ხაბაზი ამირან
გაზიარება

კერპთამსხვრეველი  ექსკლიუზივი

ჩემს მეზობლად ერთი კერამიკოსი ცხოვრობდა. მისი დღე და მისწრება წითელ თიხას ეზიდებოდა სოფლებიდან. ხვნეშოდა, ზელდა, ოფლს იწურავდა და იყო ერთ ამბავში.
სახელოსნო სარდაფში ჰქონდა. ჩადიოდა, ამოდიოდა, ფუსფუსებდა. მისი ნაღვაწის შესახებ რაიმეს თქმა არ შემეძლო. მე სარდაფში არ ჩავსულვარ და მისი შემოქმედება სადმე გამოფენილი არ მინახავს.ისინი არც რომელიმე წიგნში შესულა ილუსტრაციების სახით და მისი ოჯახის მეტს არავის ენახა.
რამდენჯერ მიფიქრია, ერთი მანახა, რა სიცოცხლე შესძინა ამ ჭაპანწყვეტით მოტანილ თიხას, რას მისდევს და რას აღმერთებს ხელოვნებაში, მაგრამ ჩემით ხომ არ შევეჭრებოდი სარდაფ-სახელოსნოში, თვითონ კი არასოდეს მივუპატიჟებივარ.
ალბათ, მართლა ვერასოდეს აღმოვჩნდებოდი მის სახელოსნოში, რომ არა მისი ძმა, რომელიც, როგორც ეტყობა, თიხის მოთხრასა და გადმოტანაში ეხმარებოდა და ელოდა, რომ ერთ დღეს მისი ძმის შემოქმედება აღიარებას მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან გაგრძელდა ეს დრო და... არადა, იმ კურთხეული სოფლიდან მოჰქონდათ ეს წითელი თიხა, რომელიც ფორმისა და აზრის მინიჭების გარეშე ხელოვნება იყო და თული ოდნავ სულ შთაბერავდა ხელოვანი, გაცოცხლებული თიხა ცრემლებს გადმოღვრიდა და ატირდებოდა.
იმას მოგახსენებდით, არასოდეს მომიწევდა იქ ჩასვლა-მეთქი...
ერთ დღეს, ეზოში რომ ვზივარ განმარტოებით, კერამიკოსის სარდაფიდან არაადამიანური ღრიალი მომესმა, რომელიც მერე ჩხუბში გადაიზარდა და ვხედავ, კერამიკოსის ძმა გარეთ გამოვარდა და ჩემკენ გამოემართა.
_ ერთი წუთით, შენი ჭირიმე, ერთი წუთით ჩამოდი ჩვენთან, სარდაფში. არ გაინტერესებს, რას შვრება შენი მეზობელი? რაზე კარგავს დროს... ერთი წუთით, მხოლოდ ერთი წუთით!
ჩემი თანხმობაც არ იყო საჭირო, ისე ძალად მივყავდი.არადა, მეც რამდენჯერ მიფიქრია იქ შესვლა და დღეს განგებამ ამ კაცის ხელით თითქმის ძალად შემაგდო კერამიკოსის გამოფენაზე.
სელის მოქსოვილ სკამზე კერამიკოსი იჯდა და ცოლი შუბლზე სველ ტილოს აფენდა. აქა-იქ დამტვრეული კერამიკა იატაკზე მიმობნეულიყო...
როგორც მითხრა ჩემმა მიმპატიჟებელმა, იგი დაიღალა ამდენი სოფლიდან თიხის ჩამოტანით და შური თიხის კერპებზე იძია. დიახ, კერპებზე. თაროებზე ასობით თიხის კერპი იდო, ათას პოზაში, რომელთა ნახევარს თავში ჯოხი ჰქონდა დაკრული და საფეთქელგახეთქილი მიმზერდა. ზოგიერთს ისეთი მწუხარე სახე ჰქონდა, გეგონებოდა, კერამიკოსმა წინასწარ იცოდა მათი ბედი და ასეთი შექმნა. თითქოს საშველად მეძახდნენ შეძრწუნებული სახითა და ყვირილისათვის გაღებული ბაგეებით.
_ მოდი, კაცი არა ხარ? ამას რომ კაცი გამოძერწავს? ა, აი ამაზე დროს რომ მოაცდენს... მამაჩემის წითელი გორი, ზედ რომ წითელ კარტოფილს ვთესავდი, სულ ამ დარბაზში ჩამომიტანია კალათითა და გოდრით. ვეუბნებოდი, გაყიდე, ორ შაურს აიღებ-მეთქი, ან გამოფინე სადმე, იქნებ ვინმემ თვალი ჰკიდოს. არადა, სახლში ცოლ-შვილი უკვდება მშიერი.
ა, მოდი, მოდი აქეთ. აგერ რომ კაცის თავს ხედავ, ვინ გგონია, ჩვენი სოფლის თავმჯდომარეა. ამისი ერთი თავი რომ დადის ამქვეყნად, იმას ვდარდობთ და ამას კიდევ ჩემი ჩამოტანილი მიწით იმ მამაძაღლი თავმჯდომარის მეორე თავი არ შეუქმნია?
და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უთხლიშებია კერპთამსხვრეველს ჯოხი და გაუტეხია სოფლის თავმჯდომარისთვის თავი.
`ნეტა არ გეთქვა, კერპთამსხვრეველო, რომ შენი თავმჯდომარე თახსირი, წამგლეჯი და უცხვირპიროა. შენამდე მე ეს შენმა საკარტოფილე წითელმა მიწამ მითხრა,~ _ ვფიქრობ ჩემთვის.
