ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

საშა ექსკლიუზივი

საშა მოულოდნელად გარდაიცვალა.
მალე სხვა უბანში გადავედი საცხოვრებლად და საშაც დავიწყებას მიეცა.
შემოდგომა იწურებოდა. ცირკის წინ სამარშრუტო ავტობუსს ველოდებოდი. ქუჩის მეორე მხარეს ნაცნობი სახე შევნიშნე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, სად მენახა.
- გამარჯობათ! – მომესალმა მოახლოებული უცნობი და ხელი გამომიწოდა.
- გაგა! –და სახეში მივაცქერდი. საშას ალიკვალი იყო.
- დედა როგორ არის?.. ცოლი ხომ არ შეგირთავს? – სხაპასხუპით მივაყარე.
- დედა ორ შვილს მიზრდის... უფროსს ბიჭს ალექსანდრე დავარქვი, მამაჩემის სახელი.
ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და წავიდა. მამასავით მძიმედ მიაბიჯებდა, მერე უკან მოიხედა, ხელი დამიქნია და მოსახვევში გაუჩინარდა.
... ათი წლის წინათ ქალაქის ერთ მოზრდილ იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ქართველი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი ერთმანეთში არეულიყო. ამ ეზოში ნამდვილად არ მიოწყენდი. მალე შევეჩვიე აქაურობას და მეც აქაური ქუდი დავიხურე.
დილაობით მეორე სართულის აივანზე გადმომდგარ კაცს ვხედავდი, გამუდმებით გიტარის სიმებს რომ აწრიპინებდა. ერთხელ აივნიდან გადმომძახა: - ჩვენი ახალი მეზობელი არ ხარ, კაცო შენ? ერთი წუთით დამელოდეთ..
ვიქფიქრე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მითხრას-მეთქი.
მუსიკოსმა კიბე მკვირცხლად ჩამოირბინა. შუახნის იქნებოდა, ხმელი პირისახის...
- გავიცნოთ ერთმანეთი... მე გიგლა მუსიკოსს მეძახიან. შენ?
ვუთხარი ჩემი სახელი.
- მაშინ ჩვენი გაცნობა ჭიქა არყით აღვნიშნოთ. გატყობთ, ჩქარობთ, მარა წუთის საქმეა აგი, მე გეპატიჟებით!
იტალიური ეზოს გვერდით პატარა სასაუზმე იყო და იქ შევედით.
- აბა კოლია, - მიმართა დახლიდარს. – ას-ასი გრამი ჩამოგვისხი, ყველიც და პურიც მოაყოლე...
დახლიდარმა მუსიკოსი რაღაც უცნაურად შეათვალიერა, მერე მე გადმომხედა და არყიანი ჭიქები ჩვენსკენ მოაჩოჩა.
- ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! – თქვა მუსიკოსმა.
- გაუმარჯოს!
- აგაშენა ღმერთმა! – მუსიკოსმა ყველის ნაჭერი აიღო და წავიდა.
როცა გაოცებამ გადამიარა, დახლიდარს ფული გავუწოდე და ჩავილაპარაკე: რა უცნაური დაპატიჟება სცოდნია ამ მუსიკოსს...
- ასე იცის მაგან, თუ ვინმე ანკესზე წამოაგო, ასეთ უხერხულობაში ჩააყენებს, კაცო!
მოგვიანებით ეს ამბავი საშას მოვუყევი, თან დავანამუსე, მუსიკოსს არ უთხრა-მეთქი...
- მაგას ასეთების არ რცხვენია... მეორედ აღარ გაჰყვე, თორემ ვეღარ მოიცილებ...
საშა ფილოსოფოსების ბაღში გავიცანი.
ფილოსოფოსების ბაღი იტალიური ეზოს მოპიდაპირე პატარა სკვრი იყო ათიოდე ხანშიშესული პალმის ხითა და სამი ძელსკამით. აქ ვერც არიტოტელეს ნახადით და ვერც სპინოზას, მაგრამ მოფილოსოფოსო ტიპები მრავლად იყვნენ...
საშა არ იყო ფილოსოფოსი.
- უბრალოდ კაი ბიჭებია, მარა ფუნქციადაკარგულები. – ამიხსნა ერთ დღეს საშამ. –რაღაც უნდათ, მაგრამ რა , თავადაც არ იციან...
პირველი ჩხუბი იტალიურ ეზოში მოსვლია. მილიციელებთან შეტაკებისას დაუჭერიათ და მის წინააღმდეგ მოწმედ თითქმის მთელი ეზო გამოსულა.
- გამოვალ ციხიდან და ყველას დედას გიტირებთო, დამუქრებია იტალიურ ეზოს.
