არაგვისპირელი შიო
გაზიარება

მიწაა 

I
- ბედშავს გული ასე რაზედ მიკვნესის? - ხმა-მაღლა დაიძახა ბერამ და ყრუდ, სულ ყრუდ, ხველა აუვარდა. - ბაბაი, რა უბრალოდ ფუჭდება ჩემი სიყმაწვილე! - განაგრძო ხმამაღლავე ბერამ, - როდესაც ნახველი ამოიღო და ცივი ოფლი ხელის მოსმით შუბლიდან მოიწმინდა.

ბერამ თვალი გადაავლ-გადმოავლო გამურულშუშიან მხრჩოლავი ლამპით ბუნდად განათებულ კარგა დიდ ოთახს და მწარის ღიმილით თავი გაიქნ-გამოიქნია, როდესაც ძლივას გაარჩია ჭერახებივით დაყრილი დაბორკილი ტუსაღები, რომელნიც უსუფთაობის შვილთა - სხვადასხვა მწერთა გამო მოუსვენრად მოძრაობდნენ. ხშირად იცვლიდნენ გვერდს, ხელებს დაუღალავად ამოქმედებდნენ და ზოგი ძილში, ზოგი კიდევ ცხადლივ თავისდაუნებურად კბილთა ღრჭენით ლოცვა-კურთხევას უგზავნიდნენ...

ვის? მწერებს, ბუნებას, თავიანთ ბედს თუ სხვა ვისმე?

თითონაც არ იცოდნენ, ვის? ისე, გულის მოსაფხანად, შეგუბებული ვარამის წამოსანთხევად...

ბერა თავჩაღუნული ისმენს კვნესა-ღრჭენას, ბორკილთ ჩხარუნს, ლანძღვა-გინებას და მწარე ღიმილი ტუჩებიდან არა შორდება...

“... ასე არსად ამკვნესებია გული, - უსიტყვოდ იძახდა ბერა ხმაურობის დროს: - რას მიქადი, გულო, რას? ამაზე უარესი ხომ არა დამემართება-რა! იყუჩე... უჰუ, უჰუ, იყუჩე, გულო, დაწყნარდი, გულო!.. უჰუ, უჰუ!..” შეწყვიტა უსიტყვოდ ბაასი თავის გულთან: ხველამ ნება აღარ მისცა განეგრძო.

დიდხანს ახველა ყრუდ, ხმელად და ძლივს ამოიღო ნახველი, რომელმაც ტუჩები შეუღება.

ბერა არ შეშინებულა, რადგანაც სამ თვეზე მეტია ეს ემართება: სიკვდილს დიდი ხანია მოელის.

დაატუსაღეს თუ არა, მაშინვე იმედგადაწყვეტილმა შესდგა ფეხი: მე ხომ ცოცხალი ვეღარ გამოვალო! მაშინვე ესა სთქვა და აღარც მოჰფენია მის გულს სიმხიარულის შუქი ამის შემდეგ.

ერთ წელიწადს გასტანა იმის საქმის გარჩევამ. წლის თავზე გადაუწყვიტეს ციმბირის მადნეულობაში მძიმე მუშაობა...

ბერა დაწყნარდა. ხველაც შეუდგა, თავი კედელს მიჰყუდა, ეგონა, დაიძინებდა, მაგრამ გული ისევ აუფორიაქდა...

- დედავ, დედავ, შე ბედშავო, რა მოელის შენს შვილს?! - სასოწარკვეთილებით წამოიკვნესა და სული ყელში მოებჯინა.

თვალები ხელის გულით მოისრისა, თითქოს ესენი იყვნენ დამნაშავენი მის მოუსვენრობაშიო. ისევ ის ღრჭენა, ისევ ლანძვა-გინება, ბორკილების ჩხარა-ჩხური მოისმის ოდნავ განათებულ ოთახში, ბერა კი თვალებს იჭყლეტს და სასოწარკვეთილებით ეკითხება თავის გულს: რას მიქადი, გულო, რას?..

- სიკვდილს, ბერა, სიკვდილს! - შემოესმა ბერას უცნაური ხმა.

- ჰაა?! - საჩქაროდ წამოიჭრა ფეხზე და გაბრწყინვებული თვალები სარკმელს მიაპყრო.

