სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

არქეოლოგიური გამოფენა ექსკლიუზივი

აქ ისეთი სიჩუმეა, სიმყუდროვე ისეთი
არა მიწიური, რაღაც შორეული...
საკუთარი სუნთქვა შეზღუდული სივრცეთი
შიგ კიდევ ვიღაცის სუნთქვა შერეული.

აქ ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიმყუდროვე:
ქვაზე აღბეჭდილი ვაზის მტევნებივით,
საკუთარ დუმილს უნდა ადროვო _
არაფერი გქონდეს მიუტევებელი.

აქ არის მხოლოდ აზრთა შეყოვნება,
ასე გეგონება თიხაა შეგონება.
თითქოს სამკაულები უცხო გოგონებმა
მოიხსნა ყელიდან და დარჩა მოგონებად.

აქ კიდევ ვიღაცის სალამი მდაბიო,
ჩემი თვალებია სულს რომ გამოფიტავს!
საფლავის ქვებში არქეოლოგია
მორიდებულად გვამცნობს სერაფიტას.

რა მოკრძალებას და რა დუმილს იჩენს,
ყოველ ქვას და თიხას ბაგეებით ვეხები.
თუ აიტანენ ასეთ სიჩუმეს
ისევ გამომწვარი თიხები.

ჩამქრალ კერასთან აწყვია ქოთნები.
აქვეა ნანადირევი ირმის ბეჭები,
პატრონის დაბრუნებას ელიან მოთმინებით
კერასთან ტერფების ანაბეჭდები.

აქ ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიმყუდროვე _
ჩუმი თვალებია სულს რომ გამოფიტავს,
ამ თიხას ადროვეთ, ამ მტვერს ადროვეთ,
ყველაფერ ამაშია ახლა სერფიტა.

??????