, და ვარსკვლავები აღარ ჩადნენ, რომ გაიმართა და, ის იაგუნდი ფეხის ნეკათი ფრთხილად, ფაქიზად მიუმარჯვა, და გასაგებად, მონადირის ენაზე უთხრა: 
„წადი, იარე“, 
და მადლიერმა გველმა ერთი კი ძაან ამოხედა და, ბრტყელი თავის კვრით, იაგუნდს წინ - წინ იგორებდა და მიმოხვეულად მიჰქონდა სადღაც, აიმ სისხამზე გველს რა უნდოდა!, მონადირე კი, ღონემოხდილი, მიწაზე იჯდა. იკითხა, მერე: 
„შენ.. ნამდვილი ხარ? “ 
„მგონი. ცოტათი“ 
ყოვლად დამაჯერებელი კი გარე ბიძაშვილი იყო, ქალებს რომ მზერას გააყოლებდა – მაინც... ფაძინებულიც – ასევ. დაძინებმდე, ოცდათხუთმეტს რომ გადასცდა, ღულელებში იშვითადღა ჩასული სანდრო აუცილებლად ავიდოდა ხოლმე გოგის ახალი დიდი სახლის ზემოთა აივანზე და, სიგრილეში, იდგა, იდგა, იცქირებოდა. ნათურებჭაღიან სახლებს ჩახჩახი გაუდიოდათ ღამეულ სოფელში, ეზოებშიც კი ბდღვიალებდა დიდი ნათურა, მაგრამ სანდროს – ფიქრო ცოდვილო და – ის ღულელები, გაჭირვებული, ბევრად ერჩია, ჭრაქებითა და სანთლებით მოიდუმალოდ აბჟუტებული, ხოლო ორიოდ შეძლებული, ხოლო ორიოდ შეძლებულ ოჯახს თვით ნავთის ლამფაც კი ხელეწიფებოდა, ძირითადად კი სანთლებიანი ღამისპირა სოფელი წყნარად, ციაგით იღვენთებოდა, ახლა კი ვეღარც გაიგებდი, სად ეძინათ და სად – არა, და გარდასული ბავშვობის საძიებლად ჩამოსულ სანდროს გული და ყელი ეკუმშებოდა, რადგანაც მაშინ, ბავშვობაში, იყო და ახლა კი აღარ – კალო, იყო წისქვილი და ახლა – სამუდამოდ ჩაქცეულიყო და მოყავისფრო დიდ სადღვებლებში აღარ აკოწიწებდნენ კარაქს, და, სოხანეზე ვეღარ დაიარებოდნენ, ხოლო პარკეტი, სანდროს აღქმით, აღარ იყო ხე, და მაინც, სანდროს მკვიდრად და სამუდამოდ ჩარჩენოდა ის ღულელები, როცა ღობე უფრო იყო ღობე, და ბლის ხეც კი თითქოს უფრო იყო ხე, და ძველ შინაურ ხეებთაგან დეიდა ერმონას ეზოშიღა ტვრინავდა ის ერთი ვაშლი, პეტრე-ექიმის ხათრით რომ არა სჭრიდნენ, და, კიდევ კარგი, ალაგ – თონე შერჩენილიყო, ხელოვნურად განათებული სოფელი თვალს ტკენდა და, აივანზე გამოსული სანდრო მგელივით სუ ტყისაკენიცქირებოდა, სადაც ისევ ფშვინავდა საშიში და ძველი ხუბაბა, და თუმც სანდროსავით ცოტათი ისიც შემელოტებულიყო, მაინც ძველებურადვე იფარებდა მგლებს, და, ყველაფერზე მეტად კარგი, რომ მექანიზატორებსა ა კანტი-კუნტაებს გარდა აქ ისევ ისე იმ შეურყვნელ, ისეთ უნებურ და გულის ქართულს ლაპარაკობდნენ, რომ სამშობლოთი ძლიერ შეგძრავდა, ღულელები – ეს მისი სამშობლოს გამმორჩეული ცრემლი იყო, უფრო – კურცხალი, რადგან სწორედ იქ აღსადგენელად დაეძებდა თავის ბავშვობას, ხოლო ბავშვობა, მოგეხსენებათ...ეე... - კარგი იყო. 
და სანდროს კიდევ ერთი ბავშვობა დაჰყვა, ღულელებისგან მკვეთრად გამორჩეული, სულ სხვაგვარ ხალხში, და ვერასოდეს დაიდგენდა თუ – რომელი რომელს სჯობდა. თუ ღულელების გახსენებას ბინდისმიერი რამ, ნაღველნარევი სილამაზე ახლდა, იმ სულ სხვაგვარ ხალხს მუდამ ჭრელი მზე დასჩახჩახებდათ, და სუყველაფერს, სულ ყველაფერს სიცილი და ხუმრობაერჩიათ, იმათ გაუხუნარ ნათელად დასდგომოდათ თავთ თუმცა მარტივი, მაგრამ მკაფიო „გიხაროდენ“ და, გარდასახვის ნიჭით ცხებულებს, სხვათა გაკილვის საშუალება ათასში ერთხელ თუ შემოაკლდსბოდათ, ერთიმეორის გამოჯავრებაც დიდად შეეძლოთ, იმათ ისეთი რა უნდა გაჭირვებოდათ, რომ არ ეხუმრათ, ნეტა დედამიწის ზურგზე სადმე ხუმრობდა და იცინოდა ამდენს სხვა ხალხი? აჰ, არა, არა, ალბათ ნაღდად არა. 