- სიკვდილს, ბერა, სიკვდილს! - ისევ იმ ხმამ, იმავე კილოთი გაჰკივლა გარეთ და უკანასკნელი ხმა სადღაც შორს მისწყდა.

შემოდგომის სუსხიანი ქარი კი გამალებული ებრძოდა რკინის უჯრედებით დაცულ პატარა სარკმელს და უხვად ასხამდა მის მინებს წვიმას...

- სიკვდილს!

- არა, არა, ლომისის მადლმა, სიკვდილისა არ მეშინის, არა! - გულჩაწყვეტით უპასუხა ხმას.

- ბერა, ვის ესაუბრები? - გაკვირვებით დაეკითხა მეზობელი, რომელიც ბერას უკანასკნელ მოძრაობას თვალყურს ადევნებდა.

- გივარგი, გივარგი! იქიდან ვიღაც მიკივის - “სიკვდილს”. მაგრამ სიკვდილისა არ მეშინის! - საჩქაროდ გამოელაპარაკა გიორგის და ხელები დაუჭირა.

- ვინ უნდა...

- გივარგი, სხვა რამ უბედურებას მიქადის ჩემი გული. ასე არ უკვნესია, არა, არა!.. სიკვდილი ხომ ჩემი ხსნა იქნება, გივარგი!

- ბერა, რას უნდა გიქადდეს ამაზე უარესს?! აბა რას უბნობ, შე ბეჩავო! ცოტა ტანჯვა გაქვს, რომ შენც შენი თავი არა სტანჯო?!

- არა, გივარგი, არა! სხვა...

- კარგი, იყუჩე!.. უძილობა გიშვრება.

II 
ბერა, ბერა!.. საწყალს რა მაგრა ძინავს. ბერა, ჰაი, ბერა! - გაღვიძება დაუწყო დილაადრიანად გიორგიმ, როდესაც მათთან ბრახა-ბრუხით დარაჯნი და უფროსი შემოვიდნენ.

- საცოდავს ძლივას ჩაეძინა განთიადისას და ისევ ჩქარა უნდა გავაღვიძო...

ტუსაღები საჩქაროდ წამოიშალნენ, უარესი ჩხარა-ჩხური ასტყდა ბორკილებისა, რასაც ტუსაღების ხმამაღლა ბუზღუნი და ყიჟინი უერთდებოდა.

- გაჩუმდით!.. - დაჰყვირა ერთმა დარაჯთაგანმა, რის შემდეგაც სწრაფ სიჩუმე ჩამოვარდა.

- პეტროვ, გალკინ, მამედ-ოღლი!.. - ამოიკითხა უფროსმა.

სამივე ტუსაღი ახლოს მივიდა და იმის წინ თავებჩაღუნული დადგა.

- გაჩხრიკეთ. - უბრძანა თანამხლებლებს უფროსმა.

საჩქაროდ გააძრეს ტანისამოსი; სულერთიანად გაამხოლოდშობილეს და ტანისამოსის ყოველი ნაჭერი გაჩხრიკეს. მერე პირი და ყურებიც კი გაუჩხრიკეს იმ აზრით, ვითომ იქაც შეეძლოთ რისამე დამალვა. თვითონ უფროსი სასტიკად ადევნებდა თვალყურს.

- ბერა, გაიღვიძე! - გაბედვით შეარხია გიორგიმ და ხელი გამოსწია.

- რაია, გივარგი?! - გამოღვიძების უმალ განცვიფრებით დაეკითხა ბერა და ფეხზე წამოდგა...

- მაგათი ბარგიც გაჩხრიკეთ! - უბრძანა უფროსმა, როდესაც მორჩნენ ტანისამოსისა და სხეულის გაჩხრეკას!

- ბერა, ხომ არა გაქვს რა? თუ გაქვს რამე, დამალე, თორემ წაგართმევენ.

- რაი უნდა მქონდეს, შენი კვნესამე?! - ნაღვლიანის კილოთი უპასუხა ბერამ.

- როგორც ეტყობათ, დღეს გაგვგზავნიან აქედან; იმისთვის გვჩხრეკენ, - ცოტა სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა გიორგიმ.

- სადღა უნდა გაგვგზავნონ? უჰუ, უჰუ! რით ვერ მიველით?..

- უჰ, ჩემო ბერავ, ჯერ შორსა ვართ. ციმბირამდის ჯერ დიდი გზაა.

