ანთაძე ცისანა
გაზიარება

დრომ თვით იდარდოს... ექსკლიუზივი

მე დუელი მაქვს საკუთარ თავთან,
ან ველოდები ხელის აქნევას,
მოწმე რად მინდა, მოწმე ზეცაა,
სეკუნდანტებთან რა მესაქმება.

პირველი ტყვია აცდა სამიზნეს,
მაინც ითვლება პირველ რაუნდად...
დრო ლახვარივით მიბრუნებს ისრებს,
ამ არამკითხეს ნეტავ რა უნდა.

ვერ შემაშინა, თუმცა დავლანდე
დინოზავრების დიდი ტორი აქვს,
მე პოეტი ვარ და უკეთ ვზომავ
ტყვიის და სიტყვის ტრაექტორიას.

მეორე ტყვია გულში გაცივდა....
ისევ გადავრჩი გაოცებისთვის!
დრომ თვით იდარდოს, რომ სინჯარამდე
ვერ მიმიყვანა ამო ცდებისთვის.

მე პოეტი ვარ, თვითონ ვიგრძენი,
ლექსის წერის დროს ვენა თბილია,
ცივსისხლიანთან, ორი დღისათვის,
ვერა, ვერ გავხსნი მიკროფილიალს.

მე დუელი მაქვს საკუთარ თავთან,
არ ველოდები ხელის აქნევას,
მოწმე რად მინდა, მოწმე ზეცაა,
სეკუნდანტებთან რა მესაქმება!..

??????