სათვალე ექსკლიუზივი
მოდის დებილი და ჩვილ მთვარეს კრავივით აბამს,
კუჭის ტკივილი დაგვავიწყდა, რატომ, ეიხმან,
რატომ ვებრძოდით გველეშაპებს – მაღალს და დაბალს.
სამით სამია ეს ცხოვრება, ფრეა, ეიხმან,
ზამთარს და ზაფხულს ერთნაირი დარდის თოვება,
ღმერთმა შეგვინდოს უზრდელური მზერა, ეიხმან,
ანდა ორმაგი ბედისწერის დათითოვება.
ქალის გულისთვის მუშტი–კრივი არ ღირს, ეიხმან
(ეჭვიან მზერას ვერ მოვუთმენ ყმაწვილ პორტიეს),
მოდი, თვალები დაითხაროს ყველა შეიხმა,
დუეტი „ძაღლი“, დანელება, ჩხუბის მოტივი –
მოსაგონარი ცოტა გვრჩება მაინც, ეიხმან,
მაინც ვიკიდებთ შეღამების შარმიან სხივებს,
საქართველომდე შორია და ძნელი, ეიხმან,
თუკი სათვალე ქვაფენილზე არ მივამსხვრიეთ.
ქაშვეთის გუმბათს ვერ გავაცლით ტყვიებს, ეიხმან,
მოდი, დროშები გადმოვფინოთ, ძვლებივით შავი.
ახლა ღამეა, ათს აკლია შვიდი, ეიხმან,
მთვარე კი ბღავის, დაკარგული კრავივით ბღავის.