ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

სალაღობო  ექსკლიუზივი

შენს უბეში დავიბადე,
შემაყვარე ცა ჭაღარა,
შენი ბაღის ბულბული ვარ,
შენი მწველი დაფ-ნაღარა,
მებრძოლი ვარ, თუ დაგჭირდე,
დავეცემი მტერს მახვილით,
შენი ნედლი ლერწამი ვარ,
ვერ წამივა სიტყვა ტკბილი..
შენ ხარ ლოცვა და ნუგეში,
ძმობის ხიდად გადებული,
სიყვარულის ცისკარი ხარ
შოთას სულით ანთებული.
იმედი ხარ სანუკვარი,
ოცნება ხარ, ტკივილი ხარ,
თამარ მეფის ღიმილი ხარ,
არწივების ყივილი ხარ..
განა მართლა პატარა ხარ?
მთები ცას რად ეხებიან?
ბევრი მტერი დაგილახვრავს,
ბევრიც დაგიფეთებია.
ჯერეთ არსად შერცხვენილა
მწვერვალები თმაჭაღარა,
გაჰქუხდა და გამოჰქუხდა
შენი დაფი და ნაღარა.
ომი ღმერთმა დაგიბედა,
მაგრამ ვერვინ დაგიმონა _
თვალ-მარგალიტ-იადონი,
თაიგული ერთი კონა.
ზოგმა გჩეხა, ზოგიც ჩეხე,
ხალხში გასვლის არ გრცხვენია,
ეჰ, რამდენი გოლიათი
მარაბდაში ასვენია.
შეჩერდები გელათის და
პეტრას ციხის გალავანთან,
სადაც დღემდე არ წაშლილა
დანატორი ფალავანთა.
თუმცა ლოდებს მოსდებია
ცივი ხავსი, შავი ობი,
შენი დიდი ისტორიის
ჭოლავს ცეცხლი ჩაუქრობი,
მებრძოლი ვარ, პოეტი ვარ,
ქვეყნის სულის მჭედელი ვარ.
თუ დაგჭირდეს _ ავენთები
შეუვალი კედელი ვარ:
მე ვარ ძმობის, სიყვარულის,
სურვილების გასაღები,
ყველაფერი ამიღია
და ცა დამრჩა ასაღები.
მიყვარს ჩემი საქართველოს
ეზო-კარი განიერი,
დაე, ჭექდეს შინ და გარეთ
ჩვენი “მრავალჟამიერი”!

??????