ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

გედეონა მენავთე და დათიკო ურია ექსკლიუზივი

სოფელში მათი გამოჩენა მოვლენად იქცეოდა ხოლმე.
ჯერ გედეონა მენავთეზე გეტყვით...
  ერთი უსახური და გონჯი ვინმე გახლდათ: საშუალოზე დაბალი, არაბივით შავი. მარცხენა თვალი მარჯვენაზე დიდი ჰქონდა და მისი მზერა ბავშვებს შიშის ზარს გვცემდა.
ძუნწი კაცი იყო გედეონა მენავთე, სოფელ-სოფელ ცხენშებმული ფორნით ნავთით სავსე ავზს დაატარებდა, ჩამოხეულ-ჩამოძონძილი დადიოდა, არადა ამბობდნენ, ქალაქში საკუთარი სახლიც აქვს და შეძლებულადაც ცხოვრობსო...
სოფლის შუკაში გამოჩნდებოდა თუ არა, უმალ ხმა გავარდებოდა, გედეონა მენავთე მოდისო და ნავთის ბიდონები ქუჩაში გამოეფინებოდა. მერე იყო ერთი ჩხუბი და აყალმაყალი – გედეონა მანავთე ნავთს ნისიად არავის აძლევდა. ბოლოს მოთმინების ფიალა აევსებოდა, ავარდებოდა ფორანზე, თავის ჯაგლაგა ცხენს მათრახს გადაკრავდა და ძვირფასი ტვირთით ადგილიდან მოწყდებოდა. ქალები ცარიელი ბიდონების ქნევით და უშვერი სიტყვებით მიაცილებდნენ გაავებულ მენავთეს:
- ნავთში ვნახე დამხრჩვალი შენი ცოლშვილი!
- ნავთი დალია შენმა პირმა!
- ნავთი ჩაგაყოლე კუბოში!
გულგამყოლი არ იყო გედეონა მენავთე. Mმალე ორღობეში ისევ აყვირდებოდნენ ბავშვები:
- გედეონა მენავთე მოდის!
- გედეონა მენავთე დაბრუნდა!
 მერე ყველაფერი ძველი სცენარით აეწყობოდა ხოლმე: გედეონა მენავთე გარბოდა, უკან აღელვებული სოფელი მისდევდა: - შენ არ მიაღწიე სახლამდე, გედეონა მათხოვარო!
ერთხელ გედეონა მენავთის როსინანტს ვიღაცამ სადგისი ატაკა. დაფეთებული ცხენი ფორნიანად გაიჭრა შარაზე და ძაბრიანი გედეონა მენავთე გაოგნებული დატოვა. ფორანს კი გამოედევნა, მაგრამ რაღას დაეწეოდა...
მერე თქვეს, ნავთის გაყიდვას თავი დაანება და ძველმანებით ვაჭრობსო. ზოგმა – ცოლი გაექცა და მისი ფულებიც თან გაიყოლაო, ზოგმა – კიდევ რა და კიდევ რა...
ერთი კია, ამ დღის შემდეგ გედეონა მენავთე სოფელში არავის უნახავს...
ის კი...
სადაც გამოჩნდებოდა, მხიარულებაც იქ იყო. ბავშვები ხომ უყვარდა და უყვარდა. ახლა ქალებისას არ იტყვით: ისე ჰყავდათ მიღებული, როგორცჱ შინაური. მასთან ისეთ თემებზეც საუბრობდნენ, წესით რომ არ უნდა ელაპარაკათ...
ყველა იცნობდა – დიდი და პატარა. დათიკო ურიას ეძახდნენ. ერთხანს ბავშვებს ურია გვარი გვეგონა. ზედ თავის დუდზე უცნაური პატარა ქუდი ჰქონდა წამოსკუპებული. იმ დროს სოფელში სახის საუკეთესო კოსმეტიკურ საშუალებად ფერუმარილი ითვლებოდა. დათიკო ურიაც ფერუმარილის შემზადების ოსტატი გახლდათ. როცა საქმეში ჩაერთვებოდა, მთელ ეზოკარში სპეციფიკური სუნი დგებოდა, ხელის მტევნებიც სულ დაყვითლებული ჰქონდა წამლისგან...
ქალები მის თვალწინ იღებებოდნენ, იყო ერთი გნისი და მხიარულება.
ბავშვებს კანფეტებს გვჩუქნიდა. კეთილი კაცი იყო დათიკო ურია...
ერთ დღეს ვიღაცამ ამბავი მოიტანა, დათიკო ურია მოკვდაო, რაც სოფელში ფერუმარილის ხანის დასრულებასაც ნიშნავდა... ქალებზე მეტად ამ ამბავს ბავშვები განვიცდიდით, თუმცა ჩვენ ვინ რას გვეკითხებოდა: ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა...

??????