_ ა, აგერ კიდევ. აგერ რომ ქალი შეუქმნია, ამაზე უწესო, ამაზე ღვთისპირიდან გადავარდნილი ქალი ჩვენს სოფელში არ დადის შარაგზაზე. ამას კიდევ ძეგლი დაუდგმია ამ ქალისთვინა. ის სულძაღლიანი ლამის ხუთი წელია ჩაძაღლდა და ჩემს ძმას მეორედ არ გაუცოცხლებია, რომ კიდევ ერთხანს წაიიმასქნას?!
ახლა შენ დაჯექი და მითხარი ამნაირი ქალების დახატვისთვის დღეს გროშსაც თუ მოგცემენ. აი, ეს მითხარი და მეტი არაფერი მინდა.
_ ეჰ, შე მართლა კერპთამსხვრეველო. ჩემზე გეკითხა, ეს ვისი ქანდაკებააო და გეტყოდი, რაც თავად ქანდაკებამ მითხრა, მაგრამ ახლა რაღა დროსია. ამ ქალსაც თავი გახეთქია და ეგ არის, რომ სისხლი არ გადმოსდის.
_ ბევრი ვაფრთხილე, ან გაყიდე, ან რაც გინდა უყავი-მეთქი. მერე ეს ჯოხი გამოვთალე. ფიჭვისა, ან თხმელისა ხომ არ გგონია. შქერის ტოტს მეორე ტოტი რომ ებმის, ის მეორე მოკლეზე მივაჭერი. მთელი ზაფხული ხმება და კერპდება და აი, ის ჯოხია ეს...
_ ვიცი, ვხედავ, კერპთამსხვრეველო. იქნებ ის ჯობდა, ეს ჯოხი შენი ძმისთვის დაგეკრა შუბლში და... ეს უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის, რადგან ამ სარდაფში ხელოვანის თანდაყოლილი სიმორცხვით, მშობლის სიყვარულით შექმნილი ხელოვნებაა, რომელსაც კერამიკოსი არასოდეს გაყიდის, ისე, როგორც მშობელი _ თავის შვილებს.
ამ გამოფენის შუა ნაწილს რომ მივუახლოვდი, კერამიკოსმა, რომელსაც შუბლზე სველი ნაჭერი ეფარა, მქრქალად გამიღიმა და ამით ყველაფერი მითხრა.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შუბლგახეთქილი, სისხლგადმომჩქეფარე მხატვრის გამოფენაზე მიმიწვიეს.
_ რატომ ადრე არ ჩამოვედი, რატომ არ ვიაქტიურე. მე, მე უნდა შემოვჭრილიყავი, ძალად უნდა შემოვსულიყავი აქ.
მივყვები ფიცარზე დალაგებულ ქანდაკებებს და ახლა სახეზე ღიმილგადაფენილ კერპებს გავუსწორდი, რომლებიც მიღიმოდნენ თითქოს და ამით მადლობას მიხდიდნენ.
კერპთამსხვრეველი შქერის გაკერპებული ჯოხით ამ ხნის განმავლობაში თან დამყვება.
`ხელოვნება ხელოვნებისათვის, მორჩა და გათავდა! რა უნდა ხელოვნებას ამასთან, ახლა რომ გვერდით მომყვება შქერის ჯოხით, რომლისთვისაც ქმნილება მარტო გასაყიდი საგანია. იყო წლები, ამ თქმისათვის ხალხი ჯვარს აცვეს. მე კი დღეს ამ დამსხვრეული ქანდაკებების ფონზე ამ აზრის სიმართლეში ვრწმუნდები...~
ერთადერთი, რაც იმ წუთებში შევძელი, ის იყო, რომ კერპთამსხვრეველს მივუბრუნდი და ვუთხარი:
_ დანარჩენს ხელი არ მოკიდო, თორემ პოლიციას გამოვუძახებ!
კვლავ გაკერპდა კერპთამსხვრეველი.
_ როგორ, კაცო, ჩემი ძმის სახლში მე მაპატიმრებ?!
_ ეს შენი ძმის სახლი არ არის, ეს ხელოვნების სახლია, _ ვუთხარი მე და სარდაფი დავტოვე...
კერამიკოსი მეორე დილით გარდაიცვალა.
ერთი კვირის შემდეგ ტელევიზიით საგამოფენო დარბაზში მდგარი ლამაზი გოგონა ლაპარაკობდა:
_ დღეს საგამოფენო დარბაზში გადმოიტანეს სულ ახლახან გარდაცვლილი ნიჭიერი კერამიკოსის _ ბაჩანა ეგამის უნიკალური გამოფენა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ტრადიციულ ქართულ კერამიკას აქ ერწყმის შესრულების ორიგინალობა და ინდივიდუალობა, სინატიფე და ხატოვნება. როგორც გვაცნობეს, ამ გამოფენას მალე უცხოეთის დამთვალიერებელნიც ნახავენ. იგი ექვსი თვის განმავლობაში რიგრიგობით მოივლის საფრანგეთის, ჩეხეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებს...
მთელი ღამე თვალწინ მედგა შუბლზე თეთრნაჭერგადაფარებული კერამიკოსი და ჩემს თავს ვეუბნებოდი:
`ნუთუ მართლა ასეთი უზენაესი მსაჯულია იგი, უსაზიზღრესი გაქრობა ამქვეყნად, რომელსაც სიკვდილს ვეძახით, რომ ნიჭს თავისი ადგილი მივაკუთვნოთ, ან რატომ არის გზა ხელოვნებისა ამდენი აზრთამსხვრევის ლაბირინთებში გასავლელი...
რატომ, რატომ?
ურომლისოდაც ხვალ ისედაც ყველა ყველაფერს გაიგებს!..

??????