რუსების დასი ქართუელები ჩემზედ
რა ვქნა რა უყო,ღმერთს ისე დაუბადებივარ, რომ საქართველოში მე რუსები არ მიყუარან? - მე ისინი რუსეთში დიდად მიყუარან, იქ უკეთესი ხალხი არ უნდა ისინი არიან და ბევრი კარგიც მახსომ მე იმათაგან, მაგრამ აბა რა ვქნა, აქ მე ისინი არ მიყუარან, არა, ბევრჯელ ვეცადე, ეს ჩემი უსიყვარულობა იმათზე, ჩემს გულში მამეკლა, მაგრამ ვერას მოთმინებით ვერ შევიძელ, არა გამეწყორა. - არა გამეწყორა, მაგრამ ამის გამო ძალიან პირალესილები არიან: რუსების დასი ქართულები ჩემზედ, აბა რა ვქნა რა უყო. ოთხი თუ ხუთი წლის ყმაწვილი რომ ვიყავ და ჩემთან რუსებზედ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, იმათ ხსენებაზედ მე კი ტირილს დავიწყებდი. ერთხელ ბატონის მეიდანზედ საღამოჟამს, ერთი დასი რუსები (მგონია ერთი როტა იყო) მოვიდნენ, მწკრივათ დადგნენ და აქეთიქიდან დაიძახეს: რუსები, რუსებიო. მე ამისმეტი ვეღარ გავიგონერა, მაშინვე გავიქეც, შინ შევარდი, დედიჩემის მუხლზედ წავიქეც და გულამოჯდომილი ტირილი დავიწყე. დედაჩემს და მამაჩემს უყვირდათ, მკითხამდნენ: რა დაგემართაო? - მე ძლივს რას ყოფით ვთქვი: რუსები ვნახემეთქი. გაცინების მაგიერათ, იმათაც ჩემთან ტირილი დაიწყეს; მე მაშინ ვიქნებოდი შვიდი წლისა ანუ ცოტამეტნაკლები და ჩემგნით პირუელი ნახუაც იყო რუსებისა. აბა ახლა როგორ ამოვიღო ჩემის გულიდგან ეს, - ეს ნაყოფი დანერგილი ჩემზედ ღვთაებისგან?
ამ დროებში სარდლის ივანეს შვილის ლუარსაბისა და ეშკაღაბაშის თამაზის ქალის ანას (ორივ სახლი ორბელიანები) ქორწილი მოხდა და სულხან ბეგთაბეგის დიდსახლს დარბაზში, სადაც მეც ყმაწვილი ჩემ დედმამამ თან წამიყუანეს და სადაც ბევრი რუსებიც იყვნენ იქა. როდისაც მე ისინი დავინახე, სირბილით გამოვწიე წამოსვლა მინდოდა, მაგრამ მამაჩემი მამაწია და გაჯავრებით დამაბრუნდა.
„სად მიხვალო?“
-არა,არ დავდგები,აქ რუსები ყოფილანმეთქი. ამაში დედაჩემიც მოვიდა,რას ყოფით დამაბრუნეს და მთავარმართებელ ტორმუსოვთან რეკამანდაციით მიმიყუანეს: ჩუენი შვილი გახლავთო. იმანაც მიალერსა და სხუა რუსებმაც ბევრმა, მაგრამ მეკი ჩემს გულში დიდადთ ვჯავრობდი ჩემს დედმამაზედ.
ამის მეორე დღეს, ქვეშადგებიდან რომ წამოვდექ ნამძინარევი, მაშინვე ჩემმა გამდელმა ლომისახარმა მკითხა:
„წუხელის ქორწილში როგორ შეექეციო?“
„ეჰ,რუსები იყვნენმეთქი“. მე ვუთხარი.
იმ საწყალმა ჯერ ცრემლები გადმოყარა და მასუკან წყევლას მოჰყუა იმათზე, რაღა გავაგრძელო, ცოტათ შევეჩვიე რუსებს და ბოლოდროს იმათ სამხედროს ჯარშიაც შევედი სამსახურში, უფრო სწორეთა ვთქუა, გარეშე მრჩევლებმა შემგზავნეს, ეგება დავჩუეულიყავ იმათთან, მაგრამ მაინც ის ჩემი ყმაწვილობის სიძულვილი იმათი დამჩემდა და ვეღარ ამოვხოცე გულიდგან.
ჩემს დაბადებით ხომ დაბადებით, მგონია დამატებით ჩემს ჩასაგონათ ესეც უნდა ყოფილიყო, რომ ის ჩემი გამდელი ლომისახარ (ნათლობის სახელი ხვარამზე) სულ რუსებს სწყევლიდა,საქართველოს მიმძლავრებისათვის და ხშირად გათენებისას დაჩოქილი ცრემლით ღმერთს ევედრებოდა: საქართველო რუსებისაგან გამოიხსენიო და სხუანი... რომელმაც დავით აღმაშენებლის დრამაშიაც გამოვთქუი ის ჩემი გამდელი მე და ასე ვგონებ, რომ უფროსი ერთი იმან გააცხოვლა ჩემში ესა და ამასთან ჩუენმა გულმა ქართუელებმაც,უფრო კიდევ დაუმატეს ჩემს გრძნობას ესა.
