მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი
გაუქმებული, ვით სახარება,
კლდეზე ეკიდა ვარძიის კარი,
ზე ჩანდა ფიქრი და გაქანება,
ქვეშ – ხეობაში შეჭრილი მტკვარი.
ღამდებოდა და ვარძიის თაღებს
გაოცებული მე გავყურებდი.
გავდა ლოდები გადმომსხდარ ტალღებს
და ტალღებს აჩნდა ნაფეხურები.
უსინათლო და მრავალთვალება
კლდე დაგვცქეროდა, ოსტატო ჩემო,
საკვირველება, საკვირველება
გადმომდგარიყო მდინარის ზემოთ!
და მე ვფიქრობდი: როგორ ახველი,
როგორ დაჭედე ვარძიის კარი.
როგორ გავარდა შენი სახელი,
ვით გავარდნილი მდინარე მტკვარი.
ვიწრო სენაკში როგორ ფიქრობდი,
ღელავდი, სცლიდი უხელო სურას…
ერთგულ შეგირდთან როგორ მირბოდი
და უთარგმნიდი ბუნების სურათს.
როგორ ზომავდი მთას და პიტალოს,
როგორ ხაზავდი გვირაბებს ფიქრში.
როგორ მოქარგე შემდეგ მიდამო
და მტკვრის ნაპირზე ვარძიად იშვი!
კლდეში შთანერგე სვეტი და თაღი,
კლდეში გახსენი დარბაზთა რკალი,
მთას წარუშლელი დაარტყი დაღი
და აუხილე ოთხასი თვალი!
ახლა ოცნებით თითქოს გასცქერი
თმოგვის ციხეს და დანგრეულ ქალაქს,
აქ შენი ძალა, როგორც ლანქერი,
დასჯახებია კლდეების ძალას.
როგორც რუსთველის ერთი სტრიქონი,
ვარძიის წყაროს კამკამი ვნახე,
და მე ვიგრძენი, შენი ციკლონი
როგორ იღებდა დარბაზის სახეს.
საკვირველება. საკვირველება
როგორ მოთავსდა განვლილ ხანაში:
შენი ოცნება და გაელვება,
გამოხატული ქვის მასალაში!
გული დაგეძებს, შენი სახელი
მტვრად დაფრქვევია ვარძიის უბეს .
ვიცი, მტკვარია შენი მნახველი,
მაგრამ დაბლობში დუმილი სუფევს.
რად წარიშალე, შენ უკვდავება
გეძახის, გეძებს მთების უბეში!
დიდო ოსტატო, ჩვენი თაობა
გიხმობს მშრომელთა საუკუნეში.
ჟღერდა რუსთველი და სტრიქონებმა
ხალხს შეუნახეს მელექსის გვარი,_
ქვა მდუმარეა და მოგონებას
აღარ ინახავს ვარძიის კარი.
სად წარიშალე, ეგებ მოგკვეთეს
ხელი მარჯვენა, ელვის მაგვარი.
ეგებ დაგღუპეს ხალხის მოკეთე
და დასადაგე გახდა აკვანი.
სული ჩაგიქრეს აღორძინების,
რომლით დასძარი კლდენი პიტალო,
ოცნების ქვასთან დაქორწინებით
რომ აამღერე მტკვართან მიდამო,_
რომლით იპოვე ვარძიის წყარო
და ვენახივით მაღლა ახველი,
ახლა წამოდექ, მძლე წინაპარო,
გვამცნე გული და შენი სახელი.
სად წარიშალე შენ უკვდავება
გეძახის, გიხმობს მთების უბეში,
შენი ოცნება და გაელვება
ცოცოხლობს მშრომელთა საუკუნეში.
შენ ჩვენთანა ხარ, როგორც გულისთქმა,
და გვაამაყებს შენი მარჯვენა.
შენმა სვეტებმა, შენმა ჩუქურთმამ
მაღლა აგწია და დაგამშვენა.
მძლავრი ფიქრები ქვაზე აქარგე,
ქვაზე დაღვარე სულის ნაღველი,
რადგან სახელი უკვე დაკარგე,
ვარძია იყოს შენი სახელი.