გამოსათხოვარი სიტყვა გალაკტიონ ტაბიძეს
დღეს მთელი ქართველი ხალხი, ქართული მწერლობა და კერძოდ ქართული პოეზია სამუდამოდ ეთხოვება თავის უსაყვარლეს და უბადლო წარმომადგენელს, ქართული პოეტური კულტურის სიამაყეს, ჩვენი რესპუბლიკის სახალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს. იგი ვალმოხდილი, თავისი ნაამაგარით თითქოს კმაყოფილი მიეშურება მამადავითზე, მამათა სავანეში, სადაც სიჭაბუკის ჟამს უნაზესი„ “მთაწმინდის მთვარე“ გამოცხადებია, მომხიბლავი ცისფერი ლანდები აუმღერებია და ამ მთის ფესვები თავის უებრო ჩანგის ლარებად უქცევია. მაგრამ, ჩვენ, პოეტები საქართველოსი. მივტირით უდროოდ დაღუპულ უფროს ძმას და ქართული სიტყვის მომხიბლავ ოსტატთან განშორებას ვერ შევრიგებივართ. თითქოს თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით, ისე დაეცა ქართული სიტყვის დიდი ჭადარი და ქართული სულის მაჩრდილებელი რტოები დაილეწა. მისი დაცემის ხმა სიცოცხლის გულის გაბზარვას დაემგვანა. ჩვენმა ტკივილმა ჯერ კიდევ დამწიფება ვერ მოასწრო, ვერ შეგვიგვრძნია თუ რა ნესტარით ვართ დაჩხვლეტილნი და რა განუკურნელი ჭრილობა დასადგურებულა ჩვენს არსებაში. ამ დიდი დანაკლისის ჯეროვნად შეგნება და მისი შეფასება ისე ძნელია, როგორც საყვარელ პოეტთან განშორება. ხვალ ან ზეგ ჩვენ გალაკტიონ ტაბიძეს ვერ შევხვდებით, ვერ გავუღიმებთ და მთრთოლვარე პოეტური სიტყვით იგი ვერ შეგვეხმიანება. იგი თავის საყვარელ თბილისის ქუჩებს სამუდამოდ შორდება და მოულოდნელად ეთხოვება. ქლიავისფერი საქართველოს მთები მართლაც იბინდება და გლოვის ზარი თითოეული ქართველის გულში ირეკება. ამ საუკუნეში, ქართული კლასიკური პოეზიის ფესვმაგარი მუხების აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას სიკვდილის შემდეგ, ქართულ პოეზიას თვალნათლივ ამაზე მძიმე გლოვის დღეები არ განუცდია. გალაკტიონ ტაბიძე თავის ცხოველმყოფელი, ჯადოსნური პოეტური ხმით საბჭოთა პოეზიას ამშვენებდა და მისი მაღალი ტალანტი მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის გამართლება იყო. იგი მომხიბლაობას მატებდა ქართული მწერლობის უჭკნობ მშვენებას და თავის ერის სულის საგანძურში ფასდაუდებელი სიმდიდრე შეჰქონდა.
ამ საუკუნის პირველ მეოთხედში იგი პოეტური სიტყვით ღირსეულად გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს და ახალი პოეტური სამყაროს მქადაგებელი გახდა. მას წილად ხვდა ქართული ლექსის ერთი მთავარი რეფორმატორი ყოფილიყო. „მთაწმინდის მთვარის “ავტორმა ქართული სიტყვის მეშვეობით, ახალი პოეტური სამყარო აღმოაჩინა და ამ საუკუნის ესთეტიკურ გემოვნებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა. იგი იყო საოცარი გაქანებისა და მოულოდნელი ხილვების პოეტი. იგი იყო ქართული სიტყვის აღუვსებელი და დაუშრეტელი საწყაული. ასეთი თავისუფალი და ლაღი სუნთქვის პოეტი საქართველოში იშვიათად დაბადებულა. გალაკტიონ ტაბიძემ ჩვენს პოეზიაში ახალი ნიუანსირებული სულიერი ცხოვრება შეიტანა და ქართული მწერლობაში აზროვნების შედევრები შექმნა. იგი იყო ლექსის უბადლო ვირტუოზი და ქართული სიტყვის გენიალური არტისტი. პოეტს თავისი მთრთოლვარე სიმები საქართველოს მიწაში ჰქონდა ჩაფესვილი. გალაკტიონ ტაბიძის პოეზია იყო და დარჩება, როგორც განუმეორებელი მელოდია ქართული სულისა და როგორც ქართული სიტყვის უებრო მუსიკალური აღმაფრენა. გალაქტიონ ტაბიძემ განგვაცდევინა პოტური სულის უნაზესი რხევა და მომხიბლავი განცდები, ნახევარ ჩრდილები და უჩვეულო ხილვები ჩვენს ყოფაცხოვრებაში უშუალოდ შეიტანა.