როდისაც რომ სამხედრო სამსახური დაუტევე, იყო 1824 წელიწადი, მაგრამ მე 1823-ის წლიდგან მაისის დამდეგიდანვე, აგრერიგად აღარ ვასრულებდი თანამდებობას, ამისთუის რომ გული ამეყარა სამსახურზედ და ჯვარის დაწერასაც ვაპირებდი ჩემს ეკატერინეზედ, რომლებმაც ამ წელე 8-ს ივლისს ვიქორწინეთ და ახლა ხომ სრულად შევიძაგე სამსახური.
ჩემი სამსახურის თავის დანებების დროდგან მოვყევ სიის გაკეთებას ჩუენის ძუელის ამბებისა, ადრინდელი გაგონილები თუ შემდგომნი, ჩემ სახსომრათ, რომ თავიდროზედ ის ანბები თვითვეულად აღმეწერა. ამ ამბებისთვის დავდიოდი ძუელს კაცებში და ისინიც მიამბობდნენ გულახდითა, არაფერს არა მიმალავდა. მეც ჩემს სიას უმატებდი იმათ ნაამბობსა, მაგრამ რომლებიცკი მეფის ირაკლისა ოჯახობის მტრები იყვნენ, თუმცა მე იმათთან ძუელისა ლაპარაკსა ძალიან ვერიდებოდი, ვიცოდი თავიანთი თავის გამართლებისთვის მართალს არ იტყოდნენ , მაგრამ მაინც კიდევ მოჰყუებოდნენ, იცოდნენ რომ ძეუელს ამბებსა ვკრეფდი, დამაჯერებინონ: მითამ მართალს მიამბობდნენ. მე ის ძველი ამბები ძალიან კარგათ წვრილად გამოკვლეული, გამოკითხული მაქუს, რომელმაცა ეს ანბები ვკრიფე, ვიდრე რუსეთიდგან, იქ გაზრდილი ჩუენი ყმაწვილი კაცები მოვიდოდნენ; როდესაც ისინი მოვიდნენ და მნახეს, საქართუელოს განთავისუფლება მითხრეს. მაშინვე მეც ვეთანხმე იმათ და საქმესაც შეუდექით. მე აქ ასე მოკლედ ვანბობ, თორემ იმისი ამბავი ბევრი არის.
ბოლოს ჩუენი საქმე გამოცხადდა, დაგვიჭირეს, შემდგომ რუსეთში მიმოგვფანტეს და ბოლო დროს ჩუენს ქუეყანაში დაგვაბრუნეს, სადაც საპყრობილეში ვიყავ დაჭერილი 19-ს თვემდინ და გაგხავნილიც 5-ი წელიწადი და 8-ა თუემდისინ, და სადაც ჩემს ამ უბედურებაში, აქ თუ იქ რუსეთში უარესად განმიძლიერდა მე მამულის სიყვარული.
აქეთ რომ დავბრუნდი და ჩემს სახლში მოვედი ჩემ მახლობლებთან, მეგონა: ესესარის ჩემი გული დამშვიდდებამეთქი. არა, ვეღარ შევიძელი, ვეღარ მოვერიე ჩემ გულს, ვეღარ დავაწყნარე, უარესი და უარესი სურვილი მომეკიდა მამულისა. თუმცა მოთმინებით ვიყავ, მაგრამ ვაი იმ მოთმინებასა, რომელსაცა ბეზრი მამცნევდნენ მე ამას და ბევრთანაც არ ვმალავდი ჩემს ამ გრძნობას.
როდისაც ვარანცოვი ნამესტნიკად მოვიდა აქ და ქართუელი პირველი ოჯახები დაიახლოვა, იმისთანა გამოჩენილ კაცთან, ზოგიერთს იმის მახლობელ ქართუელებს უნდა დაენახვებინათ, მითამ სამსახური რამე იმისთვისა, ამის მიზეზისა გამო დამაბეზღეს იმას და ჩემი ბევრი ორგულობა უთხრეს რუსეთისა; არც ტყუოდნენ, მაგრამ ამ გუარად კაიკაცობის გაკეთება იმისთანა ოჯახის შვილებისაგან, სირვცხვილია. ეს დაბეზღება მე იმათ არ მაკმარეს, მასუკან დამაბეზღეს: შამილთან მიწერმოწერა აქუს დაღისტანშიო, (ეს ანბავი ცალკე მაქუს აღწერილი) რომლის გამო ძალიან ჩავარდი მთავრობის ეჭვსა ქუეშე და შპიონები ამადევნეს. შესანიშნავი ეს არის რომ ჩემი ის მახლობელი ქართუელები მაბეზღებდნენ და თვითონვე მიხსნიდნენ. მაბეზღებდნენ ამისათვის რომ თავის რწმუნებასა იკეთებდნენ, გავლენა ჰქონოდათ მთავრობაზედ: თქვენის ერთგულობისათვის, ჩვენს მახლობელსაც არა ვზოგამთ, იმის ყოველს მთავრობის წინაღმდეგობას გიცხადებთო და მიხსნიდნენ ამისათვის თავიანთი სვინიდისი აყენებდა იმათ, - არ მიეცათ, მაგრამ რავდენი გულის სავნებელი წყენა მამაყენეს და რამთენ რიგად ვილანძღებოდი იმათგან. ასე გაშინჯეთ ხანდისხან პირშიაც ხოლმე.
