ოქროპირიძე უჩა
გაზიარება

ქართული სამღვდელოება და ერთაშორის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი ექსკლიუზივი

მას შემდეგ რაც „ახ. წ. I-II ათასწლეულების მიჯნაზე ტერმინ ქართლს ცვლის საქართველო (ერთობილი საქართველო)“, მას არ ჰყოლია ისეთი თანმიმდევრული და ყველაფერზე წამსვლელი მტერი, როგორადაც თავი რუსეთის იმპერიამ წარმოაჩინა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მისი ბრძოლისა და მოქმედების მეთოდები საქართველოს წინააღმდეგ თითქმის არ შეცვლილა მათი  ურთიერთობის ხანგრძლივ პერიოდში. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ამ მხრივ შეიქმნა XIX საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც რუსეთმა გამარჯვებით  დაასრულა თითქმის ორსაუკუნოვანი ბრძოლა კავკასიისათვის და დაიწყო აშკარა კოლონიური და ასიმილატორული პოლიტიკის გატარება ამ რეგიონში, კერძოდ საქართველოში. ამ პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა საქართველოს ცალკეულ კუთხეებსა და ამასთანავე აქ მოსახლე სხვა ეროვნებათა შორის ურთიერთუნდობლობისა და შუღლის ჩამოგდების ცდა. სვანების, მეგრელების, აჭარლების არაქართველებად გამოცხადება, ქართველებს აფხაზებს, ოსებს, სომხებს, თათრებსა და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა შორის მტრობის გაღვივების ცდა და სხვა. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართველი საზოგადო მოღვაწეების და განსაკუთრებით ქართველი სამღვდელოების მიერ გამოვლენილმა პოზიციამ და მათმა საქმიანობამ შექმნილ პრობლემათა დაძლევისათვის ბრძოლაში. ამ მხრივ აღსანიშნავია ქართული სამღვდელოების ისეთი წარმომადგენლების ღვაწლი როგორებიც იყვნენ: ეპისკოპოსი ალექსანდრე, ეპისკოპოსი გაბრიელი, კირიონ II, ეპისკოპოსი ლეონიდე, „საშა მღვდელი“ და სხვები.
აფხაზეთში მოღვაწეობის დროს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი საქმიანობით ამ პატარა ერში უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა; ეხება რა XIX საუკუნის 60–იან წლებში აფხაზებიდან მუჰაჯირობის საკითხს, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი  ხელაია იხსენებს: „ამ უბედურ დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა  აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ–ვარამს, მას ენდობოდნენ.
აი, ამ ხანებში მწყემსმთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად  ურუსი, თავისი 12 წლის შვილით. როდესაც  ყოვლადსამღვდელომ ჩვეულებრივი ალერსიანი კილოთი ჰკითხა ურუსს მოსვლის მიზეზი, უკანასკნელმა მოახსენა შემდეგი: „შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი უნდა დავტოვო შენთან, მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს, არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს და შენთან მოვიყვანე, მოწყალეო მამაო, ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი“–ო [გამახარია ჯ., წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი, თბ., 2006, გვ. 205 (დოკ. #75), ზ.ჭიჭინაძე, სიტყვები და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე, თბ., 1908, გვ. 11–12].
რუსიფიკატორულ პოლიტიკას შეეწირა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებელიც, სადაც ეპისკოპოსი ალექსანდრეს მეცადინეობით ქართული, აფხაზური და რუსული ენები თანაბარ დონეზე იყო დაყენებული (რუს მოსწავლეებსაც კი აფხაზური უნდა ესწავლათ [იქვე, გვ. 39; დოკ. # 42, გვ. 153–156].
...ეპისკოპოს ალექსანდრეს „ანტისახელმწიფოებრივი“ მოღვაწეობის შესახებ „სენაკის მაზრის უფროსი სავსებით კონფინდენციალურად მატყობინებს,–წერდა ეგზარქოსი ალექსი,–რომ გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ღია შეკრებებზე თავადების  თანდასწრებით ზოგჯერ საკუთარ თავს რუსი ხალხისა და რუსული ხელისუფლების მისამართით უხამსი  გამოხდომის უფლებას აძლევს, მოუწოდებს თავადებს გაერთიანდნენ თავისუფლების დასაცავად“ [იქვე, გვ. 48; ცსია, ფ. 488, აღწ. 1, ს. 26435, ფურც. 1–2].
