ახვლედიანი ვახტანგ
გაზიარება

გამოცხადება ექსკლიუზივი

საქართველოს მწერალთა კავშირის სასახლეს –
ქართული სულიერების ტაძარს

გამომეცხადა მავანი,
არც მითხრა ავან-ჩავანი,
ისეთი კითხვა დამისვა,
ასწია თავის თავანი: -
გამაგებინე, ძმობილო,
ახლა რა არის მთავარი?

მე ერთი წუთით ვიყუჩე,
ფიქრები შემოვიქუჩე...
პასუხი მივეც ისეთი,
გაოცდებოდა მილეთი:
დრო დადგა, ძმაო, იმგვარი,
ცხოვრება გახდა იგავი.
გვმოძღვრავს ყოველი ნაგავი
და შენი ნათეს-ნარგავის
დარდი არ აქვს არავის.

ყოფილა თურმე ტყვილია
სიბრძნე შოთას და ილიას,
მათი ნიჭი და გენია
არსად გამოსაჩენია.
ღმერთო, შეუნდე ტინგიცებს
ეს მკვრეხელობა, სიგიჟე,
რამეთუ, როგორც იტყვიან,
იქმიან არა იციან.

ქვეყანა გახდა ბაზარი,
ურთიერთობა-ბაზრული,
`ტურფა~, `ლამაზი~, `მწყაზარი~
დღეს ლექსიკაში სად არი?
ყველაფერს უნდა შეჩვევა,
ხშირად უნდა თქვა – `შე ჩემა~,
`ჩმახვა~, `შმონობა~, `ტიპები~
და მსგავსი მარგალიტები.

არ წაიკითხო წიგნები,
წიგნით კაცი ვერ იქნები.

არ შეცდე და არ მიქარო,
გულს დარდი არ მიიკარო.
სინდისი, სიტყვა, პირობა
დღეს აღარ არის გმირობა,
სხვისი ტანჯვა და გოდება
აღარ ღირს თავგამოდებად.
იქ რაღა გინდა, `იპლეტე~,
სადაც არ არის სიკეთე.


კაცს უნდა უქნა ოინი,
აღარ იქნები გოიმი.
შენ უნდა იყო - `მაგარი~
და მისი ნაამაგარი
ძმობა და სულის კვეთება
ერთ თეთრად გაიმეტება.
მისი სიკეთე, ამაგი
ხურმის ჩირადაც არა ღირს.

ადრე ვყოფილვართ აბდლები,
ახლა რეკლამა-აბრებით,
კაზინო-კაფე-ბარებით,
ვნებააშლილი ქალების
ტიტველი მუცელ-გავებით,
ევროპულ `პონტში~ ნაკეთით
`შოპებით~, `სუპერმარკეტით~
ნეტავ ვისზე ვართ ნაკლები?!

სიტყვა კაზმული? ქართული?-
ისტორიაა, წარსული.

გულიდან ამონაყარი,
უცებ შევწყვიტე `ბაზარი~.
სად არ არი და სად არი,
ღვთიური შუქის სადარი,
სვეტი წმინდა და მართალი
წამოიმართა ტაძარი,-
ფიქრის და აზრის სავანე,
ერის საუნჯის საყდარი,
სვეტი ოცნებით ნათალი-
ჩვენი ლოცვა და თაყვანი.

შენს ტალანებში დადიან,
ზეგარდმო ნიჭის ნათებით,
სულები დიდი მამების,
ტიტანი ერისკაცების.
სულები – თვალისჩინები
და გადარჩენის იმედი.
ვიცი, მარადის იბრწყინებ,
ვიცი მარადის ინათებ...
და ერთი შენი მწერალიც
მუხლს ვიყრი ტაძრის წინაშე.

გონს რომ მოვედი, მავანი
მყოლია თურმე ... არავინ.

??????