ვითმენდი მხოლოდ ჩემის მამულისათვის, რომ პირათ იმათთვის იმათებური ვერა მეთქუა რა; არა შემამთხვიონრა და ჩემი მშობელი ქუეყუანა უმზრუნველო არ დარჩეს მეთქი.
დავრჩი მარტო უამხანაგოთ, ასე რომ ჩემის მეტი ჩუენის ქუეყნისათვის აღარავინ აღარ იყო და თუ ვინმე, დიახ ცოტა. ადრინდელი ჩემი ამხანაგები რუსების მთავრობას მიუდგნენ, იმათი ჩინოვნიკები შეიქმნენ, იმათ სიმართლეც მიუძღოდათ, ამიტომ რომ აღარაფრის იმედი აღარ იყო, თვინიერ მთავრობასთან დაახლოება, და ახლობელიც ვინც იყვნენ, ისინიც მთავრობას მისდგომოდნენ, მინამ რუსეთიდგან საქართუელოში მოვიდოდით ჩუენა იმ დროებში და მასუკან ვინც გამოდიოდნენ, ისინიც იმათ მიუდგებოდნენ, სადაც მე მარტო დავრჩი მთავრობის ეჭვის ქუეშე და სადაცა შპიონებსა ჩემზედ ხმებს აყრევინებდნენ, ბევრს უსვინდისოს ტყუილებსა, რომ ხალხში რწმუნება დამიკარგონ, მაგრამ მე იმათმა ხმებმა და ჩემზედ იმათმა ჭორუკაობამ, უკან ვერ დამაყენა, არამც უკან დამაყენა, - უფრო ძალა მამცა, მინამ დავრდომილება. მხოლოდ ეს კი იყო რომ ხალხი ჩემგნით გააყენეს იმათმა იმთენმა უსვინდისო მოგონილმა ტყუილებმა ჩემზედ.
ერთს დღეს ერთი კარგი ჩვენი თავადი ა...თ... რუსების მხარეს შეჭრილიყო ერთს კარგს სახლში და გულგახეთქილად მოჰყოლოდა ჩემზედ; რაღა გითხრათ ბევრს ავს და ბოლო დასაბოლოებლად ეს ეთქუა: თურმე რუსები სძულსაო და ხელმწიფის ორგული არისო.
აი ბატონებო, ამ ორის მიზეზის გამო: რუსები სძულს და ხელმწიფის ორგული არისო, თან ამასთან ჩემი ცუდად ხსენება ბევრის ტყუილებით. სულ ეს ამისთანა ამბები იყო ჩემზედ. ვარანცოვის დროსა, ამიტომ რომ ეს ცფიერი დიდი დიპლომატიკი და გამოჩენილი კაცი, ცფიერულად უალერსებდა სუბუქ ჭკოვანს ზოგიერთს ქართუელებსა და იმათაც დიდი ყოფა ჰქონდათ ვარანცოვისათვისა, ერთგულებას აჩუენებდნენ.
ჩვენში ნათქომია :სადაც მტერები ჰყავს კაცსაო, იქ მოყვრებიცაო. თვითოოროლა მოყვრები მეც მყვანდნენ რომლებიც ჩემზეც იმ ჩემს ამბებს მატყობინებდნენ და თანაც მაფრთხილებდნენ. სხუა წარსრული მთავარმართლებლები ხომ გუატყუილებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტურათ მძვინვარებდნენ, მაგრამ ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩუენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო ჩვენი ვარანცოვისაგან, ასე ამგვარად რომ ბევრის კაიკაცობის ალერსითა, მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა. ამასთან ხელგაშლილი ჩინებს სხუადასხუა ჯილდოს იძლეოდა, სადაც აღტაცებულისა სიხარულით და გიორგი ერისთავის კამედიებს წარმოადგენდნენ თვით გიორგის ზედამდეგობით და ქართულს ჟურნალს ცისკარსაც გიორგივე გამოსცემდა და კიდევ რამთენი რამ მოიგონა ვარანცოვმა ჩუენი მოსატყუებელი... ერთი სიტყვით, ის ვარანცოვის დრო ქართუელებისათვისა თავისუფალი დრო იყო, როგორც უწინ მეფეების დროები, სადაც ვარანცოვთან ყოველს დიდ-პატარას ადგილი ჰქონდა თავისუფლად სიტყვის თქმის, ანუ საჩივრისა, რომელიცა ისიც ისე ალერსით და სიყუარულით მიიღება, როგორც ჩუენი მეფეები უწინ.