ალბათ ამიტომაც იყო, რომ ამ ერისათვის თავდადებულ მწყემსმთავარს ქართველმა საზოგადოებამ მიართვა კვერთხი წარწერით: „აღიღე კვერთხი ესე და წაიყვანე ერი ჩვენი  გზასა სიმართლისასა. 15 მაისი 1898 წელი [იქვე, გვ.47; „ცნობის ფურცელი“, 1898 19 მაისი,].
... ერთაშორის ურთიერთობის რუსული სახელმწიფოებრივი გაგების კარგ ნიმუშად გამოდგება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის პროცესში ქართველი ხალხის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხთან რუსული სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ გამოვლენილი დამოკიდებულება. როდესაც 1906 წლის 17 იანვარს პეტერბურგში გამართულ  სინოდის სხდომაზე ქართული ეკლესიის  გათახსირების უეჭველი მაგალითების მოყვანის შემდეგ... „ნალაპარაკევმა გააოცა ყველანი და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველოს ეკლესიის გამგეობაში დიდი უსამართლობა ყოფილაო  კანტორის უსარგებლობა, უსაფუძვლობა და მისი არაკანონიერი არსებობა აღიარა ყველამ“... აღიარეს: ისტორიულის აზრით საქართველოს ეკლესიის ავტოკაფალურ უფლებათა შესახებ ჩვენ არავითარი ეჭვი არა გვაქვს, ეს ეკლესია, როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური ეკლესია იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა“ [კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, კირიონ II (საძაგლიშვილი) ფონდი, 256 წერილი გვ. 58, 59–60;]–ისე აცხადებენ რუსი მღვდელმთავრები, თითქოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების რაიმე კანონიერი საბუთი ჰქონდეთ ხელთ, გარდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის 1811 წლის 21 ივნისის რეზოლუციისა, «Да будит так». [სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი ლეონიდეს  ეპისტოლე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს,  უწმინდესი ტიხონის მიმართ, ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, #3, 1990, გვ. 64–77 (გვ. 65)]. ამასთან რუსი ეგზარქოსი მიმართავს ჩვეულ ხერხს და აცხადებს: „...პეტურბურგში ბევრი პატივცემული ქართველი თავადი ამტკიცებს, რომ ავტოკეფალია უბედურება იქნება ჩვენი ეკლესიისათვის. ეგ კითხვა წამოაყენა ამ არეულობის დროს სულ ახალგაზრდა და ცხოვრებაში გამოუცდელმა სამღვდელოების უმცირესმა ნაწილმა, არც ხალხი და არც უმრავლესი ნაწილი სამღვდელოებისა არ არის მომხრე ავტოკეფალიისა; გარდა ამისა, ნამდვილად გავიგე, რომ ავტოკეფალიის ქვეშ იფარება ეროვნული ავტონომიაო,“–რაზედაც ეპისკოპოს ლეონიდეს მტკიცედ უპასუხნია: „ვგონებ თავადებიც იყვნენ და დიდად პატივსადები პირებიც, რომ ნამესტნიკს წარუდგნენ და მტკიცედ სთხოვეს სამშობლო ეკლესიის აღდგენა   [იქვე, გვ. 61].
ყოვლად სამღვდელო კირიონი ამხელდა რა რუსი რეაქციონერების იმპერიულ პოლიტიკას, ამასთანავე  „ყოველთვის ცდილობდა სომხებთან, ბერძნებთან, იმავე რუსებთან, ოსებთან, აფხაზებთან და მუსლიმებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას და ამას აღწევდა კიდეც. იგი ყოველთვის ამბობდა: როგორც შენ მოექცევი უცხო ტომის წარმომადგენელს, ისე მოგექცევა იგი შენ. მეტად სანტერესო შრომა მიუძღვნა კირიონმა მუსლიმანური რელიგიის ფუძემდებელს–მაჰმადი როგორც რეფორმატორი,“–[გურგენიძე ვ., საბინინი და „საქართველოს სამოთხე“, (მცირე წერილი), თბ., 1994, გვ. 105] იგივე კირიონის აზრით „ნამდვილი ქართველი მოვალეა გაუფრთხილდეს აფხაზურ ენას და აფხაზი ხალხის ეროვნულ თავისებურებებს“ [იქვე]. აფხაზებთან ერთად კირიონი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ოსების მდგომარეობას, ზრუნავდა მათ სწავლა–განათლებასა და კულტურული დონის ამაღლებაზე. ამ მიმართებით მეტად საყურადღებოა მისი წერილები: „იალღუზიძის მიერ ქართული ანბანის შემოღების ცდა“, “კითხვის საქმის შეფერხება ოსეთში, „საღმრთო წიგნების გადათარგმნა ოსურ ენაზე“, „ოსური ენის სწავლება თბილისის სასულიერო სემინარიაში“, „ოსეთში ოსურ ენაზე წირვა–ლოცვის შესრულების აუცილებლობა“, „ოსური ფოლკლორის ნიმუშები“, „ოსთა ზო¬გიე¬რთი საზარელი ჩვეულება და მასთან ბრძოლა“ და სხვ. [იქვე, გვ. 105–106].
