იოსელიანი ოტია
გაზიარება

დავა ავტობუსში 

არ მიყვარს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი. ასეთი არ იყო ლეო, მაგრამ მუდამ ვიღაცასა და რაღაცაზე უკმაყოფილო კი მეჩვენებოდა.

ვისზე, ვერ გეტყვით, მგონი, თავის თავზე, თუ ჩვენზეც _ ნაცნობ-მეგობრებზე, მტერ-მოყვარეზე, ქვეყნის ბედზე... რა უნდოდა, არ ამბობდა ან იმნაირად მიკიბულ-მოკიბულად ამბობდა, ჩვენ ვერ ვუგებდით. კარგი სალამი, მოკითხვა, საუბარი, ზოგჯერ პატარა ხალისიანი კამათი, წახუმრებაც კი, და განშორება. არაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული, მაგრამ, როცა მარტო ვრჩებოდი, მეჩვენებოდა, რომ იგი ჩემით კმაყოფილი არ იყო. ვერ მივეცი ამ კაცს ის «რაღაცა» და გულს აკლდა. არ წუწუნებდა, არავის უჩიოდა, ღიმილიც იცოდა, სიცილიც და მაინც მეგონა, რომ მეტს თხოულობდა. რაღაც მაახლოებდა ამ კაცთან, მაგრამ ახლოს არ ვიყავი.

ჩემზე უკეთესი მეგობარი, ვფიქრობ, არ ჰყავდა, მაგრამ ჩემისთანა კი, მგონი, ბევრი... ოჯახიც ჰქონდა, მტერიც ჰყავდა, მოყვარეც და, ჩემი ფიქრით თუ გუმანით, მაინც მარტო იყო.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა. შეხვედრით ხშირად ვხვდებოდით, უფრო მეტად ავტობუსში, სამსახურის შემდეგ.
ავტობუსში, სამსახურის დაწყებისას და დამთავრებისას, არასოდეს ტევა არაა, მუდამ ზედახორაა, მაგრამ ბილეთის გამყიდველ სქელს ქალს ყოველთვის ჰგონია, წინა კარისაკენ თავისუფლებაა და მძღოლი მანქანას უადგილო ადგილას ამუხრუჭებს, რომ გაჯიუტებული მგზავრები წინ გარეკოს. ავტობუსი ისეა სავსე, ამით არაფერი იცვლება, მაგრამ მებილეთე და მძღოლი თავისას არ იშლიან. ჩვენც ისე მიჩვეული ვართ, ის კი არა, ასე რომ არ მოხდეს, რაღაც გულს დაგვაკლდება.
იმ დღესაც, ერთი-ორჯერ, კარგა მაგრად შეგვახეთქა ერთმანეთს, შეგვამჭიდროვა და როცა ჩვენი უბნისაკენ აღმართს აუყვა, უკანა კართან ჩოჩქოლი ატყდა. მე კაბინასთან ახლოს ვიდექი. ხელიც კი არაფერზე მეკიდა, მგზავრებს შორის ისე საიმედოდ ვიყავი ჩაჭედილი.
ჩოჩქოლმა იმატა და ბოლოს გაკაპასებული ქალის ხმამ ყოველნაირი ხმაური დაფარა.
_ არა, არ გკადრებთ, რომ ხულიგანი გიწოდოთ...

ჩემს თავს ვერ ვკადრებ... _ მერე უცებ შეიცვალა და მოულოდნელად ალერსიანი გახდა, _ კოტიკო, შენ რატომ იშლი ნერვებს, რატომ არ უფრთხილდები გულს... _ და სიცოცხლეზე გულგატეხილი ადამიანის ხმით განაგრძო, _ ღმერთო, მომკალი, როგორ წახდა ცხოვრება. გზაში ვერ გაუვლია პატიოსან ადამიანს... კოტე, შენი ჭირიმე, ნუ აყვები ნერვებს... სირცხვილია, მოქალაქევ, სირცხვილი... ადამიანმა რომ შემოგხედოს, კაცს ჰგავხარ.
_ ქალბატონო...
_ არა, _ არ აცალა ქალმა, _ რა ნახეთ ჩემში...