ერთობ ქართუელებსა ასე ეგონათ, საქართუელოში სულ ეს ამბავი ასე დარჩებოდა: იმისთანა ჯილდოები, იმისთანა განცხრომშექცევები, იმისთანა თიატრლიტერატურა, იმისთანა თავისუფლებანი და ამიტომ ვარანცოვის სახელს ადიდებდნენ ქართუელებს: ეს რა ღვთიური კაცი მოგვივიდაო.მაგრამ მეკი ზედმიწევნით ვიცოდი, ესეები სულ მოჩუენება იყო ვარანცოვისაგან, რომ საქართუელოს ხალხი გართულები იყვნენ დროებითად ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის აღარ ჰქონდეს, ამისთვის რომ ვარანცოვის დროსა შამილი და დაღისტანი გაძლიერებული იყვნენთ; ქართუელებისაგანაც ეშინოდა მაგრამ ვარანცოვმა იმ თავისი ცფიერულის გონებითა ესეები სულ ჩაშალა და ბოლო დროს ისევ ისე მონებაში დარჩნენ ქართუელები, როგორც ადრე იყვნენ რუსებისა.
თუ ოდესმე იმისთანა მოუთმენლობის შემთხუევა მექნებოდა, ხანდისხან მეც ჩემი ხასიათის გულგაშლილის სირწფელითა, ვარანცოვის მოქმედებაზედ ვიტყოდი, აღარც მე დავერიდებოდი.
–გუატყუებსმეთქი და სხუანი.
ის ჩემი მახლობელი ქართუელები გაჯავრებით მიპასუხებდნენ.
შენ რას ხედავ, შენ რა იცი იმის საქმეები?- შენ კარგად უნდა იცოდე, რომ ვარანცოვის ჩაყრილი მაგარი საძირკველი საქართუელოში ვეღარ მოიშლება, ისევ ისე დარჩება, როგორც ვარანცოვმა დააწყო და ჩაყარაო.
რავქნა, მომატებული ვაღარა მეთქუა, სავნებელი არა ექნათრა ჩემთვის და ამისთვის გავკმენდდი ხოლმე ხმასა, იქამდისინ რომ მე იმათ თვალში გიჟი დასაბმელი ვიყავ, ისინი საკვირველი დიდი გონიერები. იჰ, დამონებულობის სიამოვნებით გადარეულები იყვნენ ისინი.
ვარანცოვი ასე ამ სახით იყო ჩვენზე, მე კიდევ მოკლეთ გამამყავ იმისი ანებით, თორემ იმისი ყოველი მიმართულება, იმის ცხრა წლის მართულობა კავკაზია საქართუელოში სულ რუსეთის ამაღლება იყო და ცბიერულად ჩუენი წახდენა.
ჰმ, მითხრან, ან რა კეთილმდგომარეობაში შეგვიყუანა ვარანცოვმა ჩუანა, რა კარგი დაგვეტყო იმისაგან? - ჰოო, მართალია ერთი კი რამ: იმგვარი საფუძველი დასდუა ჩვენში, რომ თუ ერთი ღვთის განგებულება არა მოხდარა ჩვენზედ, ბოლოს ჩვენი ქართუელები სულ გარუსდებიან, ასე რომ ერთი ენჩი ქართული სიტყუა აღარ იქნება ქართუელებში და მხოლოდ ის გადარუსებულები იტყვიან: ერთს დროს ამ ქუეყანაში ქართუელები ყოფილანო. აი ეს საფუძველი დასდუა ჩუენთვის ვარანცოვმა, ასე რომ ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია შეგვაერთა ამ ცფიერმა დოპლომატმა, მაგრამ – მაგრამ ესკი არის რომა ის მომავალი გადარუსებული თესლი და იქ დასახლებული რუსები თავის დროზე, ართად თავს იპოვიან ამ შეუალს სიმაგრეებში; ისინი რუსეთისაგან ამქვეყანას გამოიხსნიან “კავკაზიის” სახელობაზედ და დასდებენ იმის სამძღვარს: დონის მდინარითგან თავრი ზქვევით ყაფლანთის მთამდინ, შავიზღვიდგან კასპიის ზღვამდისინ და ეფრატ – ტრაპიზო – ნიდგან ასტრახანამდისინ. ვაიმე რომ მაშინ ქართუელები აღარ იქნებიან, ამას მე გულმოკლული ვანბობ, მაგრამ ეს კი იქნება რომ სწორე კაცობრიობა დაარსება რუსებისა აქა, მხოლოდ რუსებისა ენის სიტყუა.
ჩუენი თავიხომ ჩუენი თავი სატირელი მაქუს, აქაური სომხებიც შესaბრალისი იქნებიან, მაშინ როდესაც რომ იმათ ეტყვიან: ჩუენი რუსების ეკლსია მიიღეთო, ან არა და სადაც გინდა წადითო, რომლებმაცა ამის უბედურობა კიდეც გამოსცადეს, რუსებისაგან გარეკილობა ოსმალოში, საწყალთ ნახევარ მილიონამდისინ ჩერქეზ მაჰმადიანებმა. ამისთანა საქმეები რუსებისაგან ადვილია, ამისთვის რომ იმათი მთავრობის მიმართულებითა ყუელგან რუსები უნდა იყვნენ და ან რუსებათ გადააქციონ სხუები.