- ეჰ, სადაც უნდა გამგზავნონ! მე ხომ სამი პარასკევი აღარ მიდევს წინ...

- ბერა, ბერა, გული რისთვის გაგტეხია?! მე, აი, მეორედ მგზავნიან და გულს არ ვიტეხ. შენ კი, შვილად შემფერი, ისე ყმაწვილი ხარ და ახლავე იმედი დაგიკარგავს!

- რაღა იმედი მექნების! ნახევარი კაცი დავილიე ამ ორ წელიწადს.

- ობღაიძე, შუბინ, ბუქური! - გამოიძახა უფროსმა ახალი სამი კიდევ. წინანდელები კი თოფებით შეიარაღებულ ჯარისკაცებს გადასცა. წარუდგნენ უფროსს წინ ბერა, გიორგი და შუბინი.

თანამხლებლებმა უფროსს ბრძანება აღარც კი აცადეს, მაშინვე ჩხრეკა დაუწყეს. ბერას უბიდან ჭრელი ცხვირსახოცი ამოაცალეს, რომელშიაც რაღაცა ფხვიერი იყო გამოკრული. იქით გადასდეს. მთლად გაჩხრიკეს. ისევ ჩააცვეს. ახლა ბარგი უნდა გაესინჯათ. ამ დროს უფროსმა ხელი წამოავლო ბერას ცხვირსახოცს, გამოხსნა და ცნობისმოყვარეობით მზერა დაუწყო.

- ეს რა არის? - ცოტა სიჩუმის შემდეგ დაეკითხა უფროსი ბერას.

- მიწაა!..

- რა მიწა?

- ჩემი ქვეყნის მიწა. ანანურს რომ ამოვიარე, იქიდან წამოვიღე; ჩემი სოფელი იქავეა.

- მერე რად გინდა!..

- მე, შენი კვნესამე, ამ ქვეყანაში მოვკვდები. გული ამას მეუბნება. მინდა სიკვდილის წინათ გულზე დავიყარო, რომ ჩემი ქვეყნის მიწა თან ჩამყვეს, - ბერამ თითქმის ცრემლმორეულმა უპასუხა და ლმობიერად დაუწყო მზერა უფროსს.

გიორგისაც თვალებზე ცრემლები მოადგა, როდესაც უფროსს ბერას სიტყვებს უთარგმნიდა.

- სისულელეა! გიცნობთ, რა შვილებიცა ხართ! თქვენ...

- ნუ იზამ მაგას, შენი კვნესამე! - შებღავლა ბერამ და სწრაფ უფროსს ხელიდან ცხვირსახოცი მიწით წაგლიჯა, როდესაც იმან მიწის გადასაყრელად ხელის გაქნევა დააპირა.

- რაია, შე დალოცვილო, მიწაა, სხო ხომ არა არი რა?! - ევედრებოდა ბერა და თან მიწას გულზე იკრავდა.

უფროსს არ მოეწონა ბერას ამგვარი საქციელი, თვალი აენთო, სახის ძარღვები საშინლად დაეჭიმა და ბრაზმორეულმა იჭექა:

- ახლავ გადაყარე!

ყველა იქმყოფთ ყურადღება მიიქცია უფროსის გრგვინვამ. ყველამ სული გაკმინდა და ცნობისმოყვარეობით თვალების ცეცება დაიწყო:

- ლომისის მადლმა, მიწაა!..

- გადაყარე-მეთქი! - უფრო მკვახედ დაუყვირა.

უფროსის მეორე დაყვირებაზე მხლებლები მისცვივდნენ ბერას; უნდოდათ ცხვირსახოცი წაერთმიათ, მაგრამ უფროსმა შეაყენა.

- თავი დაანებეთ!.. ეგ ახლავე წამოაქციეთ და იმდენი ურტყით წკეპლები, რომ თითონვე გეხვეწებოდეთ გადაყრას.

გიორგის ტანში ჟრუანტელმა დაურბინა. კარგად იცოდა გიორგიმ, თუ რას ნიშნავდა გაწკეპლვა და მისთვის ხმის კანკალით შეევედრა ბერას:

- ბერა, ბერა, თავს ნუ იკლავ!.. მიაშავე და მორჩი!..

- გივარგი...