* * * 

სხედან ვთქვათ, დეიდა კატუტას სამზარეულოში სანდროს ბებია – ფაცა, და მისი დეიდაშვილები: ოჯახის წყნარი დიასახლისი კატუტა და ფაცხი მერია. სამივენი თბილისის გულის ერთ დიდ სახლში.რუსთაველის დასაწყისში. სხვადასხვა სართულებზე ცხოვრობენ, და დეიდა კაკუტასთან უყვართ შეკრება, რადგან იმას ოთახის გარდა ოთახივით სამზარეულოცა აქვს, იქვეა სანდროც, შვიდიოდ წლისა, და უცებ დერეფნიდან მოკლე და მხიარული შეკივლება ისმის, მაგრამ მხიარულებისა ჯერ რა იციან, შეკივლებაზე – წამოხტებიან, „რაშია საქმე!?“ და დერეფანში კი მოქოთქოთებს კატუტასა და მერიას მესამე და, მსუქანი, მრგვალი, კეთილი დეიდა ჭაპულა და, მეოთხე სართულითა და მოსაყოლი ამბით აქოშინებული, ყელში სულმომდგარი, დერეფნიდანვე იწყებს: 
- გაიგეთ, გაიგეთ?- დასანდროს კოცნის, ზედაც არ უყურებს, - რამხელა გაზრდილა... იმ შეჩვენებულს... - სულს ძლივს ითქვამს, - რა უქნია!... 
- ვინ შეჩვენებულს... 
„შეჩვენებული“, ანუ თვალსაჩინო ხუმრობის შემძლე, ნათესაობაში ბლომად ურევიათ და ჭირს დადგენა.
- ვის და, ბიძინას...არიქათ, არიქათ...დამსვით სადმე! ...ამოხდა სული.... 
ბიძინა ღოღობერიძეც ბებიას „კვიდრი“ დეიდაშვილია, გამორჩეული თავკაცია ყოველგვარი მახვილსიტყვაობისა თუ ანცობისა და მერე სად ეს - მცირე სრულიად საქართველოს მახვილსიტყვაობის დედაქალაქში, თვით ქუთაისში ამა დიდად ნიჭიერ საქმეში პირველ კაცად ბიძინა უვისთ. და, უკვე სამზარეულოში შემოსული დეიდა 
ჭაპულა მძიმედ ეშვება უბრალო ტახტზე, იცინის, იცინის, ხან კედელს კეფით მიეყრდნობა, ხან მუხლებზე დაიდებს შუბლს და, ისე გემრიელად ,დახუჭულს, სამაგიეროდ ლოყებზე უჩნდება გახარებული ფოსოები, ისევ იცინის. 
- აღარ ამოშაქრავ, შე ქალო? - ვეღარ ითმენს დეიდა მერია. 
- არ გადაგვაყოლა? უჰ... 
- მაცალეთ...მაცალეთ! - და ისევ ბჟირდება. 
როგორც იქნება და ,დაადგება საშველი -ჯერაც პალტოგაუხდელი, წყვეტილად და სიცილნარევი სვენებ სვენებით ჰყვება: 
- ვინცხა ხნიერი პრავადნიკი მომკვტნარა ქუთაისში ბიძინას მეზობელი ერთი..უიი, უი..დავიხრჩვი ქალი 
დეიდა მერია სხვებზე ფიცხია, მაგრამ ისიც ითმენს--„პრავადნიკი“, ეს-უკვე რაღაცით კარგია. თან, არაქართულ სიტყვებს, რაღაც, შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად თუ კოლორიტისთვის ხმარობენ gol.ge./ 
. -ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი...გამოუდგამთ თურმე შვაზალაში იმ საცოდავის კუბო... და მოაქვთ და მოაქვთ თურმე ვენოკები და ყვავილები და ამისთანები...დგანან თურმე ეზოში დუხავოი მუზიკა და უკრავენ და უკრავენ ჯვარი აქაურობას და,იმ მუსიკას...იხოკავენ თურმე ლოყებს ამ საცოდავი პრავადნიკის ნათესაობა და ხალხი...ხალხიაა? - სავსე...არის ტირილი და მოთქმა...და ქე რო ულაგებენ და ულაგებენ თავთით იმ საცოდავს ვარდებს და ყვავილებს...შემოდის თურმე ამ დროს ბიძინა, პატარა რაცხა გახვეული აქვს ხელში...უიი, უი... 
უცდიან, უცდიან რომ...ნამეტანი. 
- ჰოდა... მიდის თურმე ეს შეჩვენებული იმ საცოდავთან... დამდგარა მწუხარედ... დაჩერებია... გაუქნ-გამოუქნევია თავი... შემოუცლია მერე ძველი გაზეთი იმ თავისი გახოულისთვის და... ხედავენ, მარა რას ზ ხედავენ... 
მოლოდინია, მოლოდინი რომ... 
- პატარა დროშები ქე როა...ბაირაღებივით...პრავადნიკების...უიი, უი... მომკალით ვინცხა!..ერთი ყვითელი ფლაჟოკი ერთ ლოყაზე მიუდვია პრავადნიკისთვის და, უთქვამს... სამოთხეში თუ მოხვდები, ვარლამია... აგი ყვითელი გეიშვირეო და... ახლა მოლოდინს რაღა უჭირს, სუყველანი იცინიან... 
- მერე... ამ ოხერს... მეორე ლოყაზე მეორე წითელი ფლაჟოკი მიუდვია და... ჯოჯოხეთში თუ მოხვდიო, მაშინო აგი შოუშვირეო... აბა?! 
ეეჰ, რამდენი გულიანი სიცილი სმენია იმბავშვობისას სანდროს. 
- ჰოოდა, მერე... ნუღარ იკითხვთ... თლათ გაუჩერებიათ დაკვრა ეზოში იმ დუხავოი მუზიკანტებს... ისეთი სიცილი და კისკისი გამოდის იმ უბედურის ოჯახიდან თურმე... ტრუბაჩს უკითხავს, ტრუბაჩს... ვაიმე, მოვკვდი... სანდრიკა, წყალი... 
რა, რა უკითხავს... 
ხვარ გაცოცხლდაო! 
პატარა ხანში,მერე, სულს რომ მოითქვამენ: 
გეიგო მერე სუყველამ რაშია საქმე და, იცინიან, იცინიან თურმე ხან ბიძინაზე ხან იმ ტრუბაჩის ნათქვამზე, იცინიან და ისე, ვინმე ნემენცმა შემთხვევით რომ ჩამეიაროს, პრაზდნიკი ეგონება... დუნია ხალხში ვეღარავინაა კუბოს ამწევი... 
და, როგორც იქნება და, გულს ცოტათი რომ მოიოხებენ, სანდროს ბებია, ფაცა ამბობს: 
- ახლა, სხვას რომ გაეკეთებია მაგი ამბავი... 
- უჰ,მტრისას, მტრისას... მოკლავდნენ, მოკლავდნენ. 
- კი, კი, ნამდვილად მოკლავდნენ გენაცვალე. 
სანდროს ბებია, ნათესაობაში დიდად გამოჩენილი „შეჩვენებული“ამჯერადყუთში არის თეორიაში გადადის: 
- ასეა. ერთს რაც უხდება, მეორეს... 
მაგრამ აქ კარზე აკაკუნებენ. 
- მობრძანდით? 
შემოდის. ეს ინკასატორია, ანუ „ლამპუჩკის კაცი“ 
- გამარჯობათ. 
იციან, რომ აღმოსავლელია, და ახლა ხაზგასმული ქართულით ალაპარაკდებიან, შეუძლიათ ესეც; „ლამპუჩკის კაცი“ კი ოთხი ქალის საზოგადოებაში თვალსაჩინოდ იბნევა, თანაც სულ სხვადასხვაგვარად ლამაზია ოთხივე:დეიდა ჭაპულა კეთილად მომხიბვლელია, და თუ დეოდა კატუტაში სიმშვიდე და სათნოება სჭვივის, დეიდა მერია შემართულია, დიდი მწვანე თვალებიმუდამ უელავს, ექვსი წლის სანდროს ბებია კი, ფაცა, ორმოცდაოთხისაა მხოლოდ, თან გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება, სუსტი, მაღალი, ძალიან ქალური და ლამაზი ქალია, და „ლამპუჩკის კაცი“ ცოტათი კი არა, კარგა გვარიანად იბნევადა და ამიტომ დიდად ქედმაღლურად ირჯება, ამათთვის ქედმაღლობა კი... და ამასხარავებენ. ექილიკებიან, ფარულად; 
- დაე, გამარჯვებანი ნუ მოგშლოდეთ ბუნების ძალთაგან... სვებედნიერად გაგიმარჯოთ, ჩემო ბატონო... მობრძანდით, დაბრძანდით, ბატონო ვამეხ. 
- მე ვამეხი არ მქვიან. 
- და მაშ აბა განა რა გქვიანთ? , 
- სოლო. 
- აჰ, დიდი ბოდიში, ვრცელი ბოდიში, ეს როგორ მოგვივიდა, - ვითომც გულწრფელად შეიცხადებს დეიდა მერია და, ფაცა ბებიას გადაულაპარაკებს: - სულერთი არაა? მე შენ გეტყვი, ნამეტანი განსხვავებაა დიდიდიდი ამბავი მაგი თუ სოლოა. ჩვენ - კვარტეტი ვართ.ჯიბეზე 
სანდროს არ თვლიან, წყნარადვე ზის, მაგრამ ყველაფერი ამახსოვრდება. 
- კარგი სახელია ძალიანი. - ამბობს დეიდა ჭაპულა, - ბარაქალური. 
ვალდებულ სტუმარს წარბებიც კი უფაციცდება, ესენი კი რას დაიმჩნევენ, „შეჩვენებულებია“, მაგრამ შენიღბული სიცილით ისე არიან სავსენი, რომ ნათურის კაცი რაღაცას თითქოს ხვდება, თან ვერ ხვდება, თან ისევ ხვდება, თან ვერაფერს ხვდება... მაგრამ შინაგანად აფორიაქებულია, სათვალეს წამდაუწუმ ისწორებს, მიჩერებია მრიცხველს... 
რამე ხომ არ დაუშავებია, ჩემო ბატონო... 
ვისა... 
მრიცხველს, ვოს... 
არაა. 
- უჰ, არ მოგვეშვა გულზე? იგრე გულდაგულ აჰყურებდით, მეთქი, რამე აუგი ხომ არ ჩაუდენია – მეთქი... 
და, თავაზიანად მიაყრიან: 
- ამას წინეებზე ჩვენი ნათურა ვერ იქცეოდა რაღაცა კარგად, ჩემო ბატონო... პაჭუნობდა ნამეტანს, მაგრამ მერე გადაუარა... ეჰ, ეგ კი არა, ხანდისხან ჩვენც კი გამოვდივართ მწყობრიდან, ადამიანები... დიახ... დიახა!... მაშა!.. ბარაქალა!.. სანდა საღოლ!... - მიაყრიან და, მერე ხმას საიდუმლოდ დაუწევენ: - მეზობელი გვყავს ფსხვილი ქალი ერთი... ბლომად ქმრებგანაყარი... მოგეწონებათ თქვენ... ძალუა... 
ჰა!.. ვინ მსხვილი ქალი... მოგეწონებათ თქვენ... რა შუაშია! 
- აჰ, არაფერში... ისე – უბრალოდ, მრიცხველზე გაგვახსენდა... ვერ დაგვითვლია იმისი ქმრები, ჩემო ბატონო... ტყვილი გაგვახსენდა... 
„ჩვენ“ - ობით ირჯებიან, რადგან ფარული სიცელქე აერთიანებთ, ერთი დეიდა კატუტაღაა ჩუმად – წყნარი, კეთილი, სათნო ქალი და, შეჩვენებულებზე, მკრთალად ეღიმება... 
- ჩაი მიირთვით, ჩემო ბატონო... ჩინური წესით დაყენებული უფრო გირჩევნიათ თუ, იაპონურ ყაიდაზე?
ნათურის კაცი კი – კი გრძნობს ამჯერად რაღაცას და, ჩაიბუზღუნებს: 
რა დროს ჩაია... ჩაი არა, მაი... 
- აჰ,- შეიცხადეს სანდროს ბებია, ფაცა, - ქართულის გადამახინჯების ნებას არავინ მოგცემთ თქვენ... მაი კი არა, - მაისი. 
რა მაისი... რისი მაისი, თებერვალია ახლა... მაისიოო, დახე! 
და, ქვითარს რომ შეავსებს: 
კარგად იყავით!.. ვაჰ! 
და, როგორც კი გავა, დეიდა ჭაპულა და დეიდა მერია ყელს იწიწკნიან: 
ფაცა, ფაცა, შენი ჭირიმე, გაცინე რა, გაცინე რა ფაცა... 
მაგრამ ბებიას განაზება უყვარს: 
როგორ გავცინებ... სად შემიძლია... 
დაუჯერებენ, კი: 
კაი უჰ! გაფიცებ ყველაფერს, ფაცა... 
მაგრამ ბებია ისევ ნაზად ამბობს: 
რაღადროს ჩემი მასხრობაა, დავბერდი ქალი... 
და აქ დეიდა კატუტა პირველად იღებს ხმას: 
სანდრიკას გაფიცებ. 
რააო? სანდრიკას გაფიცებო! აჰ... - და ბებია ფაცა მაშინვე ამბობს: 
სათვალე მომეცით აბა.ყუთში არის 
და გადის. 
მერე – კაკუნი და: 
მობრძანდით, მობრძანდით! - იძახის გაფაციცებული დეიდა მერია. 
და, შემოდის, მაგრამ რა შემოდის – რაღაცით, ყოვლად ვერაუხსნელად, სანდროს ბებია ახლა ის კაცია, „ლამპუჩკის კაცია“ ბებია ფაცა ახლა, და ძალად შეჭმუხვნილი სახითაც იმას თუმც სულაც არა ჰგავს, გამომეტყველებით – ახლა ჭეშმარიტად ის კაცია ბებია ფაცა, და, თუმც სუსტი და გამხდარია, - სწორედაც რომ საკვირველი! - იმ კაცის ტორია ახლა ფაცა-ბებიას სუსტი და გამხდარი ხელი, და მისი კაბაც კი, კაბაც – გადასარევი! - იმ კაცის პალტოა ახლა, ისერიგ მოურგია ტანზე, და როცა იტყვის: „გამარჯობათ“, და მრიცხველს ახედავს, გადაფიჩინებულია ბებიას სამთავე დეიდაშვილი, „ლამპუჩკის“ ახლადმოვლენილი „კაცი“ კი ჯავრს იყრის, რომ ინკასატორმა ოდნავი ყურადღებაც კი არ მიაქცია სანდრიკას, მისი ღრმა რწმენით, დედამიწის ზურგზე უპირველეს ბავშვს, და ამბობს: „რა კარგი ყრმაა“, და სანდროს ლოყაზე კოცნის, სანდრიკას აქ ყველა ეფერება, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე, და ეს ფერება სანდროსაც რომ დაჰყვა, და იქ, ღულელებში, სტუმრად რომ ჩაიყვანა თავისი პატარა ქალ - ვაჟი, და რომელიღაც რომ აიყვანა და ლოყაზე აკოცა, დეიდა ერმონამ იწყინა და თქვა: 
- როგორ შეიძლება. 
და, სანდროს უტყვ გაკვირვებაზე, დაამატა: 

* * *
- შვილის მოფერება არ შეიძლება, შვილო. გაფუჭებაა.

სანდრომ ესღა მოახერხა:

მ..მაგრამ დეიდა ერმონას შვილებმა მაინც იცოდნენ, დედაიმათი ჩუმჩუმად რომ იფერებოდა. რომ იტყოდა, ვთქვათ: „საქონელი გარეკე, ბალღო“, ბალღო – ძაან ფაქიზად ჟღერდა, დიდად განსხვავდებოდა „შეშას აღარ დააპობ, ადამიანო?“ - საგან, ხოლო როდესაც სინკომ კუჭის სამი ურთულესი ოპერაცია ზედიზედ გადაიტანა და ქალაქში იწვა, დედაიმისმა ერთხელაც ასე ჩაილაპარაკა: „ენაცვალოს დედილო“, და ისე გაშრა, რომ „დედილო“ - თი თავის თავსაც კი, უბედურ თავს, რომ მოეფერა; დეიდა ერმონას ხმა ჰქონდა ლმობიერი, ლმობიერების ერთი, და, დასდგომია ერთხელაც თავთ შავკოპლება ბურვაკს, რომელსაც რამე-რუმეებით პირთამდე სავსე ტაშტი ჩაუყვია დინგი და, თქვლეფს, თქვლეფს რომ, მეტი აღარ შეიძლება – დინგით სუ ტაშტის განგრევასა ლამობს, ხრუტუნებს, ღრუტუნებს, ჰქშენს. რაღადროს იმისი მოფერებაა, ღორული ჰაზრით, დიდებასაა და ეგ არის, მაგრამ-სწორედაც რომ საკვირველი-დეიდა ერმონა თავთ დასდგომია და, იმ თავისი რბილად წელადი ხმით, დაჰლაპარაკებს: „შეექეც, შეექეც შე ბეჩავო, შეექეცი“,-ეფერება. და გაკვირვებული სანდრო რომ დაინახა, რომელიღაც შვილით ხელში, განზე იბრუნა პირი, და, თავი იმერთლა თუ რა, თქვა:
-უენოოა.
და მკრთალი „ჰ“-ც რომ დააყოლა, აფორიაქებულმა სანდრომ,რომელსაც ცოტა რამ გაეგებოდა ბგერებისა, იმავ საღამოთი სოფლის კლუბის დანჯღრეულ პიანინოზე რომ შეამოწმა ეს „უენოოა-ჰ“, კი,კი, ნამდვილად ასე ჟღერდა:რე-სი-დო-სი ლაა...სიჰ!..-დეიდა ერმონა:
მღეროდა.
- მე ძალიან მინდა, - თქვა ფიქრებში წასულმა გარე ბიძაშვილმა, - რომ მყავდეს კაი ძვირფასი იახტა და მთავარ კაი კაბინეტში მედგეს კაი თეთრი-თეთრი როიალი და კაი ლამაზი ზანგის სუქანი ქალი რომ უკრავდეს ზედ.
- რას იცინით რომ იცინით, - შეიცხადა მერე გარე ბიძაშვილმა,
- ტანი აქვს ცუდი თუ ფეხი! - რომელს, როიალს?

