რიკულები
როგორ მიყვარს ოდიდან რომ გვრიტებივით იყურებით
დიდი ბაბუს გაჩარხული, ბოთლის გულა რიკულები.
თქვენს ღრიჭოებს ბიჭუკელა ქვეყნის სარკედ ვიგულებდი,
ხელს გავყოფდი, მზეს ვპოტნიდი, თან მიცავდნენ რიკულები.
ასე იყო ბაბუც, მამაც, წელში გამოხრინკულები
აივანზე ფერხულობდნენ და ცეკვავდნენ რიკულები.
დღეს სხვა დროა და ოდები არიან გარიყულები,
სადღა არის სამერცხლე და სამზიგულე რიკულები?!
მაინც, ჩემო ნატრულეთო, სანამ მზის ქვეშ ვიყურები,
ჩემი ოდის აივანზე სულ იქნებით რიკულები.
2009