თამამად ვიტყვი, თუ ამ ძლიერს მდგომარეობაში წავიდა რუსეთი, თუ ღვთის განგებულობა არ მომხდარა იმათზე, ბოლოდროს უთუოდ ეს ასე იქნება, რომ ყუელგან რუსები იქნებიან. ამის იმედის გამოისობით რომ ყუელგან რუსები უნდა იყვნენ, ამის გამო არა საშუალობის მოხმარებას არ ერიდებიან თავიანთის აზრის შესrულებისთვისა. არას საშუალებას რომ ვანბობ, აქ სუყველა წარმოიდგინთ თუალ წინ, კარგი და ავიც, სიტყუებით და საქმეებითაც.
ამ მნიშვნელობაზედ ძალიან მიქცეული იყო ვარანცოვი, ასე რომ როდისაც ამბავი მოუვიდა; ფრანციამ და ანგლიამ ომი გამოუცხადეს რუსეთსაო, ვარანცოვი ავათ გახდა დიდის სისუსტითა: რუსეთს დაამდაბლებენო და დიდს მწუხარებაში შევიდა.
ვარანცოვი რომ წავიდა რუსეთს, იმის მოადგილედ დროებითად, ღენერალი რიადი დააგდეს აქ, რომლისაცა იმის ავანჩავანი პლატონ იოსელიანი იყო ( მე იმათიანები ადრე დამიწერია) და რაც შეეძლო ტორტმანებდა იმასთან, მაგრამ უვარანცოობა ძალიან დაეტყოთ ბევრსა.
მე მაშინ ასე მეგონა, რომ ესესარის ჩემზედ შემოჩენილს შპიონებს მოურჩიმეთქი, მაგრამ არა, მაინც კიდევ ჩუმათ მდევნიდნენ: რას ვლაპარაკობთ და რას ამბებში ვარ. მაშინ ოსმალოს ომები რუსეთზე ძალიან გაცხარებულიც იყო. მე ის ამბები ჩემზედ სულ ვიცოდი, მაგრამ მეც ვფრთხილობდი რაც შემეძლო.
იმ ოსმალოს ომის სიცხარის დროს, ღენერალი მურავიოვი გამოგზავნა აქ ნამესტნიკად ხელმწიფე ნიკალაი პავლოვიჩმა, სადაც ჯერეთ რომ არ მუსულიყო აქ ტფილისში, იმის წინააღმდეგი ქართუელების დასი გაკეთდა და ძალიან ლანძღუა დაუწყეს, ასე უსიამოვნოთ მიიღეს იმის ნამესტნიკობა, იცოდნენ ვარანცოვის თავისუფალი ქცევა, ანუ ის კამედიის როლები აღარ იქნებოდა, რომლისაგან ტყუვდებოდნენ, ისე როგორც ზევით გვითქუამს. იმი მურავიოვს საუბედროდ ხელმწიფე ნიკალაი პავლოვიჩიც ჩქარა მოკვდა, რომელიცა იმის მემკვიდრე ალექსანდრე დაჯდა ხელმწიფეთა და ახლახომ სრულებითა ცხადათ გათამამდნენ ვარანცოვის დასი,მურავიოვის სავნებლთად.
ის ძუელი ჩვენი მეფეები და თვით მაშინდელი ქართუელები რუსეთისგან რომ ტყუვდებოდნენ, იმათ ის მიეტევებათ, ამიტომ რომ მაშინ ასეთი გულსიწრფელე დროები იყო საქართველოში, ისინი რომ მოტყუებულიყვნენ, დასაძრახი არ არიან, მაგრამ ეხლანდელს დროებში, დიდი საკიცხავი არის: ცუდსა და კარგსა ვერა ვხედავდეთ? -
როდისაც მურავიოვი მოვიდა აქ, მაშინ ხომ რაღაც გაუგებელი განგაშა შეიქნა იმაზედ და განკიცხუა რამდენი რამ ტყუილები ცრუპენტელობა, სადათ მოკლეთ ვიტყვი იმის ამბავს აქა.
ის მურავიოვი სწორე და მართალი კაცი იყო, პირდაპირი, დაუფერებელი, ვისაც რას ეტყოდა, მართალს და არც ვისმე ატყუებდა. ყოველი რაც შექცევა იყო ვარანცოვის დროსა, - იმის დროსა სულ აღარაფერი. მაშინ ოსმალოს ამბებიც იყო, ის იმაში იყო გართული, მაგრამ თუ უნდა ის ამბებიც არ ყოფილიყო, მაინც იმის ხასიათი სრულიად მოშორებული იყო იმაებზედ. ის იყო მოსაქმე სახელმწიფო კაცი და არა ამაოების შექცევის მიმყოლი. ის იყო პატიოსნების და სიმართლის მოყუარული და არა მოტყუებელი.
