იოსელიანი შალვა
გაზიარება

ცხმორისის ღამე ექსკლიუზივი

კლდეებს ღრუბელი შეომებია,
შორს, მწვერვალებზე ენთება ალი,
ძირს თვალუწვდენი ხეობებია
და მოწყვეტილი აჭარისწყალი.

ქარი ხან გაშლის ღრუბლებს ლილიანს,
ხან კრიალა ცას შეამტვრიანებს..
ამ მაღალ მთებში ხშირად მივლია
გმირულ დღეების მემატიანეს.

საღამოვდება და დახრილ მზეზე
გრძნობები იწვის მკრთალი ალივით,
და ჩემი ლანდი მთის განივებზე
დგას დამწუხრებულ ჰანიბალივით.

დადგება ღამე,
კარებთან მდგარ ხეს
აუთრთოლდება ტანი მაშხალით
და სურათებში ჩარჩენილ სახეს
შემოეხვევა ბინდის თავშალი.

მთებია ისევ გაშლილი ირგვლივ
და სახეების ცვლილებებს ვებრძვი,
წინ მიდევს ტრფობის გაშლილი წიგნი
და ვფურცლავ, ვფურცლავ დაუსრულებლივ.

მთებს ქარავნებმა გადაუარეს,
დიდი ხანია, ძილის დროც არი,
და მე კლდეებთან ვდგევარ მდუმარე,
როგორც ფიქრების ხუროთმოძღვარი.

??????