რით ვგავარ «ისეთ» ქალებს?!
_ არავის უთქვამს, რომ ჰგავხართ...
ეს ხმა მეცნაურა. ადგილიდან ფეხის მოცვლა არ შემეძლო, თავი მოვაბრუნე, მაგრამ ისევ ვერ გავარჩიე მოდავეები.
_ როგორ?! _ იტკიცა ქალმა, _ იქნებ ისიც თქვათ, რომ მე მოვიგონე? კოტე, ხედავ, რას ამბობს?! კოტე, შენი ჭირიმე, არ აჰყვე!
_ მე არც ეს მითქვამს, _ ისევ ნაცნობი ხმა იყო.
თითის წვერებზე ავიწიე და იმდენი მოვახერხე, ზურგისაკენ მივტრიალდი.
_ უკან დაიწიეთ, უკან! _ წყრებოდა ქალი, _ თქვენ თუ კარგი კაცი ხართ, ბოდიშს მოიხდიდით! კოტიკო, გულს გაუფრთხილდი, არ დამღუპო, კოტე!
ასე გულს ამყოლი კოტეს ხმა ერთხელაც არ გამიგონია და მინდოდა, შემეხედა, რას სჩადიოდა ისეთს, რომ დაიღალა ქალი ამდენი ხვეწნა-მუდარით.
_ ასეთი კაცების სინსილა უნდა გაწყდეს...
_ ქალბატონო, თქვენც ხედავთ, ავტობუსში ტევა არაა... _ დაიწყო ნაცნობმა ხმამ, მაგრამ ქალი მაშინვე პირში ეცა:
_ მერე ამიტომ უნდა ისარგებლოთ?.. მერე ამიტომ არ უნდა ჰქონდეს საშუალება პატიოსან ქალს...
_ გაჩუმდი, _ გაისმა ბოლოს და ბოლოს კოტეს ხმა, _ გაჩუმდი-მეთქი! თქვენ, ამხანაგო!..
_ ამათ არ უყურებთ?! _ გაიოცა ბილეთების გამყიდველმა.
_ კოტიკო, ნუ აჰყვები, ნუ აღელდები!
_ აქ ხალხია და სხვაც დაინახავდა თუ...
_ ხედავთ?! _ იყვირა ქალმა, _ ხალხი, ხალხი დაინახავდაო?! კიდეც რომ დაენახა, ვინ იტყვის, ამოიღებს ვინმე ხმას? ჩვენ აქ ვინ გვიცნობს?..
_ ცნობა რა შუაშია?
_ როგორ თუ არაა, ნაცნობი და უცნობი ერთია?! _ გაკაპასდა ქალი.
_ რა ცნობა უნდა ამ შობელძაღლს, _ აყვირდა ბოლოს და ბოლოს კოტეც.
_ რა ამბავი შექენით! _ გაწყრა მებილეთე და წინ გასძახა, _ შოფერ, გააჩერე, ჩავიდნენ და იქ იდავონ და კისერიც უტეხიათ.
მანქანა მოწყვეტით დამუხრუჭდა და ჩვენ ერთხელ კიდევ მივაწყდით წინ.
_ ჩამოდით, ჩამოდით! _ კაპასობდა ქალი, _ ჩამოდით, მაგრამ თქვენ თუ დამნაშავე არა ხართ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ გაიქცეთ.
_ სად უნდა გავიქცე?! _ გაიკვირვა ნაცნობმა ხმამ, _ რად უნდა გავიქცე?!
_ თუ მართალი ხართ, ნურაფრის გეშინიათ.
_ მე არ მეშინია!
კართან მიიწ-მოიწიეს და ჩასვლისას ლეო ვიცანი.
_ ლეო! _ დავიძახე და ახლა მეც წავიწიე გასასვლელად, _ მოიცა, შოფერ, წინა კარიც გააღე! _ მგზავრებში წვალებით გავძვერი, კიბის საფეხურზე მდგართა შორის გაჭირვებით გავატანე და ძირს ჩავხტი.
მანქანა დაიძრა.
გზის პირზე, ლეოს წინ, ალაპლაპებული ქალი იდგა, ქალის უკან _ მაღალი, კისერგასქელებული მამაკაცი.
_ ლეო, რა მოხდა?! _ ვიკითხე მისვლისთანავე.
_ თქვენ იცნობთ ამ კაცს? _ ახლა მე მომიტრიალდა ქალი.
_ როგორ არ ვიცნობ, ჩემი მეგობარია.
_ თქვენ პატიოსანი კაცი ხართ, _ ხმას დაუწია ქალმა და სცადა ჩემი გადაბირება.
_ კი, მაგრამ ამ კაცში რა ნახეთ უპატიოსნო! _ ვთქვი ხმამაღლა.
ქალს ყურადღება არ მივაქციე და მასთან მდგომ მამაკაცს თვალებში შევხედე.
_ რა მოხდა ასეთი!
_ ხმამაღლა ნუ მელაპარაკებით! _ იუკადრისა კოტემ, _ თქვენს მეგობარს ჰკითხეთ და ის გეტყვით.
მე რატომღაც მივხვდი, რომ ამ კაცს ხეირიანად ვერ გაეგო, რა მოხდა, რაში სდებდა ბრალს ლეოს. მაგრამ ქალმა იცოდა თუ საერთოდ, ენაგრძელი იყო, ყველას დაასწრო:
_ მე ქალი ვარ და როგორ უნდა ვთქვა!..
უკან დავიწიე და მოსაუბრეს ავხედ-დავხედე.
ჩემ წინ ორმოც წელს მიღწეული ხორცსავსე ქალი იდგა. მისი გარეგნობა, ალბათ, არც ოცი წლის წინ გეცემოდათ თვალში. იქნებ მასში მართლა იყო ისეთი რამ, რაც მამაკაცს მოხიბლავს, მაგრამ მგზავრებით გატენილ ავტობუსში, ისიც ლეოსთანა კაცს, რა უნდა ჩაედინა, რომ ამ გამოცდილ, აღელვებულ ქალს თქმა გასჭირვებოდა.
_ ლეო, შენ მითხარი, რა იყო?
_ არაფერი, რა უნდა ყოფილიყო...
_ არაფერიო...