ტანიც კარგი ჰქონდა და ფეხიც, კარგი კი არა, მეტი, მაგრამ რად გინდოდა, განიერი და თალხი სამოსი თხელ,ვიწრო ქუსლებამდე სცემდა, და იმ დაფიქრებულად ამორიყული სახის დანახვაზე რომელი უცხო იფიქრებდა თუ, სახელად შამხათ - „მხიარული“, ერქვა.
ძნელი საქმისკენ, დიდი ველურის მოსაქცევად მიაბიჯებდა როსკიპი შამხათ, ტლუ მონადირეს მიჰყვებოდა; გზად ხან გველ-ხვლიკიანი უდაბნო ედოთ, ხანაც ზანტად დაკლაკნილი ევფრატის პირა ჭალები და ტაძრის როსკიპს სილით ამომწვარ ფეხისგულებს დროდადრო სოველი თიხა უგრილებდა. მონადირეს რა - აამ გზებზე ნაჩვევი იყო. იმ წყაროს წინა ბოლო ღამე კი ლეღვნარში ათიეს.

მართლა ათიეს, რადგან აქეთ-იქით ისევ დებივით ალალად რომ მიიძინეს, მერე იყო და, ლეღვის ფოთლების ნამცეცები, მწვანედ ბუსუსა მტვერი, მონადირეს დაეყარა და ლეღვისმიერმა ქავილმა ისე შეაწუხა, რომ ჯერბურანში და მერეც, ძილგამტყდარი და შეწუხებული, გაბეზრებული, ტანს იხოკავდა. ხანდახან ვითომც წაუყრუებდა შეჩენილ ქავილს, მაგრამ არა, აარა, არ ასვენებდა, გვერდს წამდაუწუმ იცვლიდა და გორაობდა კიდეც, მაგრამ სიმწრით გაოფლილ სხეულს ის ნამცეცები კიდევ უფრო ეჟღინთებოდა და მონადირემ გაიფიქრა:„არ ეგონოს თუ, მისთვის ვბორგავ“, და შამხათისკენ გაიხედა, მაგრამ ვერ ჩანდა, ის.

შიშით დაბურძგლა მონადირეს - „ხომ არ გაიპარა“, ქავილმაც კი გადაუარა -„გილგამეშს რა გადაურჩება“, ძრწოლადავლილი, ჯერ იდგა და, კიდევ კარგი რომ, ღამის ჰაერში ნელსაცხებლების მკრთალი სურნელი ფოფინებდა და, მონადირე, ნესტოებდაბერილი, ამ ბაცადბაც, ტივტივა ბილიკს ფეხისწვერებზე შემდგარი გაჰყვა.

ვრცელ მდინარეში წელამდე ჩამდგარიყო გრძნეული შამხათ, დამძიმებულ პეშვს გულზე მწარედ იხახუნებდა, და მოქნილი თიხა უფრო მოქნილ თითებს შუა მაინც რომ გამოეცლებოდა, იხრებოდა და, მორკალული, უხვი ფსკერიდან ახალი თიხით ივსებდა ვიწრო პეშვებს, დახრილს, მტკივანი მკერდი უხვ მდინარეში ეწობოდა, და ევფრატისეული მტკნარი შვება გრილ ალერსში რომ გადადიოდა, ქანდაკად იმართებოდა თეთრი შამხათ, და მთვარიანი ღამის ფარატინა შუქზე იმ თავის დაძაბულ მკერდზე დაიცქირებოდა, და ვაშლისა და ნახევარმთვარის გამკრთალებულ ბჟუტვას მაინც რომ შეიმჩნევდა, დაწყვილებულ თიხიან პეშვებს ჯერ ისევ მკერდზე, მერე და მერე კი ყელზე, სახეზე, მისაწვდომ ზურგსა და თმაზედაც კი იხახუნებდა, წყალში ჯდებოდა, ინთქმებოდა, ვეღარა ჩანდა, „მთელ ნელსაცხებლებს თიხა შეიწოვს, წყალი წაიღებს“, შეშფოთებულიყო მონადირე, მაგრამ თვალის წყალობად ისევ რომ ამოიმართებოდა სალუქი ტანი, მონადირეს ახსენდებოდა თუ, როგორ იხილა სულპირველად გრძნეული შამხათ-იმ დიდ, ღრუბლებსმიბჯენილ ტაძარში, სადაც გამობრძმედილი ამტანი შამხათ საღვთო როსკიპად მთელის არსებით იღწვოდა და მუშაკობდა.

თუმც მონადირე კენტად იყო, გილგამეშის კაცი მაინც შეუშვეს ვრცელ რუხ ტაძარში, იქ კი წყვილებად იდგნენ შესაუღლებლები; გახევებულნი, ყურს მიუგდებდნენ შორეული ენქის სულისთქმას, აიმ ენქისა, რომელსაც რომ დიდი ხნის წინათ, ადრე, მაინც მორქინალ ფურივით ამაყად რომ შეეგება დამშრალი ევფრატი,სახელად მაშინ-ბურანუნა, მამა ენქიც მისკენ წავიდა, ბურანუნას არსში გამაგრდა და, წყაროებისა და მარადმედინი მდინარეების სიცოცხლით დამაჯილდოებელმა,დიადმა ხარმა,თავისი უხვი ნაყოფით აავსო აწ გაყუჩებული და დინჯად მედანი ვრცელი ფური,და მძლავრი ენქის შორეული სუნთქვა ტრიალებდა იმ ბევრცეცხლიან ტაძარში,სადაც,სადაც რომ შამხათს გასათხოვართათვის ქალის ძნელი ხელობა კარგად უნდა ესწავლებინა.ისუსებოდნენ და წრიალა ცეცხლის ბაცი აჩრდილები სახეზე უფრო გადასდიოდათ რადგან იმათ წინაშე შემაღლებულზე გამოდიოდა რისკიპი შამხათ: ყრუდ შეოსილი, ყუჩად მდგარ სარეცელთან მიდიოდა, ჯერ ზურგით იდგა, მაგრამ ტანსაცმელზედაც კი ეტყობოდა, დაფიქრებული, იძაბებოდნენ მხილველები, შამხათ კი მაღლა შემართავდა ხელებს, შეიფრთხიალებდა და მრგვლად ეცემოდა მისი რუხი და ტლანქი სამოსი და მთლად შიშველი, ბუნებრივი, დედიშობილა, ჩვეულებრივი ვითომ, მაგრამ სინაზითა და სისალუქით ისე იყო ჩამოძერწილიი? და,უბაცესი სისხლძარღვებით გამონასკვული, თავადაც ხომ სხეულის ტყვე, სხვებსაც სხეულით იქით ატყვევებდა და პირმოკუმული, ყვრიმალებდაბერილი კაცებისა და გაკვირვებისაგან ბაგეგაპობილ ქალთა წინაზე კეფით, კისერით, ზურგით, წელითა და ასე ქვემოთ, შემაღლებულზე იდგა, ლოდში გლუვად ამოკვეთილ გრილ სარეცელზე წვებოდა მერე, და ნაღვლიანად მომლოდინე სახე აქვთ, მაყურებელთაკენ მოექცია და, ფერმკთალ სახეზე, აიმასაც ცეცხლის თავნება აჩრდილები გადასდიოდა.

საღი ქურუმი კი უმი ხორცის ჭამა-ჭამით შემოდიოდა, ხვადი იყო და ბრგე. 

იმისკენ იშვერდა ხელებს შამხათ, მყარ სარეცელზე წამოიწევდა, ისა თრთოდა როომ? მაგრამ თვალთმაქცობით არ მოსდიოდა, არამედ -კარგად ახსოვდა ის პირველი ღამე, კუნაპეტგამჯდატ ოთახში რომ შეაგდეს და, სადღაც ბნელში რომ მოიკუნტა, გრძელი მკლავების ბრმა ფათურით იპოვნა ღამის მამაკაცმა გამოუცდელი ქალწული შამხათ, იდაყვებითაც კი დაეძებდა გან-გან. მერე კი, ნაპოვნს, ხელი დარია. მერე კი, იმ განუკითხავ ხელებს ვიღა დაეძებდა, და ახლაც, სხეულით ამო გასახედნები მკვეთრად გრძნობდნენ თუ, თავადაც როგორ დაატყდათ ის პირველი ტკენა, შამხათს სახეზე ელდად რომ აჩნდა, და შესახედავნი რადგან გუშღამ უკვე გილგამეშგამოვლილები იყვნენ, იმათზე მეტად, უფერუხორცო შეუხედავებს აცახცახებდათ. მერე ნელინელ განეხვნებოდა მოკუმული ტუჩები შამხათს, და რაღაც კუთვნილს თეთრი ტანით ძლიერ ისმენდა, მიუგდებდა ყურს, და შესაუღლებლები გაფაციცებით ხედავდნენ თუ, როგორ სრულდებოდა.

- ჰიეროგამია რა არის?-იკითხა გარე ბიძაშვილმა, - რაღას არ იტყვის თქვენი ენა, 

ხოლო მონჯღრეული ქურუმი როცა გვერდზე გადაგორდებოდა, ჯერ განაბული იწვა შამხათ, მისავათებულს განითამაშებდა, სული უგუბდებოდათ შეუხედავებს, შესახედავნი – ასე თუ ისე მშვიდად გახლდნენთ, გუშღამინდელი, აკი მაინც ცოც ხლები იყვნენ, მერე კი შამხათ ძლივსგახელილი ცალი თვალით გააპარებდა მახვილ მზერას ქურუმისაკენ, იმ მძიმე ქურუმს გუნებაში კოხტად სწონიდა, და გა-დათელილი ლერწამივით ძალიან ნელა წამოიმართებოდა მერე, მნახველთა თვალწინ წარსდგებოდა უვნებელი, შიშველი, ურცხვი, 

- ერთი პატიოსანი ქალი იყო ჩვენში ძალიანი პატიოსანი ერთი, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ვის გააბედვინებდა რამეს ის. ერთხელ, შუა პანაშვიდზე, კვიდრი ბიცოლა რო მოუკვდა და გარდაეცვალა, ვიღაცა აქედან ჩამოსულმა შლიაპიანმა კაცმა სამძიმარზე იმასაც ხელზე რო დაუპირა კოცნა, აი, ხო ისეთი ვითომ არაფერი, არა? მაგრამ ისეთი კივილი ატეხა, იმ კაცს შლიაპა გავარდა ხელიდან. დიდი პატიოსანი ქალი იყო ძალიანი. განსაკუთრებით ხალხში. არავისთვის გადაუდვია მისდღემჩი არაფერი. სხვა ჭირისუფლებმა კი ხელზე კოცნა მშვენიერი კარგად ჩაყლაპეს.

