ჯიხაძე მერაბ
გაზიარება

უცნობი ჯარისკაცის დედა 

როდესაც ერი ზეიმობდა ომის დასასრულს,
მოწყალე ღმერთის, მისთანის თუ ვიღაცის ნებით,
სადღაც ხალხისგან მიტოვებულ, მიწადაბზარულ,
სასაფლაოზე ვიღაც ქალმა იშვილა მკვდრები.

უხმოდ, უსიტყვოდ ლოცულობდა მთელი არსებით,
უფერულ დღეებს უსიცოცხლო თვალებში ცრიდა,
მიწას ყელამდე შემოდგომა ძვლებით ავსებდა,
სექტემბრის მზე კი გადმოხტომას ლამობდა ციდან...

დღე-ღამეები კალენდრიდან ფურცლებს ბარდნიდა,
მზე, ქარი, წვიმა, ფოთოლცვენა, ფიფქები(თოვლის),
დედა დუმილით მიარღვევდა დროის ბარიკადს,
იანვარი კი საფლავს თხრიდა საფლავებს შორის.

მზენაკლულ დღეებს ქარიშხალმა ღმერთი დაუფრთხო,
ანგელოზებმა ღრუბლებიდან ცრემლები ღვარეს,
თოვდა, ციოდა... წამიწამზე უფროდაუფრო
ჭირვეულობდა გათენებას უღმერთო ღამე...

დღე იდგა ესე უდღეური, ღამენაზავი,
მზე ინერციით კალენდრიდან თებერვალს ხევდა,
სასაფლაოებს შეემატა ერთი საფლავი,
ეპიტაფიით "ჯარისკაცთა უცნობი დედა".

??????