_ მწარედ გაიცინა ქალმა, _ ვაჟკაცი რომ იყოთ, სიმართლეს იტყოდით.
_ რა მაქვს დასამალი?!
_ მაშინ რატომ უარყოფთ, შენ ხომ დაინახე, კოტე?
_ მე დავინახე... _ შეჩერდა. ის, რაც მან დაინახა, ეტყობოდა, საკმაო საბუთი არ იყო, _ მე დავინახე... _ მან ქალს იღლიის ქვეშ გამოუტარა ხელი და ჩემკენ გამოიშვირა.
_ ჰო, აი, ასე, _ ქალმა კაცის ხელი მკლავქვეშ დაიჭირა, _ აი, ასე და მეორე ხელი შენ არ დაგინახავს, კოტე!
_ მაშინ ისიც უნდა დაგენახათ, რომ მე ხელში ხურდა მეჭირა, _ თქვა ლეომ.
_ ვითომ კონდუქტორისაკენ იწვდიდა, _ კოტეს მიუბრუნდა ქალი, _ გესმის?
_ ასეც იყო, თქვენ ხელი მანამდე მაღლა გეკიდათ, მერე კი, როცა ავტობუსი დაამუხრუჭეთ და მე თქვენ შეგეხეთ, ჩამოიღეთ და ჩემი მკლავი თქვენი იღლიის ქვეშ მოჰყვა...
_ და თქვენ...