ამის წამკითხუელმა იქნება თქუას: იმ მურავიოვის პოლკში, ის რომ იმსახურებდა, იმისთვის ისე კარგად გამოჰყავს თავის კამანდერი მურავიოვიო. არა,რაც ვარანცოვმა ჩუენ ორბელიანთ კარგი შეგვეძღვნა, ნამეტნავად ჩუენს ოჯახს, ვის შეეძლო ისა? - ჩუენ მამულები ოთხის ოჯახისთვის რომ გაგვიყო პლანით წერილებით, ჩემს ოჯახს ორმოცი ათასი მეტი დესეტინა მამული გვარგუნა წილით (ვისაც გნებავთ ის საქმე წაიკითხეთ და იმის პლანები ნახეთ რა შრომა არის), მაშინ როდესაც რომ სამიათასი დესეტინა მამული ჩუენს ოჯახს აღარ შჭერია ჩუენი მამაპაპებისა, ის მომატებული სულ სხუა სახლთ ორბელიანებს მიმძლავრებული ჰქონდათ. ეს ბედნიერება შემოგვძღვნა ჩუენ ვარანცოვმა, მაგრამ ამის სარგებლობისათვის ჩუენი ქვეყნის უბედურობაზე როგორ ვადღესასწაულო და ტყუილი როგორ ვთქუა, რომ ვარანცოვის მართებლობა აქა ჩუენი დიდი ბედნიერება ყოფილიყოს?
ვარანცოვმა ჩუენში რომ იმისთანა განცხრომები შემოიტანა, მურავიოვმა კი გაიტანა, ვარანცოვმა ჩუენ შეუძლებელს სახლებს იმ ჩუენის უზომოს ცხოვრებითა ვალებში რომ ჩაგვყარა, მუროვიოვსკი ჩუენთვის ესენი არ უნდოდა. გაიგონეთ იმ მურავიოვის სიტყუა.
მურავიოვი თურმე ვიზიტათ მივიდა ღენერალმაიორ ჩენ დეიდაშვილს თავად გრიგოლ ბაგრატიონ–მუხრანსკისთან და სხუადასხვის ლაპარაკასა შორის მურავიოვმა შეწუხებით უთხრა. : კნიაზო გრიგოლ, მე ეხლანდელი თქუენი ქართუელები ვეღარ მიცვნია, ის თქუენი ძუელი პატიოსანი ქართუელების ხასიათი სრულიათ დაუკარგავთ. ეხლა დიდს განცხრომის ცხოვრებაში შესულან და ვალებში ჩაცვივნულან, ასე ჰგონიად: განათლება ეს არისო. განათლება ეს არ არის. განათლება ის არის რომ თქვენი შვილები კარგს სასწავლებლებში გაიზარდნენ, მასუკან ისინი იპოვნიან განათლება რაც არის, თუ არადა იმისთანა განცხრომებით და იმთენის ვალების აღებითა დაიღუპებიან და შვილიებისთვის აღარა ექნებათრა, რომ მასწავლებლებში გაიზარდნენ. აბა ის თქუენი მამაპაპების ტახტები კარგი საფენით დაფენილები, ის მშვიდობის მყოფლობის ცხოვრება რათ მოუსპიათ და ჩვენი ღირებულის მებილებით გაუწყვიათ ოთახები და ის უზომო ცხოვრება შემოუღიათ? – ესენი თქუენს დაღუპას მოასწავებს დაგარწმუნებთ”.
ესენი სულ ჩემა დეიდაშვილმა გრიგოლმა მიანბო, ის იმის სიტყუა, არამც მარტო გრიგოლისთვის ეთქუას მურავიოვს ესა, ზოგიერთებისათვისაც ეთქუას, მაგრამ ეს იმისი სიტყუა ვარანცოვის აღავღავდნენ და უარესი ლანძღვა ასტეხეს იმაზედ და ლანძღასთან ესეც.
–“იმ სულელს და იმ ვირს მურავიოვს უნდა, რომ კიდევ ტახტები დავიდგათ და ჩუენში განათლებისა აღარა იყოსრა, სულ გაუნათლებელი სიბნელეში ვიყვნეთო”.
აი ბატონებო განათლება ეს ეგონათ იმათ.
