ქუთათელაძე გენრიეტა
გაზიარება

აქსიომაა ექსკლიუზივი

წუხელი მთვარე არ ამოვიდა, წუხელი ზეცა ვერ დავინახე:
გადმომხობოდა კუპრივით ღამე....
გახელებული ქარი მწივანა დაგმანულ სარკმელს თავ_პირს
ახლიდა,
დარდებს დაფარულს, ვით შემოდგომის გადამხმარ ფოთლებს,
თავზე მაყრიდა.....
წუხელი ვერა, ვერ დავიძინე!
ვიცი ატყდება დღეს ქარიშხალი, მერე იწვიმებს...
ეს დილამც იგრძნო, როს ნაცრისფერი დღის პეიზაჟი გამოაჩინა.
აი, სურათიც:
ბეღურები წივ-წივ-წივწივებს, ნესტარს საკბენად ილესავენ
ბუზანკალებიც,
საბუდრებისკენ მიმორბიან წიწილ-ქათმები,
შეშინებული კუდს იპრეხს კატა,
ბაყაყის ყიყინს ვეღარ ფარავს ძაღლების ყეფა....
ფუტკარი არ ჩანს,
ფუტკარი არ ჩანს;
როგორც სჩვევია, ასეთ ამინდში სკას არ დატოვებს!
აქსიომაა _ ნამდვილ საქმეს აკეთებს ვინაც,
ყუჩობს ყოველთვის, ყოველგან და ყოველ დროში!
ესეც წესია _ დარს ავდარი ცვლის, ავდარს კი _ დარი
და გადაივლის ეს ქარიშხალიც!

??????