_ ქალი ისე საცოდავად ჩააჩერდა ლეოს, გამიკვირდა, რას სთხოვდა ასე დაჟინებით, და მერე ხვეწნასავით დაუმატა, _ მართალი თქვით, ჩვენ ამისათვის პასუხს კი არ გთხოვთ, კოტე არაა ისეთი კაცი... თქვენ არც კი იცოდით... მე თვითონ მარტო გეგონეთ, თქვით, ხომ მარტო გეგონეთ?
_ მერე რა, _ არ ვაცალე ლეოს, _ თუნდაც მარტო ყოფილიყავ, მარტო ეგონე თუ არა...
_ მოიცა! _ სიტყვა გამაწყვეტინა ლეომ.
_ რა მოვიცადო, _ და ისევ ამრეზით ავხედ-დავხედე ქალს, _ პატიოსნები ამდენს არ ლაპარაკობენ, შენს ადგილზე სხვა ამას არც გაამხელდა.
_ მე თვითონ დავინახე! _ როგორც იყო, ისევ ამოიღო ხმა კოტემ.
_ დაინახე! რა დაინახე, რომ ბილეთის ფულს აწოდებდა? თქვი, რა დაინახე?
_ დავინახე, რომ...
_ დაინახე! ჰო, თქვი, რა დაინახე?! არაფერიც არ დაგინახავს, ავტობუსში პირველად ჯდებით? ტყეში ხომ არ გაზრდილხართ?
_ თქვენ ჩემს გაზრდილობას ნუ ეხებით! _ გამიწყრა კოტე.
_ არ ვეხები, მაგრამ რაა აქ აყალმაყალის ასატეხი?!
კოტემ ქალს შავი თვალით გადახედა, მაგრამ მე მაინც მითხრა:
_ თქვენ თუ ხალხი გაიზარდეთ, უნდა იცოდეთ წესი და რიგი!
_ ვიცით და არაფერ უწესობას არ ვხედავ ჩემი მეგობრის საქციელში.

თქვით, თუ რაიმე დაინახეთ!
_ მე რაც დავინახე, ის იყო...
ქალი დაპატარავდა, ისეთი თვალით მიიხედ-მოიხედა, თითქოს დასამალავს ეძებსო, მერე ლეოს გაცრეცილი ხმით კი არ უთხრა, სთხოვა:
_ თქვენ თქვით სიმართლე, _ უფრო ხმადაბლა დაუმატა, _ სიმართლე...
_ რისი სიმართლე გინდა, ქალო, შენ?! _ სისხლი ამივარდა თავში. რას სთხოვდა ამ კაცს, მაინცდამაინც უნდა ეთქვა, მეორე ხელი წელზე მქონდა მოხვეული, ან უარესი, ქვევით ვუფათურებდიო?
_ შენ რა იცი, _ მე მომიბრუნდა ლეო.
_ რა უნდა ვიცოდე!
_ რა და... _ არც ლეომ იცოდა, რა უნდა ეთქვა, თუ ეუხერხულებოდა, _ მე არ ვიცოდი, თუ ვინმე ახლდა...
_ მერე მოხდა რამე თუ?..
_ არაფერი, მაგრამ ხომ ხდება. ქალი მოგეწონება კაცს...
_ აჰ?!
_ შენ არ იცი, _ არ მაცალა ისევ, _ მე ამ კაცის წინაშე... არა, ქალის წინაშე...
_ რა, დამნაშავე ხარ?
_ ჰო... და ბოდიშს ვიხდი...
_ კოტე, შენი ჭირიმე, წამოდი ახლა! _ მკლავში ჩააფრინდა ქალი, _ წამოდი. ბოდიში მოიხადა, ვაჟკაცისთვის ესეც სასჯელია.
კოტე დიდად არ გაძალიანებულა, მაგრამ წასვლისას მოგვმართა:
_ მე მიპატიებია, მაგრამ იცოდე, სხვა არ შეგარჩენს, _ მერე ქალს ხელი იღლიაში გაუყარა და გზას გაუყვნენ.
_ არავინ მოგტაცოს! _ ამოვილაპარაკე ჩემთვის.
_ არ გაიგონონ! _ პირზე ამაფარა ხელი ლეომ.
_ გაიგონოს თუ არა...