ჯუზეპე გარიბალდი თავის სახლეულობითა თითქმის ქოხში რომ ცხოვრობს კუნძულს კაპრიელში, მაშ ისინი განათლებულები აღარ უნდა იყვნენ, რომლებმაცა თავიანთის ხელის მუშაკობით ააშენეს ის მდარე შენობა იმათ და ძალიან ზომიერი ცხოვრება აქვთ იქა?–
აი მურავიოვმა კიდევ რა კარგი საქმე ჰქმნა ქართუელებისათვის, მაგრამ კიდევ გონება დაგვიბრმავდა, როგორც თვითონ ქართუელები, ისე ნამდვილი ქართუელებისთვის კეთილგამძრაზველი დიმიტრი ყიფიანი თავის კანცელარიის გამგე თავად დააყენა, იმის მართუელადა, თავის მხედველობის ქვეშე. ეს ის ნიშანი იყო მურავიოვისაგან; აი ქართუელები ასე მიყვარან, რომ ამისთანა ჩუენი დიდი კანცელარია ქართუელს ჩავაბარეო. სადაც ყოვლის მხრიდგან, სხუა საქმეებს გარდა, ყოველი საიდუმლოები იქ შედის და იქიდგანვე გადის. ეს იმისთანა ჩუენგნით მოულოდნელი და უფიქრებელი ადგილი ქართუელს ჩააბარა, მაგრამ რა გითხრათ? – ასეთი ყიჟინა შეიქნა ვარანცოვის დასისაგან ყიფიანზე, რომ რაღა ეთქუა.
–“მურავიოვი ის ასეთი, ის ყიფიანი იმისთანაიმ დიდს ადგილზე როგორ დააყენაო?” და სხუანი.
ასე გეგონებათ: ერთი რაღაც უბედურება მოსვლიათო. ასე ღავღავებდნენ მურავიოვზედ და ყიფიანზედ ისინი.
ის იმათი ღავღავი იქამდისინ წავიდა, რომ პეტერბურღიდგან უარი მოუვიდა მურავიოვს იმის დანიშვნისა. მაინც კიდევ მეორეთ წარადგინა, ბოლოს მაინც სრულად დაითხოვეს ყიფიანი იქიდგან.
მე ხო შპიონებისაგან ჩემი დევნა არ მკლებია, კიდევ ისე იდევნებოდნენ, მითამ ჩუმობით და დაფარვითა, მაგრამ კიდევ ისე ვიცოდი, ის იმათი დევნილება ჩემზედ როგორც ადრე მატყობინებდნენ, მაგრამ სწორეთ უნდა ითქუას, თუმცა ის მურავიოვი რუსი იყო, რუსეთის ამაღლება იმის ბავშიაც იყო, მარამ არც ქართუელების გაგლესა უნდოდა ქუეყანაზედ იმას – იმას უნდიდა რომ ქართუელებიც ყოფილიყვნენ ქუეყანაზე, ქართუელების სახელითვე. სადაც ამის გამოისობითა ვარანცოვის დასმა ქართუელებმა და იმათთან მიდგომილმა რუსებმა მურავიოვი აღარ მოასვენეს, ბოლოს იქამდისინ, რომ იმათ სადღესასწაულო–სიხარულოთა მურავიოვი გამოცვალეს და ვინც უნდოდათ კნიაზ ბარატინსკი, ის დანიშნეს ნამესტნიკად აქა. სადაც კიდევ ისე გაიმართა თქართქარი და მხიარულებანი, როგორც ვარანცოვის წესი დებულება იყო, კიდევ იმგუარათა, მხოლოდ იმ ორს პირებში ეს იყო განსხუავება, რომ ბარატინსკი მედიდურად იქცეოდა, ვარანცოვი ქრისტეს სიმდაბლითა, მაგრამ ორივე გუატყუებდნენ: ბარატინსკი მედიდურობითა და ვარანცოვი ქრისტეს სიმდაბლითა.
რაღა გავაგრძელო, ბარატინსკის დროსა კიდევ ის ამბები იყო ჩემზე, როგორც წარსულებში და ჩემიც ისეთი გაფრთხილება. ბოლოს ბარატინსკი რომ წავიდა, ჩემი დეიდაშვილისშვილი ღენერალი ადიუტანტი თ.გრიგოლ ორბელიანი, ჩემი ერთუ სახლისშვილი დააგდეს აქ, დროებით იმის მოადგილედ და მართავდა რაც შეეძლო, ესე იგი რუსეთისა ინტერესზედ.
ადრე ვარანცოვიდგან მოკიდებული, ვიდრე ბარატინსკის წასვლამდისინ, თუმცა მაფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც კიდევ მოსვენებული არ ვიყავ: რა ვიცი არ დამიჭირონ მეთქი? – ბევრჯელ ღამე ამ ფიქრში წავიდოდი ძილის დროსა და ამ ფიქრით გავათენებდი. ამისთვის რომ ჩემი თავისთვისკი არ ვშიშოდი – ვშიშოდი საქართუელოსათვისა, მზრუნველი აღარავინ აღარ იქნებოდა პატრიოტი და თუ იყვნენ ვინმე, ისინიც ჩემს უბედურებასთან გაჰქრებოდნენ, სადაც ამ გრიგოლის დროსა სრულიად მოვისმინე, ამიტომ რომ რაც უნდა ყოფილიყო ჩემი ახლო სისხლხორცი ნათესავი იყო და ნამდვილი ქართუელიც.
