დავითაძე ემენ
გაზიარება

წიქარეული ექსკლიუზივი

შე დალოცვილო, დედაო,
სახელად გქვია მიწა რად?
მუხაო, ზედან გაზრდილო,
თქმულო კარგ კუბოს ფიცარად,
ლექსო მტირალას მთებიდან
რო ამიფრინდი ციცარად,-
ფარად მოყვარეს ეფარე,
მტერს შეჰხვდი გულის ისარად,
იქიბრე წიქარეულო,
აქ გყავდი ხარი, წიქარა.
ვხან, ვთესე, აქ ვმკე, აქ ვლეწე,
ფქვილი აქა ვფქვი, იქ არა.
სულ ჩემებურად ვუმღერე
,,ღვინიასაც” და ,,წიქარსაც”.
ვიყავ, ვიცხოვრე, ვიკაცე
ჩუმ-უჩუმრობით, ხმით არა.
მეტყოდნენ ათას სათქმელსა,
აუგს ვკადრებდი ცით არას.
დარდითაც მალ-მალ ვახვევდი
ღვალო-თუთუნის ძიგარას.
ეჰ ჩემო წიქარეულო,
ზღაპრის ბიჭო და წიქარა.
მოგიკვდე, ნუღარ მინაღვლებ,
აქ შეგენახვი, იქ არა.
რაც მე ვიბულბულგალობე,
სულ ჩემი ხმითა, სხვით არა.
რაა თუ მაინც საცრემლოდ
წარბ-წარმავალი მზისა ვარ.
მისხალიც გული არ მწყდება,
შენი მთვარის და მზისა ვარ.
მუხა ვარ შენი ტყე-ღრესი,
შენი ამაყი ზნისა ვარ.
განა თხმელისა, ხმელისა,
იმ შენი წმინდა ბზისა ვარ.
ჯიშადაც ჩემფრებს გიტოვებ,
ქალ-ვაჟებს, ღვთისებრ-ღვთისავარს.
გული არც იმად დამწყდება
თუ შენი ხავსის ხნისა ვარ.
ვაჟი კლდედ, ქალი ნამწნებად,
ფესვებჩაგრეხილ ზვრისა ვარ.
უბედაც ვაზი მასხია,
სულ ძუძუმწიფე რძისა ვარ
შენც რაღა ახლა შამომხვდი,
თვალებით დამწვი ციცავ არ
რა ლამაზი ხარ სიცოცხლევ,
მიყვარხარ, დედას გფიცავარ!
   

??????