თავისთვის ბაცად იღიმებოდა როსკიპი შამხათ, და ქვის სარეცელს ნელ წრედ უვლიდა, შეჩერდებოდა მერე, დაიხრებოდა, საღებავიან თიხის ჯამში ჩაჰყოფდა პეშვს, და ცალ მკლავს მწვანედ იღებავდა, მერე კი წითლად აივარვარებდა ნახევარ მკერდს, ფეხზე ლურჯ ლაქებს დაისვამდა დამისი სითეთრე უფრო სჭვიოდა, დიდ მუქ თვალებში შუქჩამდგარი, მკვეთრად დახრილი, ღონივრად აიკლაკნებოდა მერე, და შესახედად-ღირდა, მაგრამ თვალები მძიმედ დაეხუჭა მიკარგულ ქურუმს, არად აგდებდა, მოაზროვნე შამხათ კი მათრობელად სუნამომომდინარ თიხის მოჩუქურთმებულ ჭურჭელს დასწვდებოდა და ნელსაცხებლებს ძალიან რომ შეიზავებდა, ქურუმისაკენ იხრებოდა, სურნელოვან,მკერდს მსხვილ ბაგეზე სულ მცირე ხნით, ჩქამად ადებდა, თვალებს ახელდა საღი ქურუმი, მიეტანებოდა, ვერაგი შამხათ კი უკან გახტებოდა, ღიმილიანი,და რაღაც უცნაურ ცეკვას იწყებდა, ცეცხლივით უგზოდ ტორტმანებდა, გადაზნექილი, ხელებს იწვდიდა და ჭრელი სხეულის ყოველ კუნჭულს წყალობად უჩენდა, გაღიმებული ცეკვავდა ქურუმისა და შეგირდთა თვალწინ ამბოხა ქალი-მხიარული როსკიპი შამხათ, გლუვ სარეცელს უტრიალებდა, და მხტუნავი ცეცხლი გრილილი შუქებით მთელ ტანსაც ელეთმელეთად უღიმებდა და წამოწევანაკადრებ ქურუმს თვალებსაცა და ფერად სხეულს შორიდან ამაოდ უჟუჟუნებდა მხიარული დედაკაცი შამხათ, თითით უხმობდა ჯერ ქურუმი, ხელით ეძახდა მერე, მაგრამ

- იმ შლიაპიანმა ძალიანი ბევრი კი იძახა მე არაფერი არ მინდოდა, მე გულში ცუდი არაფერი მედოო, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - მაგრამ გაყუთში არისლახეს. აბა ასეთ კივილს ტყუილუბრალოდ ხომ არ ატეხავდაო. ერთი ბერეტიანიც მიაყოლეს ზედ. ყოვლისშემთხვევაში.

მაგრამ თავს იფასებდა შამხათ, ქალის ბუნებას ისწავებოდა, საღი ქურუმი კი თავად მიდიოდა მასთან, აიყვანდა და პატარა ხანში ყველანი გრძნობდნენ, რომ ჰქონიათ სხვაგვარი ბაგე, ყელი, იღლია.

თმები, და ყური, რომ შესძლებიათ ათასგვარი ხრიკის ჩადენა, სხეულს ღონივრად აზმორებდა შეღებილი და სურნელოვანი როსკიპი შამხათ და, ჩრდილებნარევი გმინვა იდგა, ახლა, კი, ახლა, დიდი განსაცდელის წინ, სიჩუმეში, ისედაც ვრცელი სხეულის ზედმეტობები თიხის ხახუნით რომ განიშორა და, ნაპირზე რომ გამოვიდა, იმ დილა-ბნელში, სხეულზე კარგად დაიხედა და, რომ ვეღარ შეიმჩნია ვეღარაფერი, გაკვირვებულყუთში არის მონადირეს თავდახრილმა და მორცხვმა, უთხრა:

- მე-მე მინდა ვიყო,

მერე, ლეღვს კრეფდნენ.

დილის ლეღვს ჰკრეფდნენ კაცი და ქალი, მაგრამ ერთმანეთს არ ეკარებოდნენ, რადგან ორთავე მონადირე იყო, შამხათ კი-უფრო. დედიშობილებს, ლეღვისმიერი ქავილი აწუხებდათ, მაგრამ შამხათმა იმ თავისი გრძელი სამოსის ჩაცმისთანავე ლეღვის ფოთლები მრგვალ საყელოში ჩაიყარა, მაგრად შემოიჭირა სადა ქამარი და, დიდი ქავილის მოსურნე გახდა, იქაც, წყაროსთან, გრილ თიხნარზე მოკუნტულად მჯდარს, დიდი მოქავილე – გაბანჯგვლული შორი ენქიდუ წამდაუწუმ ელანდებოდა, ვინც არ იცოდა ჯერაც ქალი, სულ მონადირის მამას არა ჰგავდა? მაგრამ მონადირის მამა შედინჯებულიყო, მეზობლის დედაკაცს ხანდახან თუ შეავლებდა თვალს, ის კი, მკერდ – ძლიერ – მოღიავებული, მწარედ დახრილი, ქვებსა ჰკრეფდა და მონადირის მამა როგორც იქნა და, ის იყო, რომ გაიმართა:
მამიი! მამიი!!
„ჯანდაბა და დოზანა“, - შუმერულად გაიფიქრა მეზობლის ქალმა - „და შავი ჭირი... და ლენცოფა შენ “, მონადირე კი მართლაც ლენცოფანაჭამივით გამორბოდა მათკენ - „მამიი, მამი,
ბაგე შეკვროდა მონადირის მამას, და ვერ აგებდა, რადგან ყელშეხვეულ სანდროს
წყნარად შემოეჭდო თითები სურაზე, სურა კი თიხისა იყო, და წყალს თავისი ბავშვური გონით ვითომ ითბობდა, ზამთაროი იდგა, გრძელი დეკემბრის თვე, ტკარცალა ღუმელს შემოსხდომოდნენ დეიდა კატუტა, დეიდა მერია და სანდროს ბებია ფაცა, და ისევ შეკივლება, ისევ დეიდა ჭაპულა, ისევ-„გაიგეთ, გაიგეთ? იმ შეჩვენებულს...“

- არაფერი გამიგია მე!, არაფერი არ გამიგია მამი ჯერ მე ამისთანა! ძალიან მტრული თვალებით გამოჰყურებდა დამფრთხალ მონადირეს ქვების უშედეგოდ ამკრეფი დედაკაცი,

- მისულა ის შეჩვენებული ბიძინა აღმასკომშია თუ რაცხა...

- მოდი აქ, ქალო, ჩამოჯექი ჯერ... - და ღუმელთან იმასაც უდგამენ დაბალ სამფეხა სკამს, ღულელებში კი თოვს, თოვს და საღამოს პირია, შეშას მუყაითად აპობს პერანგისამარა გოგი, დეიდა ერმონა კი, თბილად ჩაცმული, ღაზლსა და ბანბოვანში, იცდის, იცდის და ათოვს, მერე ნეკნებზე იდაყვებმიდებულ, მართკუთხა ხელებს გაუშვერს და ქვასავით შეშას ულაგებს ქვეყნისამტან ხელებზე გოგი, თან, უფრთხილდება: „გეყოფა, დეედ...“ „მამიი, მამიი!“ - ძალიან შორს, უსაშველოდ შორს, თიჩქოსდა მიუწვდომელში გაჰყვირის მონადირე.იმდენი ველოდეეთ...“

„მერე და, რაღა მოგარბენინედა, შე...“ - კვლავ შუმერულად გაიფიქრა მეზობლის მსხვილმა დედაკაცმა, სხვა ენა იმანარ იცოდა და, რა ექნა.

„ორი დღე ისხდნენ წყაროს ნაპირას“,

ორი დღე ითმენდა ქავილს შამხათ,

- ჰოდა, მისულა პირდაპირ გუნდის მეცადინეობიდან ბიძინა უფროსობასთან, იგენს, ხო იცი, მთელი დღე რომ არაფერი აკეთონ, საღამოობით უყვართ შეკრება...

- და, როგორც იქნა, როგორც იქნა, მამიი,

„ბოლოს მოვიდა ჯოგი წყლის სასმელად,

მივიდნენ მხეცები, წყლით გულს იხარებდნენ,

მათთან ენქიდუც, ველზე ნაშობი“,

საღამოხანს მოვიდნენ,

- ჰოდა, დაუდვია თავი და, შესულა პირდაპირ იგენთან. ნასვამია ცოტა, მარა რა

უჭირს, ბიძინასას ყოლიფერს გუობენ...

„არ დაიღალე, დეედ?..“ „არა“. „მართალი მითხარ“. „მორჩი“. „ეგ რასა - შეშის დაპობასა?“ „ყბეედ“.

- ავიღე, მამი და, პირდაპირ ვუთხარი ძალიანი:

„ჰა იგი, შამხათ, შეიხსენ მკერდი,

და კალთა შენი გადაიშიშვლე;

ოდეს დაგინახავს, ახლოს მოდგება“,

- ოო, ლოტბარს გაუმარჯოს, ლოტბარსო, უთქვამს იგენის თლათ მთავარს, რასა იქმ, ბიძინა, ხომ მშვიდობააო,

პირშიმთქმელურად ვეუბნებოდი ძალიანი:

„დაე, აიღოს სიმწიფე შენი,

ნუ დაიმორცხვებ, წაართვი ჯანი“,

მშვიდობა კიაო, ბიძინამ, თურმე, მარა სათხოვარი მაქვენ ბატონო, ერთიო. რადარა სათხოვარი, ამხანაგო ბიძინაო,

„მაშინ შეიხსნა შამხათმა მკერდი,

დაკალთა თვისი გადაიშიშვლა“,

და თეთრ ფეხებზეც რომ იცხუნა ლეღვის ფოთოლი, წამოიმართა, გაშრა ენქიდე, მსგავსი მხეცი ჯერ არ ენახა,

- რა სათხოვარიო და, ბატონო იმანო, კი ვარ ლოტბარი, მარა გუნდი რო არ მივარგაო? - რატო არ გივარგაო? - რატოო და, ბატონო იმანო და, შეუხედავი ქალები მყავს ძალიანიო. მღერით, იცოცხლე, ნამეყანი კარგად კი მღერიან, მარა, რომელიმეზე ხო უნდა შეაჩერონ ხალხმა თვალიო...

ღელელებში, შინ, ორნიღა არიან, ცურვის უცოდინარი ხარება ფლოტშია, თენგიზა და სინკო ქალაქის საავადმყოფოში წვანან... და გოგიც ძალისძალათი, თავსზემოთ ხუმრობს,

თოვს,

მერე, დავარიგე კიდევ და კიდევ და კვლავ!:

„სამოსი დაფინე, ზედ დაგაწვება, 

ნუ მორცხობ, სუნთქვა მისი მიიღე,

აჩვენე ველური ქალის ხელოვნება“,

- მერეო, მე რა გიშველო, ამხანაგო ბიძინაო. - რაო და, ორი ახალი კონსერვატორია დამთავრებული ლამაზი ქალი უნდა გამიხერხოთო. ერთს აქეთ კიდაროზე დავაყენებ და მეორეს იქითაზე და ივლის აქეთ-იქით ხალხის თვალიო - დაფიქრებულა, იგენის თლათ უფროსი.

„დეედი, დედ...“ - ცბიერად ეკითხება გოგია, „ერთი კილო რკინა უფრო მძიმეა თუ ერთი კილო მატყლი?“ დეიდა. ერმონა კი ჯერ გააგრძელებს: „ჰაიი , ჰაიი“ , - დამერე- დასძენს : „ცარიელა ჭკვავ“ . 

- ახლა, ქუთაისში რომელს არ უყვარს ხმაურობა და, იგენის თლათუფროსსაც უთქვამს: მერედა, ამხანაგო ბიძინა, შენ თითონ არ ხარ ლამაზი, რად გინდა ლამაზი ქალებიო.

მამიი, მამიი, არაფერი არ გამიგია ჯერ მე ამისთანა: „ექვს დღეს და შვიდ ღამეს ნერბავდა შამხათს, და რა ენქიდუს ვნება“, 

- ნერბავდა რა არი? - იკითხა გარე ბიძაშვილმა და, იაზრა, საზრიანი იყო, უი ჰო, ისა... 

- ახლა, რა ხუმრობა ახლა ის იყო, მარა, რო ესიამოვნებინათ, ისეთი სიცილ-კისკისი აუტეხიათ იგენს რომ, იცინიან, იცინიან, და, კვდებიან თურმე სიცილით. ქე რო ჩაშოშმინებულან ძლივს... უიმე, უი... და ამას, ამას, ამ შეჩვენებულს, ჩვენსას რა უპასუხია თუ იცით... უიმე, უიმე, ვაი... დავიხრჩვი ქალი! - არა იქნა და არ იქმნა მისი გაჩერება, მამი, რა ნახა ჩემმა საკუთარმა თვალებმა იქ, მას,

„და რა დაუცხრა ენქიდუს ვნება,

პირი იბრუნა თავისი ჯოგისკენ,

ხედავს ენქიდუ – გარბის ქურციკი,

და ველურ ჯოგსაც ზურგი უქცევია“,

აღარ ამოშაქრავ, შე ქალო?

