მხატვარი - პოეტი
ქართველ მხატვართა შორის, შეიძლება ითქვას, ლადო გუდიაშვილი ქართულ პოეზიასთან და საერთოდ, სიტყვაკაზმულ მწერლობასთან ყველაზე მეტად დაახლოებულია. იგი პოეტია სახვით ხელოვნებაში და თავის პოეტურობას ნახატში არასოდეს არ შორდება. ქართული პოეზიის სიმღერის საგანი მისი ამღერების საგანიც არის და იგი თემატურად ენათესავება ქართული სიტყვის საუკეთესო ოსტატებს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მას სიტყვაკაზმული მწერლობის თვისებები გადაჰქონდეს სახვით ხელოვნებაში. მის მიერ შექმნილი ყველა სურათი სახვითი ხელოვნების უშუალო ნიმუშია და იგი სამყაროს აღიქვამს უშუალოდ ფერებისა და ხაზების მეშვეობით. იგი ნამდვილი მხატვრების ენით მეტყველებს სამყაროს რაობაზე და არასოდეს არ შორდება მხატვრობის სპეციფიკურ თვისებებს. ლადო გუდიაშვილი მხატვრობაში წმინდა ეროვნული კულტურის საფუძველზე აღმოცენდა. არა მარტო ქართული ფრესკა და ჩუქურთმა, არქიტექტურული ძეგლები, ძველი ხელნაწერი წიგნების მორთულობა და ქართული ოქრომჭედლობა ასაზრდოებდა მას, არამედ ქართული კლასიკური და ხალხური პოეზია, ქართული თქმულებები და ზღაპრები, ჩვენი ისტორიის საუკეთესო ფურცლები, ჩვენი ხალხის ყოფა-ცხოვრება, შრომა, ხალხური სანახაობები (ბერიკაობა, ყეენობა და სხვ.) არის საფუძველი იმ შთაგონებისა, რომელიც ლადო გუდიაშვილმა გამოავლინა თავის მრავალფეროვან და მომხიბლავ შემოქმედებაში. იგი თითქოს მხატვარი მემატიანეა ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრებისა და თითქმის არაფერი გამორჩენია, რაც ნიშანდობლივი და სანიმუშო იყო საქართველოს ცხოვრებაში.
თვით პლასტიკური აღნაგობა მისი სახეებისა წარმოშობილია ჩვენი ხალხის გარეგნული იერიდან და ყოფა-ცხოვრებიდან. ვისაც უნახავს ლადო გუდიაშვილის ცეკვა მეგობრულ ნადიმებზე, მისთვის ნათელი გახდება თუ საიდან იბადებიან მის სურათებში აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი. მისი ცეკვა ქართული ხალხური ცეკვაა-ფაქიზი, დახვეწილი და ახალ ხარისხში აყვანილი, ხოლო მის ტილოებზე აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი კიდევ უფრო მიუწვდომელ მხატვრულ ხარისხში აყვანილი და მხატვრის პოეტური სულით შთაგონებულია.
ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ფონზე ლადო გუდიაშვილმა ადრე დაინახა თბილისის ბოჰემის სახეები და შექმნა კინტოებისა და მათი ყოფა-ცხოვრების განუმეორებელი სურათები. ამ ციკლში ლადო გუდიაშვილმა გახსნა თუ აღმოაჩინა სრულიად ახალი მხატვრული სამყარო. მართალია, ლადო გუდიაშვილს ამ ციკლის თემატიკაში ჰყავდა წინამორბედი - ნიკო ფიროსმანი, რომელმაც თავის დროზე დიდი ყურადღება მიაქცია ძველ თბილისს და მის წიაღში გამოვლილ კინტოების ცხოვრებას, მაგრამ ლადო გუდიაშვილმა სრულიად დამოუკიდებელი, ახალი სამყარო შექმნა, რომლის მსგავსი არასოდეს არ ყოფილა ქართულ მხატვრობაში. მხატვარმა თითქოს გადმოგვცა ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების მიწურული, მასთან განშორების სამწუხარო და დრამატული ჟამი. ამიტომ ამ დროის სურათებში სახეები სულიერად მეტისმეტად დრამატიზებულია და მათი გარეგნული რხევანი ხაზგასმულია და ხშირად გროტესკამდეა მიყვანილი. ამ სურათებში ფერწერა ჩამუქებულია და სახეები გამოკვეთილია მძიმე საღებავებით. თითოეული სახე ძალზე გამოკვეთილია და საღებავების მიღმა მათი ხაზობრივი აღნაგობა იგრძნობა. ამ სურათებში დიდი ადგილი უჭირავს ნატურმორტს, სადაც განსაკუთრებით დახატულია ალიონისფერი თევზები, რაც ასე კარგად ეხამება თბილისის გარეუბნებში და სხვაგან მოქეიფე კინტოების სახეებს. შინაგანი ექსპრესია ყველა ამ სურათის ნიშანდობლივი თვისებაა და სულიერი მღელვარება გარეგნულად ხელშესახებ ფორმებშია მოქცეული. ხანდახან ეს ექსპრესია მიღწეულია სადა და უბრალო ხერხით, მაგრამ ამ სადა ხერხში უცნაური ხილვა და მოძრაობის განჭვრეტაა ნაჩვენები. მაგალითად მეეტლის მიერ უეცრად შეყენებული ცხენების წინა ფეხები ძალზე წაგრძელებულად დაუხატავს მხატვარს, რითაც საოცარი ექსპრესია მიუნიჭებია სურათისათვის.
ლადო გუდიაშვილი კომპოზიციის დიდი ოსტატია. მის სურათებში კომპოზიციური მთლიანობა ზედმიწევნითაა დაცული. მისი კომპოზიცია ნაკარნახევია არა იმდენად სურათის შინაარსით, რამდენადაც მხატვრის სახვითი მოთხოვნილებებით, ე. ი. კომპოზიცია ფერთა შეხამებითა და ნახაზით არის გაპირობებული. მისი კომპოზიცია ქართულ კერამიკასა და ჩუქურთმას ან ხალხურ საკრავებს ენათესავება.