კი მაგრამ, შენ რა თვალები დაგევსო, რა ნახე ამ დედაკაცში ასეთი!
_ არ გრცხვენია?! _ მითხრა ლეომ და ვიგრძენი ისევ ის, რასაც მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი, «რაღაცას» მთხოვდა და ვერ ვაძლევდი.
_ შენ მართალი გეგონა?!
დავფიქრდი, ზოგ რაღაცას თითქოს მივხვდი.
_ არა, მართალი რავა მეგონა, ეს ხომ მაშინაც ვთქვი. მაგას რა მოგაწონებდა!
_ ვთქვათ, მომწონებოდა...
_ ჰო, კიდეც რომ მოგწონებოდა, ასე როგორ ეცემოდი.
_ რა თქმა უნდა!
_ ბოდიში კი მოუხადე... _ დავიწყე ორჭოფულად და აღარ გავაგრძელე.
_ არ უნდა მომეხადა...
_ მე მგონია, არაფერი გქონდა საბოდიშო!
_ რა მქონდა საბოდიშო, _ გაეცინა, _ ხელი მართლა მქონდა მისი იღლიის ქვეშ, მაგრამ რა მექნა, მკლავით დამიჭირა და ხომ ვერ გავუძალიანდებოდი.
_ მან დაგიჭირა?
_ ჰო, ჩემი წინ გაწვდილი ხელი იღლიის ქვეშ მოყვა და აღარ გამიშვა.
_ რომ იმ რეგვენისთვის დაენახვებინა?
_ ჰოდა, დაანახვა კიდეც, მერე გამათავისუფლა.
_ მეორე ხელი?
_ შენ მართლა დაიჯერე?!
_ მანამდე არ მჯეროდა, მაგრამ როცა ბოდიში მოიხადე, დავიჯერე.
ისე შემომხედა, რომ მაგრძნობინა, ეჰ, ჩემო მეგობარო, რა ვქნა, რომ ვერაფერს მიხვედრილხარო.
_ კოტე და ის ქალი... _ დაიწყო მან.
_ ვინ კოტე?
_ აი, ის კაცი.
_ ქალს რომ ახლდა? კი, მაგრამ იცნობ?
_ საიდან, იმ ქალს ის, ალბათ, დიდი ხანია იცნობს ან ვინ იცის, ეგებ ცოლ-ქმარიცაა, მოსწყინდა, მობეზრდა, იქნებ ვინმე ახალგაზრდაზეც კი უჭირავს თვალი და ქალი შეეცადა, დაეჯერებინა, რომ თვალი აქვს ახვეული, თორემ მასში სხვა მამაკაცები ქალს ხედავენ, ისე ხედავენ ზოგჯერ თავსაც ვერ იკავებენ. იგი აქამდე უყვებოდა ბევრ მოგონილ შემთხვევას, მაგრამ კაცს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ახლა კი დაიჯერებს.
_ ჰო, ბოდიში რომ არ მოგეხადა, არ დაიჯერებდა, _ დავუმატე მე, რათა ლეოს სცოდნოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გავიგე.
_ მე რომ ეს მართლა ჩამედინა, ქალს ამის გამოგონება არ დასჭირდებოდა. უნდა გითხრა, გულწრფელად მოვიხადე ბოდიში, იმიტომ კი არა, რომ იღლიაში ხელი გავუყარე ან წელზე მოვხვიე, იმისათვის, რომ ეს არ ჩამიდენია, _ თქვა, ხელი ჩაიქნია და დაღლილი კაცის ნაბიჯით აუყვა აღმართს.
_ მართალი ხარ! _ ვთქვი და ისევ ვიგრძენი, რომ ჩვენ, მე და ლეოს კი არა, საერთოდ, ადამიანებსაც «რაღაც» ძალიან კარგად არ გვესმის ერთმანეთის, თორემ, ღმერთო ჩემო, რამდენნაირია ამქვეყნად სიკეთე..

??????