„წამოდგა ენქიდუ – შეკვრია სხეული,

მუხლები დაუდგა, ჯოგს ვეღარ მიჰყვება,

დასუსტდა ენქიდუ, ვერ ირბენს ძველებურად,

მაგრამ გაბრძენდა, განევრცო გონება.

მობრუნდა, შამხათს მუხლებთან დაუჯდა“,

ჩაშოშმინებულან, ქავილდაამებულია შამხათ, მკერდზე ბანჯგვლები შეთხელებია ველურად ნამყოფს,

მაცალეთ, მაცალეთ, მოვვითქვა სული,

„ასე ეუბნება ენქიდუს როსკიპი:

მშვენიერი ხარ, ღვთაებას ედრები,

რად დაძრწი ველად გარეულ ჯოგთან?

მოდი, გალავნიან ურუქს წამომყევი,

მიგიყვან ღვთაებრივ, ბრწყინვალე სახლში“,

- უთქვამს, ვაიმე, ვაიმე, მომკალით ვინცხამ, უთქვამს, მე რო არ ვარ ლამაზი, მიტომაც ვდგავარ ხალხისკენ ზურგით, ჩემო ბატონო იმანო.

„სად გილგამეშია, სიქველით სრული,

ხალხზე რომ მძლავრობს მოზვერივით, 

შეიყვარებ შენს თავზე უმეტეს,

რაკი შენც მსგავსი ყოფილხარ მისი.

წამო, დააგდე უდაბნოს საწოლი!“

- კიდო რაში ყოფილა თუ იცით, საქმე? - ძლივს ითქვამს სულს დეიდა ჭაპულა, - ის იმ იგენის თლათ უფროსი შეუხედავი ყოფილა ნამეტურ!... და პირიზიდიუმებში ხალხისკენ პირით იჯდა!

იცინიან, იცინიან რო, ღუმელის კრთომა სადღა ისმის, ღულელებში კი, დეიდა ერმონას ჭრაქიან სახლში, ორნიღა სხედან და რძიან ჯამში ხმელა პურს ჰყრიან,

თოვს.

ასეა, - აღნიშნა ნიკომ, - რაა ისეთი, ქალი დროებით რომ ვერ შეძლებს.

დღესავით ცხადია, - თქვა გარე ბიძაშვილმა.

რა იყო ცხადი, - დღე? 

მაგრამ ისე ძალიან სხვა რა ამჟღავნებდა იმ აუარება ბუნდოვნებასა და გაუგებრობას, წამდაუწუმ თვალებში, გონებასა და ფეხებში რომ გედებოდა, როგორც ყოველი დღე...

ცხადი კი არა, დღე – ყოვლად ხილული გაუგებრობა გახდა, სხვები თუ უფრო მკვიდრდებოდნენ ავსა თუ ნაკლებად მოლიპულ გზებზე, ეს ჭრელი სანდრო მთლად აირია ოცდათვრამეტისა რომ შესრულდა, განსაკუთრებით – მაშინ.

უბრალოდ მოხდა: მეტის გაგება მოინდომა, ვიდრე შეეძლო.

ძლიერ უბრალოდ – თვალები ძაან დააჭყიტა და, ლამის დაბრმავდა. ერთხანს

„ჰხედავა, კაცთა?“

„ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა“,

დრო კიდევ იყო.

ქუჩაში კაცი მიბარბაცებდა და სხარტ სიმღერას: „სიყვარული ძნელია“, ძალიან გაბმულად, გაწელილად ღრიალებდა:სიიიყვა...რუ!,ლიიი ძნეეე-ლიააა,

წვრილსა და სუსტ ხეს დაეჯახა, კინაღამ გადატეხა, მერე ბოდიშივით შეახო განაზებული 

ხელისგული მერე კვლავ ტავისაზე დადგა:

- დაა რაააც უუუფრო!, ძნეეეე - ლიააა,

მოხუცი ქალი გაიმართა,რამდენადაც ეს შეეძლო, დააკვირდა და,გულმოდგინედ გადაისახა პირჯვარი, 

- უუუ – ფროოო... - და უცებ სისხარტისაკენ შეამჩატა სიმღერა კაცმა, - საასურველია!, 

მოხუცებულმა კი თვალი მიაყოლა და ახლა იმას დაადევნა სწრაფი პირჯვარი,

რუ!, უუულიიი...- და ახლა ისევ გაბმულა ყვიროდა კაცი.

ფხიზელი იყო.

მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა, სასურველი კი გახლდათ.

* * *

იქით წადი, აქეთ მოდი, სანდროსთვის სამადსამი ცნება უუმთავრესი იყო – ბავშვობა, თავისუფლება და სიყვარული.

მაგრამ ბავშვობა რა... - ჩავლილია, თავისუფლება რომელ ერთს უგემნია სიცოცხლეში, სიყვარული კი, იმ სიმღერისა არ იყოს, ძნელი რამ გახლდათ, შეშინებული მონადირე ტახტქვეშ ძლიერ გატრუნულიყო, რადგან უამური სიტყვა - „ფრთხილად, ფრთხილად,“ წამდაუწუმ ჩაესმოდა და ეგონა თუ, ალყაში მოქცევას უპირებდნენ, და ეს ვის მერე – მონადირეს, „კარგად დაუჭირე თავი, ფრთხილად,“ - რა თავი, რის თავი, ახლა მონადირე ცარიელაღა დახუჭული თვალები და დამფრთხალი გული იყო, „ფრთხილად, წყალი არ გადასცდეს, ფრთხილად,“ - რა წყალი, რის წყალი, ტახტქვეშ კი არა, ყლუპი რომ ყლუპია, იქაც, წყაროსთანაც კი არ უგემნია, „ჩეემი სიცოცხლე...“ როდის იყო რომ, დევნილს ასე ეფერებოდნენ, და მონადირემ ფარდაგი ასწია, თვალები უფრო დაახილა, სულ იმისათვის არა სცხელოდათ, ჰეჰ? - ჩვილს აბანავებდნენ, და დედის ფაქიზად ნათელს ისე, სხივივით, თითებს, გაკვირვებული დასცქეროდა ტახტზე შემდგარი მონადირე – ერთი უბრალო ოქროს ბეჭედი რაა, ისიც წაეძრო დედურ თითიდან და, მეტის სიფრთხილით, აკი ავიც არა ყოფილა? ,,ჩქარა, თქვენ რა კამეჩივით ირჯებით, დეედ,“ - ისეც მოკაკვულ ბეჩავ დედამთილს ზედმეტები დააყარა, რადგანაც იმას ყავისფრად მორჩილ ხელებზე უკვე გადაეფინა ხამი აბრეშუმი და, რახანი იყო, ყუჩად აწვდიდა, ,,შეაშველე, ჰაა“, ,,ნეტა მეც მბანდნენ?“ - შურით გაივლო მონადირემ, - ,,ალბათ“. ,,ჭრაქი მომინათე, ჭრაქიი, დაჰყრუვდი, ქალო? ჩეემი სიცოცხლე...“ კარგა გახვეულ-გამოხვეული ბავშვი კი უკვე ცხვრის ტყავში იწვა, და ციცქნა სახე მრგვლად უღვიოდა ჭრაქის მფრთხალ შუქზე, და ისე მაგრად მოეკუმა თვალები და ტუჩები, ცხრამთისიქითა ძილისას მხოლოდ აიმათ რომ იციან და, სამაგიეროდ, ნესტოებ—დიდად-დაცქვეტილი, საღი იყო რომ? „ჩიტო, ჩიორავ... ვარდოო,“ ეძინა, იწვა... და მონადირემაც კი, უცხომ, მოფერებით წაიჩურჩულა: „ერთი რამცა სულიერი...“

- სიყვარული არა...ეე... - შეფერხდა ნიკო და ხელი ჩაიქნია.

- ტოროლა? - შეაშველა გარე ბიძაშვილმა.

ნიკომ ალმაცერად გახედა, და ისევ სანდროს მიუბრუნდა:

- რაღადროს სიყვარულია. გაკეთდა ქვეყანა.

და, გაბრაზებით ალაპარაკდა:

- შვილი თუ გიყვარს ადამიანს, დიდი ამბავი, სამაგიეროდ, სულ ოთხკედელშუა გინდა რომ გყავდეს, ოთხკედელშუა სიყვარული კი, მიმიქარია, თუ გეჩვენება რომ ქალი გიყვარს, არავინაა შენსავით ბრიყვი ისე იქცევი და ისეთებს ამბობ, საქმე თუ გიყვარს, უბრალოდ, უსაქმურობას გირჩევნია, მუსიკა თუ გიყვარს, საკუთარი თავი გიყვარს, რადგან ან გართობს და ან გამაღლებს და თავი თუ გიყვარს, ოო, ყოჩაღ.

- მე ჟანა მიყვარდა,-თქვა გარე ბიძაშვილმა,-მაგრამ ქალიშვილი იყო.

რა იყო მაინც, რამ გააღიზიანა ნიკო ასე ძალიან ბოლო დროს მაინც,

- „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ“

კი არა და, აღარაფრისა სჯეროდა, ხელჩაქნეული, თავისთვის სდუმდა, წიგნიც კი აღარ უნდოდა და, მითუმეტეს, აღარც თეატრი, მაგრამ ხანდახან ფეთქდებოდა, ის დაგუბებული ბოღმა რომ არ გადმოენთხია, დაიხრჩვებოდა, ადამიანი,მერე ისევ შესაბრალისად დადუმდებოდა, და ახლობლები ჩუმი განგაშით შეჰყურებდნენ კეფასა და ზურგზე. 

„რამეთუ მრავალნი ცრუ – წინაისწარრმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად“,

სანდროს კი მაინც ბევრი რამისა სწამდა. რისა და რისა, ყველაფერს სწორად ვერც იტყოდა, მაგრამ რაღაცეებისა ბრმად და შიგანით მაინცა სწამდა. თუნდ ბავშვობისა, ჰეეჰ, თუნდ მხოლოდ ერთი რამ მცირე მონაკვეთი წარმოსახვოდა, როგორ ალალად ეღიმებოდა – აჰ, შაბათ - საღამო, როცა დეიდაკატუტას კარგ სამზარეულოში ნათესაობა იკრიბებოდა, და ახლაც, ორმოცი წლის შემდგომ, როგორ მკაფიოდ, და რა ნათლად ხედავდა იმათ ახლობელ სახეებსა და მიმოხვრას, ძირითადი შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დეიდა კატუტას ქმარ-შვილი, მეუღლესავით წყნარი და პეთილი ბესო ბიძია, და მათი ქალიშვილები

- მშვიდი, დალაგებული, ფრიადოსანი ლია, და ცელქი და მხიარული სამოსანი ნანა; დეიდა ჭაპულა ლიასავით მკაცრად ლამაზი ქალიშვილით - მედიკოთი და ქმრით - ბიძია ვახტანგ ცქიტიშვილით სრულად არ იყო წარმოდგენილი, რადგან მისი უფროსი, ვაჟი, გივი უკვე „დიდი“ იყო და სამზარეულოში, თუნდაც კარგში, ყოფნა დიდადარ ეხალისებოდა; დეიდა მერია თავისი პატარა ზურიკოთი, ძალიან დედისფერი, ჩახჩახად მწვანე თვალები ჰქონდა, ზურიკო, ვისაც მამა ჯერ არ ენახა, რომ დაიბადა, მამამისი უკვე ფრონტზე იყო, მერე კი, ომი რომ დამთავრდა, უნებური ტყვეობისათვის სადღაც გადასაკარგში, სწორად რომ არა-საქართველოში იხდიდა ძალიან გრძელ სასჯელს და როგორ ჟღერდა ახლაც, ორმოცი წლის შემდგომ, პატარა ზურიკოს მაშინდელი ხშირად ნათქვამი : „ მამას გეფიცები “, - მაგრამ ბავშვური მიხვედრით მხოლოდ ნათესაობაში ბედავდა ამას; ბიძია ლევანია ღოღობერიძე, ბიძინას თბიოისელი ძმა; წარმოგიდგენიათ?- იმ თავისი ძმის პატრონი და, ჩუმი და უთქმელი კაცი, ოღონდ, როგორც ყოველი ღოღობერიძე, აჰ, ის მღეროფდა? და მისი ვაჟი, „შეჩვენებულობის“ ვრცლად იმედის მომცემი ჭაბუკი ვალოდია, თვით „დიიდი“ ვალოდია ღოღობერიძის ღირსეული სეხნია და შვილიშვილი, ისე-რა, ხან შემოივლიდა და ხან არა, მაგრამ მის ირგვლივ ყოველივე მუდამ მხიარულად ფეთქდა; და სანდრო, თავისი ლამაზი ბებია ფაცათი და ბაბუათი – ყოფილი „კნიაზითა“ და „აფიცერ“ -ით – მკაცრი, შემართული, დინჯი სილოვან ემხვარით, თვალ-ყურად ქცეული იდგა ხოლმე და ბებიას მხარზე ეკვროდა.