სიტყვის გათავება აღარ დააცალეს. ბერა საჩქაროდ წამოაპირქვავეს: თავი და ფეხები ოთხმა კაცმა დაუჭირა, ორმა კი რიგრიგობით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კარგა მოზრდილი გრძელი წკეპლების კონებით ცემა დაუწყო.

პირველ დარტყმაზე ბერამ შეჰკივლა: მერე კი მხოლოდ გმინავდა, ვიდრემდის ხმა სულ არ მიუწყდა.

მთლად დაეფლითა რბილი ნაწილი... წკეპლებს ხორცი თან ასდევდა. სისხლი კი სჩქეფდა და სწვავდა ახლომყოფთ. რამდენიმე წვეთი უფროსსაც მოხვდა...

“უ! უ! უ!” - გუგუნებდა ტუსაღთა ბრბო და ტალღა იწევდა წინ, მაგრამ შეიარაღებული დარაჯნი მკაცრად არღვევდნენ ტუსაღთა ტალღას...

ბერას ხმა მისწყდა. ლეშადღა ეგდო ბერა.

- მოკვდა, მოკვდა. - სასოწარკვეთილებით გაიძახოდა გიორგი და ცრემლადღა იღვრებოდა, რადგანაც მეტი აღარა შეეძლო რა.

- კიდევ რო არ უშვებს! - გაკვირვებით წამოიძახეს მხლებელთ, როდესაც გონებამიხდილი ბერა გადმოაბრუნეს და ხელსახოცის განთავისუფლება დაიწყეს.

- ამისთვის რასა ჰკლავთ?! აჰა!.. - გიორგი მივარდა ამ სიტყვებით, საჩქაროდ გახია ცხვირსახოცი და სულ ერთიანად გულზე დაუბნია მიწა.

- ყოჩაღ, ბუქური! - მოუწონა უფროსმა, რომ მისი სურვილი ამან მოიყვანა აღსრულებაში.

“უ!.. უუ!.. უუ!” - გმინავდა მაინც ტუსაღთა ბრბო.

- ვინც ურჩობას გამოიჩენს, ამ დღეს დავმართებთ! - მრისხანედ მიმართა ტუსაღებს უფროსმა.

“უუ!.. უუ!” - უფრო უარესად წაიგმინეს ტუსაღებმა.

- ეს კი ცალკე ოთახში გაიტანეთ, მერე გავჩხრიკოთ დანარჩენები.

- მეც ამასთან მომათავსეთ, შენი კვნესამე, იქნება მობრუნდეს, მოვეხმარები...

- კარგი!.. ესეც იქ შეიყვანეთ! - უბრძანა დარაჯებს გიორგიზე თითის მიშვერით და გარედ გავიდა...

III 

ბუქური, გონს არ მოსულა? - შემოაღო თუ არა კარი, დაეკითხა დაბალი ხმით უფროსი და იქავე კარებთან შედგა, რადგანაც ოთახის სიპატარავის გამო ადგილი არ იყო, წინ წამდგარიყო.

- თქვენა ბრძანდებით?! - განცვიფრებით დაეკითხა ბუქური, რადგანაც სრულებით არ მოელოდა უფროსის შემოსვლას.

“ამ ერთი საათის წინათ უწყალოდ გააწკეპლინა, - უეცრად გაურბინა თავში გიორგის: - და ახლა კი კითხულობს: გონს არ მოსულაო. თუ შეინანა?!”

- როგორ არის? - ჰკითხა ხელმეორედ უფროსმა, რაკი პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო.

- ჯერ გონება არ დაბრუნებია. უაზროდ რაღაც სიტყვებს გაიძახის.

- აბა, რა კარგია სიჯიუტის გამოჩენა?! ერთი მუჭა მიწისთვის რაზე იკლავდა თავს? - იმ კილოთი უთხრა უფროსმა, თითქოს გამართლებას სთხოვს გიორგისო.

- ეჰ, შე დალოცვილო...

- უუ!.. ჰ! ჰ!.. - უეცრად წამოიკვნესა ბერამ და ქვითინი მორთო...

- ბერა, ბერა, რა გატირებს? - მაშინვე მიუჯდა გვერდით გიორგი და ჩაეკითხა.

- წაიღეს, წაიღეს?! - ქვითინებდა ბერა და თან ცარიელ ცხვირსახოცსა ფლეთდა.

