ჯობავა გვანცა
გაზიარება

განვლილი გაკვეთილი (მარიამს...) 

მე თავშესაფარში დავიბადე, 
აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე, 
ბევრს ალბათ ჰგონია, რომ 
იმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე, 
მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე. 
არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდა 
ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა, 
ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდეთ, 
მიყვებოდეს ამბებს იქეთურს და აქეთურს, 
ვკრეფდეთ ყვავილებს, ვიღებდეთ ფოტოებს, 
ხელჩაკიდული დავრბოდეთ და წვიმა 
ტოვებდეს ჩემს გულში ნაფეხურს. 
და ვამბობდე: არა, კი არ დავიღალე, 
უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, 
და ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, 
და თუკი არ ვგავდით თავიდანვე, 
მე და წვიმა, 
დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში, 
როგორ ვბანდე მზეს ხელებს და როგორ 
არ მციოდეს, 
როცა ჩემს ფანჯრებს ზამთრის პირველი ყინვა 
მკლავებს შემოხვევს, 
ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”, 
როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარში 
გაზაფხულს. 
როცა ვერაფერი გშველის მარტოობით 
დაზაფრულს, 
როცა უბრალოდ გცივა, გშია და აღარც კი გახსოვს, 
რომ სულ ორად-ორჯერ თუ გაჭამეს ბამბის ნაყინი, 
როცა ათასში ერთხელ შემოყოფენ ცხვირს შენს ოთახში 
ამვლელ-ჩამვლელები, გეკითხებიან: რა, მოიწყინე? 
შენ კი თვალებს ძირს ხრი, გულში პასუხობ: ალბათ დამცინი... 
ხმას კი არ იღებ... ხმას კი არ იღებ... 
ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები... 
არადა, კი არ დავიღალე, 
უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, 
ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, 
და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის 
დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად. 
არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მინდა 
ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა 
და გაწვდილ პეშვებს წვიმით მივსებდეს. 
აი, საცაა, ზამთრის პირველი ყინვა 
ჩემს ფანჯრებს მკალვებს შემოხვევს, 
მე – სითბონაკლული კი ვზივარ და 
განვლილ გაკვეთილს ვიხსენებ: 
როგორ არ უნდა მციოდეს?! 
როგორ არ უნდა მციოდეს?

??????