ესენი იყვნენ.

მართლა, გიტარა!..ეს ბაფთიანი დამქაში პატარა ნანას მკვირცხლ თითებში ისე ყოჩაღად აჰყვებოდა რატომღაც მხიარულად ნამღერ „სანთელივით დავდნები“-სა და „ცოლი გადამერია“-ს, საკვირველი იყო სწორედ. როგორ საოცრად, რა ბუნებრივად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს პატარა ნანას, ლევანია ბიძიას, დეიდა ჭაპულას ხმები, „მეისპე შენ“, აღფრთოვანებით ამბობდა დეიდა მერია და ნანას ლოყაზე მაგრად ისე რომ, ნაკვალევიანად კოცნიდა, „რა გვაქვენ მეტი საქმე“, ამაყად პასუხობდა პატარა ნანა და სანდრიკოს შუბლზე წკიპურტს ურტყამდა, სანდრო მაშინვე იფეთქებდა და მაგიდის ქვეშ შემძვრალ ნანასკენ ძალიან მიიწევდა, მაგრამ ბებია ფრთხილად, მაჯა რომ არ ეტკინებინა, ისე აჩერებდა: „კაი ახლა, გოგოს უნდა აყვე? ბიჭი ხარ...“ და დეიდა მერია, - რა წკლიპურტი უნდა დაგარტყას ახლა მაგ გლახის ჭიამ ისეთი რომ, - და პირდაპირ ყელის გამოწიწკვნაზე გადადიოდა: „შენი ჭირიმე, შენი ჭირიმე რა, ვახტანგ...“

და, რომ აჰყვებოდნენ:

- კაი, რა, კაი ახლა ვახტანგ,

- მიდი რა, შენი ჭირიმე, მიდი,

- გაფიცებ ყველაფერს,

სამდრო შოშმინდებოდა, იცოდა კარგად, რა სანახაობაც მოელოდა – რა და, ვახტანგ ბიძიას გამოგონილი ერთ-ერთი „მინი-სოლო“ სკეტჩი.

ვახტანგ ბიძიას სიცილისას თვალები დეიდა ჭაპულესავით ძალიან ეჭუტებოდა, თუმცა მსუქანი სულაც არ გახლდათ. მაგრამ ახლა ნაძალადევად მოწყენილი იჯდა, იტყოდა:

- ვერა.

ფორიაქდებოდნენ:

- რატო, რატო ვახტანგ!..

- რატო შე კაცო...

- რა დაგემართა?!

ვახტანგ ბიძია იდაყვზე ნელა დაიხედავდა, შეძლებისდაგვარად თვალებთან ახლო მიიტანდა და, - დაჩერებოდა; მერე ხელს ისევ ძალიან ნელა გაშლიდა და,

გაწვალებულ მომლოდინე საზოგადოებას იდაყვის გავლით მიმართავდა:

- ვერ ვარ ხასიათზე რაღაც.

მაშინვე მიაყრიდნენ:

- მოხვალ, მოხვალ !

- კაი ახლა, კაცო, 

- პუშკინი არ იპრანჭებოდა მაგდენს,

- ჭაპუნა მოგიკვტნეს თუ არ...

- და ის ყოვლად უბოროტო, ყოვლად „მოგიკვტნეს“, თავის მაინც სჭრიდა რადგან:

- რომელი გინდათ...

ოო, აჟრიამულდნენ, გარსშემოხვეულნი, ყოველს მხრიდან ეხვეწებოდნენ, მხრებზე ეჯაჯგურებოდნენ, თავ-თავიანთკენ ექაჩებოდნენ და ერთმანეთის ხმები რომ გადაეფარათ, ზოგიერთები ლაშის შიგ ყურში ჩასძახოდნენსასურველ შეკვეთას , იმ არეულ-დარეულობაში მხოლოდ დინჯი სილოვან ემხვარი იჯდა თავისთვის – გამართული, ღირსეულად და წყნარად.

- საპარეკმახერო, საპარიკმახერო ვახტანგ!

- საპარიკმახერო აგერ ახლა ამასწინებზე არ დადგა?

- ვერის აბანოში!

- ბოვშები აქ!

- მაშინ სტალინს უყვარდა ბავშვები, დადგი!

- გვიკრავენ საცხა თავს!

- მაშინ... ცალხელა მუზიკანტი?

და, ყველანი ერთხმად აიტაცებდნენ:

- ცალხელა მუზიკანტი! ცალხელა მუზიკანტი დადგი!

და ვახტანგ ბიძიაც – გრძელი ხალათი ეცვა, ჰქონდა ამას მნიშვნელობა – განაცხადებდა:

- სანდრიკას ქუდი მომიტანეთ აბა.

და სანდრიკოსაც, ფაცა ბებიას ხათრით გამნიშვნელოვანებულს, სხვა რა უნდოდა – მაშინვე დერეფანში გამოვარდებოდა, დგრიალით ჩაირბენდა ხის კიბეს, გზად კინაღამ გადააქცევდა რომელიმე შემხვედრ მეზობელს – ან ოლია თაბაგარს, ან მარგო გეგუჩაძეს, ან მარუსია ვოლკოვას ქალს, ან ბეჩავ მარი მარშანიას - „რამ გადარია...“, „რამ შეშალა...“, „სარვალსა შტო-ლი?“ - და დიდი, ძველი, დალოცვილი სახლის მიმოხვეულ დერეფანში აწყვეტილი სირბილით შეიჭრებოდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხვნივ, სისწრაფე რომ არ დაეკარგა მოსახვევებში ხელის გულსურტყამდა კედელს, მერე ბოლო ხუთ საფეხურს ერთბაშად აახტებოდა და სხვენის ერთ-ერთი უსამზარეულო იმ ოთახის, ის, ბებია და ბაბუა რომ ცხოვრობდნენ, იმ მუდამ უბოქლომო კარს, სანახევროდ მინისა რო იყო, ისე მოულოდნელად შეგლიჯავდა რომ შემკრთალი მონადირე ძლივსღა ასწრებდა მაგიდის ქვეშ დამალვას, სანდრო კი თავისი სასკოლო ფორმის ქუდს, რკინის ნიშნება „თ1ს“ - ანუ“ თბილისის პირველი სკოლა“ კოკარდათ რომ ესვა, იღლიაში ამოიდებდა და რატომღაც ისე დინჯად და საქმიანად გაუყვებოდა აღმა-დაღმა კიბეებსა და დერეფნებს დეიდა კატუტას ბინისაკენ, რომ მონადირეს სხვა რა დარჩენოდა, უჩუმრად აედევნებოდა და უკვე მოხურული კარგი სამზარეულოს კარის ჭუჭრუტანაში გაფაციცებითიცქირებოდა.

ვახტანგ ბიძია კი უკვე შემზადებულიყო – ფართო ქამარი შემოეხსნა სა ნაკეცებჩაშლილი გრძელი ხალათი ლამის მუხლამდე სწვდებოდა, ამონთავისუფლებული მარცხენა ხელი სადღაც წელთან ჩაემალა და ცარიელა სახელო სუსრად უკონწიალებდა, მოკლედ, „ცალხელა“ უკვე იყო, მაგრამ მთავარი რამ, „მუზიკანტობა“, ჯერ კიდევ წინ ელოდა და გაფაციცებით ელოდნენ, დამხმარე საშუალებებს როგორ მოირგებდა. მხოლოდ დეიდა ჭაპულა იჯდა თავდახრილი, ქმრის წარმატების მღელვარე მოლოდინში, და ნეკა-თითით ტახტის ფარდაგზე უჩინარ წრეებს ნელა ხაზავდა, ის. 
- მეტსაც გეტყვით, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ჯერ კიდევ ტექნიკუმში, სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა.
- და მაინც გათხოვდა, არა? - ჩაეღიმა ნიკოსაც კი.
- აბა!