ორმოცდაათი წლის განმავლობაში ემსახუებოდა იგი ქართველ ხალხს და პოეტური სიტყვის მეშვეობით სულის ჩაუქრობელ კოცონებს ანთებდა. იგი, როგორც საქართველოს ბუნება, მუდამ მრავალფეროვანი, მდიდარი და მუდამ სიახლის გრძნობის მატარებელი იყო. გალაკტიონ ტაბიძეს პოეზია საკუთარი სულის თანდაყოლილ თვისებად მიაჩნდა. პოეზია მისთვის სულის გასპეტაკების საბრძოლო იარაღი იყო. იგი ყოველდღიურად, პოეტურ სიტყვასთან ჭიდილში, შთაგონების შეუნელებელ ცეცხლში იწოდა. პოეტური შფოთვა და სულის მოუსვენრობა მას არასდროს განშორებია. გალაკტიონ ტაბიძე თითქმის არავის უნახავს ოდესმე პოეტურ ცხოვრებიდან თუ პოეტურ თრთოლვიდან გამოთიშული. მისი სული მუდამ შფოთავდა, მუდამ აფორიაქებული იყო და იგი თითქოს უბინაოს ჰგავდა, ის შეჩვეული იყო ქვეყნის საერთო ცხოვრებას. გალაკტიონ ტაბიძის ბინა მთელი საქარათველო იყო. საქართველო იყო მისი ოჯახი, მისი მშფოთვარე სულის სამყოფელი და მისი სიმღერის საგანი. ის მუდამ ატარებდა გულის სიღრმეში დაბინდულ ქლიავისფერ მამულის ხატებას. რევოლიციამდე მამულის ცხოვრება ნაღვლიანი ფერებით და ინტონაციით
ჰქონდა პოეტს გადმოცემული:
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი
არ გავიარე რაა მამული...“
მაგრამ პოეტს ესმოდა, რომ ნანგრევების და დანგრეული ტაძრების მიღმა იყო ნამდვილი საქართველო. იგი საქართველოს წიაღში ამირანის ნაკვალევს დაეძებდა და ქართველი ხალხის გენიას ამგვარად ეხმაურებოდა:
„შეხავსებია კლდეები კლდეებს,
აქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
ამირანია? მივმათავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს –ამირანია“.
იგი თავად იყო ქართული პოეზიის ამირანი, მისი ძალის და ენერგიის გამართლება. მას სწამდა, რომ პოეზიის ჭეშმარიტი სამსახური არის ვაჟკაცობა და გმირული თავდადება. გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში ცხოვრობდა ეროვნული გმირული სული, რომელიც სამამულო ომის დღეებში უფრო გაძლიერდა და ომახიან სტრიქონებში გაიშალა. მას, უპირველეს ყოვლისა, სამშობლო ეძახდა. იგი სამშობლოს, ხალხის სიყვარულის შთაგონებული მომღერალი იყო. იგი ადრე შევიდა მებრძოლთა რიგებში და კომუნიზმის მშენებელ ხალხს მხარში ამოუდგა.
გალაკტიონ ტაბიძემ შექმნა რევოლუციის მუსიკის ნამდვილი განცდა. პოეტს ხიბლავდა საზოგადოებრივი დიდი მოვლენების მუსიკალური აღდგენა. მას უფრო მუსიკალობა იტაცებდა პოეტურ სამყაროში და მისი სტრიქონების სინატიფე ამ საფუძველზე იყო ახმიანებული. იგი მღეროდა და პოეზიისთვის იწოდა სიკვდილის წინა წუთებში. პოეტური სიმღერა მისი გულის განუყრელი თანამგზავრი იყო. ტრაგიკულად დაღუპულ პოეტს უბის წიგნაკში წამოწყებული ლექსის რამდენიმე სტრიქონი და მრავალი რითმა აღმოჩდა ჩაწერილი. ეტყობა, პოეტი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ განშორებია პოეზიას, თითქოს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიც ლექსის ნატეხებით და რითმებით მოკენჭილი გზა გაიარა.
ორმოცდახუთი წლის წინათ დაწერილ ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ გალაქტიონ ტაბიძე ამბობდა: „სიკვდილის გზა არ – რა არის, ვარდისფერ გზის გარდა“- დიახ, დღეს ამ ვარდისფერი გზით მიეშურება ქართველი ხალხის უსაყვარლესი პოეტი მთაწმინდაზე, მამათა სავანეში და ქართველი ხალხის გლოვა და სიყვარული მიაცილებს მას უკანასკნელ სადგომამდე.
გალაკტინ ტაბიძე დღეიდან ეკუთვნის ისტორიას, მამათა სავანეს, ხოლო მისი ცოცხალი პოეტური სიტყვა წკრიალებს ქართველი ხალხის გულში და უკვდავება მის სახელს ჭირისუფალივით მიჰვება მომავლის გზაზე. უკვდავება არასდროს არ გაშორდება გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას და ჩვენ, საქართველოს პოეტები, ვიგონებთ მის პოეტურ, მთრთოლვარე, განუმეორებელ სიცოცხლეს და ვეთხოვნებით ჩვენს სიამაყეს, უფროს ძმას და საყვარელ ადამიანს მისივე სიტყვებით:
„ქარვათა მორევში ეშვება ფარდები,
საღამო კანკალებს კრძალვით და რიდობით,
ქვითინებს მამული, ტირიან ვარდები,
მშვიდობით, მშვიდობით”