- ბერა!..

- გივარგი, რად მიეცი, რადა? - მოკრიალებული თვალები მიაშტერა გიორგის და თუკი რამღა შეეძლო, მაგრად დაუჭირა ხელები.

- ბედშავო, როგორ დავანებებდი?!

- მაშ რა უყავი?

- გულზე გაყრია!

- ჰა?! - სწრაფლ ხელი გულზე მოისო ბერამ, უბეში ჩაიყო და მიწა შეაგროვა. - გივარგი! - აღტაცებით წამოიკვნესა და გიორგის ხელს დაეკონა.

- რადა ტიროდა? - შეეკითხა უფროსი, როდესაც ბერამ თვალები მილულა.

- მიწა მოიკითხა.

- მიწა?! შემოვატანინებ, უთხარით. ის მიწაა-თქო.

- არას უშველის. ახლა აღარ უნდა.

- რო კიდევ მოიკითხოს?

- აღარ მოიკითხავს. იპოვა მიწა.

- როგორ?

- წეღან გულში ჩავუბნიე. ამის სურვილი ავასრულე. მეტიც არა უნდოდა რა.

- მერე მაგან რა გაიგო? უგონოდ იყო.

- ახლა ვუთხარი და ამისთვის დამშვიდდა.

- ბუქური, შენ ეშმაკი კაცი ყოფილხარ. მეგონა, ჩემი სურვილი შეასრულე, თურმე მაგისი შეგისრულებია.

- ორისავე. ეგრე რომ არ მექნა, მომაკვდავს კიდევ დასტანჯავდით.

- ჰაა, ბუქური, ექიმისთვის გავგზავნი, იქნება მოსულიერდეს!

- არა, არა, შენი კვნესამე, ტყუილად დასტანჯავს. ამას სააქაოს პირი აღარ უჩანს. აბა, ამას დახედე! - გიორგიმ ამ სიტყვებით კარგა ბლომად ნახველში შერეულ სისხლზე მიუთითა.

- ეგ რა არის?

- ნახველი!

- ახლა მოუვიდა? - განცვიფრებით ჰკითხა უფროსმა და განცვიფრებითვე განაგრძო კითხვა: - გულში ხომ არავის უცემია?

- არა, ეს კარგა ხანია სისხლს იღებს.

- საწყალი, ჭლექი ყოფილა!.. მერე რა ახალგაზრდაა!..

- ახალგაზრდაა, საწყალი!..

- ახლავ, ახლავ წამოვალ!.. - თვალებმილულულმა წაილაპარაკა.

- რას ამბობს?

- ბოდავს თავისთვის.

- მაშ, საწყალი, ჩქარა მოკვდებოდა, თუ ჭლექია?

- ორი პარასკევი აღარ ედო წინ.

- საწყალი! რო მცოდნოდა, არ ვაცემინებდი... რძეს გამოგიგზავნი, დაალევინე.

- კარგი იქნება.

- მაშ ნახვამდის, რძე თუ შინ არა მაქვს, მოვატანინებ და ჩქარა შემოგიგზავნი.

- ეგრე.

უფროსმა კარი გაიხურა. გიორგი კედელს მიეყუდა და უმწეოდ მზერა დაუწყო ბერას, რომელსაც ტუჩები ხან ღიმად ეშლებოდნენ და ხან კიდევ მრისხანედ ეკუმვოდნენ...

- გივარგი, ხედავ მამაჩემს?

- მამაშენს აქ რა უნდა? უფროსი იდგა ახლა და წავიდა.

- ეეეჰ! მამაჩემს ვერა ვცნობ თუ?! მიდის!.. მამი! - სასოწარკვეთილებით წაიკვნესა და თვალები ისევ მილულა.

გიორგიმ პირი მოარიდა და უჩუმრად ცრემლები ცერა თითით მოიწმინდა...

- ბერა, ბერა, საით მიექანები?

- აუუ, შენი კვნესამე, საიდან გამომეცხადე?! რამდენი ხანია, გოგოვ, დაგეძებ და ახლა კი მოულოდნელად წინ დამხვდი!

- რაისთვის დაგჭირვებივარ, რომ დამეძებ?!

- თინავ, თინავ, ლამის არის, დავილიო და შენ კი მკითხავ, რისთვის დაგჭირვებივარო?

