გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

***(რჩებიან ხანდახან გზები და გზნებები..) ექსკლიუზივი

რჩებიან ხანდახან გზები და გზნებები
ორი ან სამი თვის,
რადგანაც ოთახის ასეთ სიჩუმეში
პოულობ ოვალებს,
საღამოს სიზმარიც, ჯერ როგორც პანგეას,
მომავალს გაგითვლის,
მერე რა მშობლიურ ხმაურებს გპირდება
სიკვდილი


13, ექსტაზი და უკანასკნელი
იქნება მეასე,
ძალიან დამფრთხალი მიდიხარ სარკესთან
და სადღაც ანთებულ
ლამპიონს ირეკლავ მაღალი სხეულით,
საღამოს სეანსი,
ძვირფასი თამაში, წარსულის დარჩენილ
წუთებთან რანდევუ.

ხანდახან ასეა, სცენაზე შემოდის
სიმშვიდე, ჰიენა
და სიზმრებს მოითხოვს ვიღაცის ძალიან
ზოგადი სახელით
და ფიჭვის სურნელით, მისტიკით ივსება
მინორი ჰაერი
და უჰაერობა და უტკივილობა
კითხვის და ძახილის.

ბაქანზე მიდიან საღამოს ქალები
აქცენტის გარეშე,
იგონებ ნაცნობი ფერების შესახებ
და ყველა დანარჩენს
პასუხობ დუმილით ცნობილი გრძნობისთვის
შენახულ არეში,
ნამდვილი ტყუილი, ბარეჟი,
ძალიან ძვირფასი თამაში.

უაზრო ბოდვაა, ციხეა და გარეთ
გაქცევა გინდება
ხანდახან, თვალებში იჭრება კადრები
ალმასის პრიზმებით,
რა მოხდა, სარკის წინ კვამლივით იცინი
მშვენიერ წინდებულს
და წვიმას აპირებ, წყალსაც წაუღია
საღამოს სიზმრები,

თავისი ტრაგიზმით, წყალსაც წაუღია,
არ უნდა აღელდე,
ბაქანზე მიდიან ლამაზი ქალები
და ძლიერ კარგია,
ეს, მხოლოდ სიტყვაზე, გიშლიან გულებს და
ნერვებს და საღერღელს,
ეს, მხოლოდ სიტყვაზე, მეცხრე და მეასე,
გეა და პანგეა.

??????