არადა უბრალო ამბავი ყოფილა: მილიციელებს იტალიურ ეზოში შემოვარდნილი ვიღაც ქურდბაცაცა აუყვანიათ და იმდენი უცემიათ, ლამის სული ამოუხსდიათ. ხომ დაიჭირეთ და ახლა ამდენი ცემა რაღა საჭიროაო, გამოსარჩლებია ქურდს გიგლა მუსიკოსის ბინიდან მომავალი საშა. წადი, შენი გზით გაიარეო, უთქვამთ მილიციელებს. საშას არ გაუვლია და ერთერთი მილიციელისთვის კაი ალიყური უჭმევია. საშაც გაასამართლეს. მერე ციხეში დაუმორჩილებლობისათვის სასჯელს საჯელი მიემატა და იქ ათი წელიწადი დაჰყო.
საშას გამოჩენისთანავე ბაღში დებოშები აიკრძალა, მაგრამ იტალიურ ეზოში აღარ შესულა. შემოვალ და ყველას დედას გიტირებთო! – ახსოვდათ მისი მუქარა.
ერთხელ მაინც შემოვიდა...
პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ოთახში უმცროსი ბიჭი შემოვარდა და გვამცნი: - საშა ბიძიამ ნაყინი მიყიდა და ახლა აქეთ მოდისო...
ფარდა გადავწიე: საშა რწევა-რწევით მოდიოდა. ონკანთან შედგა, ხელებზე წყალი გადაივლო და იქაურობა მოათვალიერა. მეზობლები არსად ჩანდნენ, მაგრამ გრძნობდა, ფარდების მიღმიდან რომ უთვალთვალებდნენ...
კაკუნზე კარი გავაღე.
- შეიძლება! –თქვა ოდნავ გაფითრებულმა.
- ბატონო საშა, ჩვენთან როგორ შემოგიცდათ ფეხი! – ღიმილით შეეგება ჩემი მეუღლე.
თქვენ ფილოლოგები ხართ, მინდა ბიჭმა თქვენთან იმეცადინოსო, გაგვიმხილა მოსვლის მიზეზი საშამ.
წასვლისას ეზო ისევ მოათვალიერა, მაგრამ თავისი მუქარა აღარ გახსენებია, უხმოდ დატოვა იქაურობა.
მეორე დღეს მეზობლები დიდი მოწიწებით გვესალმებოდნენ...
საღამოობით ფილოსოფოსთა ბაღში გავდიოდი. საშა მეტწილად განმარტოებით იჯდა. როცა დამინახავდა, სახეზე ღიმილი გადაეფინებოდა. საუბარში დრო შეუმჩნევლად გადიოდა. წესად ჰქონდა: ბაღს ათ საათზე ტოვებდა.
- ჩემი სამუშაო ახლა იწყება, - იტყოდა. – ხვალამდე.
ვიფიქრე, ალბათ სადმე დარაჯად ან რომელიმე ქარხნის ღამის ცვლაში ოსტატად მუშაობს-მეთქი...
საღამოხანს ჩვეულებრივ ბაღში გავედი. ძელსკამზე გიგლა მუსიკოსი იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. გვერდით მივუჯექი.
- საშა სად მუშაობს? – მოულოდნელად ვკითხე.
- მომე მანეთი და გეტყვი!
მივეცი.
- სად და სახლში, მეჯღანეა...
- რა მეჯღანე?
- ტუფლებს კერავს... რა ვერ გაიგე? მაგას მისი კლიენტები ჰყავს, თანაც დიდი კაცები... მაგარი მოხელეა!
- მერე დღითი რატომ არ მუშაობს?
- მომე მანეთ და გეტყვი!
- მეტი არ მაქვს!
- კაი, გეტყვი მარა ვალი გექნება ჩემი... თავმოყვარეა და იმიტომ! მეჯღანეობა რა ხელობაა, თავი რომ მოიწონოს... წავედი ახლა მე , ას გრამს დავკრავ!- და იმ სასაუზმისკენ გასწია, ამას წინათ ვითომ რომ დამპატიჟა.
გიგლა წავიდა და საშა გამოჩნდა: ხელებზე დავაკვირდი, მუშაკაცისა იყო – დაშარშული და დაკოჟრილი. გიგლა მუსიკოსმა სიმართლე მითხრა...
საშა კანონიერი ქურდი არ ყოფილა, თუმცა ამ ჯურის ადამიანები ძალიან ერიდებოდნენ. მიზეზი კარგა ხანს ვერ ავხსენი, საშა ყველას თანასწორივით ექცეოდა, საუბარიც მშვიდი იცოდა და იმ ერთი წლის მანძილზე, რაც მას ვოცნობდი, გაბრაზებულიც არ მინახავს... აბა , რისი ეშინია ამ ხალხს? – თავს ვეკითხებოდი.
