ტაბიძე ტიციან
გაზიარება

ყოფნის აღქმა 

დაფიქრებულხართ როდისმე, რაზე მღერის ქარიშხალი შემოდგომის სუსხიან ღამეს, როცა დახურულია დარაბები, რომ არ გაიგონოთ მისი ქვითინი, მაგრამ მაინც გესმით სახლის სახურავზე გამხმარი ხეების ტოტების ცეკვა, რომელიც ჯადოქარ ქარიშხალს ფერხულში ჩაუბამს?.. 

დაფიქრებულხართ... გესმით კიდეც, მაგრამ მაინც არ გინდათ, რომ გაიგოთ, რადგან ის მღერის იმ ზვიად ველურ ვნებაზე, რომელთანაც ჩვენი ვნება ბავშვობა გამოჩნდება. და თქვენ გრცხვენიათ თქვენივე ბავშვობისა. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია საუკუნეებში დაკარგული რომაელი სარდლის სიმღერისა, რომელიც მოგებული ომის შემდეგ ფალერნის ღვინის თასზე ანაკრეონის სიმღერებს მღერის. ალერსის ლოდინში თრთის მხევალი და აქცევს ღვინოს. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია ომიდან დაბრუნებული ამორძალების სიმღერისა, რომელთა სისხლით დათქვირულმა ცხენებმა შაფრანის მთვარის სხივები მეწამულ ზეწარში გამოხვიეს. 

ქარიშხლის სიმღერა - სუნთქვაა ცოდვის სარეცელზე ვნებით მთრთოლვარე კლეოპატრასი და ურიასტანის მიდამოებში დაკარგული სულამიტის საქმროს ძახილი... 

დაუგდეთ ყური... განა არ გესმით... შავბნელ ღამეში როგორ გულმწვავედ უკივის იაზონს მედეა, იცის, რომ შორს არის, მაგრამ მაინც ეძახის, გული ვერ იტევს გრძნობის ნიაღვარს... შავბნელ ღამეში პონტოფრეს ცოლი ელის ყრმა იოსებს ნილოსის ლერწმებში... 

ქარიშხალი აცოცხლებს მითს, წარსულის ზვიადი ვნების სიზმრებით რომ დაათროს ადამიანი. ქარიშხლის ველურ სიმღერაში შენახულია დიონისეს მისტერიები. 

დაუგდეთ ყური ქარიშხალს!.. 

დაივიწყეთ, თქვენივე საკუთარი თავის და სხვისი შებრალება, დაივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერს გაიგებთ. 

მწყემსების სალამურზე უფრო ნაზია და მთით მომსკდარ ნიაღვარზე მრისხანე ახალგაზრდა ტანში სიცილი სისხლისა. ღვინო გამოილია ფიალაში და სათნოება დაეტყო სულს. ყინვამ უსწრო მთებში გაზაფხულის წინამორბედს, მაგრამ აივსო ღვინით ფიალა და გაზაფხულის დღესასწაულზე გვეძახის წინასწარმეტყველი: - ევოე, ოვოე სიგიჟის მოციქულს; გავიხაროთ, ჩვენთანაა იგი... 

1912 წ.

??????