ვახტანგ ბიძია თმას შუბლზე ჩამოიშლიდა, სანდრიკოს კოკარდიან ქუდს უკუღმა იხურავდა, ასე რომ „ თ1ს“ კეფაზე აჯდა, ქუდი ძალიან ვიწროდ ჰქონდა, და უკვე ცოტათი ესეც იყო ღიმისმომგვრელი, იტყოდა: „ საკრავი მომიტანეთ“, და ყველანი ნანას დაუცაცხანებდნენ: „ არიქა გოგო!... მიდი ჰე, ფანქარი! , “ ჭუჭრუტანისკენ მოკაკვული მონადირე კი ფიქრობდა: „ რა საკრავია ნეტავ,“ „ მიდი შე შეჩვენებულო შენ... არიქა, ვერ გადადგა ფეხი!... მიდი შე ბოთე... “, პატარა ნანა კი სუყველას ჯინზე ხაზგასმულად ნელა გამოაღებდა ოთახის კარს, მერე ასევე დინჯად მიიხურავდა, მიაძახებდნენ: „მაგრად ჩაკეტე, მაგრად... შემოგიცვივდებიან ყაჩაღები“ - ერთი სული კი ჰქონდათ, მაგრამ, პატარა ნანა აღარ და აღარ ჩანდა. „სადაა ეს ლენჩი!, რასაა რომ შვება ამდენ ხანს, “ - თვალებს აბრიალებდა დეიდა მერია, “არ გადაგვაყოლა? უჰ“, დასცდებოდა ბესო ბიძიასაც, ლია და მედიკო კი, ლამაზები ჩუმის ყელმოღერებით ისხდნენ და თვალებს ხაზგასმულად აფახულებდნენ. „ხომ არ დაეძინა მაგ ლენჩ – მაკვარანცხს... მიდი და ნახე ერთი ბიჭო...“ პატარა ზურიკომაშინვე ყოჩაღად გაეშურებოდა კარისაკენ, მარჯვედ გამოაღებდა, თვქალს მიეფარებოდა და, ვალმოხდილი, ამაყად გამოდიოდა მერე: „მოდის“. „ ვითომ, ვითომ?.. ნამდვილად?... მართალს ამბობენ, ბიჭო?“ პატარა ზურიკო კი თვალს მოავლებდა ყველას, შინაურებში იყო, ამბობდა: „მამას გეფიცებით“. დეიდა მერიას თვალები ძალიან მოუწყლიანდებოდა, მაგრამ უეცრად შვებით წამოიძახებდა: „აუჰ, აუჰ, ძლივს არ დაგვადგა საშველი? ბეჩა!...“ მაგრამ პატარა ნანას, აბადა ვინაა თქვენი ბოთეო, ისეთი ფერის ფანქარი მოჰქონდა რომ, საყოველთაო აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: „შე ბრმა, ბრმა... ვის გაუგია ლურჯი ფერის... რაა რომ მოგიტანია ეს!,“ „რაშია ნეტავ საქმე, - უკვირდა წელატკიებულ მონადირეს, - ხურშე გუბალბალამ.“ „რაა რომაა ეს!.. სად გაგიგია ლურჯი სალამური შენ!,“ „ეს რა ხალხში მაქვს საქმე“ - უწყინრად გაიფიქრებდა ვახტანგ ბიძია, გამოცხადებით კი ასე გამოაცხადებდა: „ჩქარათ თორემ, გადამივლის აღმაფრენა,“ და: „ მიდი ზურიკო ისევ შენ, მიდი!, არავინაა შენისთანა კაი ჩვენში!, მიდი ზურიკო, მიდი!, “ „ მივიდეს რა, “ - ამბობდა ნანა, დაბალ სკამზე ჯდებოდა და ფეხს ფეხზე გადაიკვანტილებდა, გაყოჩაღებული ზურიკო კი ლია-მედიკოს იმდენად გრძელი და ნაზად აპრეხილი წამწამების, ზედ ორი ცალი სიგარეტი ჩამოუვარდნელად რომ დაეტეოდა, იმ წამწამების ასე მეოთხე-მეხუთე შეტყუპაზე მსწრაფლ მობრუნდებოდა და ფიცხი დეიდა მერია ყვითელ ფანქარს გზაშივე რომ გამოსტაცებდა და ვახტანგ ბიძიას შეაჩეჩებდა, გაკვერვებული მონადირე გაიფიქრებდა: „ეს რა საკრავია... რა საკრავია ეს,“ რა ხმა უნდა გამოეცა ამ ერთი ბეწო ყვითელ ფანქარს, საკრავიაო?, ჰეჰ, საკრავი აბა მართლაც ის იყო, გამოუწვავი თიხის კედელზე თუმც ჩუმად კი რომ მიეყუდებინათ, მაგრამ, მდუმარიც, დაგუბებულ რისხვას იკვროდა, ის ღონიერი საკრავი, ბრძენი ნინსუნას, გილგამეშის მაღალი დედის მორიგ წინასწარმეტყველებისთანავე თავისივით რომ იშმუშნებოდა, ჭიდილის გზაზედ დამდშარი გილგამეში კი, ნინსუნას სხივით ძალმიცემული, გალავნიანი ურუქის ზღუდეზე განდგამდაფეხებს, და თავის საკრავს, ვეება ბუკს ცას მიაბჯენდა, ყველაზე დიდი ფილტვები ჰქონდა გილგაშემს, მეფეს, და ურუქულ ჰაერს ისე ძალუმად შეისუნთქვამდა, მრავალქალ ნაგები თითებიც კი ებერებოდა, და.

* * *

ბუკის ხმაზე აღამხედრებდა სამწყესოს, მაღალი ციდან დასდიოდათ ურუქის მკვიდრებს მოველურო და სისხლგამყივანი, ბუკგამოვლილიბრძანება მისი, და სხვა რა გზა ჰქონდათ, იმ საზარელი ხმიანების ასატანად გული უნდა გაემაგრებინა და, გილგამეშიც, უხვად თავნება, კუთვნილი ბუკით ხმა-ამაზრზენით სამწყესოს გულებს რომ განაქვავებდა, დასძრავდა, ლაშქარს, აი, საკრავი მართლაც ის იყო, აქკი, აი აქ რა, რა ხდებოდა? - ვახტანგ ბიძია ქუდს ერთხელაც დაიმაგრებდა, თავს გადასწევდა, იმ ყვითელ ფანქარს, ანუ სალამურს რატომღაც მომუწულ ტუჩებზე მიიდებდა და, სალამურისებრ იწყებდა სტვენას.

ვახტანგ ბიძია სტვენდა აუცილებლად აღმოსავლურქართულ მელოდიას, ყველაზე ხშირად - „მთაში სალამურს ვაკვნესებ“ - ს, იყო ამაში რაღაც მუდმივი და ბუნებრივი გამოწვევა თუ ქილიკი დასავლეთელისა აღმოსავლელისადმი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ღვიძლისმიერი მხარშიდგომაც ბლომად ერია, ვახტანგ ბიძია ლაღად ჭიკჭიკა ბგერებით სტვენდა, და მთელის ეშხით მიჰყვებოდა მელოდიას: ამ პირობითი, ცელქი და ვითომი ხელოვნებისგანაც, სახე წამდაუწუმ ეცვლებოდა და ნეტარებისგან ეჭმუხნებოდა, ცხვირამდე ჩამოშლილ თმაში შემოქმედებითი აღმაფრენისგან მილულული თვალები ილანდებოდა, სტვენას თუ დაუდაბლებდა, თავსაც ნელინელ დაბლა ხრიდა, წელშიაც ორად იხრებოდა და ცალი ჩამოკონწიალებული, გაუქმებული სახელო ლამის იატაკს რომ შეეხებოდა, უეცრად ისეთი მკვეთრი ბიძგით გასწორდებოდა, სანდრიკოს თუმც კოკარდიანი, მაგრამ პატარა თავსაბური ნაღდათ ჭერამდე აფრინდებოდა, ცალხელა მუზიკანტს ის ფანქრიანი ხელი წამით ქუდზე რომ არ დაეჭირა, და, გამართული, ხალისიან სტვენაზე გადადიოდა, ვახტანგ ბიძია თავისი საქმის ოსტატი იყო: ისე წამიწამ ცვლიდა ამ უბრალო მელოდიაში სევდას და ხალისს, აღმას და დაღმას,საკვირველი იყო სწორედ, ხოლო დროებითი, სამიოდ წამიანი „უმუზიკო“ სულისმოთქმით რაიმეს კი არ აკლებდა დადგმა – ნაწარმოებს, არამედ აღავსებდა: უეცრად რომელიმესაკენ მოიკაკვებოდა და ჯიბეზე ძალიან შეაცქერდებოდა ხურდა ფულის ამოცნობის წყურვილით, და ფანქარსაც ჯიბეზე სულსწრაფად მიუკაკუნებდა, ანდა დეიდა კატუტას გაცვეთილ პორტმენეს ფანქრიანი თითებით მაინც უსწრაფესად გახსნიდა და ისე ძლიერ მღელვარედ ჩაიმზირებოდა შიგ, ოღონდ ამა დროს თვალებს ისე ნაღვლიანად იელამებოდა, ყოვლად უფასო მაყურებლები იცინოდნენ რომ,- გულიანად; ვახტანგ ბიძიამ, როგორც ყოველმა ჭეშმარიტმა ოსტატმა, იცოდა გამეორების, ხაზგასმისა თუ სულისმოთქმის ერთადერთად სწორი დრო, რიცხვი და ფასი, ვახტანგ ბიძიამ კარგად უწყოდათუნდაც ისეთი წვრილმანიც, თუ როფის უნდა აეწია ცალი მხარი, თანაც, როგორ – ნელა, ნელა თუ სწრაფად, და სტვენითი არიის დამთავრებისას, როგორ მიერტყა ქუსლზე ქუსლი და ოდნავ შემხტარიყო, და ყველანი ფაციცდებოდნენ, რადგან ცალკაციანი სკეტჩის მთავარი მარილი ახლა ელოდათ: ვახტანგ ბიძია გრძელ, მუხლებამდე ხალათის კალთას ყვითელი ფანქრის მეშვეობით აიწევდა და ფერდზე იდაყვით მიიკრავდა, მერეწ ყოფილ ინსტრუმენტს ხვანჯართან მიიტანდა, იქიდან კი მოულოდნელ თითს გამრჰყოფდა, ფანქარს იმითი ჩაბღუჯავდა. „აჰა, სად ჰქონია დამალული მარცხენა ხელი“, გაიფიქრებდა მონადირე, ვახტანგ ბიძია კი მცირე ბოდიშით: „მაპატიეთ ჩემო ბატონო, მარა, არ მაქ მეორე ხელი და ეს უნდა გამოვიყენო ისევ, აბა რა ვქნა, „მარჯვენათი კი „თ1ს“ - კოკარდიან ქუდს მოიხდიდა და, გადაფიჩინებულსაზოგადოებას ჩამოუვლიდა:

- უმოწყალესად გთხოვთ შემეწიეთ პაჟალუსტა! ნესკოლკოდასტურ კოპეეჩეკ...

„სულელებია?“ - ჰფიქრობდა გაკვირვებული მონადირე, ვინც არ იცოდა ხუმრობის ფასი, მაგრამ რაღაცას მაინც ხვდებოდა: „მე მგონი, არა,“ და წელში რომ გაიმართებოდა, მაშინვე ხელახლა აფეთქებული ისეთი სიცილი ესმოდა, მსწრაფლ ჭუჭრუტანისკენ იხრებოდა, მაგრამ ვახტანგ ბიძიას ფანქრიანი თითისკენ დახედვა და იმისი გაურკვეველი მიმართვა – ფანქარს ეხებოდა თუ თითს: „პატარაა, მაგრამ მუშა“ რადგან გამოტოვებული ჰქონდა, უცოდინრობით, დაასკვნიდა: „სულელებია“, და არც ახლა ეწერა დიდხანს გამართვა; რადგან ესმოდა შეშფოთებული: „რა იყო ქალო... რა მოუვიდა... რა მოგივიდა...“, და ჭუჭრუტანისკენ ეს მერამდენედ გადახრილი მონადირე კი გაოცებულიყო, ფიცხი და შემართული დეიდა მერია ისე შემძვრელად, კარგი ბავშვივით. უსუსურად და გულით ტიროდა, ახლა,
„აგერას, წეღან არ იცინოდაძ“ - ახსენდებოდა დაბნეულ მონადირეს, რა იცოდა და, სწორედ ამასწინდელი სიცილი რომ ატირებდა დეიდა მერიას, ვისაც ნათესაობა შემოხვეოდა და, 
- რა იყო, მერი...
- რა გეტაკა შე ქალო...
- მე მაინც მითხარი, მე...
დეიდა მერია კი მჯიღს თვალებში ამოისვამდა, იატაკზე დაიხედებოდა, თქვა:

- სადაა ახლა კაკო...
უგუბდებოიდათ, სუნთქვა, დეიდა მერია კი, გულამომჯდარი. 
- სადაა ახლა ჩემი კაკო და... მე აქ ვიცინი და ცეცხლთან ვზივარ და ვთბები.
თანაგრძნობით და ყურადღებით შესცქეროდნენ, სად იყო ახლა კაკო და, მჭრელ ყინულეთში, გადაკარგულ მოუსავლეთშიდა, ღუმელთან მსხდართ, ღუმელთან ჯდომა ირიდებოდათ, გული ძალიან ეკუმშებოდათ, ეს იმერლები და მეგრელები და უგამოსავლოდ დაბნეულები? ეს უხერხულობაში ჩაცვივნული ცქიტიშვილები, ლომაიები, ღოღობერიძეები, კორძაიები, ცალი ემხვარი და – გამოსავლის ვერ მპოვნელნი? რაღა თქმა უნდა, თითიოეული რაღაცას უთუოდ გაახერხებდა, მხოლოდ დროშიღა იყო საქმე, მაგრამ კვიმატი ასწრებდა:

- ტურ-ფავ, ტურ-ფააავ, - წამოიწყებდა და გიტარას გადასწვდებოდა.

- ურფავ – ურ-ფააავ, - პირველს ყელმოღერებით აადევნებდა თვალდახუჭული ლამაზი მედიკო და ბიძათავისს მხარზე ნაზად და ძმაკაცურად გადახვევდა ხელს.