„ჩვენ ვიცით,–აღნიშნავს ყოვლადსამღვდელო კირიონი, რომ ქართული სახარება, ისრაელების თორა და მაჰმადიანური ყურანი მშვიდობიანად თავსდებოდ¬ნენ საქართველოში; ეკლესია იყო თავი მიზეზი იმისა, რომ ყველა უცხო ტომი ჩვენში პოულობდა მეორე სამშობლოს და მისთვის სისხლს ღვრიდა... განახლებული ქართუ¬ლი ეკლესია მიზნად ისახავს,–ამბობს კირიონი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ,–კვლავ წამოაყენოს ბევრისაგან დავიწყებული თქმულება–„ერთ არს  ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ზედა არს ყოველთა შორის (ეფ. IV,6) და ამ ნიადაგზედ ყველა მეზობელ ერებს ძმურ  შემოქმედებით მუშაობისკენ მოუწოდოს“ [იქვე, გვ. 111, კირიონის ქადაგებანი]. აი, ამდენად შორსმჭვრეტელური და ქართული ბუნებისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობა ახასიათებდა აწ უკვე ქართული ეკლესიისაგან წმიდანად შერაცხულ საქართველოს აღდგენილი ავტოკეფალური ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობელს, კათალიკოს–პატრიარქ კირიონ მეორეს.
საბჭოთა პერიოდინდელი ერთ–ერთი ბოლო მღვდელმთავრის, ალექსანდრეს თაოსნობით მოხერხდა დისევ–კულბითის ხეობას შემოსეული ოსი მოძალადეების მოგერიება. მანამდე კი მას 1921 წელს ბოლშევიკებმა იძულებით აჰყარეს სამღვდელო წოდება. XX საუკუნის დასაწყისიდან ალექსანდრე აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. საშა მღვდელი (როგორც მას მრევლი უწოდებდა) მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახიშვილებს, აძლევდა სახელმძღვანელოებს, საზრდოს, მათ შორის დიდად ზრუნავდა ოსებზეც. ყაზბეგში ყოფნის დროს ერთ–ერთ  მიუსაფარ ოს ბავშვს ბოლომდე უპატრონა, დაეხმარა დაწყებითი განათლების მიღებაში. ეს ბავშვი შემდეგში გახდა ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ვასილ აბაევი...  1921–1922 წლებში კი ოსთა შემოსევების დროს უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა მოახერხა იარაღის შემოტანა ქართულ სოფლებში და მოსახლეობა დაიცვა რბევა–დაწიოკებისაგან“... [ჩემი სოფელი–ლიახვის ხეობა, ჟურნ. „კარიბჭე“, მართლმადიდებლური ჟურნალი, # 10, (123), 2009, 14–27 მაისი, გვ. 26–28], რასაც ადასტურებს ტყვიავის ყოფილი რევკომის თავმჯდომარის სამადაშვილის მიერ 1934 წლის 9 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია: „ვადასტურებ, რომ ჩემი რევკომის თავმჯდომარეო¬ბის დროს ტყვიავის რაიონში (ალბათ, სასოფლო თემში–უ.ო.) 1921 წლის სექტემბრის თვეში ბანდების გამოსვლის დროს ოსურ სოფლებში, მივმართე დასახმარებლად ალექსანდრე ბესარიონისძე ოქროპირიძეს, რომელსაც ყავდა შეიარაღებული გლეხები რიცხვით სამოც კაცამდე, ინტერნაციონალური პოზიციის დასაცავად ოსებსა და ქართველებს შორის. მან მოგვგვარა 60 შეიარაღებული კაცი ღამის ორ საათზე და შერიგების გამო დავაბრუნეთ უკან. დილით გამოცხადების დროს რაზმს მწყობრად ეჭირა თავი და არავითარ ექსცესებს ჩემი მუშაობის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“. აქ მოცემულ ინფორმაციას ახალი ნიუანსებით ავსებს სოფელ მერეთის რევკომის ყოფილი თავმჯდომარის იოსებ დოყოს–ძე მეცხვარიშვილის ხელმოწერით 1935 წლის 14 დეკემბერს გაცემული ცნობაც, სადაც სწერია: „...ვადასტურებ, რომ ჩემს რევკომში თავმჯდომარეობის დროს სოფ. დისევში მცხოვრები ოქროპირიძე ალექსანდრე ბესარიონის–ძეს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, ოსთა და ქართველთა შორის მომხდარი  ინციდენტის დროს 1921–1922 წლებში, მთავრობის მიერ ჰქონდა მიცემული 50 ბერდანის  თოფი 280.000 პატრონით. მას ჰქონდა დავალება შეედგინა რაზმი ინტერნაციონალური პოზიციის დასაცავად. იგი 68 კაცით ჩაუდგა შუაში ორ გააფთრებულ ერს და არ მისცა საშუალება ურთიერთ შორის... სისხლის დაღვრისა, რითაც გადაარჩინა ბევრი ქართველი და ოსის სოფლები დაწიოკება–აოხრებისაგან... ოქროპირიძე მუდამ ჩვენს მოწოდებაზე თავისი რაზმით იარაღით ხელში, ყოველ წუთს მზად იყო ემოქმედა ჩვენთან ერთად ხალხის კეთილდღეობისათვის, თანახმად მთავრობის განკარგულებისა. მან დაკისრებული მოვალეობა შეასრულა 100%–ის გადაჭარბებით პირნათლად და პატიოსნად.