- ხა, ხა, ხა... ბერა, ეგ რა გაცვია?!

- ეს, რაი ვიცი, მგონი, სამგზავროა, აი, თანა მაქვს ტანისამოსი. შენთვინაცაა, აი, ბოხჩაში გამოკრულია... შენ აქ ჩაიცვი, მე კი არაგვზე ჩავალ, ვიბანავებ, თორემ ნამგზავრი ვარ, მტვერითა და ვაივაგლახით გაგუნგლული...

- ჩემო ბერა, რა მშვენიერი ხარ მაგ ტანისამოსში!.. მე როგორღა მიხდება შენი მოტანილი კაბა?

- დახატული ხარ, თინავ, დახატული! აი, მზე როგორ შეგედრების!

- უი, ბერა, ცხორი დამრჩება გადმოსალალი!

- საითაა შენი ცხორი?

- აი, იმ მთის იქით!

- ჩემი ცხორიც იქით იქნების, წავიდეთ.

- ბერა, შავი ხილი არ გინდა?.. აი, ჭამე!

- შენი ხელით მოწყვეტილი შხამიც მიამების! რატომ არ მინდა?

- მოიცა, მოიცა, შენი ხელები უკან წაიღე, პირი დააღე, ჩემი ხელით გაჭმევ!

- თინავ, შენი თოლები მწვავენ. შავ ხილზე უშავესნი არიან შენი თოლები!

- ბერა, გაჩუმდი, თორემ აღარ გაჭმევ!.. აჰ, თითი არ მომკვნიტო.

- ქალავ, ნუ მაცინებ!

- უი!.. ეს რაა!!.

- ქალავ, რამ შეგაშინა?!. მამეკარ, ნუ გეშინიან!! რანაირადა თრთი?!

- გავიქცეთ, ბერა, გავიქცეთ!.. აგერ ჩვენსკენ მოქშუის...

- სადაა?

- აგერ!

- უჰ, წმიდა გივარგი, შენ დაგვიფარე!.. შეევედრე, თინავ, შეევედრე წმიდა გივარგის!..

- ბერა, რა არის?

- გველაშაპია!..

- ლომისავ!..

- ლომისავ!..

- თინავ, მივეგებნეთ, მივეგებნეთ!.. აი, იხაროს შენმა მარჯვენამ!..

- ბერა, წმიდა გივარგია, რა მარჯვედ ჰკრა გულში!..

- უჰ, რა სისხლის ღვარი მიდის!..

- გავიქცეთ!..

- წმიდა გივარგი, ნება გვიბოძე, შენ ფეხთა მტვერს ვემთხვიოთ!..

- ადექით, ადექით, შვილებო, აგერ იმან გამომგზავნა! წავიდეთ იმასთან.

- დედა-ღვთისაა, თინავ!..

- ის გაკურთხებთ!.. მუჭაში რა გაქვს, ბერა?

- მიწაა!.. მამა-პაპის საფლავის მიწაა. დედაჩემს მოვატანინე.

- გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი, წავიდეთ!..

- რა მემართება?! თინავ!.. გული მინათლდება!.. უჰ, რა ბრწყინვალებაა?!. აღარას ვხედავ!.. ბრწყინვალება, ბრწყინვალება! თინავ, შენც ბრწყინვალებაში იბნევი? სადა ხარ? ვეღარა გხედავ, სადა ხარ, ჩემ თავსაც ვეღარა ვხედავ, აღარა ვგრძნობ თავს!.. ვიბნევი ბრწყინვალებაში... ჰააჰა?!.

- ეს რძე უფროსმა გამოგიგზავნა და შემოგითვალა: დაალევინე და მეც ჩქარა მოვალო! - კარები შემოაღო თუ არა, დარაჯმა უთხრა დაპირქვავებულ გიორგის და ტოლჩით რძე გაუწოდა.

ამ სიტყვების გაგონებაზე გიორგი შმაგივით წამოვარდა, თვალები მიანათა დარაჯს; წამს უნდოდა მივარდნოდა და მიეხრჩო დარაჯი, მაგრამ უეცრად სხეული მოუდუნდა, ისევ ბერას უსულო გვამს დაემხო და ხმამაღლივ ქვითინი დაიწყო.

1901 წ.

??????