იმ დილით ის იყო საუზმეს მოვრჩი და სამსახურში ვაპირებდი წასვლას, ჩვენთან საშა ვაჟი მივიდა: მამამ გთხოვათ, რამდენიმე წუთით გადმოვიდესო. ბიჭს გავყევი.
- აქა მშვიდობა! – ვთქვი ოთახში შესვლისას.
საშამ მეორე ოთახში გამიყვანა, რომელსაც, ყველაფერზე ეტყობოდა, სახელოსნოდ იყენებდა.
- მეუღლეს ფეხი რა ზომა აქვს? – მკითხა ანაზდად.
- ფეხსაცმელი ახლახან იყიდა, არ არის საჭირო! – სახეზე ალმურმა გადამიარა.
- კაცმა კაცს პატივისცემა პატივისცემით უნდა გადაუხადოს, ასე მესმის მე და ფილოსოფოსებივით არ დამიწყო კამათი ახლა...
საშამ მომავალი ფეხსაცმლის ზომა ჩაინიშნა და ისევ მისაღებ ოთახში გამოვბრუნდით. მის ცოლს სახელდახელოდ სუფრა გაეშალა...
- ახლახან ვისაუზმე! – ვთქვი.
- უცებ გადაჰკარი! – მითხრა საშამ, როცა სასმელი ჩამოასხა.
- ამ სახლს უფლის წყალობა! – ისე მვიქეცი, როგორც დამარიგა.სული სიმწრით ამოვითქვი.
- ეგ სუფთა სპირტია, უზმოზე ვსვამ ხოლმე და ჩემს ასთმიან გულს როგორღაც შველის...
ერთი კვირის შემდეგ საშამ თავისი ნახელავი ცელოფნის პარკით მომიტანა. თანამედროვე სტილზე შეკერილი ქალის ფეხსაცმელები იყო.
- მადლობა ზედმეტია! – მითხრა, როცა რაღაცის თქმა დავაპიე...
მოგვიანებით გაავებული საშაც ვნახე.
ფილოსოფოსების ბაღში გავედი, მაგრამ კაცი ჭაჭანება არ იყო. მეზობლის ბიჭმა ჩამიკაკლა, საშა ბიძია და მისი ამხანაგები კაფეში არიანო. მეც იქითკენ გავსწიე, კარი შევაღე და იატაკზე მიმოფანტული ათმანეთიანები დავინახე. ფილოსოფოსები მაგიდასთან გატრუნული ისხდნენ და სახეანთებულ საშას შესცქეროდნენ.
- რა ხდება? – ხმადაბლა ვკითხე შეცბუნებულ გიგლა მუსიკოსს.
- საშამ მზარეული გალახა და ახლა მიმტანები ასულიერებენ!
- ეგ ფული ვისია?
- საშამ შიგ სახეში შეაფერთხა ეს ფული მზარეულს და ჩვენ ხელის ხლება აგვიკრძალა, არც შენ გირჩევ...
ფრთხილად დავიხარე, ჯერ ერთი ათმანეთიანი ავიღე, მერე მეორე, მერე მესამე...
საშას არაფერი უთქვამს. ფული ჯიბეში ჩავიდე და კაფედან გამოვედი.
სამი დღე არ გამოჩანილა საშა ფილოსოფოსების ბაღში. იმ დღისა არაფერი მიკითხავს, არც მას უთქვამს რაიმე. ჩვეულებრივ ვისაუბრეთ და როცა წასვლა დააპირა, თუმნიანების დასტა ამოვიღე და გავუწოდე.
- ეგ რა არის? – თითქოს გაიკვირვა.
- ფულები კაფედან! – გავიცინე.
- იმ მზარეულმა ჩვენი სიმთვრალით ისარგებლა და ძველი კერძი შემოგვაპარა, ეს უკვე მერამდენედ...კაცი დაჩაგვრა არ მიყვარს, ძალად გამალახვინა თავი. გუშინ ბოდიშიც მოვუხადე, მარა ბოდიში შველის ახლა ამ საქმეს! სიმართლე კარგია, თუმცა ძვირია... – სახეზე სინანული ეწერა.
სიმართლე მართლაც ძვირი ღირდა და საშას იგი ათ წელიწადად დაუჯდა: ნიჭიერი, ალღოიანი და კეთილშობილი კაცი ჩანდა, მაგრამ ცხოვრებას სულ სხვა კალაპოტში მოექცია
მერე ის იყო ,საშა გარდაიცვალა...

??????