ქართველი დედა
ცხრა ძე ჰყავდა, ჩხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.
შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.
ერთი დასჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.
დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი!
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.
დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.
არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.
ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.