-აავ, აა-აავ,- დიდ თვალებს მილულავდა ბიძამისიც – ლევანია ბიძია და ნიკაპს კიტელის ზედა ღილზე დაიბჯენდა, სამხედრო არ იყო.

რაად მემდუუ, რიიი,- აგრძელებდა ნანა და თან დეიდათავისს, დეიდა მერიას ბაბთიან, ბრტყელთავა გიტარას ფერდში შეუჩხიკინებდა.

- გაჩერდი გოგო შენ!

- აად მემდუუ,- მედიკო, ეს.

- უუუ იიიი,- ლევანია ბიძია და, ეს ორი ბავშვი და ბიძაიმათი, ორი თაობა, ისე მღეროდნენ.

- თქვენ რა გითხარით,- თვალებში მადლი ჩაუდგებოდა დეიდა მერიას, იღიმებოდა, - ვის არ აიყოლიებთ თქვენ,- და, აჰყვებოდათ, - მოა- ცურეეე,ჩეემსკენ ნაავიი.

„სულელებია, სულელებია,- ეჭვი აღარ ეპარებოდა მონადირეს, - აგერას, წეღან არ ტიროდა?“

ვახტანგ ბიძია კი, ხალათზე უკვე კოხტად ქამარშემორტყმული, ახლა ორხელა მომღერლად გადაიქცეოდა, თითებს მაგიდაზე დააბჯენდა და ლევანია ბიძიას ბანს თავისას შეუამხანაგებდა:

- აა, იიი, ეეე,- და უცებ სხაპასხუპა რეჩიტატივით მიაყრიდა:- მევიცი რამაც აგატირა და გაგახსენა კაკომერია შეეეენ...

- რამ... ეერთად დაავსხ-დეეთ...რამ!

ვახტანგ ბიძია ხმიერი პასუხით არ პასუხობდა, მაგრამ მაგიდაზე დაბჯენილ თითთაგან აი სწორედ იმას, პატარა ხნის წინ სალამური რომ ჩაებღუჯა, მაგიდაზე ორჯერ ხაზგასმულად დააკაკუნებდა. 

და, ბავშვებისა და მონადირისათვის იმ მიუხვედრელ სიცილ-კისკისში ნანა და მედიკოღა აგრძელებდნენ „ტურფავ, ტურფავ“-ს, მაგრამ ვიღას ესმოდა იმათი სუფთა ხმები, დეიდა მერიამ კი ჯერ არ იცოდა, განრისხებულიყო თუ არა, მერე კი, რაღა თქმა უნდა დეიდა ჭაპულას შემდეგ ყველაზე გულიანად ის იცინოდა, ძლივას ითქვამდა სულს:

- შენ დეიღუპე და... ვაი... ოჰ შენ მეისპე და დეიღუპე ვხტა... ნგია, შენ...

- რა ვქნათ ბატონო აბა, აღარც ვიხუმროთ?

- კარგა ხუმარა კაცი გვყავდა რაიონის ცენტრში ერთი, ცოტა განაპირაზე

ცხოვრობდა, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ერთხელაც, თავის მამას ჩუმათ კიტრზე მარილი დაუყარა.

- რომელ კიტრზე... - თქვა ნიკომ, ეტყობა სხვას ფიქრობდა, - რა მარილი...

- მარილი ვთქვი? - დაინტერესდა გარე ბიძაშვილი, - ვაჰ, მე მართლა მარილი

ვთქვი?არა, კაცო, შაქარი დაუყარა, იმას მარილი რომ დაეყარა, რაღა ხუმრობა იქნებოდა, შაქარი დაუყარა.

„ნაა-ვი, ააა-ვი, - წამოეშველებოდა ხოლმე მაშინ, ბავშვობაში, ადრე, მღერადაბნეულ ბავშვებს ვახტანგ ბიძია და, ახლა სხვას გადასწვდებოდა: - სიმღერა შენ არ იცი და არაფერი ბესოშეეენ, ხმა მაინც ამოიღე, გვაჩუქე ორი ღერი სიტყვააა- იიი, რაა რომ ზიხარ გატვრინული...“

- შპიონივითაა მაგი კაცი ჩვენში... - ძალიანმოულოდნელად იტყოდა უთქმელი

ლევანია ბიძია და, რაღა უნდოდათ:

- მე არ დამაბეზღო გაფიცებ ყველაფერს ბესო...

- ნათესავი მაგათ არ იციან და არაფერი...

- არ დამასმინო და, ჭყინტ სიმინდს მოგიხარშავ და თანაც გაჭმევ...

- ერთი რამე გამაგებინა და მომკლა მერე...

- რა...

- სადა აქვს გადამალულლი აპარატურა!..

- ასისტენტიც რომ კარგი შეხვდა, ჩემო ბატონო?

- რომელი ასისტენტი...

- აგერ, კატუტა... გატვრინულია ისიც!

- კიდო კაი რომ, ეს შეჩვენებული ნანა მაინც არ გამოეგვანათ!

- რა უნდა ამ შვა იანვარში ჭყინტ სიმინდს...

ასე, ეჰ, ასე იცინოდნენ და, გარეთ კი, ქალაქში, გარეთ მართლა სუსხი იდგა, ორმოციანი წლები, რა იყო იმასთან შუა იანვარი, მაგრამ ფაცა ბებია შიშის გამო კი არ გახევებულიყო, არა – პატარა სანდრო კეფით მიყრდნობოდა მხარზე.

მონადირეს კი ვერა გაეგო ამ ხალხისა, იმ კაცებისა, სანდრო ბიძიებს რომ ეძახდა, და იმ თავისი მეზობლის დედაკაცის გამო ვერც ამ აკისკისებული ქალებისა მიეხვედრებოდა რა, და სანდროს პირზე რახან წამდაუწუმ „დეიდა“ ეკერა, უნებურად ეშლებოდა ხოლმე: - თბილისში როდის ჩამოხვალთ, ერმონა დეიდა?

დეიდა ერმონა ოდნავ შეიჭმუხნებოდა და, -აბა სადაური შენი დეიდა ვაარ, მამიდად გეკუთვნი. საბარგო მანქანას ელოდნენ, სოფლის განაპირას იდგნენ. ვინა და ვინა და სანდრო და მამამისი პეტრე და დეიდა ერმონა თავის შვილებიანა.

უმეორებდა:
- თბილისში როდის ჩამოხვალთ, მამიდა ერმონა? დეიდა ერმონა თავზე
დაადებდა ხელს: - ქალაქში რა მინდა, შვილო ისედაც ბევრნი ხართ იქა. 

პეტრე ექიმი კი, სუნთქვაშეკრული და გაბადრული ისე, თითქოს შემაღლებულზეიდბა და აპპლოდისმენტებს იღებდა, სანდროს ყოველ მოძრაობასა თუ ნათქვამს ისეთის დიდის სიხარულით აღიქვამდა, თითქოსდაც სანდრო იქამომდისინ მუნჯი იყო და – ალაპარაკდა, ხეიბარი იყო და, აღსდგა.
აი, აქა ვართ ცოტ- ცოტაები.
დეიდა ერმონა თბილისში ნამყოფი როგორ არ იყო, მაგრამ უკვე სოფელ გლდანთანაც კი სუნთქვა და გული ეხუთებოდა, და ეცოდებოდა სანდრო, უდანაშაულო ბალღი, ვინაც ქალაქში მთელი ათი თვით მიდიოდა.
შენც, რაღა გინდა ემაგ ქალაქში,- ეუბნებოდა გოგი,- აი, დარჩი და, ინდაურებითვი ისეთი წკნელი გაგიხერხო, კამეჩსაც ეყოს.
სინკო, ცნობილი მეინდაურე, განზე იყურებოდა.
დარჩი ბიჭო და, - თვალები აუნაპერწკლდებოდა გოგის,- ისეთი გოგო გაგირიგო, წითელლოყება. სუ ცეცხლი იყოს. მინავლულები როო ხართ იქა...
აქ პეტრე – ექიმიც ვერ იკავებდა თავს – სანდროს რომელი დამტოვებელი აბა ის იყო, მაგრამ თავად აზრი აღაფრთოვანებდა:
ქორწილიც ვქნათ და კარგი პურიც ვჭამოთ!
მაგრამ მაშინვე მოიბუზებოდა, რადგანაც შვილი თვალებს დაუბრიალებდა. პეტრე ექიმი ერთადერთი კაცი იყო, ვისთანაც სანდროს დიდი გული ჰქონდა, ეს მეორეკლასელი სანდრო კი ერთადერთი ადამიანი იყო ქვეყნად, რომლის წინაშეც პეტრე – ექიმი ჩიავდებოდა.
ის ენაძუა რაღა იქნა... იმათი გულისყური სხვაგან გადაჰქონდა დეიდა ერმონას. საღამოვდებოდა.
ვინაო, დეედ?
დამრეცი სიკა.
დამრეცი სიკა – მძღოლი იყო, მაგრამ სიტყვა ,,შოფერი“ გაცილებით შეეხამებოდა. აი, ეს იმან წარმოსთქვა პირველად ქართულით წმმინდა ღულელებში ისეთი უცნაური და უამო სიტყვები, როგორებიც: კუზაო, მატორი, პაჩებნიკი, კარბურატორი, ინსპექტორი, კარდანი, ვალი, სიდენია... რა უბედურობები იყო. თანაც – ამაყად ეჭირა თავი. ამრეზილად კი შესცქეროდნენ, მაგრამ სჭირდებოდათ, ქალაქიდან ზოგს რა ჰქონდა ამოსატანი და ზოგსაც რა, კენტი შოფერი კი თან წუნკალი იყო და თანაც ვაჟკაცობდა, თან – მეზობელს ფულს როგორ გამოვართმევ და თანაც – ტყუილად რატომ ვატაროვო და, გამოსავალიც, იპოვნა, და იმ თავის მაზუთიან ლექსიკასაც მშვენივრად იყენებდა:
- ვერ, ვერ წაგიყვან, წინა პაკრიშკები ლისი მააქ.
- რა გააქ?
- წინა – მეთქი, რით ვერ გაიგე, - უკვირდა სიკას.
ღულელებელი ერთხანს სდუმდა; მერე ეტყოდა:
- ფულს მოგცემ, სიკოვ, უბრალოდ კი არ შეგაწუხებ.
- აბა ეს რა მითხარ, რა მითხრა ესა კაცოუ? - შეიცხადებდა შოფერი, - ჯერ ეს ეგ ერთი, მეზობელ ადამიანს ფულს აბა როგორ გამოვართმევ და მეორეც ისა ფულით დაიჭერ შენ ტორმუზსა?
- რასა?
სამაგიეროდ, სიმონიანთ ხევსა თუ ხევსურთსოფელში ნაყოფიერად მოღვაწეობდა და მეზობლები ნაწყენ მზერას გააყოლებდნენ, ხშირხშირაობით როგორ ჩაატარებდა თავმინებებულ ღულელებზე კარადასა თუ ტახტს. უყურეს, უყურეს და მერე არცთუ ღირსეული სახელი სიკო სიკა – თი რომ შეუცვალეს, არ აკმარეს ეს, და ვიღაცამ ეშხით ,,დამრეცი“ - ც კი წაუმატა. ისე დამშვენდა იმის მოლენჩოდ ეშმაკურ გამომეტყველებასა და სიტყვა – პასუხს ეს, - კოხტად, აეს ,, დამრეცი“ კი სწორებით რასა ნიშნავდა, არავინ იცოდა – იმას, რომ ქალაქი ბევრად ქვემოთ იდო? იმას, საჭემ რო ცოტათი მოხარა? ან, ხელიდან რომ წავიდა, - იმას? სიკამა კიდეე – აბადათუ დამრეცი ვაარო და, რაღა შორიშორ ვეხეტოო, თავის სოფლელებს დააჯაყჯაყებდა ახლა და ფულსაც არხეინად ართმევდა – ბარიბარში იყვნენ ვითომდაც, რაღა.

??????