რაზმში იყო დაცული მტკიცე დისციპლინა და მთელ მისი არსებობის დროს არა¬ვითარ ბოროტმოქმედებას ადგილი არ ჰქონია. დღიდან მშვიდობიანობის დამყა¬რე¬ბისა იარაღი ჩაბარებული იქნა სრულიად ცხინვალის სამხედრო კომისა¬რიატს“–(მე¬რე¬თის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე მეცხვარიშვილი).
ასეთი წანამძღვრები და ისტორია აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ერ¬თიან საძირკველს, რაშიც თავისი წონადი წვლილი შეჰქონდა ქართველ სამღვდე¬ლოე¬ბას. ვფიქრობთ, ასეთი წინაპრებისა და ისტორიის მქონე ქართველ ხალხს დღეს არავითარი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მაგრამ 70 წლიანმა საბჭოურმა მმართველობამ დაღი დაასვა ჩვენი ერების სულიერ ერთობასაც და დღესაც არსებული რუსეთის იმპერია ცდილობს, მისი კავკასიაზე ჰეგემონიის შენარჩუნებისათვის, ჩვეული შხამით მოწამლოს ჩვენი ურთიერთობები, რისთვისაც წარმატებით იყენებს როგორც ჩვენს ქვეყანაში  ჩანერგილი მისთვის შეწირულ უკანასკნელ სიბარიტებს, ასევე აღნიშნულ რეგიონებში შემორჩენილ ანალოგიურ სულისკვეთებით განმსჭვალულ მარიონეტებს. იმედია, ღვთის ნებით საქართველო  დაუბრუნდება მამა–პაპათა მიერ არჩეულ კეთილგონივრული ურთიერთობის გზას.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი ლეონიდეს ეპისტოლე მოსკოვისა და სრ. რუსეთის პატრიარქს, უწმინდესი ტიხონის მიმართ, ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, #3, 1990, გვ. 64–77
2. ფუტკარაძე ტ., ქართველები, ნაწ., გამომც. „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ქუთაისი, 2005
3. გამახარია ჯ., წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი, თბ., 2005
4. გამახარია ჯ., წმინდა მღვდელმთავარი კირიონი და აფხაზეთი, თბ., 2006
5. ჭიჭინაძე ზ., სიტყვები და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე, თბ., 1908
6. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კირიონ II (საძაგლიშვილი) ფონდი, 256 წერილი
7. გურგენიძე ვ., საბინინი და „საქართველოს სამოთხე“, თბ., 1994
8. ოქროპირიძე ზ., ჩემი სოფელ–ლიახვის ხეობა, ჟურნ. „კარიბჭე“, მართლმადი¬დებ¬ლური ჟურნალი, #10 (123), 2009, 14–27 მაისი, გვ. 26–28
9. ცნობა  ტყვიავის რევკომის ყოფილ თავმჯდომარის სამადაშვილის მიერ გაცე¬მუ¬ლი 1934 წლის 9 დეკემბერს (ასლი)
10. ცნობა ს.მერეთის რევკომის ყოფილი თავმჯდომარის ი.დ. მეცხვარიშვილის მიერ გაცემული 1935 წლის 14 დეკემბერს (ასლი)
11. სცსია, ფ. 488, აღწ. 1, საქმე 26435, ფურც. 1–2
12. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898 წ. 19 მაისი.

??????