ასათიანი ლადო
გაზიარება

ჩანაწერები 

სახარებას ქართული სიტყვისათვის უფრო ვკითხულობ. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს.

* * *
„შემოდგომის საღამოა მშვიდი,“ 

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“ - 

ეს - ტერენტი გრანელია! ძალიან მომწონს!

* * *
მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს 

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! - 

ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის.

* * *
ისტორიული რომანი, რომელიც აამაღლებს ერს! გამოგონილი კი არა, ნამდვილი! არა ისეთი მეფეები, მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილები რომ არიან, თავადები - მოღალატენი და გლეხობა - აჯანყებული და გაყაჩაღებული! ასეთი ქვეყანა აქამდე დაიღუპებოდა!

* * *
აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს. 

* * *
გრიგოლ აბაშიძეს ჰქონდა ფრანგულიდან თარგმნილი ფრანსუა ვიიონის რვასტრიქონიანი ლექსი: 

მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი, 
ახალგაზრდობა ვატარე ტკბილად, 
სად მომეპარა სიბერის ლანდი, 
სად გაქრა ჩემი სიცოცხლის დილა? 
იქნებ ორი ფრთა მიაფრენს წყვილად, 
იქნებ გაქროლა რაშით ფარულად? 
დავდივარ, ვეძებ გაპარულს ფრთხილად, 
ვერ გამიგია, საით წასულა. 

ალიოშამ წაიკითხა და თქვა: ეს კაცი (ფრანსუა ვიიონი) ჩვენსავით ახალგაზრდა იყო, ქეიფობდა, ლაღობდა, დროს ატარებდა, ახალგაზრდობას კი მისტირისო. ასეთი წუწუნი ჩვენთვის ჯერ ადრეაო. 

* * *
რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსისხლხორცო და უსახო გმირები. აბა, დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი! 

* * *
როგორ გამეხარდა, „დონ კიხოტში“ რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა ლიტრას თუ ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო. „ქილილა და დამანაშია“ ასეთი - ჭაროს ნათქვამი არაკი - „ხელმწიფე და დიდებული“: „მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება“. 

* * *
ერთმა კრიტიკოსმა (კიდევ ერთმა!) ჩემი პოემა „კოლხიდა“ გააბიაბრუა. არ ღირდა ამ პოემაზე კალმის წვერის დაღლა, მელნის დახარჯვა, თოვლივით ქათქათა ქაღალდის დასვრა... ამდენიც არაფერია ის პოემაო... 

ამის შემდეგ, იქნებ, გვეღირსოს და ტალახიდან ამოგვიყვანოს მსგავს კრიტიკოსთა სიმძლავრემ, მათმა დიდებამ და მათმა სიქველემ!

* * *
დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო. 

გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა. 

რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა.

??????