ქებურია ბელა
გაზიარება

აღდგომის ღამე ექსკლიუზივი

სამია სრული. ცას შეჰყეფენ სადღაც ძაღლები,
ღამის ქლამიდი მთვარის ქიმმა შუა გახია,
ძაღლის ხმას არა, მგლების ყმუილს უფრო ავყვები,
რადგან ახია, ჭეშმარიტად, ჩემზე ახია!
ის... ფეხშიშველი, მე მაშია მეცვა წითელი,
ის... ხამი კაბით, ვიზომებდი დიბას და ფარჩას,
გოლგოთის აღმართს მიუყვება ღმერთი და ძელის,
შემშველებელი ხელის მხოლოდ ორიოდ დარჩა...
და ისიც ნებით?! ალბათ ღმერთმა უწყის თავადვე,
ვისთან დაუშვა, რად დაუშვა... ოცდაათ ვერცხლად...
რწმენის კლდე – პეტრე, უარყოფდა სანამ სამამდე,
მამლის ყივილი ფერდში მოხვდა მეწამულ ზეცას.
მე ხელში შემრჩა წყაროს წყალით სავსე ფიალა,
მსურდა, უფალო, მომეწვდინა შენამდი იგი,
ვეღარ გავბედე, გავლუმპულვარ ცრემლში მთლიანად,
შენ-კი, მე ცოდვილს, მაპატიე და შემირიგდი...
ანუ, ზიარ-მყავ სისხლსა შენსა და ხორცსა შენსა,
მე სინანულის ცრემლის პერანგს ვიქსოვ სვენებით,
ელვადაკრული ცხრა ადგილას იწვოდა ზეცა,
მან ბრძანა: - აქ ვარ! ნუ გეშინინ! არ გეჩვენებით!

??????