ესენი იყვნენ სამნი ძმანი ზურაბის შვილები; გრიგოლ, ზაქარია და ილია. ამ სამთავ რუსების სამსახურს შესწირეს თავი. ზაქარია პოლკის კამანდერი თემურხანშურისაკენ იდგა პოლკი, იქ მოკვდა. ილიაც პოლკის კამანდერი იყო, ჯერ ბაშკადიკლარს ოსმალოს ომში დასჭრეს და მასუკან იმ დაჭრილობით მოკვდა, სადაც ორინვ ესენი აქ ტფილისში მოასვენეს, ზაქარია ადრე, ილია შემდეგ იმ ომების დროსა და ქაშუეთის ეკლესიაში დაასაფლაეს, რომელიცა ბოლოს ეს გრიგოლ ბევრის სამსახურებისა შემდგომ, აქ ტფილისში ღენერალღუბერნატორათ დასუა ბარატინსკიმ და კარგახანია მართავდა ამ თანამდებობას ველიკიკნიაზის მიხეილ ნიკალაიჩის დროშიაც.
ამ სამს ძმებში ეს განსხუავება იყო, რომ გრიგოლ მშვიდობისმყოფელი გაუბედავი კაცი იყო, ზაქარია ენერგიით სამსე, გამბედველი და ილია უფრო ყიზილბაშური, რომლებიცა სამნივ ესენი კეთილები იყვნენ, კარგი ქართველებიც და სამნივ პატივმოყუარულები.
გროგოლს თავის გაუბედაობით, მთავრობაზედ მაგდენი გავლენა არა ჰქონდარა, ზაქარია თავის პირდაპირის ენერგიის გამო აქ არ დააყენეს შურისკენ მისცეს პოლკი და ილია თავის ყიზილბაშურის ხასიათით, რასაც უნდა იმას არიგებდა ვარანცოვთან, ასეთი ჰქონდა იმაზედ.
კარგახანი რომ გავიდა გრიგოლ ორბელიანის მართუელობაში, მასუკან ხელმწიფის ალექსანდრეს ძმა მიხეილი დაგვინიშნეს ნამესტნიკათ აქა, სადაც მივიდა, მაგრამ ჩემი გულის ჩასათუთქათ, ტფილისში ხალხმა დიდისყოფით მიიღო, უფრო პოლიცია ეშმაკობდა აქა, რომ დიდისყოფით მიეღოთ ის. მე იმის ასე ვერ მოვითმინე და ერთს ჩემს კარგს ნაცნობს უთხარ.
–“ამისთანა გაუგებლობა გაგონია ხალხისაგან, რა ბედნიერება მოაქუს ჩუენთვის, რომ ამისთანა დღესასწაულობით დახვდა ხალხი და გარდა ამისა ფეხებზე ჰკოცნიან ველიკი კნიაზს?”
უნდა იცოდეთ წუხელის რა ანბავი იყო? – პოლიციის კაცები დადიოდნენ ამ ქალაქის ამქრებში და ჩუმობით არიგებდნენ: ხვალ ველიკი კნიაზს უნდა მიეგებნეთ და ასე რიგათ უნდა მიიღოთ რომ ფეხები ულოკოთ და სხუანიო. თუ სხუა წარსული ნამესტნიკები იმ დიდის ყოფებით მიაღებინეს ხალხს პოლიციამ, ველიკი კნიაზისა აღარ უნდა გავიკვირვოთ. აი ასე ყუელაფერში მთავრობა არის აქა: ეს თქუენ ასე იცოდეთო”. იმან ასე მითხრა და ამ სიტყვით გამითავა, მაგრამ მეცკი ვიცი, რაც მთავრობა არის ჩვენთვის.
აბა რასაკვირველია, ველიკი კნიაზთან ხომ თავიანთი რეპუტაციის გასაკეთებლად, ჩემი ბევრი ორგულობა უთხრეს რუსეთისა და ამსთანავე ესეც თურმე დაუმატეს: სუსტი გონებისა არის, სულელიო. და სხუანი, რომელზედაც დღესაც ეს ანბავი ბეზღებაა ჩემზე და ეს ყოფა, მაგრამ რა ვქნა, ვითმან ამ ფიქრებით.
“ველიკი კნიაზი, იმისთანა დიდი კაცი , ჩემს უბედურობას არ მოინდომებს; თუ წარსულმა ნამესტნიკებმა მე არ გამიმეტეს, ეს ხომ ამისთანა დიდი კაცი რათ იკადრებს–მეთქი”. ამ იმედის ნუგეშით ვიყავ და დღესაც ასე ვარ, მაგრამ მაინც კიდევ შიშისა ქუეშე ვიმყოფები და არც მოსვენებული ვარ, სადაც ბევრი ხალხი ქართუელები თუ სომხები გადგომილი არის ჩემგნით, სხუა და სხუა უცნაურის სიცრუისა ხმების დაყრით ჩემზედ და სხუა და სხუა სათაკილოს სახეს მაჩუენებენ, მითამ ჩემს შესაწუხად, მაგრამ ამაზედკი მე ჩემს გულში ბევრი ვიცინე ხოლმე იმათ ჩქარა აყოლილსა სიცრუებზედ.
ვაი თქუენი ბრალი უბედურო ქართუელებო, მე თქუენთვის ვარ და თქუენკი ეშმაკაბისთვისა.